კრემლის მოლდოვური ვნებები
ანუ შესარწყმელები
სანამ ჩვენ არჩევნებით ვართ გართულნი, ხოლო ამ ჩვენი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის (თავგადაკლული მედასავლეთესი) ცოლმა (ასევე, თავგადაკლულმა მედასავლეთემ და „არა – „გაზპრომის“ აქციების სულისჩამდგმელმა) „გაზპრომის“ მიერ დაფუძნებულ კომპანიას თავისი ერთ-ერთი გადაცემა ისე მიჰყიდა (იმიტომ რომ „დიახ – „გაზპრომს“ მისი ექსკლუზივია?!), წარბიც არ შესტოკებია, თვითაღიარებული დნესტრისპირეთის „პრ.-მა“ ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც, „რესპუბლიკა“ უნდა მოემზადოს რფ-სთან შესარწყმელად 2006 წლის 17 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე. როგორც განმარტებულია, „რათა აღსრულდეს დნესტრისპირეთის ხალხის ნება რუსეთის ფედერაციასთან თავისუფალ მიერთებაზე“.
იქაურმა „პრ.-მა” ვადაც დააწესა: პირველ ნოემბრამდე დასრულდეს ჩვენებური კანონების სინქრონიზაცია რუსულ ფედერაციულთანო, სავარაუდოდ, რათა უფრო მტკიცე, ჰარმონიული და უმტკივნეულო იყოს შერწყმა.
ჯერჯერობით უცნობია თავად რფ-ის აზრი (თუმცა დნესტრისპირეთიც ერთ-ერთი მუქთამჭამელია და იღებს დახმარებას მოსკოვიდან), ცხადია, შერწყმაზე, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და, როგორც ჩანს, ზემოხსენებული „პრ.-იც“ ამ არჩევნების შედეგზე ზეწოლისთვის გაააქტიურეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მოლდოვის მეორე ავტონომია გაგაუზიამაც ჩაატარა რეფერენდუმი და დაადგინა, რომ, როგორც კი მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება, ისინი რუსეთისკენ იზამენ პირს.
ჩვენ კი ისევ დნესტრისპირულ გზავნილს დავუბრუნდეთ: როგორც რფ-ის „დუმის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა განმარტა: თუ მოლდოველები არ აირჩევენ პრეზიდენტს, რომელიც დათანხმდება ქვეყნის ფედერაციულ მოწყობას, დნესტრისპირეთი შესაძლოა, რუსეთში აღმოჩნდეს.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეჭვქვეშ დგება ტოლსტოის უკვდავი თეზა: ყველა ოჯახი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – სახელმწიფო) უბედურია თავისებურადო. ჯერჯერობით ყველა ერთი მიმართულებითაა გაუბედურებული. –