მამაკაცმა ცოლს წყევლის გამო ყელი გამოსჭრა
წყევლის გამო 48 წლის ანზორ კ-ძემ ცოლი მოკლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მეუღლის მკვლელი პოლიციამ მკვლელობიდან მეორე დღეს დააკავა. ის ორი დღე ტყეში იმალებოდა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ცოლი წყევლის გამო მოკლა.
სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ანზორ კ-ძე წარსულში მეზობლის დაჭრის ფაქტზე იყო ნასამართლევი. მან მეზობელი მამაკაცი შელაპარაკების დროს ფეხში დანით დაჭრა. კონფლიქტის მიზეზი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ გამოძიებას ეჭვი შეეპარა ბრალდებულს ფსიქიკურ მდგომარეობაში. მით უფრო, რომ მათთვის ცნობილი გახდა, ბრალდებულს წარსულში ფსიქიკური პრობლემები ჰქონია. ეს ფაქტი მისი ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისა და მეზობლებისთვის დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. საქმე ისაა, რომ მას მკურნალობდნენ და ყოველთვის აგრესიული არ იყო. მაგრამ, მასთან ურთიერთობას ბევრი ნაცნობი გაურბოდა. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, რომელიც ანზორ კ-ძეს, როგორც პირველი დანაშაულის, ასევე ცოლის მკვლელობის შემდეგ ჩაუტარდა, დადგინდა, რომ მას „შეეძლო, თავისი მოქმედებისთვის ანგარიში გაეწია.”
როგორც ანზორ კ-ძის ოჯახის წევრების ჩვენებებიდან ირკვევა, აგრესიული ის პერიოდულად ხდებოდა და ოჯახის წევრებსაც კი ერჩოდა. მას წარსულში პირველი ცოლიც ჰყავდა, ვისთანაც შვილიც შეეძინა, მაგრამ ქალმა ვერ გაუძლო ქმარს და მიატოვა. ამის შემდეგ ანზორ კ-ძე მარინა ბ-შვილზე დაქორწინდა. მათ საერთო შვილი არ ჰყავდათ და მარინა ბ-შვილის შვილს ზრდიდნენ პირველი ქორწინებიდან.
საქმის მასალების თანახმად, ანზორ კ-ძე სახლში დედასთან, ცოლთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ძმასთან მას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ იყო პერიოდები, როცა აითვალწუნებდა და მის მიმართ აგრესიული ხდებოდა. ოჯახის წევრების ჩვენებითვე, ბოლო დროს ყველაზე აგრესიული დედის მიმართ გახდა, რომელსაც უკვე ხელითაც ეხებოდა. ძმა მუდმივად ცდილობდა, გაუწონასწორებელი ხასიათის მქონე ანზორ კ-ძეზე გავლენა მოეხდენა, მაგრამ უშედეგოდ.
საქმის მასალების თანახმად, როდესაც ანზორ კ-ძემ საკუთარი ცოლი მოკლა, მისი ძმა დასასვენებლად იყო წასული და სახლში მხოლოდ დედა-შვილი და ანზორ კ-ძის ცოლი, მარინა ბ-შვილი იყვნენ. საღამოს, დაახლოებით 8 საათზე, მეზობლებს ანზორ კ-ძის დედის, ნათელა კ-ძის ყვირილის ხმა შემოესმათ. სიტუაციის გასარკვევად მეზობლები მათი სახლისკენ წავიდნენ, მაგრამ შესვლა ვეღარ შეძლეს – ანზორ კ-ძე მათ მოკვლით ემუქრებოდა.
შეშინებულმა მეზობლებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. ამ პერიოდში ანზორ კ-ძემ სახლიდან გაქცევა და მიმალვა შეძლო. სამართალდამცველებსა და მეზობლებს ოჯახში საშინელი სურათი დახვდათ. ანზორ კ-ძეს მეუღლის, მარინა ბ-შვილისთვის ყელი გამოეჭრა. ქალი სისხლისგან იყო დაცლილი. ამას გარდა, გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მარინა ბ-შვილს დანით 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომელთაგან ორი – შემავალი იყო, ორი კი, სხეულის დასერვის მიზნით იყო მიყენებეული.
გაქცეულის დაკავება პოლიციამ ორი დღის შემდეგ შეძლო და ბრალი მკვლელობაში დასდო. გამოძიებამ დაკავებული დაკითხა. ის არ უარყოფდა, რომ ცოლი მოკლა, მაგრამ ირწმუნებოდა, მოკვლა არ მინდოდაო.
რატომ აითვალწუნა ანზორ კ-ძემ ცოლი, ზუსტი პასუხი არავინ იცის, მაგრამ როგორც ირკვევა, მისადმი აგრესიული, განსაკუთრებით სიმთვრალეში ხდებოდა. ოჯახი ყველა ღონეს ხმარობდა, მისთვის სასმელი მიუწვდომელი ყოფილიყო, მაგრამ ანზორ კ-ძე მალულად მაინც ახერხებდა სასმლის შოვნას, რასაც ბოლო დროს ძალიან მოუხშირა. დანაშაული მთვრალმა ჩაიდინა. სოფლის მცხოვრებლებისთვის უცნაური და გამოუცნობი დარჩა, რატომ ნებივრობდა მამაკაცი ჰამაკში ცოლის მოკვლის შემდეგ. თუმცა, როგორც კი მისი ჩადენილი დანაშაული გახმაურდა და მან საფრთხე იგრძნო, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამონაწერი ანზორ კ-ძის დედის, ნათელა კ-ძის, წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებიდან: „ანზორი ბავშვობიდან გამოირჩეოდა უცნაური ხასიათით, აგრესიული და კონფლიქტური იყო. ჩემი ქმარი მის დარდს გადაჰყვა. უარმავ ექიმთან ვატარეთ. ისინი ადასტურებდნენ, რომ ბიჭს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ საგანგაშოდ არ მიიჩნევდნენ. უფრო მეტიც, იმასაც მეუბნებოდნენ, ამ საკითხის მიმართ გადაჭარბებული ყურადღების გამო იქცევა ასეო. წლების განმავლობაში დამაწყნარებლებს ვასმევდი. მერე ცოლი მოიყვანა, მაგრამ მასთან დიდი კონფლიქტი ჰქონდა და დაშორდა. მარინაზე რომ დაქორწინებულიყო, ხელი მე შევუწყვე. მარინას მიმართ პრეტენზიები არასდროს მქონია, ჩემი შვილი ექცეოდა ცუდად. იმ საღამოს მეზობელთან ვიყავი. სანამ სახლიდან გავიდოდი, ანზორი და მარინა წაკამათდნენ, მაგრამ ძალიან არ უჩხუბიათ. ხშირად კინკლაობდნენ და არ მიფიქრია, ასე ცუდად თუ დასრულდებოდა ყველაფერი. მეზობელ ქალს შვილის ქორწილი ჰქონდა და პურის გამოცხობაში უნდა მივხმარებოდი. ალბათ, ერთი საათის გადასული ვიყავი მასთან, როცა უკან, სახლში გადმოვედი. ეზოში რომ შემოვედი, დავინახე, ანზორი ჰამაკში იწვა და წიგნს კითხულობდა. ცუდი არაფერი მიფიქრია. პირდაპირ სამზარეულოში შევედი, სადაც მურაბას ვხარშავდი. სამზარეულოში საშინელი სურათი დამხვდა. მარინა იატაკზე ეგდო და სულ სისხლით იყო მოსვრილი. კივილი დავიწყე. ანზორს ვუხმობდი მოსახმარებლად, თან მარინასთვის დახმარების აღმოჩენას ვცდილობდი. გვიან მივხვდი, რომ უკვე გარდაცვლილი იყო.“
ამონაწერი ანზორ კ-ძის ჩვენებიდან, რომელიც მან დაკავების შემდეგ მისცა გამოძიებას: „იმის გამო, რომ ნასვამი ვიყავი, ჩემმა ცოლმა ჩხუბი დამიწყო და რამდენჯერმე დამწყევლა. ამაზე ძალიან გავბრაზდი. როცა დედაჩემი მეზობელთან გავიდა, დრო ვიხელთე და მარინას, რომელიც სამზარეულოში ქვაბებს რეცხავდა, ზურგიდან მივეპარე. მისი მოკვლა არ მინდოდა. მინდოდა, ტკივილი მიმეყენებინა, მაგრამ არც კი ვიცი, რატომ, დანა რამდენჯერმე დავარტყი. არ მახსოვს რამდენჯერ, რადგან ძალიან განერვიულებული ვიყავი. მერე ყელიც გამოვჭერი. მომბეზრდა მისგან გაუთავებელი წუწუნი და წყევლა. ყველაფერში მე მადანაშაულებდა. მარინა სისხლიანი ეგდო ძირს, დანა იქვე მოვისროლე, ეზოში გავედი და ჰამაკში ჩავწექი.”
ამონაწერი მეზობლის, ქეთევან კ-ის ჩვენებიდან: „გარეთ კივილის ხმაზე გავედი. ვიცანი, ნათელა კიოდა და შველას ითხოვდა. მაშინვე წავედი. იქ სხვა მეზობლებიც დამხვდნენ, მაგრამ შიგნით შესვლა ვეღარ შევძელით. ანზორი შეშლილი სახით დარბოდა და მოკვლით გვემუქრებოდა. მოითხოვდა, იქაურობა დაგვეტოვებინა. შიგნით შესვლა მეზობელმა მამაკაცმა მაინც სცადა, მაგრამ მოსაკლავად მასაც გამოეკიდა. პოლიცია გამოვიძახეთ. ვიფიქრეთ, რომ ნათელა იყო დაჭრილი. თუმცა, პოლიციის მოსვლამდე შევედით სახლში, როცა მივხვდით, რომ ანზორი იქაურობას გაერიდა. სამზარეულოში ვნახეთ გარდაცლილი მარინას ცხედარი და ნათელა, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო.”
სასამართლო პროცესზე ანზორ კ-ძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა, განაცხადა, რომ ცოლი აღარ უყვარდა და სურდა, თავიდან მოეცილებინა. თუმცა, იმასაც ამბობდა, რომ ცოლის მოკვლა განზრახული არ ჰქონია. ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიუხედავად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშიც მამაკაცმა ქალის მკვლელობა ჩაიდინა, სასამართლომ ანზორ კ-ძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.