„თავსა ახლად ვერვინ იშობს“
„ვაშა, ამ ახალ საქართველოს“!
ახლად შექმნილი პოლიტიკური ერთობა: „გირჩი“-ვაშაძე-„მემარჯვენეები“-ბურჭულაძე, ისე შედუღაბდა, გეგონება, შემოქმედმა ადამთან ერთად მოზილა ტალახიდანო.
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ეს არ ყოფილა, მათ ფიც-ვერცხლი შემდგომაც უჭამიათ.
კერძოდ: მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ ოთხთა „ნაციონალები“ უწოდა, ამ უკანასკნელებმაც აღარ დაიხიეს უკან და ბ-ნი ვაშაძის ბაგეებით გვამცნეს, რომ (მომყავს ციტატა): „დიახ, ჩვენ მზად ვართ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ახალი „ნაციონალური მოძრაობა”!
ხოლო, რაკი მზად არიან ამ აღიარებისთვის, არც ის დაგვიმალეს, რომ მათ და მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის წინ წაწევა და წინსვლა („ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა, შენებას“).
მეტიც, არც ის რიტორიკული კითხვა (აქამდე სად იყავითო?!) დაუტოვებიათ უპასუხოდ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ბოლომდე ვცდილობდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმირებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.“ თუმცა, ამის მიუხედავადაც, ბ-ნი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის (მართალია, ეს ორი თეზა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ მე ნუ მომთხოვთ მათ შორის ლოგიკური კავშირის პოვნას), ჰოდა, სავარაუდოდ, ქვეყნის გადასარჩენად ახალ „ნაციონალებად“ მოუსურვილებიათ გარდაქმნა (რაღა გარდაქმნა, „კოკასა შიგან რაცა დგასო“?!).
ჩვენ არ ვიცით, იზიარებენ თუ არა ბ-ნი ვაშაძის ფორმულირებას ბურჭულაძე-„მემარჯვენეები“ („გირჩში“, წესითა და რიგით, ერთი წიწვიც კი არ უნდა იყოს არანაციონალური), თუმცა ვიცით, რომ „თავსა ახლად ვერვინ იშობს, ავსა კარგად ვერვინ შესცვლის“. –