კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-35(818)

მოზესმა მაიზერს გაუღიმა. სანაპიროს ჯებირს მიაყუდა, მხრებზე ხელები დაადო და უთხრა:
– არის ერთი გამოსავალი და თუ დამიჯერებ, ყველაფერი კარგად იქნება.
– რა გამოსავალი? – იკითხა მაიზერმა.
მოზესმა კვლავ გაუღიმა მაიზერს. შემდეგ მარჯვენა ხელი მოაშორა მხრიდან და ჯიბეში ჩაიყო. იქიდან ფიქსატორიანი დანა ამოაცურა. გახსნა და ოტო მაიზერს შიგ გულში ატაკა, ხოლო ხმა რომ არ ამოეღო. მარცხენა ხელი პირზე მიაფარა...
ოტო მაიზერი ადგილზევე გარდაიცვალა.
მოზესმა მაიზერს დანა გამოაძრო და მტკვარში მოისროლა. შემდეგ მოკლული შეაბრუნა, მოაჯირზე მიაყუდა – ვითომ წყალში იყურებოდა. თავად კი სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას. მხოლოდ მოაჯირის გასწვრივ მიდიოდა, რომ ვიდეოთვალს არსად დაეფიქსირებინა.
***
მაიორი ტიტე ბუკია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი იყო და თავის კოლეგებზე ზედამხედველობა ევალებოდა. მიუხედავად უწყებრივი საკანონმდებლო აქტისა, რომლის მიხედვითაც მას და მის კოლეგებს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები გააჩნდათ, ფაქტობრივად, მათ არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდათ. ყველაფერს მინისტრი წყვეტდა და მასთან შეთანხმების გარეშე, გენინსპექციის თანამშრომელი რიგით პოლიციელს შენიშვნასაც ვერ მისცემდა. პოლიციაში ეს დაუწერელი კანონი იყო. თითქმის არავინ არღვევდა და ვინც დაარღვევდა, როგორც მინიმუმ, უნდობლობისთვის იყო განწირული ხელმძღვანელობის მხრიდან. შემდეგ ეს უნდობლობა იქამდე მიდიოდა, რომ ათვალწუნებული პოლიციელი თუ თავადვე არ დაწერდა სამსახურიდან წასვლის პატაკს, მას მიზეზს მოუძებნიდნენ და ათავისუფლებდნენ... მაიორმა ბუკიამ პოლიციის დაწერილი კანონებიც კარგად იცოდა და დაუწერელიც. ერთი შეხედვით ის ორივე კანონის მორჩილი იყო. თუმცა, ცდილობდა, მორალური კანონები ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დაეყენებინა. მართალია, თავადაც საყვარელი ჰყავდა და ამით თვითონაც არღვევდა მორალს, თუმცა ადამიანი არასდროს გაუწირავს. ფულს, ქონებასა და თანამდებობას არასდროს დახარბებია და ცდილობდა, პატიოსნად ეცხოვრა. სწორედ ამ შინაგანმა პატიოსნებამ და მადლიერების გრძნობამ გადაადგმევინა ტიტე ბუკიას სარისკო ნაბიჯი, როდესაც პროფესორი პავლე გოკიელი ჯერ გააფრთხილა მოახლოებული საშიშროების შესახებ, შემდეგ კი სულაც თავისთან დამალა... პავლე გოკიელი ტიტესთვის კაცობრიული მნიშვნელობის ადამიანი იყო, არა მარტო იმისთვის, რომ კიბოს წამალი გამოიგონა, არამედ იმიტომაც, რომ პროფესორი უანგარო, პატიოსანი ადამიანი იყო – იმისთვის იღვწოდა, რომ კაცობრიობისთვის სიკეთე მოეტანა. ტიტემ იცოდა, რომ გოკიელისნაირი ადამიანები პერმანენტული საშიშროების წინაშე იმყოფებოდნენ. პროფესორის მონათხრობის შემდეგ კი, აბსოლუტურად დარწმუნდა ამაში. ამიტომ, გადაწყვიტა, გოკიელის სრული უსაფრთხოებისთვის ეზრუნა და თუ საჭირო გახდებოდა, მისთვის თავიც კი გაეწირა. ტიტე დარწმუნებული იყო, რომ პროფესორზე ძალიან საშიში ადამიანები დაიწყებდნენ ნადირობას. ყურადღება გამახვილებული ჰქონდა. ყოველმხრივ მობილიზებული იყო და როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეეფერება, სამინისტროში შემოსულ ყველა კრიმინალურ შემთხვევას გულდასმით აანალიზებდა, რომ სავარაუდო საფრთხე არ გამორჩენოდა. მაიორი ბუკია კი ინტუიციით გრძნობდა, რომ ეს საფრთხე ძალიან ახლოს იყო და მომზადებული უნდა დახვედროდა. როდესაც ოტო მაიზერის მკვლელობის ამბავი გაცხადდა, ტიტე დაიძაბა. პოლიციის ხელთ არსებულ ინფორმაციებს გაეცნო, გააანალიზა და გარკვეული დასკვნებიც გააკეთა. საღამოს, როცა ის კონსპირაციულ ბინაში მივიდა, პავლე გოკიელს უთხრა:
– არ მინდა შეგაშინოთ, ბატონო პავლე, მაგრამ მგონი, თქვენზე ძალიან სერიოზული ნადირობაა გამოცხადებული. მონადირე თბილისშია და თქვენს კვალზე დადგომას ცდილობს. თუმცა, ჯერჯერობით ეს არ გამოსდის და იმედია, ხელს შევუშლით ამაში.
პავლე გოკიელმა ყურადღებით მოუსმინა მაიორს. ბოლოს კი ღიმილით უთხრა:
– რაღა დროს ჩემი შეშინებაა, ტიტე. ბოლოს მაშინ შევშინდი, ჩემი მერი რომ გამომეცალა ხელიდან. მარტო დავრჩი და მარტოობის განცდამ შემაშინა. თუმცა... – პროფესორმა ხელი ჩაიქნია, – მას მერე ოცდაათი წელი გავიდა.
– ბოდიშს გიხდით, ბატონო პროფესორო. არ მინდოდა თქვენი წყენინება, – იუხერხულა ტიტემ. გოკიელმა კი მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
– რის ბოდიში. არაფერი მწყენია. რა მოხდა?
– დღეს რიყეზე ერთი შვეიცარიელი გაძარცვეს. ის კაცი, ვინმე ოტო მაიზერი, შვეიცარიის სალეჩოში მუშაობდა ეკონომიკურ ატაშედ. შემდეგ კი ეგ ატაშე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აბანოების წინ, მოკლული იპოვეს, მდინარის ჯებირზე გადაყუდებული, – უთხრა ტიტემ პროფესორს და გააბოლა, – თითქმის დარწმუნებული ვარ, შვეიცარიელი დიპლომატი თქვენს მოსანადირებლად გამოგზავნილმა ადამიანმა მოკლა.
გოკიელი ვერაფერს მიხვდა და ტიტე ბუკიას უთხრა:
– რატომ ფიქრობ, ტიტე, რომ შვეიცარიელი დიპლომატი ჩემს მოსანადირებლად გამოგზავნილმა მოკლა?
– ახლავე აგიხსნით ყველაფერს, – თქვა მაიორმა, სიგარეტი მოქაჩა და განაგრძო, – ჯერ გაძარცვული, შემდეგ კი მოკლული შვეიცარიელი დიპლომატისთვის წართმეულ ჩანთაში პოლიციამ მაყუჩიანი პისტოლეტი, მიკრორადარები, მობილური ტელეფონები, რაციები და ერთი სიტყვით, ადამიანზე სანადირო მოწყობილობები აღმოაჩინა. ასეთ მოწყობილობებს იყენებენ ძირითადად ძებნილი ან მოსაკლავად შეკვეთილი ადამიანის მოსახელთებლად. აგრეთვე, ტერორისტული აქციის მოსამზადებლადაც და ზოგ შემთხვევაში, მსხვილი ქურდობის დროსაც, რა თქმა უნდა, მაყუჩიანი პისტოლეტის გამოკლებით. პოლიციამ, როგორც გითხარით, მძარცველი იქვე, ოციოდე მეტრში დააკავა. დააკავა და იქვე დაკითხა. მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ გაძარცვული სკვერში მიაბიჯებდა. ყველა ლოგიკით, გაძარცვული სკვერშივე უნდა ყოფილიყო და პოლიციისთვის დახმარებისთვის მიემართა, მაგრამ ის გაუჩინარდა და გასაგებია, რატომაც.
– რა თქმა უნდა, გასაგებია, – დაეთანხმა მაიორს პროფესორი.
– პოლიცია, რა თქმა უნდა, დაზარალებულის ძებნას შეუდგა. შემთხვევის ადგილზე ყველგან ვიდეოთვალია დამონტაჟებული და მალევე დაადგინეს მისი პიროვნება, რომელიც ოტო მაიზერი აღმოჩნდა. კვალზე ძაღლი მიუშვეს, მაგრამ მან კვალი სიონის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს დაკარგა. საპატრულო ეკიპაჟებმა ძებნა იმავე კვადრატში განაგრძეს და როგორც უკვე გითხარით, აბანოების მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მაიზერი გულში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს.
– რატომ ფიქრობთ, რომ მაიზერი ჩემზე სანადიროდ გამოგზავნილმა ქილერმა მოკლა? – მხრები აიჩეჩა გოკიელმა.
– იმიტომ, ბატონო პავლე, რომ უპირველესად, ამას ინტუიცია მკარნახობს და ინტუიციას ჩემთვის არასდროს უღალატია. კიდევ იმიტომ, რომ მოკლული მაიზერი შვეიცარიელია და თუკი თქვენს მონათხრობს მივყვებით, თქვენზე შვეიცარიელები ნადირობდნენ და მათ გამოგზავნეს ქილერი. მესამე და მთავარი კი ისაა, რომ როგორც ჩანს, ამ მაიზერმა ჩამოიტანა თბილისში იარაღები და მკვლელისთვის უნდა გადაეცა იმ სკვერში, სადაც გაძარცვეს. მკვლელმა, ანუ თქვენზე მონადირემ რომ ძარცვის მომენტი ნახა, იქაურობას გასცილდა. შემდეგ მაიზერს შეხვდა და იმის შიშით, რომ დიპლომატს პოლიცია გაშიფრავდა, მაიზერის მეშვეობით კი მასზე გავიდოდნენ, მოკლა ის და ამით ჯაჭვი გაწყვიტა.
– ლოგიკურია, – თქვა პროფესორმა, – თუ იმ სკვერში ყველგან ვიდეოკამერებია, იმ კაცს, ანუ ჩემზე მონადირეს არ დააფიქსირებდა?
– რამდენადაც ვიცი, არა, – თავი გააქნია მაიორმა, – თქვენზე მონადირე ძალიან გამოცდილი ჩანს და როგორც ეტყობა, შეგნებულად აარიდა თავი ვიდეოთვალს. სავარაუდოდ, მას უკვე წინასწარ ჰქონდა შესწავლილი ადგილმდებარეობა და კარგად იცოდა, თუ როგორ ემოძრავა. ის არც მაიზერის მკვლელობის მერე მოხვედრილა ვიდეოკამერებში დიდი ალბათობით, ფეხით გაიარა მარჯვენა სანაპიროს გაუკონტროლებელი მონაკვეთი და სამშვიდობოზე გავიდა. ახლა ეს საქმე უშიშროებამ წაიღო და ის იძიებს, რადგან უცხოელი დიპლომატია მოკლული. ასეთი შემთხვევების გამოძიება კი უშიშროების პრეროგატივაა. უშიშროებას რა ვერსია აქვს, არ ვიცი, მაგრამ, მკვლელისგან თუ მკვლელებისგან აუცილებლად უნდა დაგიცვათ და უკეთესი იქნება, თუკი მათ გამოვააშკარავებთ. თუმცა, მათ, სავარაუდოდ, ისეთი მფარველები ეყოლებათ, რომ შეიძლება, წყლის ნაყვა გამოგვივიდეს.
– ტიტე, უმჯობესი ხომ არ იქნება, აქედან წავიდე და ჩემს გზას გავუყვე? – უთხრა პროფესორმა მაიორს. ტიტემ კი მიუგო:
– რას ბრძანებთ, ბატონო პავლე, სად უნდა წახვიდეთ?
– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა პროფესორმა, – მეშინია, პრობლემები არ შეგიქმნა და შენი სიკეთე ბოროტებად არ შემოგიბრუნდეს.
– წყლის ნაყვა რომ ვახსენე, ამიტომ იფიქრეთ მასე? – გაეცინა ბუკიას, – მე, უბრალოდ, მათი ძლევამოსილება ვიგულისხმე, მაგრამ ბოროტი ყოველთვის ძლიერია და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას დავნებდეთ და დავემორჩილოთ. კეთილი უფრო ძლიერია ბოროტზე და სწორედ თქვენზეა ნათქვამი „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელიაო“. თქვენი კეთილი გამოგონებით სძლევთ კაცობრიულ ბოროტებას და ამ სიკეთის არსება გრძელი, ანუ მარადიული იქნება. ახლა კი თქვენ და თქვენს გამოგონებას დაცვა სჭირდება და მე, ტიტე ბუკია მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თქვენთვის თავს დავდებ და სიცოცხლესაც კი დავთმობ იმ კეთილი საქმისთვის, რომელსაც თქვენ, პროფესორი პავლე გოკიელი ემსახურებით.
პოლიციის მაიორის სიტყვები იმდენად საზეიმოდ და მტკიცედ იყო წარმოთქმული, რომ მრავლისმნახველ გოკიელს გული აუჩუყა და თვალზე ცრემლი მოადგა. მეცნიერი ტიტე ბუკიას გადაეხვია და უთხრა:
– მადლობელი ვარ, ჩემო მეგობარო, ასეთი მხარდაჭერისთვის, ღმერთი გწყალობდეს!
***
როგორც კი მაიორი ზურაბ ნინიძე მაქს ბოლს, სინამდვილეში კი ჯონ მოზესს დაშორდა, ონკოლოგიური კლინიკისკენ გაემართა, რომ გოკიელის მიერ გადარჩენილი პაციენტების ვინაობა გაერკვია და ასე, პროფესორის კვალს დადგომოდა. როცა სასურველი გვარები გაიგო და დაადგინა, რომ ერთ-ერთი განკურნებულის ძმა მაიორი ტიტე ბუკია იყო, მრისხანებით თვალები აენთო და კბილებში გამოსცრა: „ჩემი ძველი მტერი ტიტე ბუკია ეხმარება გოკიელს? ჰმ, მე შენ გიჩვენებ სეირს. ნაწლავებს გადმოგაყრევინებ და ყველაფერს გათქმევინებ. საინტერესოა, საიდან მოიპოვე ეს ინფორმაცია, ანუ ის, რომ პროფესორის დაპატიმრებას ვაპირებდი“.
ნინიძეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ტიტე ბუკიას ხელში ჩაგდება და წამება, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ მაიორი ბუკია მაღალი დონის პროფესიონალი იყო და გონებაც უჭრიდა. ამიტომ, ისეთი გეგმა უნდა მოეფიქრებინა, რომ ბუკია პირველი ცდიდანვე ჩაეგდო ხელში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ყველაფერი ჩაეშლებოდა. ამას კი შემკვეთები არ აპატიებდნენ.
„შემკვეთები, შემკვეთები... – იმეორებდა გუნებაში ნინიძე, თან მანქანას მართავდა, – ბოლოს და ბოლოს, სულ ფეხებზე მკიდია ეგ შემკვეთები, მე ჩემს თამაშს ვითამაშებ. ვინც არ რისკავს, ის არც იგებს. ამ თამაშის ჯეკპოტი კი იმდენია, რომ ღირს გარისკვა“.
მაიორ ნინიძეს, თავისმა ხარბმა ბუნებამ ისე აურია ტვინი, რომ შემკვეთების, ანუ შვეიცარიელების „გადაგდება“ მოინდომა და ასეთი რამ მოიფიქრა: მას ჯერ ტიტე ბუკიას მოხელთება უნდოდა, რომ მისგან პროფესორ გოკიელზე გასულიყო. შემდეგ კი გოკიელისთვის უნდა ეთქმევინებინა კიბოს წამლის ფორმულა. ამის მერე შემკვეთი შვეიცარიელები შეეკრიბა და მათთვის წამლის ფორმულის მიყიდვა ეცადა. თუ არ გამოუვიდოდა, მაშინ შემკვეთები დაეხოცა, სხვა მყიდველზე გასულიყო და წამლის ფორმულა გაეყიდა. ყოველივე ამის შემდეგ კი, პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა, სუფთა საბუთებით დასახლებულიყო მსოფლიოს რომელიმე უსაფრთხო ქვეყანაში და ცხოვრებით დამტკბარიყო. ამ გეგმის განხორციელებას ნინიძე მარტო ვერ შეძლებდა და დამხმარე სჭირდებოდა. მაიორს ბევრი არც უფიქრია დამხმარის კანდიდატურაზე და ჩაილაპარაკა: „ყურშას“ ჩავრთავ ამ საქმეშიო.
„ყურშა“, იგივე პოლიციის ყოფილი კაპიტანი უშანგი ხაბაძე, ზურაბ ნინიძის ბავშვობის ძმაკაცი იყო და ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, „ბესპრეძელშიკობდნენ“. ლენინის მოედნის მეტროსთან ბირჟაობდნენ და მათზე ბევრად უმცროს ბავშვებსა და რაიონიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ ახალგაზრდებს ფულს სძალავდნენ. აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ და არც თუ ისე იშვიათად, ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. ორივეს სიჭაბუკეში ქურდობა უნდოდა – ცოტ-ცოტას იპარავდნენ და „ქუჩის ბიჭებთანაც“ იყვნენ დაკავშირებულები. მეათე კლასში კი, როდესაც ძმაკაცები სკოლას ამთავრებდნენ, ერთ-ერთი „კარტოჟნიკის“ ბინაში ბანქო ითამაშეს, ფული წააგეს და ვერ ჩააბარეს. ამის გამო კი „გაფუფლოვდნენ“ და ერთხანს იმალებოდნენ. მერე კი, რომ არავის გაეფუჭებინათ „გაფუფლოებულები“, ორივემ პოლიციაში დაიწყო მუშაობა. შემდეგ პოლიციის აკადემიაც ერთად დაამთავრეს და მეწყვილეები გახდნენ. ყურშა და ნინიძე თავიანთ ძველ მეგობრებს გადაემტერნენ, სისხლს უშრობდნენ და ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ თავიანთ უფლებამოსილებასაც აჭარბებდნენ. განსაკუთრებით ხაბაძე ცდილობდა ძველი ძმაბიჭების დაჩაგვრას. ერთ-ერთ მათგანს ნარკოტიკიც კი ჩაუდო და ციხეში ჩასვა. არადა, თავად იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და სწორედ ნარკომანობისთვის დაითხოვეს ორგანოებიდან. ერთი პერიოდი, ხაბაძე უცხოეთში გაემგზავრა არალეგალურად, მაგრამ იქიდან დეპორტი გაუკეთეს და კვლავ თბილისში დაბრუნდა. ახლა ერთ-ერთ კომერციულ ფირმაში მძღოლ-ექსპედიტორად მუშაობდა. პოლიციიდან დათხოვნის მიუხედავად, ხაბაძესა და ნინიძეს ერთმანეთთან ძმაკაცობა არ შეუწყვეტიათ და როცა ამის საშუალება იყო, ორივე მარტოხელა ძმაკაცი ერთად „გულაობდა“...
ნინიძემ ყურშას ნომერი აკრიფა და დაელოდა.
– რა გინდა, შე ჩემა? მძინავს, – ნამძინარევი ხმით უპასუხა ხაბაძემ ნინიძეს.
– საქმე მაქვს შენთან.
– რამე კარგი ამბავია?
– ტელეფონზე საბაზრო არაა.
– მაშინ ჩემთან ამოდი. ამ ძუკნას ახლავე გავუშვებ. განა მართლა მარტო ვარ, – მიუგო ყურშამ ნინიძეს და ტელეფონი გათიშა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3