ამთვალწუნებლები
რატომ არა ვარ მეფე გიორგი?!
მართალია, ბოლო 25 წელია, არც ომების მოგების გამოცდილება გვაქვს და, მაინცდამაინც, ვერც იმით დავიკვეხნით, რომ შიშის ზარს ვცემთ ავისმოსურნეთ, ამის მიუხედავადაც, თავდაცვის მინისტრის პოსტი კვლავაც რჩება ერთ-ერთ სანუკვართა შორის.
გემახსოვრებათ, ისე მძიმედ გადაიტანა ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრობიდან ეკონომიკისამდე ჩამოლაბორანტება, რომ თანამოაზრეებსაც კი განუდგა (თუმცა გვპირდებოდა, რომ მორიგ ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდა, ოღონდ განგებამ ისე განსაჯა, რომ იმ მომავალ წელს ეს ჩვენი ცხინვალის რეგიონი ამ ჩვენმა ოკუპანტმა რფ-მ უბრალოდ აღიარა და იმას აღარ გავიხსენებ, რომ ჩვენც ისევე გამოვასწარით ამ ჩვენს ტანკებს, როგორც პიპინიამ – თავის ცხენს პორტარტურიდან).
ასეა თუ ისე, როდესაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ქ-ნი ხიდაშელი დაინიშნა (რომელმაც ბ-ნი ალასანია შეცვალა და, უფრო მეტიც, იმხანად, „რესპუბლიკელებმა“ სრულად აითვისეს „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გამოთავისუფლებული ადგილი კოალიციაში), ირაკლი ალასანიამ მისი მისამართით კრიტიკა არ დაიშურა, ხოლო, რადგან არაფერია მუდმივი მზისქვეშეთში და ქ-ნი ხიდაშელი ბ-ნმა იზორიამ შეცვალა, აწ უკვე ქ-ნი ხიდაშელი არ იშურებს კრიტიკას ბ-ნ იზორიას მისამართით.
აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ ალასანიამ აითვალწუნა ხიდაშელი, ხიდაშელმა – იზორია და განა იმიტომ რომ სიყვარული, სკამი ყველას უნდა?!
ოღონდ უფრო დიდი ეჭვი მაქვს, რომ ზემოხსენებულ სამივეს აითვალწუნებდა, მაგალითად, ზაქარია მხარგრძელი (თუ, რასაკვირველია, მხოლოდ ათვალწუნებას აკმარებდა). –