რის გამო უწევს ხშირად ჩხუბი ეკა მჟავანაძეს გიორგი ლიფონავასთან და რას არ გააკარა მან შვილები
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა მჟავანაძე სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ შოთიკოს დედის როლს ასრულებს. ამ როლზე ის, ჩვეულებრივ, ქასთინგით მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიალშიც, „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ და კიდევ ბევრ სხვა ფილში მონაწილე ყველა მსახიობი როლზე მისი მიყვანილია. ის ქასთინგ-მენეჯერია და ამიტომ, როცა მსახიობებს სერიალზე ესაუბრები, მათი პირველი წინადადებაა: „დამირეკა ეკა მჟავანაძემ...“ ქალბატონი ეკაც ბედნიერია, რომ მსახიობებისთვის სიკეთის გაკეთების საშუალება აქვს.
– ქალბატონო ეკა, ირაკლი საღინაძე ამბობდა, საქართველოში მსახიობები დამთავრდაო, კრიზისი გაქვთ?
– მე ამას ძალიან დიდი ხანია, ვამბობ და დამცინიან. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ყველა ერთი დონის მსახიობი არ არის. თუმცა, მაინც როგორღაც ვეძებდი და ვცდილობდი, ყველა გამომეყვანა ეკრანზე როლის შესაბამისად. „ჩემი ცოლის დაქალებში“ მსახიობების 80 პროცენტი მყავს გადაღებული.
– არ არიან თქვენს გარემოცვაში მსახიობები, ვისაც გული წყდება თქვენზე, ამ სერიალში რომ ვერ მოხვდნენ?
– პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ, ალბათ, არიან. კარგი როლის თამაში ყველას უნდა და ამაში გასაკვირი არაფერია, მსახიობმა, აბა, სხვა რა უნდა აკეთოს?! ხანდახან მეტყვიან ხოლმე: ვაიმე, ისეთი ბავშვი მყავს, გადაირევი, „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცისო. ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ბავშვი ვერ ითამაშებს, ამით მე მიფუჭდება საქმე და მეორედ აღარავინ დამიძახებს ქასთინგ-მენეჯერად. თორემ დისშვილები და დისშვილიშვილები მყავს იმდენი და ისეთი ლამაზები, მაგრამ სერიალში არცერთი არ მომიყვანია. თუმცა, სრულიად უცხო ადამიანებიც რომ მირეკავენ, შანსს ვაძლევ და ქასთინგზე ვიბარებ. თუ კარგი იქნება, ავიყვანთ, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი შვილი და ახლობელია.
– რამდენიმე მსახიობის შერჩევის ისტორია გაიხსენეთ, მაგალითად, კაკაჩიასი.
– ამას წინათ, რომელიღაც არხზე ნაცნობი მსახიობების ხმა მომესმა, შევხედე და ვნახე, რომ ჩემი ბავშვობის დროინდელი, რუსი დრამატურგის სპექტაკლი „მე შენ მიყვარხარ“ გადიოდა. მასში წყვილის როლს დათო კურცხალია (კაკაჩია) და ნანი ჩიქვინიძე თამაშობდნენ. ბავშვობის დროინდელი სპექტაკლი, რომ 40 წლის შემდეგ ვნახე, სიცილი ამიტყდა. შვილებს ვეუბნებოდი, მოდით, ეს არის კაკაჩია-მეთქი (იცინის). დათო იმ დროს ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი იყო და მახსოვს, ერთ სპექტაკლში მეგრელის როლს თამაშობდა. მამასთან დაპირისპირება ჰქონდა და ერთ მომენტში ეუბნებოდა: „კაი, მამა, რა იყო, მამა“ – მეგრული კილოთი და ამას ისე მაგრად ამბობდა, ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩამრჩა. კაკაჩიას სცენარი რომ წავიკითხე, ზუსტად ეს ფრაზა გამახსენდა. დათოს რომ დავურეკე და ვუთხარი, საიდან მახსოვდა მისი მეგრული, გაგიჟდა (იცინის). მოკლედ, ასე, ბავშვობის დროინდელი ერთი ფრაზით შეიქმნა კაკაჩია, რომელმაც სასწაულად გაამართლა.
– ბაქარი და თენგო?
– არის ასეთი თეატრი – „მეორე სახლი“, რომლის ხელმძღვანელი როლანდ ქარდავა ჩემი მეგობარია. მათ სპექტაკლებზე ხშირად დავდივარ და ბუბა მათნაძე (ბაქარი) იქ ვნახე. ერთ უცხოელ რეჟისორს ამ თეატრის ბავშვები და განსაკუთრებით ბუბა, ძალიან მოეწონა და ფილმში უნდა გადაეღო. თუმცა, ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ბუბას გარდა, ყველა გადაიღო. არადა, ბუბა ძალიან მოეწონა. გული მომიკვდა, როგორია, პატარა ბავშვისთვის ჯერ რომ იმედს მოგცემენ და მერე აღარ გადაგიღებენ. ვუთხარი, გული არ გაიტეხო, ნახე, სერიალში როგორი როლი გათამაშო და რა ბიჭი გახდე-მეთქი. მაშინ კონკრეტული გეგმა ან როლი არ იყო, უბრალოდ, წავახალისე ბავშვი, გული რომ არ დასწყვეტოდა და როგორც კი აქ ბავშვი დასჭირდათ, რა თქმა უნდა, მას დავურეკე. ძალიან უხაროდა, აქ რომ თამაშობდა. თავიდან ჩრდილში იდგა და მერე, ნელ-ნელა გახდა ის, რაც უკვე ყველამ იცით. ყველა გაოცებული მეკითხებოდა, ვინ არის ეს ბიჭიო... თენგოს რაც შეეხება, დაიწერა სცენარი და აწერია „ხაშურელი“. დავიწყე ხაშურელი მსახიობის ძებნა, კილოს ამბავში საკმაოდ გაჭირდა. თან, რიგითი როლია, მაგრამ ლიფონავა მეუბნება, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხაშურული კილოო. მერე ჩემს მსახიობთა ბაზაში ვნახე შოთიკო ნოზაძის ფოტო და მისმა გარეგნობამ დამაინტერესა და მაშინვე დავურეკე. მითხრა, რომ რუსთავის თეატრში მუშაობდა. შემთხვევით ხაშურულად ხომ არ შეგიძლია ლაპარაკი-მეთქი? როგორ არ შემიძლია, ხაშურელი ვარო. რას მეუბნები, სასწრაფოდ „რუსთავი 2-ში“ წადი-მეთქი, ვუთხარი (იცინის). აქაც დაილაპარაკა და „ვსიო.”
– სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში” ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობთ. როგორი იყო საკუთარი თავის შერჩევის პროცესი?
– დრამატურგმა მითხრა, მინდა, ითამაშოო და მეც ჩვეულებრივ გავიარე ქასთინგი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ბევრს ვჩხუბობდი, მაგრამ როგორღაც ხასიათი დავიჭირე. დამთავრდა ქასთინგი, გავიდა ორი კვირა და არაფერს მეუბნებიან. რა თქმა უნდა, მეც არაფერი მიკითხავს. თურმე, ყველაფერი გადაწყვეტილი ყოფილა და მე არ მეუბნებოდნენ (იცინის).
– რეჟისორთან არ გაქვთ აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოება მსახიობებთან დაკავშირებით?
– ძალიან ხშირად. ახლაც ქასთინგი მქონდა. სამი მსახიობი მოვიყვანე მე და გიორგი ლიფონავას სხვადასხვა მოგვეწონა. რომ ვუთხარი, ეს მომეწონა-მეთქი, უუფ, არაოო. მერე მოვიდა და ვააა, კიო. ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა ძალიან ხშირად ჩხუბამდე მიდის (იცინის). საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, რეჟისორი იღებს, მაგრამ ჩემი ვალია, სწორად დავანახვო მსახიობი.
– საქმიანობის პარალელურად, მინდა, ოჯახურ ცხოვრებაზეც მომიყვეთ.
– მე ერთი ქმარი მყავს (იცინის). 25 წელია, ერთად ვართ. უამრავი რამ გადავიტანეთ, რთული პერიოდებიც გვქონდა, მაგრამ ყოველთვის ერთად ვიყავით და დღეს ერთი მთლიანობა ვართ. ძალიან მიგებს, როცა ჩემს სამსახურს, არანორმალურ რეჟიმსა და გარეთ ყოფნას ეხება საქმე. სახლში რომ არ ვარ, ყველაფერი მას აწვება, შვილებთან ის არის.
– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ჩვენ ერთი წელი დავდიოდით ერთად ყოველდღიურად. ის ჩემზე ათი წლით უფროსია, ჩემი დის მეგობარი იყო და თავიდან, როგორც ბავშვს, ისე მიყურებდა. მერე, რომ გავიზარდე, დავახლოვდით. მაშინდელ კიროვის პარკში (ვერის პარკი), ერთი და იმავე სკამზე ვისხედით ყოველდღე. მერე დაზამთრდა, აცივდა, მაგრამ ჩვენდა ბედად, იქვე გახსნეს კოოპერატივი, ახლანდელი კაფე-ბარი და მერე იქ გადავჯექით (იცინის). თუმცა, მანამდე, აი, პირველად რომ ბიჭს მხარს გაკრავ და უცნაური შეგრძნება დაგეუფლება, ეს პერიოდი ცხრა აპრილის ამბების დროს დაიწყო. დავიწყეთ მიტინგებზე სიარული და უცებ ორივე პოლიტიკოსი გავხდით (იცინის). აი, კიროვის პარკში ამის შემდეგ გადავინაცვლეთ.
– მოკლედ, თქვენი პაემნის ადგილი მიტინგები იყო.
– ასე გამოდის. ვიარეთ, ვიარეთ და ერთ წელიწადში დავქორწინდით. ორი ბიჭი მყავს, უფროსი 25 წლის, უმცროსი – 19-ის. ერთმა „თავისუფალი უნივერსიტეტი“ დაამთავრა, მეორე „კავკასიის უნივერსიტეტში“ სწავლობს. პროფესიულად ჩემთან ახლოს არცერთი არაა. ამ საქმეს არცერთი არ გავაკარე. უფროსს თავიდან უნდოდა მსახიობობა, ბავშვობაში ვტვირთავდი ამით და ისიც ერთობოდა, მაგრამ მერე უკვე – აღარ. მე მსახიობების მიმართ სხვა მოთხოვნები მაქვს და ჩემი შვილი ვერ აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს. თუმცა, ბავშვობაში დიდ მსახიობებთან აქვს ნათამაშები, რასაც დღეს სიამაყით იხსენებს.
– სერიალში ცოტა ტრადიციული დედამთილის როლი გაქვთ – რძალს კბენს ხოლმე. როგორ წარმოგიდგენიათ სინამდვილეში თავი დედამთილად? თქვენი შვილის შეყვარებული შეიძლება, ცოტა დაფრთხეს, ამ როლიდან გამომდინარე.
– ჰო, ჩემი პერსონაჟი ტრადიციული, მომთხოვნი ქალია. საამაყოდ აქვს, რომ უქმროდ გაზარდა შვილები პატიოსნად და რძალსაც ცოტა კბენს. სხვათა შორის, მეც არ ვარ რბილი ქალი. შვილების მიმართ საკმაოდ მკაცრი ვარ. თუმცა, თავისუფლებას ვაძლევ, რადგან ვენდობი. მაგრამ, ჩემი ცხოვრების წესი მაქვს და მას ვერ შევცვლი. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა წყვილი ცალკე უნდა ცხოვრობდეს. ეს ყველაზე კარგი ვარიანტია: ისინი – თავისთვის, მე – ჩემთვის. ერთმანეთთან კი სტუმრად მივალთ. ასე იქნება, როცა ჩემი შვილები დაქორწინდებიან.