გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის
''подайте бывшему члену государственной думы"
რაკი პოლიტიკოსების გულში არ ვსხედვართ, არც ის ვიცით, თუ რა უდევთ იქ (განა ქვა, რა ვნებები უფუთფუთებთ), თუმცა, თუ მათი ქმედებებითა და ამბიციებით ვიმსჯელებთ, თითოეულს თავი დავით აღმაშენებელზე ნაკლები არ ჰგონია (მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ეს მხოლოდ ოდესის გუბენატორს ამოეთქვა), ერთი ისაა, რომ არც „გალობანი სინანულისანის“ დაწერას ჩქარობენ და, მაინცდამაინც, არც დიდგორის მოგებას (ოღონდ ამას შნო უნდა, რაც ჯერჯერობით არც ერთს არ ეტყობა კოჭებში).
ერთი სიტყვით, სულ ახლახან „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გაგვიმხილა, რომ, წესითა და რიგით, ცხოვრების ბოლომდე იმსახურებს ხელფასს, იმდენი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის.
სამწუხაროდ, ბ-ნ ნათელაშვილს არ დაუკონკრეტებია, რამდენნულიანსა და ვისგან: ლარ-ლარ უნდა შეუგროვოს მოსახლეობამ თუ ბიუჯეტს შესაბამისი თავი დაემატოს; მხოლოდ მას ეკუთვნის თუ მისებრ ამაგდარნი კიდევ არიან; ვინ უნდა დაადგინოს ამაგდართა ვინაობა და, რაც მთავარია, რა ოდენობის თანხაზეა ლაპარაკი, ანუ რას აფასებს თავის მიერ ქვეყნისთვის შეწირულ ენერგიას?!
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ „ლეიბორისტები“ წინასაარჩევნოდ პენსიონრებს პენსიის მომატებას ჰპირდებიან, ხოლო 80 წელს გადაცილებულებს, საერთოდაც, თითო წელზე – დამატებით 100-100 ლარს (100 წლის პენსიონრის პენსია 2 000 ლარი იქნებაო), ვითომ, წილში უპირებს ჩაჯდომას?! –