კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვეღარ ჩაეტია დავით აღმაშენებლის ხმალი ქარქაშში

ჩვენს სათაყვანებელ მეფეს, დავით აღმაშენებელს ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა და კარგი ბიბლიოთეკაც ჰქონია. მისი ბიბლიოთეკა სასახლეში კი არ იყო გამოკეტილი, არამედ ბიბლიოთეკის ნაწილი მოძრავი გახლდათ. სადაც არ უნდა წასულიყო ხელმწიფე, რაიმე საქმეზე, ლაშქრობაში, სანადიროდ თუ სხვაგან, მეფის მსახურებს თან მიჰქონდათ, ჯორებსა და აქლემებზე აკიდებული, ჩვენი ხელმწიფის წიგნები.  როგორც კი ცხენიდან ჩამოხდებოდა, უმალ მიუტანდნენ წიგნს, რომელსაც იმ დღეს კითხულობდა და სანამ ძალიან არ დაიღლებოდა, თავს არ ანებებდა კითხვას.
სერობის შემდეგ ისევ წიგნებს მიუბრუნდებოდა (სერობა ვახშმობას ნიშნავს, ქართული სიტყვიდანაა ნაწარმოები, სერი - საღამო. ვახშამი თურქული სიტყვაა). ძილის ნაცვლად წიგნებს ჩაუჯდებოდა ხოლმე. როცა თვალები დაეღლებოდა,  რომელიმე მსახური უკითხავდა ხმამაღლა და მეფე ისმენდა („რაჟამს თუალნი დაშვრიან, სასმენელნი ანაცვალნის“). უბრალოდ კი არ უსმენდა, არამედ გაამეორებინებდა ხოლმე ფრაზას, მსჯელობდა, ფიქრობდა, უფრო მეტად კი თვითონ განმარტავდა.
ყველა მონადირე ნადირობისას მხოლოდ ნადირობაზე ფიქრობს, მხოლოდ ნადირის ძებნა  და მისი დევნა უნდა, სხვა არაფერი ახსოვს და არც აინტერესებს. საერთოდ, ესაა ნადირობის აზარტი. ჩვენი ხელმწიფის, როგორც მკითხველის გულმოდგინება  აზარტზე მაღლა იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა უყვარდა. ნადირობის დროსაც წიგნები მიჰქონდა თან და კითხულობდა ცხენზე მჯდარი. როგორც კი დრო დადგებოდა და მარეკების მიერ გამოდევნილი ნადირი გამოჩნდებოდა, მსახურს გადასცემდა წიგნს და თვითონ კი მსხვერპლს დაედევნებოდა.
დავით აღმაშენებლის მემატიანე, მისი თანამებრძოლი და თანამოაზრე, რომლის ვინაობაც,  სამწუხაროდ, არ ვიცით, წერს: „ნურავის ეგონება, რომ ნადირობიდან ხელცარიელი დაბრუნებულიყო როდესმე, ან ტყუილად დადევნებოდა ნადირს. მისებრ გამარჯვებული მონადირე მხოლოდ რამდენიმე თუ არსებობდა. არის გადმოცემები - ებრაელი მოსიმახოს მოისრობის შესახებ (რომელსაც მოიხსენიებს იოსებ ფლავიოსი), ალექსანდრეს სპათა მჯობად; და აქილევსის შესახებ, რომელსაც კენტავრმა ასწავლა მოისრობა, ელინთა შორის; ასევე ბარამ-ჯური (ბაჰრამ-გური, რომელმაც ნადირობისას ორ მძინარე კანჯარს ისარი სტყორცნა და ყურებით გადააბა ერთმანეთს) სპარსთა შორის; თუმცა, ვერცერთი მათგანი ვერ შეედრებოდა, როგორც ჩვენ გვიხილავს ჩვენი თვალით“.
დავით აღმაშენებლის მემატიანე გვიამბობს, რომ მეფეს სამოციქულოს კითხვა ჰყვარებია სხვა წიგნების კითხვასთან ერთად. სამოციქულო ახალი აღთქმიდან გამოკრებილი საკითხავების წიგნია. წიგნში შედის 7 კათოლიკე ეპისტოლე. 14 ეპისტოლე წმიდა პავლე მოციქულისა. ეს წიგნი დაყოფილია თავებად, მუხლებად და საკითხავებად. წელიწადის ყოველი დღისთვის განკუთვნილია ცალკე საკითხავი. ასევე, დღესასწაულებისთვის, კვირა დღეებისთვის და ასე შემდეგ. 
დავით აღმაშენებელი, როცა წიგნს დაასრულებდა, ნიშანს დაუსვამდა, თურმე, წიგნის ბოლოს. ახალი წიგნი, მეფისთვის გადაწერილი სამოციქულო (რომელიც თავის დროს ქართულ ენაზე თარგმნა გიორგი მთაწმინდელმა), ერთი წლის მერე ნახა დავით აღმაშენებლის ცხოვრების ავტორმა, აღმოჩნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში 24-ჯერ ჰქონია წაკითხული მეფეს. ალბათ, ასევე მრავალჯერ კითხულობდა საღვთისმეტყველო თუ სხვა წიგნებს ჩვენი დიდი ხელმწიფე.
დავით მეფის წიგნების კითხვის სიყვარულთან დაკავშირებით საინტერესო ამბები ბევრი ყოფილა, თურმე. მემატიანე ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გვიამბობს. ჯერ კიდევ დაბრუნებული არ ჰქონდა დავით აღმაშენებელს ჩვენი დედაქალაქი, ტფილისი, ოთხას წელს არაბების ხელში ნამყოფი და ჩვენს მთავარ ქალაქში ქრისტიანები ჯერ კიდევ იჩაგრებოდნენო, - ამბობს იგი. ხანდახან ტფილისში ქრისტიანებს სრულიად უმიზეზოდ ატყვევებდნენ და ხოცავდნენ, თურმე. ეს ძალიან აწუხებდა მეფე დავითსო, ესე იგი ეს ამბავი მოხდა 1121 წლამდე, დიდგორის ბრძოლამდე და ტფილისის დაბრუნებამდე კარგა ხნით ადრე.
დავით აღმაშენებლის მეფობის დასაწყისში ჩვენი სახელმწიფო ძალიან სუსტი იყო. მეფემ დაიწყო არმიის ხელახლა შექმნა. გამუდმებით აღლუმებს ატარებდა და წვრთნიდა ჯარისკაცებს. პატარ-პატარა რაზმებით თავს ესხმოდა თავგასულ თურქ-სელჩუკებს, რომლებსაც უნდოდათ, აღმოსავლეთ საქართველო თავისი საქონლის საძოვრად ექციათ და ასე ანადგურებდა  მტერს ნელ-ნელა, დანარჩენებს კი აშინებდა. ასე ვთქვათ, სპეცოპერაციებს ატარებდა. ხელმწიფე დავითი კარგი სტრატეგი გახლდათ და კარგად გეგმავდა ამგვარ ოპერაციებს თუ ბრძოლებს. თვითონ მხოლოდ ბრძანების გაცემას კი არ ჯერდებოდა, ან შორიდან კი არ ხელმძღვანელობდა ოპერაციას თუ ბრძოლას, პირადად იღებდა მონაწილეობას. შეიძლება ითქვას, იყო მთავარსარდალიც და განსაკუთრებულად გაწვრთნილი, სპეცდანიშნულების რაზმების მეთაურიც.
ერთხელ დიდი ქარავანი შემოსულა ტფილისში განძიდან. ქარავანს თან შემოჰყოლია  ბევრი თურქი. ქარავნებს ხშირად დაცვა ჰყვებოდა. ქარავნებთან ერთად ვრცელდებოდა არა მხოლოდ სავაჭრო საქონელი, არამედ ფინანსურ-ეკონომიკური და რაც მთავარია, პოლიტიკური ინტერესებიც. ტფილისში ქარავანთან ერთად თურქთა შემოსვლა რომ შეიტყო დავით მეფემ, თხუთმეტი რჩეული კაცი გააგზავნა, ლოჭინიდან საბალახოდ გასული ნახირის მოსატაცებლად, რომლებიც ტფილისელ მაჰმადიანებს (ან ქარავნის პატრონებს) ეკუთვნოდათ და თუ თურქები გამოვიდოდნენ მდევრად, ამოწყვეტდა მათ ამგვარი ხერხით.
თვითონ მეფე 300 მხედრით ავჭალის ღელესთან დაიმალა. არავის მიანდო ეს საქმე, თვითონ წავიდა ოპერაციის სახელმძღვანელოდ, უსაჭურვლოდ, მარტო ხმლის ამარა. როგორც ყოველთვის, თან წაიღო წიგნები ღვთისმეტყველების შესახებ. თავის მეომრებს უბრძანა, სანამ არ მოვალ თქვენთან, არ დაიძრათო. თვითონ მეფე თავის სამასკაციან რაზმს მოშორდა და ცხენიდან ჩამოხდა.
დავითის სპეცდანიშნულების ნაწილმა შეასრულა ბრძანება და გამოიტაცა ნახირი. გამოეკიდა მათ ასი თურქი და წამოეწია. თურქებმა ცხენები დაუხოცეს ქართველ მეომრებს,  დავითის ჯარისკაცები ქვეითად იბრძოდნენ.
ცხენიდან ჩამოსული მეფე იჯდა და წიგნს კითხულობდა გულდასმით. ისე გაიტაცა კითხვამ, სრულიად დაავიწყდა, რაც ხდებოდა, სანამ ყვირილის ხმა არ მოესმა. უმალ მიატოვა წიგნი, შეახტა ცხენს და გააჭენა იმ მხარეს, საიდანაც ხმაური მოესმა. დაინახა თავისი მსახურები – თხუთმეტი კაცი, გაცილებით მრავალრიცხოვანი თურქების წინააღმდეგ თავდადებით მებრძოლნი.
არჩევნის წინაშე დადგა ჩვენი ხელმწიფე, თუ დანარჩენი მებრძოლების დასაძახებლად წავიდოდა, სანამ დაბრუნდებოდნენ, მის მსახურებს დახოცავდნენ თურქები, არადა მათთან შერკინებაც თავის საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავდა – ძალიან ბევრი იყო მტერი. მისი საფრთხეში ჩავარდნა კი ქვეყნისთვის საშიში იყო.
სხვა გზა არ ჰქონდა ქართველთა მეფეს, ალბათ, ვაჟკაც მეფეს ვერც წარმოედგინა სხვა ვარიანტი – გაექანა თურქებისკენ. თურქებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა გაშმაგებული მეომრის, დავით მეფის დანახვამ – „მსწრაფლ შთაბრიალდა ვითარცა არწივი, და დააბნივნა ვითარცა კაკაბნი“. მეფემ რამდენიმე თურქი მოკლა. მეფის მსახურები ამხედრდნენ მოკლული თურქების ცხენებზე და შეეშველნენ მეფეს. კიდევ არა ერთი თურქი დახოცეს. დანარჩენებმა მოატრიალეს ცხენები, გაიქცნენ და ძლივს შეასწრეს ქალაქში.
ასე გადაარჩინა დავით აღმაშენებელმა თავისი თხუთმეტი გამორჩეული მეომარი. გზაზე ეყარა თურქთა მძორები. დავით მეფის ხმალი ისე დაღვლარჭნილიყო მტრების ხმლებზე ბევრი ცემისგან, რომ ქარქაშში ვეღარ ჩაეტია „ფრიადისა ცემისაგან ხრმალმან-ცა დაღვლარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი“.
მეფე და მის მიერ გადარჩენილი ნახირის გამომტაცებლები დაბრუნდნენ ამ ოპერაციისთვის წამოყვანილ სამას მხედართან. როცა მათ გაიგეს, რაც მოხდა, საყვედური უთხრეს მეფეს, რადგან საფრთხეში ჩაიგდო თავი.

скачать dle 11.3