კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა იყოს ქრისტიანულ ქორწინებაში მყოფი ცოლისა და ქმრის სიყვარული უანგარო და თავგანწირული

„როდესაც მე შევდივარ ნებისმიერ ოჯახში, მგონია, რომ შევედი მცირე ეკლესიაში, მცირე სამეფოში, სადაც უნდა მეფობდეს კაცი, დედოფლობდეს ქალი და ვაზირებივით უნდა იყვნენ ბავშვები. ამ ყველაფერს ერთი ლამაზი სახელი უნდა ერქვას: წმიდა, პატიოსანი ოჯახი, სადაც სიყვარული მკვიდრობს,“ – ოჯახური ურთიერთობისა და სიყვარულის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ღმერთის ურთიერთობის მთელი ისტორია ადამიანებთან ზეციური სიყვარულის თავგანწირვის უწყვეტი ისტორიაა. ზეციერ მამას თითქოს ხელჩაკიდებული მიჰყავს ცოდვილი, თავისი მტერი და მოღალატე ხსნისკენ. ამისთვის ის თავის მხოლოდშობილ ძესაც არ ზოგავს. ძე ღვთისა, გარდამოხდა რა ზეცით, ხორცს ისხამს, იტანჯება და კვდება იმისთვის, რომ აღდგომის საშუალებით ცოდვილს ის ნეტარი მარადიულობა მიანიჭოს, რომელიც შეცოდების გამო დაკარგა.
–  როგორი უნდა იყოს სიყვარულზე დაფუძნებული ქრისტიანული ოჯახი?
– ქრისტიანულ ქორწინებაში მყოფი ცოლისა და ქმრის სიყვარულს ისეთი უანგარო და თავგანწირული ხასიათი აქვს, როგორითაც გამოირჩევა საერთოდ ქრისტიანული სიყვარული. პავლე მოციქული ტყუილად არ ადარებს ცოლ-ქმრის კავშირს ქრისტესა და ეკლესიის კავშირს და ამბობს: „ქმრებო, ისე შეიყვარეთ ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“. ქრისტიანულ ქორწინებაში მოსიყვარულე პიროვნებათა ერთიანობა იმდენად ყოვლისმომცველი და სრული ხდება, მეუღლეთა ურთიერთთავდადება იმდენად ღრმა და უეჭველია, რომ ისინი ყველაფერში ერთმანეთს ემსგავსებიან. ხანდახან კი (სიბერეში) გარეგნულადაც მსგავსნი ხდებიან და მათი ცხოვრება სრული თანხმობით მიედინება. ისინი წუთისოფელს ქრისტე მაცხოვრისა და მისი წმიდა ეკლესიის ცნებების სრული, ერთგული დაცვით ატარებენ. ქრისტიანისთვის ცხოვრების, მეგობრის, თანამგზავრის არჩევა დიდი და მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ქრისტიანულ ქორწინებაზე უფლის სიტყვა – ბიბლია – შემდეგს ამბობს: „იყავით ორნი ერთ ხორც“ – ესე იგი, ქორწინებაში ორნი შეადგენენ ერთ ორგანიზმს, ერთ სიცოცხლეს. ქრისტიანი ცოლი, უპირველესად, ქმარზე ფიქრობს და შემდეგ – საკუთარ თავზე, ზუსტად ასევეა ქმარიც. ამგვარ ცოლქმრულ კავშირს კი ღმერთი განამტკიცებს შემდეგი ღვთიური სიტყვებით: „რომელნი-იგი ღმერთმა შეაუღლნა, კაცი ნუ გააშორებს“.  ქრისტიანული ოჯახის წევრებმა ცხოვრება ეკლესიის სულის მიხედვით უნდა მოაწყონ და ეს სული უნდა წარმართავდეს მათ ყოველდღიურ ურთიერთობასა და საქმეებს, რათა ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ოჯახის წევრები ქრისტეს მორწმუნეები და მისი ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები არიან. რაც მთავარია, ოჯახში უნდა სუფევდეს ღვთის შიში, ურთიერთმორჩილება და სიყვარული. ეკლესიაში, როგორც ზეციურში, ასევე ამქვეყნიურში, არსებობს იერარქია, რომელიც მორჩილების პრინციპს ემყარება. ეკლესიის თავი ქრისტეა, ამიტომ მამა ოჯახის თავი, ღმერთის მცნებების სანიმუშო აღმსრულებელი უნდა იყოს. დედა უნდა ემორჩილებოდეს მეუღლეს, შვილები კი – დედ-მამას. მაგრამ ამ იერარქიის შენარჩუნება მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც ჭეშმარიტი ღვთის შიშია. როგორც კი ეს შიში სუსტდება, იერარქია ირღვევა და ნორმალური ქრისტიანული ურთიერთობების წარმართვა ძალიან ჭირს. მეორე ძირითადი ნიშანი ეკლესიისა არის ის, რომ ეკლესია უმთავრესად სალოცავი სახლია. ოჯახის წარმმართველი ერთ-ერთი ძირითადი ძალა სწორედ ლოცვაა როგორც ერთიანი, ასევე თითოეული წევრისა ცალ-ცალკე. ლოცვა ქრისტიანის მთავარი სათნოებათაგანია და უდიდესი გამაერთიანებელი ძალა გააჩნია.
– როგორ უნდა წარმართონ მათ თავიანთი ქრისტიანული ცხოვრება?
– ოჯახის წევრები ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე უნდა დაესწრონ საეკლესიო მსახურებას, შეძლებისამებრ ხშირად ეზიარონ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. აგრეთვე, ხშირად აღიარონ ცოდვები მოძღვრის წინაშე, შეუკვეთონ პარაკლისები და პანაშვიდები, სახლი ღვთისმსახურს აკურთხებინონ. ქრისტიანის სახლის საუკეთესო მორთულობა ხატია. შესაბამისად, ხატი, ჯვარი და წმიდა გამოსახულებანი ყველა ოთახში უნდა იყოს, მაგრამ კარგია, თუ გამოიყოფა ერთი სპეციალური ადგილი სახლში, სადაც ოჯახი სალოცავად შეიკრიბება. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, ქრისტიანები დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა კითხულობდნენ ფსალმუნს. წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ, უმჯობესია, მზემ არ გამოსცეს ნათელი, ვიდრე იმ დღეს ქრისტიანმა ფსალმუნი არ წაიკითხოს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ქრისტიანად ძნელად თუ იწოდება ადამიანი, რომელიც დილა-საღამოს, საზრდელის მიღების წინ და შემდეგ, ლოცვებს არ კითხულობს. ლოცვების რაოდენობა და წაკითხვის სიხშირე, სასურველია, ჩვენი ძალებისა და დროის შესაბამისად შევარჩიოთ და აუცილებლად შევათანხმოთ სულიერ მოძღვართან. ქორწინება არის ასევე მოწამეობა და გვირგვინის დადგმაც ნიშნავს, უკვე გარკვეულ მზადებას მოწამეობისთვის. წინასწარ უნდა იცოდე, რომ ყველაფერი კარგად არ იქნება, შეიძლება, გარკვეული მწუხარება, სნეულებაც იყოს შენს ცხოვრებაში. გვირგვინის დადგმაც გარკვეული სიმბოლოა იმისა, რომ შენს წყვილთან ერთად, მზად ხარ ტანჯვისთვის, განსაცდელებისა და ყოველგვარი მწუხარებისთვის. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს, ყველას ჰგონია, რომ მათი ქორწინება იქნება ბედნიერი, კონტრაქტი შედგება, მატერიალურ დოვლათს მიიღებენ ერთმანეთისგან. თუმცა, მალევე იგებენ, ეს რომ ასე არ არის და მათი თაფლობის თვე შემდეგ  სიმწრის წელიწადებად და საუკუნეებად გადაიქცევა. ქორწინება კი ეს არის სიმტკიცე, მზაობა იმისა, რომ ერთად იქნებიან: სიყვარულში, რწმენაში, განსაცდელში და ეს არის თავგანწირვა ერთმანეთისთვის. შვილები ხედავენ, რომ მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთს არ ემორჩილებიან, დედა და მამა უდიერად მოიხსენიებენ უხუცესებს და ისინიც იგივეს გაიმეორებენ. ამ ყველაფერს სჭირდება ქორწინების საიდუმლოს კარგი გააზრება, რომელიც ასევე მოიცავს ხორციელ და სულიერ ურთიერთობებს. მათ შეჰფიცეს, რომ ერთმანეთს არ უღალატებდნენ – მამაკაცს ისე ეყვარება ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი იქნება მეუღლის ერთგული.

скачать dle 11.3