რატომ ჩაითვალა საქართველოში უწმაწური სიტყვებით ლაპარაკი თავისუფლების გამოხატულებად
მას შემდეგ, რაც პირდაპირ ეთერში გარემოს დამცველმა აქტიურად მოგვაყარა უწმაწური სიტყვები, აღმოჩნდა, რომ თეზას: „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა“, არც თუ ბევრი მიმდევარი ჰყოლია. ანუ მეტყველებისა და აზროვნების ეკოლოგიაზე მეტად ბუნდოვანი წარმოდგენაა და იმაზეც, რომ ის თვით ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიაზეც მნიშვნელოვანია, რადგან ამ მეორეს სწორედ პირველი განაპირობებს. მეტიც, ნაწილს მეტყველების ეკოლოგია ლამაზი სიტყვებით ლაპარაკიც ჰგონებია. ერთი სიტყვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა თქვას ყველაფერი, რაც პირზე მოადგება. შესაბამისად, გაჩნდა კითხვები: რატომ და ვინ დაადგინა, რომ შეუზღუდავი და უცენზურო ლექსიკა თავისუფლების გამოხატულებაა? – ამ კითხვაზე ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– რატომ დაყო კაცობრიობამ სიტყვები უხამს და სალიტერატუროდ და სოციუმში ცხოვრება რატომ გულისხმობს, რომ მეორე ადამიანს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ამ ფონზე კი, რატომ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ, რაც მეტ უხამსობას ვიტყვით საჯაროდ, უფრო თანამედროვის, განვითარებულისა და სრულყოფილის შთაბეჭდილებას დავტოვებთ?
– ძალიან ხშირად ჟურნალისტები უფრო რთულ კითხვებს სვამთ, ვიდრე ჟურნალისტურ ინტერვიუს შეეფერება. ამავე დროს არსებობს ფილოსოფიური ინტერვიუც, როდესაც სამყაროს წინაშე კითხვებს სვამს ფილოსოფოსი და შემდეგ ისეთ პასუხებს სცემს, რომლებზეც ათწლეულობით უფიქრია. კანტმა იკითხა, მაკვირვებს მორალური კანონში ჩემშიო და კანტამდეც და მის შემდეგაც ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას ბევრი ინტელექტუალური ძალისხმევა ხმარდება. დაახლოებით, ანალოგიურია თქვენი კითხვაც.
– ოღონდ კანტამდე ბევრი მიკლია ჯერ.
– ვერ ვითავხედებ საიმისოდ, რომ თქვენს კითხვას გავცემ ექსპერტულ პასუხს, მაგრამ, რადგან ამ აზრს ვიზიარებ, შემოგიერთდებით, ოღონდ ჭეშმარიტებაზე თავის დადება არ შემიძლია. თქვენი კითხვა მართლაც ძალიან რთული კითხვაა და, ჩემი აზრით, ენობრივი ეკოლოგიის პრობლემა ისაა, თუ სად იწყება იმის სურვილი, რომ ამ ეკოლოგიას გადააბიჯოს ადამიანმა. არსებობს ასეთი ფენომენი: ადამიანთა გარკვეულ ტიპს უჩნდება სურვილი, გადააბიჯოს ყველაფერ იმას, რაც კაცობრიობას მანამდე დაუგროვებია. ასეთი ადამიანები თავს რევოლუციონერებად განიცდიან, თუმცა მათ შორის, ამ სიტყვის სრულფასოვანი გაგებით, რევოლუციონერი ძალიან ცოტაა, მაგრამ ის, რომ გადააბიჯეს, მათში უკვე კმაყოფილებას იწვევს. ერთ მაგალითს მოვიტან: სერიული მკვლელების ქცევის გაანალიზებისას იკვეთება მოტივი, რომ მათ გააკეთეს ის, რაც სხვას არ შეუძლია. ანუ მოკლეს ადამიანი და სიამოვნება მიიღეს იმისგან, რომ გააკეთეს ის, რაც სხვას არ შეუძლია. ეს მას რაღაცაზე უფრო მაღლა აყენებს. რაღაცაზე მაღლა დაყენების სურვილით ადამიანები ბევრ რამეს კლავენ. რაღაცაზე მაღლა დაყენების მოტივი ამოძრავებდა სააკაშვილს, როდესაც მან განიზრახა ქართული ძეგლების რომელიღაც რეგიონებში მოკვლა. მოკვლაა, რაც მან ძველ თბილისს გაუკეთა და ასე შემდეგ. ამით მან თავისი თავი დააყენა მაღლა. განზრახ შევეხე პოლიტიკას, თუმცა თემა არ ითხოვდა ასე პირდაპირ. ანალოგიურად ძალიან ხშირად ზნეობაზე გადაბიჯება თვითგანმტკიცების ერთ-ერთი მექანიზმი ხდება და ძალიან ხშირია ასეთი მაგალითები დასავლეთის ცივილიზაციაშიც. ნუ გაგვიკვირდება, რომ ზნეობაზე გადაბიჯება ხშირად ამ ადამიანების თვითდამკვიდრების გზაა, რომლებიც, თუ გააკეთებენ იმას, რაც მიუღებელია საზოგადოებისთვის, ესე იგი, ისინი უფრო მაგრები არიან. ამიტომ მოითხოვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ისინი, ვისაც ეს პრობლემა არ აწუხებს, რადგან, თუ ამას მიაღწიეს, ესე იგი, მათ გაიმარჯვეს, რადგან გადააბიჯეს არსებულ სტანდარტს. ასე რომ, სიტყვიერი ეკოლოგიის დარღვევის დროსაც ამ ეკოლოგიის სტანდარტებზე გამარჯვების სურვილი ამოძრავებთ ხოლმე ადამიანებს.
– მათ გასაგებია. ვინც კვერს უკრავს, მათ რა ამოძრავებთ?
– თუ იტყვის, რომ ეს კარგია, ესე იგი, კულტურასთან ბრძოლაში მათი თანამებრძოლი ხდება.
– რამ შეაძულათ ასე ეს კულტურა? რამე დაუშავა მათ?
– ნუ ვიტყვით, რომ რამემ შეაძულათ, პიროვნულად სხვა გზა არ აქვთ.
– იმდენად არარეალიზებულები და დაკომპლექსებულები არიან?
– პირადად მე, როდესაც ვუყურებ ასეთ ბრძოლებში ჩაბმულ ადამიანებს, ძალიან ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უფრო ბევრი მოთხოვნილება აქვთ დაუკმაყოფილებელი, ვიდრე ის, რომ არიან რეალიზებულები. მათ უამრავი პრობლემა აქვთ საკუთარ თავთან და ამ საკუთარ თავთან პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა, საკუთარი თავის უფრო მაღლა აწევის ერთ-ერთი გზა შეიძლება, იყოს სხვა ადამიანების, ან სხვა ღირებულებების დაბლა დაწევა. და აღარ ფიქრობენ, რა მოჰყვება ამ ღირებულებების დანგრევას, იმიტომ რომ, ასეთი ქცევით ისინი თავიანთ თავში ხედავენ გმირს. მათ სჭირდებათ საკუთარი თავის უკეთესად დანახვა. თუ ვერ დაინახეს, სხვადასხვა გზით ანგრევენ და ამით არიან მაგრები. ეს ნერონის ფენომენია.
– და არტემიდეს ტაძრის დამწველის, ისტორიას შემოვრჩეო.
– ლეგენდა ადამიანის ფსიქიკის თავისებურებაზე მიუთითებს. პატარა ბავშვს აქვს ეს თვისება: როდესაც დედამისთან მიდის მეგობარი, ის ცდილობს, მიიპყროს დედის ყურადღება, შუაში უჯდება, სათამაშოები მიაქვს და თუ დედამ მაინც არ მიაქცია ყურადღება, მიდის და ამსხვრევს ჭიქას. იმიტომ რომ, თუ ყურადღება კარგი საქციელით ვერ მიიქცია, ცდილობს, ცუდი საქციელით მაინც მიიქციოს. ამიტომ ძალიან კმაყოფილია, როდესაც აღშფოთებული დედა მას უჯავრდება. ანალოგიური ფენომენი უფროსებსაც გვახასიათებს, ჩვენში ხომ ბავშვობა არასდროს კვდება?! ამდენად, მორალური ნორმების გადაბიჯება იმ ჭიქის გატეხვის ტოლფასია, რითაც საზოგადოების თვალში ცენტრალურ ადგილს დაიჭერს. საზოგადოების შეცდომა კი ისაა, რომ ის ასეთ ადამიანს მართლაც ანიჭებს ცენტრალურ ადგილს.
– ენობრივი სივრცე აყალიბებს აზროვნებას, აზროვნება – ქცევას; აზრები მატერიალიზდება და რაც ჩვენ გარშემო ხდება, ჩვენი დესტრუქციული აზრების შედეგია. რატომ არის ცუდი უხამს, უწმამწურ და ბინძურ ლექსიკურ გარემოში ცხოვრება? იქნებ თქვენს განმარტებას მაინც დაუჯერონ.
– თქვენ ეკოლოგიით დაიწყეთ მსჯელობა. რატომ არის ცუდი ჭუჭყში ცხოვრება?! რატომ არის ცუდი ნაგავში ჯდომა?! და ასე შემდეგ. თითოეული სიტყვა ჩვენში იწვევს ამ სიტყვის შესაბამის რეაქციებს, მიკროს თუ მაკროს და როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აგინებს, ჩვენ რომ არც გვეხებოდეს და ამ გინების მოწმე ვიყოთ, თანამონაწილე ვხდებით გინების. ამიტომ, თუ ადამიანში არ ზის გინების მთქმელი, ის შეურაუცხყოფილია გინებით, თუ გინების მთქმელი მასში ზის, მისთვის ეს გინება არაფერს ნიშნავს. და იწყება ასეთი პრობლემა: რა სამყაროში ვცხოვრობთ? სამყაროში, რომელშიც შენთვის მიუღებელი ურთიერთობებია თუ მისაღები?! თუ აღმოჩნდება, რომ ვცხოვრობ სამყაროში, რომელშიც ურთიერთობები ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ან ამ სამყაროს უნდა განვეშორო, ან ჩემი მე უნდა დავანგრიო და გავხადო სხვანაირი, რაც ძალიან რთული ამოცანაა.
– და არც ღირს, დაემსგავსო უმსგავს სამყაროს.
– ადამიანს, რომელსაც აქვს ზნეობა, ურჩევნია, ებრძოლოს გარეთ არსებულ უზნეობას, ვიდრე თვითონ გახდეს უზნეო. როდესაც უზნეო გარემოში ვცხოვრობთ, ამას ან უნდა შევეგუოთ და ჩვენც გავხდეთ უზნეოები – შევებრძოლოთ, ან განვერიდოთ. არის ტენდენცია, რომ უცხოეთში წასული ქართველების დიდი ნაწილის მოტივად განვიხილოთ ეკონომიკური პრობლემები და მათ შრომით მიგრანტებს ვუწოდებთ. მაგრამ, როდესაც ამ ეკონომიკურ მიგრანტებს შევხვდებით, ვნახავთ, რომ გარდა ეკონომიკური საკითხებისა, მათ ფსიქოლოგიური ეკოლოგიის საკითხიც აწუხებთ. მათთვის კომფორტულია იმ გარემოში ცხოვრება, სადაც ქუჩაში რომ მხარს გაჰკრავ ვინმეს, აქეთ მოგიხდის ბოდიშს. ანუ დასავლეთის ფსიქოლოგიური ეკოლოგია მისთვის უფრო კომფორტულია. მისთვის კომფორტულია დასავლეთში სამუშაოსადმი დამოკიდებულება; მიცემული პირობის მიმართ დამოკიდებულება, ვიდრე ის, რაც არის საქართველოში. ასე რომ, ისინი მხოლოდ ეკონომიკური კი არა, კულტურული მიგრანტებიც არიან და მათ კულტურულ მიგრანტობას აიძულებს სწორედ ის კულტურული გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
– ანუ უკულტურო გარემო.
– ესეც კულტურული სტანდარტია. აი, ეს გარემო იწვევს არა მარტო იმას, რომ ადამიანები დისკომფორტს განიცდიან, არამედ აცარიელებს საქართველოს და ერთი-ორი ტუტუცური ფრაზისა თუ ქცევის გამო, შეიძლება, მთელი თაობები დავკარგოთ.
– ვკარგავთ კიდეც.
– ოღონდ თავს ვიტყუებთ, რომ ამის საფუძველი ეკონომიკაა, მაგრამ მარტო ეკონომიკა არ არის.
– როგორც მეტყველებ, სწორედ ისეთი ხარ ადამიანი. გადაგვარების ნიშანია?
– გადავგვარდით ნიშნავს, რომ რაღაც ვიყავით და გადავგვარდით.
– ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობაო; ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნით, თუ საძინებლიდან მოიპარავდა, უფრო ისჯებოდა ქურდი, იმიტომ რომ, ღირსებას ეხებოდა და არა მხოლოდ ქურდობას.
– ნუ ვიგულისხმებთ, რომ, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა, ის გრძელდებოდა. დიდი ეჭვი მაქვს, კანონები იმიტომ იქმნება, რომ იმ ტიპის პრობლემა არსებობს. ასე რომ, არც ისე ბედნიერი ერი ვართ, როგორც გვებედნიერება ჩვენი თავი.
– ჩვენთან დემოკრატიულ პროცესად გაიგეს ის, რომ, რაც მოგადგება ენაზე, იმას იტყვი. არადა სულ სხვანაირია დასავლური დემოკრატია და თქვენც ახსენეთ კულტურული მიგრანტების მოტივები.
– თუ დემოკრატიას მოვაბამთ ამ ტიპის კუდებს, ყველამ ის მიიღოს, რაც უნდა; ის თქვას, რაც უნდა; ეს ქაოსია. მმართველობის სამი ფორმაა: ავტოკრატია, დემოკრატია და ქაოსი. როგორც წესი, ქაოსი ყველაზე არაპროდუქტიული და დამანგრეველი მოვლენაა. ავტოკრატია სანატრელი ხდება ქაოსის დროს. ქართველებს გაუნათლებლობისა და ბუნებრივი სიველურის გამო, ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ, თავი მოგვაქვს, როგორც კულტურულ ადამიანებს და ვიქცევით, როგორც ველურები, ვანაგვიანებთ გარემოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ეს ჩვენი სიველურე გასაკვირი თითქოს არ არის, იმიტომ რომ, ბრწყინვალე არისტოკრატია გვყავდა, ოღონდ ქვედა ფენებში რა ხდებოდა, არასდროს ვიცოდით. ფეოდალიზმს ახასიათებს დიდი განსხვავება ფენებს შორის.
– ქართული ხალხური პოეზიის ავტორია დაუბანელი, თმაგაბურძგნული მწყემსი, არადა ის ლექსები ძალიან ნატიფ რამეებზეა.
– ერთი მოვლენაა, როდესაც სოფელი არის სოფელში და მთიული – მთაში. ისინი ჰარმონიულად არიან თავიანთ გარემოში და უაღრესად შესაბამისია მათი ეთიკა იმასთან, როგორც ცხოვრობს და მეორეა, როდესაც ეს ყველაფერი ირევა და თვითონ იმავე სოფლიდან წამოსულს ეკარგება ის ღირებულებითი სტანდარტები, რომლებიც მთაში თუ სოფელში ჰქონდა. აღარ იცის, ვინ არის, რა არის, ამიტომ ეჭიდება ყველაფერზე და იწყება კულტურული აღრევა, რაც მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. დემოკრატიის ფორმირების ყველა ეტაპზე იყო ეს პრობლემა ამერიკაშიც, ინგლისშიც, საფრანგეთშიც... რაც სხვა ქვეყნებში ხდებოდა, მინიმუმ, 100 წლის წინათ, ჩვენთან ახლა ხდება და ის პრობლემები, რაც მაშინ ჰქონდათ მათ, კულტურული ტიპის პრობლემები, დღეს გვაქვს ჩვენ. ამიტომ ჩვენი შედარება დღევანდელ ევროპასთან არაადეკვატურია, ჩვენ ასი წლის წინანდელ ევროპას უნდა შევედაროთ, რადგან მათნაირები ვართ. ევროპამ 100-წლიანი სიმშვიდის პირობებში შეძლო დაღვინება და ჩამოყალიბდა დღევანდელი ევროპული სტანდარტები ადამიანობის, ჰუმანიზმის, ტოლერანტობის… სად იყო ასი წლის წინათ ტოლერანტობა, „კუკლუკსკლანი“ დარბოდა?! გარდამავალი საზოგადოების თვისებაა, რომ ადამიანმა გადააბიჯოს ტრადიციულ ღირებულებებს და ამით მოიპოვოს გამარჯვება. ამის მაგალითია ის, რომ ასი წლის წინათ რევოლუციები იყო მოდაში. რევოლუციონერები ხომ იმით იყვნენ კმაყოფილები, რომ დაანგრიეს ძველი და ააშენეს ახალი?! ჩვენ ფიზიკურად აღარ ვაკეთებთ ამას, მაგრამ იგივე ჭია გვღრღნის, დავანგრიოთ ძველი და ახლის მაშენებლები გავხდეთ, მაშინ, როდესაც უამრავი რამაა ძველის განვითარებაში, რის გადაბიჯებაც ასე უნდათ. ამიტომ ძალიან მკაცრები ნუ ვიქნებით. ჩვენი დაგვიანებული მომწიფება, დაგვიანებული ევოლუციაა ბევრ რამეში დამნაშავე.