ვიფრინოთ ერთად!
ანუ არ გააფრინოთ
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ შეგვაგულიანეს, რომ სექტემბრიდან ამ ჩვენს ქვეყანაში, უფრო ზუსტად ამ ჩვენი ქვეყნის ცისგან დარჩენილში საჰაერო ტაქსები იფრენდნენ, თუმცა სულ ახლახან გაირკვა, რომ გაფრენების ამ კონკრეტულმა თარიღმა ნოემბრამდე გადაიწია.
იმ მიზეზით, რომ კომპანია ლიცენზიას ელის. მანამდე კი არც სავარაუდო ფასებია ცნობილი და არც კონკრეტული მიმართულებები. თუმცა დაგვაიმედეს, რომ ნოემბრამდე ჩამოყალიბდებიან.
ჯერჯერობით საჰაერო ტაქსების რაოდენობა ბევრი არ არის, მაგრამ გვპირდებიან, რომ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, დაამატებენ (პრინციპით: თაფლი იყოს, ბუზი ბაღდადიდან მოვაო).
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეგზოტიკურ მაღალმთიანეთში მოსახვედრად ავტომანქანას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და გზებიც ფრიად ექსტრემალურია, საჰაერო ტაქსები, მართლაც, სულზე მისწრებაა, თუ, რასაკვირველია, ფასი არ იქნება სულის ამომხდელი.
ასეა თუ ისე, დეტალებს კომპანია არ გვიმხელს, როგორც ჩანს, სიურპრიზად გვიტოვებს. ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ოქტომბერში არჩევნებია, არც ისაა გამორიცხული, ისე გავაფრინოთ, რომ საჰაერო ტაქსები აღარც კი დაგვჭირდეს. –