რა სტერეოტიპებს ამსხვრევს ნიკოლას ქანთარიას მოდელი საცოლე და არის თუ არა მისთვის ოჯახის შექმნა პიარის ნაწილი
25 წლის დიზაინერს, ნიკოლას ქანთარიას ბრენდი „ნიკოლასი” რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მომხმარებლის ყურადღება მაშინვე მიიქცია. დიზაინერი თავიდან ბოლომდე საქმითაა დაკავებული და როგორც თვითონ ამბობს, სიყვარულისთვის დრო არ რჩებოდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ მან და მისმა რჩეულმა, თავიანთი ურთიერთობა გაასაჯაროვეს. წყვილი ახლო მომავალში დაქორწინებასაც გეგმავს.
ნიკოლას ქანთარია: ჩემს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო ეტაპია. როცა პირადი ცხოვრება და კარიერა იდეალურადაა ერთმანეთთან შერწყმული, ამას არაფერი ჯობია. ორივე ფლანგზე ყველაფერი კარგად მაქვს. თუმცა, პირად ცხოვრებას და კარიერას არასდროს ვუკავშირებ ერთმანეთს. სიყვარულმა არანაირი გავლენა არ იქონია ჩემს კარიერაზე, არც დადებითი და არც უარყოფითი თვალსაზრისით.
– რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
– მე, როგორც ყოველთვის, არ ვჩერდები და მუდმივად ახლისა და საინტერესოს ძიების პროცესში ვარ. ბრენდ „ნიკოლასში” სიახლეებია. ვემზადები ახალი კოლექციის დასაწყებად, რომლის ჩვენებაც ოქტომბერში, რომში გაიმართება. ეს კოლექციაც იქნება ჩემი ბრენდისთვის დამახასიათებელი, უცხო და ავანგარდული მოდელებისგან შემდგარი. მთლიანად ქალის კოლექციაა. რაც შეეხება მამაკაცის ხაზს, ვაპირებ, შემოდგომა-ზამთრის კოლექციის გაკეთებას, არა იტალიაში წასაღებად, არამედ ქართული ბაზრისთვის.
– შეყვარებული რომ ხარ, ამას უკვე დიდი ხანია, აღარ მალავ. ვინ არის შენი რჩეული?
– შეყვარებული ვარ ჩემი ბრენდის ერთ– ერთ სახეზე – ანი კანკიაზე. ეს არის ძალიან თბილი, ყურადღებიანი და კომფორტული ადამიანი, რომელიც მე მავსებს. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი დაკავებული ვარ, მეგონა, სიყვარულისთვის არ მეცალა, ალბათ, გული არასდროს გეკითხება, მზად ხარ თუ არა ასეთი დიდი გრძნობისთვის. ანი ჩემი მეორე მეა. როცა მეუბნება, რომ ვუყვარვარ, იმ მომენტში, მგონია, რომ დავფრინავ. ბოლო რამდენიმე წელია, რაც მარტო ჩემი საქმით ვარ დაკავებული და შეყვარებული არ ვყოფილვარ, ამიტომ აღმოვაჩინე რაღაც თვისებები, რაც არ ვიცოდი, თუ მახასიათებდა. კარგი „ტიპი” ვარ სიყვარულში.
– ეჭვიანი ხარ?
– ზოგადად, არ ვმალავ, რომ რთული ხასიათი მაქვს. მომთხოვნი ვარ, უნდა ვიცოდე ყველაფერი. მაგრამ, ეჭვიანი ნამდვილად არ ვარ. ანის აქვს უფლება, გააკეთოს ყველაფერი, რისი სურვილიც აქვს. თუმცა, არსებობს რაღაც ჩარჩოები, რასაც ვიცი, რომ ის არასდროს გასცდება. ბოლომდე ვენდობით ერთმანეთს. რაც ერთად ვართ, არ მახსენდება, რამე ამეკრძალოს მისთვის. მე ძალიან კარგად ვიცი მოდელის ცხოვრება როგორია. გარდა იმისა, რომ ის ჩემი ბრენდის სახეა, პარალელურად ძალიან ბევრ ჩვენებაში მონაწილეობს. რამდენიმე სალონის სახე გახდა და სულ აქტიურ რეჟიმში ყოფნა უწევს. მე ზუსტად ვიცი, სად არის და რას აკეთებს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც.
– ანუ, თანახმა ხარ, რომ სხვა დიზაინერების ჩვენებებშიც მიიღოს მონაწილეობა?
– რა თქმა უნდა. ანის ჰქონდა სხვა დიზაინერებისგან შემოთავაზება და მეც დავთანხმდი ამ ყველაფერზე. ყველანაირად ვცდილობ, რომ დავეხმარო მას კარიერულ წინსვლაში. ჩემთვის მთავარია ის როგორც პროფესიონალი გაიზარდოს და შედგეს. გაცნობის პირველივე დღიდან ვცდილობ მივცე ყველაფერი, რაც მის კარიერას განავითარებს.
– როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთმანეთს იცნობთ, როდის გაჩნდა გრძნობა თქვენ შორის?
– ორი წლის წინ „მისტერ და მისის თბილისის” შესარჩევ ტურზე გავიცანი და იმავე დღეს ვუთხარი, შენ ჩემი ბრენდის სახე უნდა გახდე-მეთქი. 35 გოგონადან ანი იყო ის ერთადერთი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია და განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ჩემი თავის თვითონვე მიკვირდა. ზოგადად, არ მჭირს ასეთი რაღაცეები, რომ დავინახო ლამაზი გოგო და გადავირიო. ჩემი საქმიანობიდან გადმომდინარე, იმდენ გოგოს და ბიჭს გამოულია ჩემს ხელში, რომ რეაქციები აღარ მაქვს. ამის შემდეგ ავიყვანე ბრენდის სახედ და გვქონდა ბევრი ფოტოსესია, პროექტები. ვერ გეტყვით, რომ ყველა ფოტოსესიაზე აუცილებლად ანი მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემთან ახლოს ყოფილიყო, უკეთ გამეცნო. მთელი ეს პერიოდი ვმეგობრობდით და მე ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ, მათ შორის, პირად ცხოვრებაზეც აქტიურად ვსაუბრობდით. მე არ ვერეოდი მის ურთიერთობებში. ცოტა ხნით გერმანიაში იყო და დაახლოებით სამი თვის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ერთად წავედით „მისტერ ვალენტინის” შესარჩევ კონკურსზე. ისე მოხდა, რომ იმ დღიდან დავიწყეთ ყოველდღიური მიწერ– მოწერა და ორივე რაღაცნაირად გავაქტიურდით.
– სიყვარული როგორ აუხსენი?
– ზუგდიდში ვიყავი ჩასული. მანქანაში ვისხედით მეგობრები და ანაკლიაში მივდიოდით. უცებ ძალიან მინდოდა, მეთქვა მისთვის, რომ მიყვარს. ავიღე ტელეფონი და მივწერე. არ ვარ სენტიმენტალური, არ მიყვარს წინასწარ მოფიქრებული ტექსტები და ასე შემდეგ. ასე, ჩვეულებრივად ავუხსენი სიყვარული. მომწერა, მეც მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, მთვრალი ხარ და როცა გამოფხიზლდები, მაშინ მითხარი ეგ სიტყვებიო. როცა გამოვფხილდი, მაშინაც ვუთხარი, რომ მიყვარს და მიხვდა, სიმთვრალის ბრალი არ იყო.
– ანუ, ორივეს გქონდათ გრძნობა და ერთმანეთს არ უმხელდით?
– ასე გამოვიდა. ცოტა ხნის წინ გამომიტყდა, დამიჯერე, მე ჯერ კიდევ იმ დროიდან მიყვარხარ, როცა შენ არც კი ფიქრობდი ამ ყველაფერზეო. მაგრამ, დამაცადა, ვიდრე მე არ გადავდგი პირველი ნაბიჯი, იქამდე დამელოდა ჩემი გოგო. მე ვფიქრობ, ბიჭი ყოველთვის ლიდერი უნდა იყოს ურთიერთობაში. ვერ ვიტან ისეთ ბიჭებს, აქეთ რომ ელოდებიან გოგოსგან ინიციატივას.
– თავის დროზე ის რომ გამოგტყდომოდა გრძნობებში, რა შეიცვლებოდა?
– ანის პირველს რომ აეხსნა სიყვარული, ზუსტად ვიცი, დღეს ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით. ასეთი პრინციპული ვარ. ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, როდესაც გოგოს სიყვარული აუხსნია. ათასობით შეტყობინება მომდის. მწერენ: რა სიმპათიური ხარ, ძალიან მომწონხარ და ასე შემდეგ. ყველა მათგანს ღიმილით ვუხდი მადლობას და ვემშვიდობები. პირდაპირ სექსიც ძალიან ბევრს შემოუთავაზებია. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მიკვირს ცხოვრებაში, როდესაც გოგო პირდაპირ მთავაზობს საკუთარ თავს, უბრალოდ, ის არასდროს მომინდება.
– როგორც ვიცი, ანი საკმაოდ პატარაა ასაკით. ასაკობრივი ბარიერი თუ იგრძნობა თქვენს ურთიერთობაში?
– მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანია. ანი ამსხვრევს იმ სტერეოტიპს, თითქოს მოდელებს ტვინი ფეხებში აქვთ. აქვს მიზანი ცხოვრებაში და მე მაქსიმალურად დავუდგები გვერდში, რომ ისწავლოს უნივერსიტეტში. მიიღოს შესაბამისი განათლება. მინდა, ანის სახით ჩემს გვერდით იყოს შემდგარი ქალი. ხშირად მეუბნება, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ შენგანო, რაც ძალიან მიხარია.
– სიურპრიზებით თუ ანებივრებ?
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, როცა საჩუქრებით გარშემო მყოფებს ვაბედნიერებ, ანიმ ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდში, დამასწრო საჩუქრის ჩუქება. ჩემს დაბადების დღეზე, საათი 12-ს რომ გადასცდა, ერთად ვიყავით და მან მაჩუქა ძალიან ლამაზი და ძვირფასი ყელსაბამი. მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მომეწონა და გამიხარდა, მაინც ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი.
– ამბობდნენ, რომ შენ ეს ყველაფერი პიარისთვის გჭირდებოდა...
– ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაციები. ცოლის მოყვანით თუ თავის გაპიარება შეიძლება, აქამდე ოთხჯერ დავოჯახდებოდი. ჩემს გარშემო მუდმივად ჭორაობენ. ბევრს ეჭვი ეპარება ჩემს ორიენტაციაში და ალბათ, ეს აზრიც აქედან გაჩნდა. დავიღალე ამ თემით, ვისაც რა უნდა, ის თქვას.
– დაქორწინებას როდის აპირებთ და ანის მშობლები თუ იცნობენ სასიძოს?
– უახლოეს მომავალში ვაპირებთ ნიშნობას. ვიცნობ მის ოჯახს, არაჩვეულებრივი მშობლები და ძმა ჰყავს. ვესაუბრე ყველას და მიხვდნენ, რომ ჩვენ შორის დიდი სიყვარულია. ეს არ არის თამაში, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. ჩემი ოჯახიც იცნობს ანის.