როგორ დაიწყო ხათუნა ხუნდაძემ ჰიგიენურ პაკეტებზე ხატვა და რატომ არ დასცალდა მას კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე ცვლილებების განხორციელება
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორის მოადგილე, კინორეჟისორ, ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხუნდაძესთან კონკრეტულ საკითხზე ინტერვიუს ჩასაწერად მივედით და ჩვენი ყურადღება მის სახლში არსებულმა ბევრმა დეტალმა, განსაკუთრებით კი, კედელზე გამოფენილმა ორიგინალურმა ნამუშევრებმა მიიპყრო, რომლებიც ჰიგიენურ პაკეტებზეა შესრულებული. რა თქმა უნდა, ამას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით და ამ მრავალმხრივ ნიჭიერ, რეალიზებულ და ორიგინალურ ქალბატონს ვთხოვეთ, მათი შექმნის ისტორია მოეთხრო.
– ქალბატონო ხათუნა, როგორ გაგიჩნდათ ჰიგიენურ საფენებზე ხატვის იდეა და რამდენი ხანია, ამით ხართ დაკავებული?
– რას ამბობთ, ერთი თემით დაკავება როგორ შეიძლება?! ხელოვანი სულ ძიებაში უნდა იყოს. ეს არის 18 ნამუშევრისგან შემდგარი ერთი ინსტალაცია, რომელიც გავაკეთე შტუდგარდტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის მეორე სემესტრში, როგორც საკურსო ნაშრომი და მორჩა. ამის მერე ბევრი სხვა, საინტერესო მასალა გამოვცადე, ბევრი ექსპერიმეტი ჩავატარე და ბოლოს მივედი იქ, სადაც ბავშვობიდან მინდოდა ყოფნა – ეს კინოხელოვნებაა. რაც შეეხება ამ ნამუშევრებს, მათ, როგორც ცალკეულ ნამუშევრებს, ისე არ აღვიქვამ. მხოლოდ 18-ივეს ერთობლიობას აქვს აზრი და მთლიანად ჰქვია „პერიოდი“. „პერიოდი“ გერმანულიდან თარგმანში, „დედათა წესს“ ნიშნავს. ხელოვნებას, თავის მხრივ, აქვს პერიოდები – შემოქმედებითი პერიოდები. სიტყვათა ამ თამაშმა შთამაგონა ჩემთვის საყვარელი 18 ხელოვანი, რომელთაც ხელოვნებაში დიდი სიტყვა თქვეს და მართლაც პერიოდები შექმნეს, დამეხატა, ამომექარგა, ან სხვადასხვა შერეული ტექნიკით გამეკეთებინა ისეთ, თითქოს და არაესთეტიკურ მასალაზე, როგორიც „ოლვეისი“ – ჰიგიენური პაკეტებია. პიკასოდან დაწყებული, კოსუტამდე, ყველა ის ხელოვანია, ვისითაც საოცრად მოხიბლული ვიყავი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. ეს ინსტალაცია ერთგვარი დიალოგია მათთან. ბოისს ჰქონდა ერთი ნამუშევარი, „ჩაიში ჩაწობილი ორცხობილა“ – ჰოდა, მეც ავიღე იგივე მარკის ორცხობილა, ზუსტად ისევე ჩავაწე ჩაიში და დავაკარი საფენზე. ფონტანა სერავდა ტილოს, მე დავსერე საფენი; მერეტ ოპენჰაიმის ბეწვისგან გაკეთებული ცნობილი „ფინჯანი და ლამბაქის“ ნაცვლად, მე მთელი საფენი ბეწვისგან გავაკეთე; კრისტო სახლებს და კუნძულებს ახვევდა ქსოვილში, მე „ოლვეისი“ გავახვიე; მაგრიტის ცნობილი ჩიბუხი, წარწერით: „ეს არაა ჩიბუხი“, მე ჩემებურად გარდავქმენი და წითელი საღებავით დასვრილ საფენს, ასევე ფრანგულად მივაწერე: „ეს არაა სისხლი“ – მე და მაგრიტი ორივენი მართლები ვართ, ეს არც სისხლია და არც ჩიბუხი. ეს მხოლოდ საღებავია, ეს მხოლოდ ნახატია... და ასე შემდეგ. ყველა ნამუშევარზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
– პრაქტიკული თვალსაზრისით, როგორ იქმნებოდა ისინი?
– საფენი ცოტა რთული დასამუშავებელია, იმიტომ რომ საღებავს იწოვს და წვალება მჭირდებოდა, სანამ სასურველ შედეგს მივაღწევდი. ასე რომ, ბევრი პაკეტის გაფუჭება მომიწია.
– როგორი შეფასებები აქვს თქვენს ორიგინალურ ნამუშევრებს მნახველებისგან?
– მიყვარს იუმორი ხელოვნებაშიც და ისედაც. ჰოდა, ამ ნამუშევრითაც ღიმილს ვგვრიდი მნახველს. რაც შეეხება ჩემი მაშინდელი პროფესორისა და მენტორის შეფასებას, მახსოვს, იუმორით მითხრა: ამ ნამუშევრით კი უნდა მიგიღონ თბილისის აკადემიაში დოცენტადო. ჩემი პასუხიც ასევე იუმორისტული იყო: რას ამბობთ, თბილისის აკადემიაში ნაცნობობის გარეშე, პიკასოს არ მიიღებენ კუბიზმის მასწავლებლად-მეთქი და ორივემ გულიანად ვიცინეთ.
– არაადეკვატური რეაქცია თუ ჰქონია ვინმეს. როგორც ყველაფერში ხდება ხოლმე, ამ ორიგინალურ ნამუშევრებსაც თუ გამოუჩნდნენ „მოწინააღმდეგეები“?
– არაადეკვატური რეაქცია და ხელოვნება, მე არ მესმის. ხელოვნება თავისუფლება და ძიებაა – ვიღაცას მოეწონება შენი ექსპერიმენტი, ვიღაცას, არა. ევროპას არ აქვს პრობლემა და ჩარჩოებს არ გიწესებს. ეს საქართველოშია ასე – ძალიან ბევრ ბარიერს ვუქმნით ხელოვანს და ჩარჩოებში ვაქცევთ, რაც არ მიმაჩნია სწორად. საქართველოში რომ გამეკეთებინა ეს ინსტალაცია, ღმერთმანი, მართლა არ ვიცი, რას მიზამდნენ.
– არ გიფიქრიათ მათი გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, რომ ფართო საზოგადოებისთვის წარგედგინათ?
– საქრათველოში არ გამომიფენია. აქ მე ხელოვნების სხვა განხრით ვარ დაკავებული. როგორც მოგეხსენებათ, კინორეჟისორი ვარ. ასე რომ, გამოფენებისთვის ნამდვილად არ მცალია. რაც შეეხება გაყიდვას, არის ნამუშევრები, რომელსაც ხელოვანი არასდროს ყიდის და ეს მათ რიცხვშია. ის არაჩვეულებრივად ამშვენებს ჩემი სახლის შემოსასვლელს.
– თქვენი ორიგინალური დამოკიდებულებები სხვა ფორმითაც თუ გამოგივლენიათ?
– ხელოვანი თუ ორიგინალური არ ხარ, მაშინ არც ხელოვანი ხარ. მე ასე მგონია. ახლა გამახსენდა ერთი ჩემი ინსტალაცია – კვერცხებზე მქონდა „მამაო ჩვენო“ ოქროს ასოებით დაწერილი: თითო კვერცხზე – თითო ასო. საოცრად შრომატევადი ინსტალაცა იყო, მაგრამ გაამართლა, 30 000 მეტი მნახველი ჰყავდა იმ გამოფენას. ახლა კინოსფეროში ვარ და მგონია, რომ ცუდად არ გამომდის ეს საქმე. ჩემს ორიგინალობას ამ მიმართულებით ვიყენებ. ვისაც ჩემი ფილმები უნახავს, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სულ სხვა ესთეტიკით ვიღებ და ვნახოთ, როგორ გამიმართლებს. როგორც იცით, მარტივი არაა საქართველოში გადაღება. კარგი რეჟისორების ჯარი დგას კინოსთვის გამოყოფილი მცირე ბიუჯეტის მოსაპოვებლად და მეც მათ რიგებში ვარ. რეჟისორობის გარდა, სიამონებით ვაკეთებ კინოსა და თეატრის მხატვრობას. შარშან რუსთაველის თეატრის დიდი სცენის სცენოგრაფობაც გავბედე და მგონი, ცუდად არ გამომივიდა. ახლახან ინდოეთის უდიდესი კომპანიის, 2 მუსიკალური ვიდეორგოლის მხატვრულად გაფორმება მომიწია. საოცრად მეამაყება, რომ ერთს 33 მილიონი ნახვა აქვს, მეორეს კი – 6 დღეში, 7 მილიონი. ხელოვნების თითქმის ყველა განხრით მაქვს ბედი მოსინჯული პროფესიონალურად და არ დაგიმალავთ, მსიამოვნებს კიდეც ხელოვნების სხვადასხვა განხრაში ხტომა.
– კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პროცესი რომ გაიხსენოთ. იმ პერიოდში თქვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის თუ იყო მსგავსი ინოვაციური და ორიგინალური გამოხატულებები?
– ო, ამ პოსტზე მხოლოდ 4 კვირა დამაცადეს ყოფნა, ასე რომ, ბევრი ვერაფრის შეცვლა მოვახერხე. შემდგომ, 3 წელი საერთაშორისო დეპარტმენტს ვხელმძღვანელობდი და იქ ნამდვილად შევძელი რამდენიმე საამაყო პროექტის განხორციელება. ახლა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ვარ და ჩემი საამაყო ადამიანისა და ჩემი ყოფილი პროფესორის, მერაბ კოკოჩაშვილის მოადგილე გახლავართ. ჩემი ინოვაციური აზრები და კონტაქტები ახალ კინოსტუდიის მართვაში მინდა, გამოვიყენო. ვნახოთ, რა გამოვა. მე დიდი იმედი მაქვს.