კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაეპარა ლომერ ახვლედიანს „ნატვრის ხის” გადაღებებში ზამთარი

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა,  დამსახურებულმა ოპერატორმა  ლომერ ახვლედიანმა, რომლის „ანგარიშზეც” ქართველებისთვის კარგად ცნობილი  არაერთი  ფილმია,   კინოში  50 წელზე მეტი გაატარა.  საყვარელ საქმეში  გეოლოგიის მეცნიერ-თანამშრომლის  პრესტიჟული პოზიციიდან  მას შემდეგ მოხვდა, როცა   მიხვდა, რომ მისი ადგილი კინოში იყო. გაუმართლა, როცა   ისეთი  რეჟისორების გვერდით აღმოჩნდა, რომლებიც ქართული კინოს ისტორიას ქმნიდნენ.  ხელოვანი მამის გზა გააგრძელეს მისმა შვილებმაც – რეჟისორმა ნინო  ახვლედიანმა   და ოპერატორმა  არჩილ ახვლედიანმა.  ბატონ ლომერს წარსულის ისტორიებისა და  ძველი  ფილმების გადაღების  გახსენება ვთხოვეთ, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.      
ლომერ ახვლედიანი:  ვერ ვიტყვი, რომ ასაკის მიუხედავად,   ჩემს საქმეს ბოლომდე  შეველიე, თუმცა ის აქტიური წლები, რაც ჩემს პროფესიაში გავატარე, ძალიან მენატრება.  ხელოვნება ისეთი სფეროა, რომელსაც ხალისი სჭირდება. რა მნიშვნელობა აქვს, 30 წლის ხარ, 50 წლის თუ 80-ის? მთავარია, საყვარელი საქმის კეთების ხალისი არ დაკარგო. ხალისი თუ გექნება, ასაკი ხელს არ შეგიშლის და შენს საქმეს მაინც მთელი გულით გააკეთებ. ბოლო წლებში, საკმაოდ დიდხანს,  რუსეთში მიწევდა მუშაობა.  ახლა უკვე  იქაც დეფიციტია.  საქმე ამ წლებში ბევრი იყო. ერთ  ფილმს  რომ ვამთავრებდი, მეორე ფილმის გადაღებები მიცდიდა  – იყო მოთხოვნა ისეთი რეჟისორებისგან, ვისთან ერთადაც ახალგაზდობაშიც ვმუშაობდი, მათ შორის ელდარ რიაზანოვთან. მასთან ერთად  ორი სურათი გადავიღე,  ასევე ვიმუშავე  ცნობილ რეჟისორთან, ვლადიმირ  ნაუმოვთან. საქართველოში 2013 წელს დავბრუნდი. ყველგან, მით უმეტეს ხელოვნებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან გიწევს მუშაობა. დღეს ძალიან ბევრი რამ აიღო თავის თავზე ტექნიკამ. ადრე, უამრავი ეტაპის გავლა გვიწევდა იქამდე მისასვლელად, რომ კამერისთვის ხელი დაგეჭირა და გამოსახულება მიგეღო.  კინოფირიდან უკვე გადასულია ციფრულ მატარებელზე, რაც ბევრ საშუალებას იძლევა. კინოს თავისი წესები აქვს, ის უპირველესად გამოსახულებაა და მერე ყველაფერი. შეიძლება, არ იყოს მუსიკა, მაგრამ კინო გამოვიდეს, არ იყვნენ არტისტები და მივიღოთ დოკუმენტური კინო, მაგრამ გამოსახულების გარეშე, კინო თავისთავად არ არსებობს. 
– თქვენ კინოში მოხვდით  გეოლოგიიდან. რატომ შეიცვალეთ ასე რადიკალურად პროფესიული არჩევანი?  
–  ცხოვრება კინოს 26 წლის ასაკში დავუკავშირე. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ იქამდე, იმ პროფესიაში, რომელშიც  წლები გავატარე, დრო  დავკარგე.  ახლა სხვა დროა, მეტი საშუალება არსებობს.  როცა სკოლას ამთავრებ, სხვა განზომილებაში ხვდები. მაშინ ასე არ იყო –  გეოლოგობა მინდოდა, პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე.  მეცნიერებათა აკადემიაში დავიწყე მუშაობა, მეცნიერული კარიერის მიმართულებით მივდიოდი. მაგრამ, მომინდა, რომ კინოში წავსულიყავი. მაშინ  ხშირი არ იყო  სხვა პროფესიაში გადასვლა. მეცნიერ-მუშაკის  სამსახური ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა. მე თავი დავანებე ყველაფერს და წავედი კინოში დამხმარედ.   ოჯახმა ეს გადაწყვეტილება არ მომიწონა. ბევრმა იფიქრა, რომ „ავურიე”.  მხოლოდ  ჩემი მეუღლე აღმოჩნდა ჩემს „ბანაკში”.   პირველი ფილმი, რომელზეც ვიმუშავე, იყო „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”.  მოვხვდი ოპერატორების ჯგუფში, ასისტენტადაც კი არა, დამხმარედ. მე ძალიან გამიმართლა – რეჟისორი თენგიზ აბულაძე, ოპერატორი  ტიტო (გიორგი) კალატოზიშვილი,  ეს იყო არაჩვეულებრივი ჯგუფი. თითქმის ხუთი წელი ვიმუშავე ოპერატორის ასისტენტად,  მეორე ოპერატორად. თავიდან  უდიპლომო ოპერატორი ვიყავი. 1962 წელს ჩავაბარე მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტზე.  კინოში მომუშავე ოპერატორისთვის, რომელსაც ბევრი საქმე აქვს,  ინსტიტუტში სწავლა ძნელია. ამიტომაც იყო, რომ „ვგიკის” დაუსწრებელ განყოფილებაზე, საკმაოდ დიდხანს, ათ წელზე მეტი ვირიცხებოდი (იცინის).
– „ქვევრი” დიპლომიანმა ოპერატორმა გადაიღეთ თუ უდიპლომომ?
– ჯერ  უდიპლომო ვიყავი (იცინის). „ვგიკის” დიპლომი რომ დავიცავი, უკვე დამსახურებული ოპერატორი ვიყავი და რამდენიმე ფილმიც მქონდა გადაღებული.  მე და რეზო გაბრიაძე მეგობრები ვიყავით. ჯერ კიდევ „შკოლნიკობიდან” გვქონდა ახლო ურთიერთობა და ეს გრძელდება დღემდე.   ჩემი კლასელი იყო მერაბ კოკოჩაშვილიც.  ის გაცილებით ადრე დაინტერესდა კინოთი. სკოლას რომ ვამთავრებდით, კლასელებმა უკვე ვიცოდით, რომ რუსეთში მიდიოდა და რეჟისორი უნდა გამხდარიყო. გავიდა წლები და კინოში მეც წავედი. „ქვევრის”  სცენარის ჩემთან მოხვედრა  საინტერესო ისტორიაა.  ოქტომბერში მაქვს დაბადების დღე. მოვიდა რეზო ჩემთან, დაგრაგნილი ქაღალდი მომცა და მითხრა: აჰა, შენ სცენარი და ფილმი გადაიღეო. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, გვერდით გადავდე.   გავიდა რაღაც პერიოდი და ირაკლი კვირიკაძე მოდის ჩემთან, უკვე გაზაფხულია. მას კარგად ვიცნობდი, ვახლობლობდით.  ჩვენ დიდი  საერთო წრე გვქონდა. მაშინ თბილისი პატარა ქალაქი იყო. ქუჩაში, ეგრეთ წოდებულ ბირჟაზე იქმნებოდა ურთიერთობა, რაც, ჩემი აზრით, ბევრის საწყისია. ქუჩაში დგომა უსაქმურობასთან კი არ ასოცირდებოდა – არა! ახალგაზრდები ვიკრიბებოდით და  ვსაუბრობდით ყველაფერზე. მაშინ არც მანქანა ჰყავდა ვინმეს, რომ სადმე წასულიყავი.  ცალკე ბინა თითებზე ჩამოსათვლელ ხალხს ჰქონდა. ყველანი  უფროსებთან ერთად ვცხოვრობდით, ამიტომაც   იყო ბიჭების  შეხვედრის  ადგილი ბირჟა. სოლოლაკში, სადაც მე ვცხოვრობდი, ბირჟა იყო ლენინის მოედანზე, „სამაროჟნესთან”;  ბირჟა  ვერაზე კი – აფთიაქთან. თაობების გრადაცია ემჩნეოდა ბირჟას, იქ უფროსუმცროსობის წესებს სხვანაირად ვიგებდით.
 ისევ „ქვევრს” დავუბრუნდები. ირაკლიმ მითხრა, რეზო გაბრიაძემ სცენარი მაჩუქაო, გაშალა და „ქვევრის” სცენარია. თან  მითხრა,  ეს სცენარი ლომერსაც  ვაჩუქე, ერთი რეჟისორი ხართ, მეორე ოპერატორი, გაერთიანდით და გადაიღეთო.   ასე დაიწყო „ქვევრის” ისტორია. გადაღებები გვქონდა კახეთში,  გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში. კახეთში გადაღება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გმირი და ისტორია, უფრო კახურია, ვიდრე – იმერული.    ქვრივი ქალის ეზო შევარჩიეთ გადასაღებად. ის მანქანა, რაც გადავიღეთ, ეზოში ედგა – მისი გარდაცვლილი ქმრის მანქანა იყო.  ორთვე-ნახევარი გრძელდებოდა გადაღებები. სოფელში კინოს გადაღებაზე  თავიდან  აჟიოტაჟი იყო, მერე შეეჩვივნენ  მცხოვრებლები. გადაღებები რომ მოგვესწრო, გადავწყვიტე, მთელი ეზო გადაგვეხურა.  მაშინ ტექნიკური საშუალებები არ იყო,   მზის „გასაქრობად” ჩავაგდეთ 10 ცალი ტელეგრაფის ბოძი, შევკერეთ ბრეზენტის ტენტები და გადავაფარეთ. ერთ ღამეს დასაძინებლად წავედით გურჯაანში სასტუმროში.  დილით მოვდივართ და რას ვხედავთ – წვიმას ჩვენი ტენტი დიდ აუზად უქცევია და   დაბლა ჩამოუწევია.  გავჭერით ტენტი, ხვრელი გავუკეთეთ. წვიმისგან დასაცლელად.  გადაღების დროს  კი გახვრეტილ ტენტში „მომზირალი” მზე მაინც გაგვეპარა.  
– ბევრი ასეთი ტრიუკი  დაგჭირდათ „ნატვრის ხის” გადაღებებზე, რომელიც  თქვენს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილმია? 
–   ვერ ვიტყვი, რომ ამ ფილმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება  არ მაქვს, თუმცა  ეს ხომ იცით, იმას ჰგავს, როცა გეკითხებიან, რომელი შვილი მეტად გიყვარსო? (იცინის) ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ფილმი:  „ქვევრი”, „სამანიშვილის დედინაცვალი,”, „დონ კიხოტი”, „მშობლიურო ჩემო მიწავ”,  ჩემს შვილთან, ნინო ახვლედიანთან ერთად გადაღებული „ბესამე”.  რომელიღაც მეტად მოგწონს, რომელიღაც  ნაკლებად, ეს ასეა. ძალიან კარგი გამოვიდა ლანა ღოღობერიძის „აურზაური სალხინეთში”.  ჩემთვის საყვარელი ფილმებია თენგიზ აბულაძის  „სამკაული სატრფოსთვის”, ასევე   თემურ ფალავანდიშვილის „მზე შემოდგომისა”.  ამ ფილმში  ავსახე ძველი თბილისის საოცარი ადგილები, ქუჩები, აივნები. დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა და ვეღარც კი იცნობთ.  სამი წლის წინ, როცა 80 წელი შემისრულდა,   კინოკავშირში უჩვენეს „ნატვრის ხე”. ჩვენება  რომ დამთავრდა, მერაბ კოკოჩაშვილმა თქვა, რამდენი ხანია, არ მინახავს და ამ სურათმა შემძრაო. მეც ვუყურე და მთელი ემოციები გამიცოცხლდა, რაც პირველად ნახვის დროს მქონდა. თან, ვფიქრობდი, ნუთუ, ეს ყველაფერი მე გავაკეთე-მეთქი. დღევანდელი გადასახედიდან, ფილმი უფრო მეტად მომეწონა. „ნატვრის ხეს” ვიღებდით საკმაოდ დიდი ხანი. თენგიზს უკვე ჰქონდა ჩემთან მუშაობის გამოცდილება ფილმზე „სამკაული სატრფოსთვის”. „ნატვრის ხის”  გადაღებები გვქონდა კახეთში,  ბაკურიანში. ზამთრის პერიოდმა „გაგვასწრო” და ზამთრის ეპიზოდების  გარკვეული ნაწილის  გადაღებები ლენინგრადში მოხდა. გრიშა ჩიგოგიძემ, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს და 43 წელზე მეტია,  პიონერთა სასახლეში კინოწრე აქვს, სადაც არაერთი თაობა გაზარდა, თავის მოსწავლეებთან დამპატიჟა. „ნატვრის ხის” ჩვენების შემდეგ, გრიშა ჩიგოგიძემ მოსწავლეებს უთხრა, შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ.  ერთმა, რომელიც ცოტა უფროსი იყო,  მორიდებით თქვა: ფილმი მომეწონა, მაგრამ მომწყინდა, ბევრ ადგილას ხდება მოქმედებაო. შევყევით საუბარს,  მე ამერიკული კინო მომწონს, სადაც ბევრი ექშენიაო, მითხრა.
–  დღეს  მართლაც წარმოუდგენელია წარმატებული კინო  კინოეფექტების, ექშენის  გარეშე, რისი საშუალებაც ადრე არ იყო. ამან, ალბათ,  ბევრად გაამარტივა ოპერატორის სამუშაო.
 –  შედევრები იქმნებოდა „ქვის ხანაშიც”, როდესაც ამდენი ტექნიკური საშუალება არ არსებობდა. დღეს საოცარი საშუალებებია, რამაც გარყვნა მაყურებელი. ის, რაც გჭირდებოდა, გაგეკეთებოდა ნატურალურად, ახლა კაციშვილს არ უკვირს. მე არ მიყვარს სცენები, როცა იღუპება სამყარო, დიდი კბილები ამოსდის კაცს.  გაცილებით მაღელვებს გმირი, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მიდის სიბნელეში და იცი, რომ რაღაც დაემართება, ვიდრე კაცი, რომ იკბინება და ადამიანს ჭამს. მე ვერ ამაღელვებს სამყაროს დაღუპვა, შეიძლება გამიკვირდეს, როგორი გაკეთებულია, მაგრამ არ ამაღელვებს. სიმართლეს და ნატურალურ სცენას სხვა ხიბლი აქვს.     
– ცნობილ რეჟისორებს  ბევრი კაპრიზი აქვთ. იმასაც ამბობენ, რომ ოპერატორებსა  და რეჟისორებს შორის ჩხუბი  გადასაღებ მოედანზე არც თუ იშვიათიაო. 
–  თავისებურებით ყველა შეიძლება იყოს გამორჩეული – არა მარტო რეჟისორი, ხშირად ეს კაპრიზი კი არა, სამუშაო პროცესია.    რაც უფრო მეტი თანხვედრაა   რეჟისორსა და ოპერატორს შორის, სურათი მით უფრო კარგი გამოდის.  მე ბედნიერი კაცი ვარ, გამიმართლა, რადგან საუკეთესო რეჟისორებთან ვიმუშავე – თენგიზ აბულაძესთან, ელდარ შენგელაიასთან, ირაკლი კვირიკაძესთან, რეზო ჩხეიძესთან, ლანა ღოღობერიძესთან და სხვებთან. მიმაჩნია, რომ მათთან ერთად გადაღებული ფილმები გამორჩეულია. სრულიად ახალგაზრდა კაცი დიდ რეჟისორებთან აღმოვჩნდი, რამაც, როგორც პროფესიონალი, გამზარდა და რაც მთავარია, დიდი ბედნიერება მომიტანა.  საოცარი სიამოვნება იყო მუშაობა ელდართან,  ბატონ თენგიზთან.  ეს იყო კაცი, რომელიც გადასაღებ მოედანზე ყოველთვის თავშეკავებული გახლდათ,  განსაკუთრებული კაცი იყო, მისგან ხმამაღალი სიტყვა არასდროს გაგვიგონია.   ჩვენ კარგი, ახლო ურთიერთობა გვქონდა, თუმცა გადასაღები მოედნის გარეთ, ვერც ვხვდებოდით ხშირად. ოპერატორის ცხოვრება იოლი არ იყო. არ გვქონდა თავისუფალი დრო.  თვეები მიწევდა გადაღებებზე წასვლა. თუ საქართველოში იყო გადაღებები, ხშირად მეუღლე ან ბავშვებიც  მიმყავდა თან.  ეს არის შენი ცხოვრება. მას ვერ აღიქვამ, როგორც განსაკუთრებულსა და განსხვავებულს. ეს ის ყოფაა, თან საკმაოდ მძიმე, რომელიც შენ აირჩიე და  წუწუნის გარეშე, შენი გასაკეთებელი საქმე უნდა აკეთო.

скачать dle 11.3