დედამიწის მსგავსი პლანეტა და „დედამიწასთან მოცეკვავე” ასტეროიდი – მეცნიერების მნიშვნელოვანი აღმოჩენები
რამდენიმე დღის წინ სამხრეთის ევროპულ ობსერვატორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აღმოჩენილია დედამიწის მსგავსი პლანეტა, სახელად „პროქსიმა”, რომელიც დედამიწაზე 1,3-ჯერ დიდია და მისგან ოთხი სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს. პლანეტაზე დაკვირვება დაახლოებით სამი წელია, მიდის. არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტაზე შესაძლოა, არსებობდეს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები. გარდა ამ მნიშვნელოვანი სიახლისა, არანაკლებ საინტერესოა ცოტა ხნის წინ „ნასას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მთვარეს ჰყავს თავისი კომპანიონი, ეგრედ წოდებული, „მინი მთვარე”, რომელიც დედამიწასთან „მცირე ცეკვითაა” გართული. „მინი მთვარე” მზეს გარს 365.93 დღეში უვლის, რაც ცოტათი აღემატება დედამიწის მიერ მზის წრეზე შემოვლის დროის მანძილს – 365,24 დღეს. ის უფრო ახლოსაა მზესთან და დედამიწაზე ოდნავ სწრაფად მოძრაობს. ასტეროიდი დედამიწასთან ჯერჯერობით 14 მილიონ კილომეტრზე ახლოს არ მოსულა. არსებობს თუ არა ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების საფრთხე და რამდენად რეალურია ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობა, ამის შესახებ აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაია თოდუა გვესაუბრა.
– სულ ახლახან მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი პლანეტის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?
– ევროპის სამხრეთის ობსერვატორიის ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს პლანეტა, უახლოესი ვარსკვლავის – „კენტავრის პროქსიმას” გარშემო. საინტერესო ისაა, რომ ეს პლანეტა თითქმის დედამიწის ზომისაა, მყარი ზედაპირით და ეგრეთ წოდებულ, დაახლოებად ზონაში, ანუ ვარსკვლავიდან ისეთ მანძილზეა, სადაც შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იყოს. ამ პლანეტას ეწოდა „პროქსიმა ბი”. ამავე დროს თავად პროქსიმა სამმაგი ვარსკვლავთსისტემის ერთ-ერთი წევრია. კენტავრის პროქსიმამდე მანძილი 4,25 სინათლის წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სინათლეს სჭირდება 4 წელზე მეტი, რომ ამ ვარსკვლავიდან ჩვენამდე მოაღწიოს. ვარსკვლავი, რომლის გარშემოც ახლად აღმოჩენილი პლანეტა ბრუნავს, ბევრად პატარაა მზეზე და ბევრად ცივი. თუმცა, ზემოთ ხსენებული პლანეტა ბევრად ახლოსაა მასთან, ვიდრე დედამიწა მზესთან და ტემპერატურა მის ზედაპირზე დაახლოებით ისეთია, როგორც დედამიწაზე. ახლად აღმოჩენილი პლანეტა ვარსკვლავის გარშემო ერთ ბრუნვას მხოლოდ 11 დღეს ანდომებს, მაშინ როდესაც, დედამიწას მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისთვის 365 დღე სჭირდება. მეცნიერების ვარაუდით, მომავალში პლანეტამდე მიღწევა შესაძლებელი იქნება.
– რამდენად რეალურია პლანეტა „პროქსიმა ბიზე” სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების არსებობა და ზოგადად, სიცოცხლისთვის საჭირო რა პირობები უნდა არსებობდეს პლანეტაზე?
– ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევა წყლის არსებობა თხევად მდგომარეობაში. პლანეტას უნდა ჰქონდეს ტემპერატურა, რომელიც ახლოს უნდა იყოს დედამიწის ტემპერატურასთან. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ პლანეტას, მეცნიერების განმარტებით, პლანეტის ტემპერატურა ისეთია, რომ ადვილი შესაძლებელია, მასზე წყალი თხევად მდგომარეობაში, კლიმატი კი, შესაძლოა, სიცოცხლისთვის შესაბამისი იყოს. მეცნიერების მხრიდან არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწისგან განსხვავებით, „პროქსიმა ბიზე” შესაძლოა, წელიწადის დროები არ იცვლებოდეს. ამ პერიოდში რვა ათასზე მეტი ასტეროიდია აღმოჩენილი. სინამდვილეში ეს ასტეროიდები ყოველთვის იყო, უბრალოდ, ადრე მათზე დაკვირვება არ წარმოებდა. ისინი მუდმივად მუშაობენ იმაზე, რომ აღმოაჩინონ ისეთი ციური სხეულები, რომლის დედამიწასთან დაჯახების საფრთხეც არსებობს. მიმდინარე წლის აპრილში, ჰავაის კუნძულზე არსებული ობსერვატორიის ტელესკოპის საშუალებით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი – 2016 HO3, რომელსაც „მინი მთვარე” უწოდეს. სხვა, ათასობით ასტეროიდისგან განსხვავებით, ის იმით გამოირჩევა, რომ დედამიწას დიდი მანძილით არ შორდება და თითქმის მასთან ერთად ბრუნავს მზის გარშემო. ეს მის მოძრაობაზე დაკვირვებებმა და გამოთვლებმა აჩვენა. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწას კიდევ ერთი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს.
– რა შეგიძლიათ, თქვათ კონკრეტულად ამ ასტეროიდის შესახებ?
– კომპიუტერულმა გათვლებმა აჩვენა, რომ ეს ასტეროიდი თითქმის ასი წელია, რაც ასე ვთქვათ, დედამიწას შეუერთდა. დედამიწასთან ერთად ბრუნავს, რასაც მხატვრულად „დედამიწასთან ცეკვა” უწოდეს. ასტრონომებმა მხოლოდ ახლახან შეამჩნიეს. მცირე ზომის ასტეროიდები საკმაოდ სუსტია. მისი ზომა ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, შეფასებით, დაახლოებით 40–100 მეტრის სიდიდისაა. შედარებისთვის მთვარის დიამეტრი დაახლოებოთ 3,5 ათასი კილომეტრია. ეს ასტეროიდი გაცილებით შორსაა, ვიდრე მთვარე.
– საშიშია ეს ასტეროიდი დედამიწისთვის?
– საშიში არ არის. ანუ, დედამიწას არ დაეჯახება. ის დროებითი თანამგზავრია, იბრუნებს რამდენიმე საუკუნე და ისევ დაშორდება დედამიწას. ასეთი შემთხვევა პირველი არ არის. დაახლოებით ათი წლის წინ, ასევე აღმოაჩინეს მსგავსი დროებითი თანამგზავრი, რომელიც უკვე დაშორდა დედამიწას. როგორც ჩანს, ასეთი მოვლენები ხდება ხოლმე. დედამიწას შეუერთდება რომელიმე ასტეროიდი და მერე დაშორდება. ბოლო წლებში ახალი ასტეროიდების აღმოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ახლა გაჩნდნენ და ადრე არ ყოფილან. ისინი ყოველთვის იყვნენ, უბრალოდ, ადრე სისტემური დაკვირვებები არ ჩატარებულა.
– როგორ ადგენენ, არსებობს თუ არა კონკრეტული ასტეროიდის დედამიწასთან დაჯახების საფრთხე?
– ასტეროიდის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები, კომპიუტერული პროგრამების საშუალებით, ითვლიან მათ ორბიტებს და ამის შედეგად აფასებენ დედამიწასთან დაჯახების ალბათობას. ამ გამოთვლებით, ზუსტად არის შესაძლებელი, ასტეროიდების მოძრაობის გათვლა. თუმცა, დროთა განმავლობაში ასტეროიდების ორბიტებიც იცვლება და შესაძლებელია, ისეც კი შეიცვალოს, რომ დედამიწა გადაკვეთოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ასტეროიდს, სწორედ გათვლების შედეგად დაადგინეს, რომ დაახლოებით, ერთი საუკუნის წინ გაჩნდა და რამდენიმე საუკუნე კიდევ იქნება. როგორც უკვე აღვნიშნე, იმ რვა ათასამდე აღმოჩენილი ასტეროიდის დედამიწასთან დაჯახების საფრთხე, ყოველთვის მინიმალური იყო. ჩვენთან, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაშიც აკვირდებიან ასეთ ასტეროიდებს. ჩვენი ობსერვატორია ჩართულია დედამიწის მახლობელი და პოტენციურად საშიში, მცირე სხეულების დაკვირვებაში.
– ამ კონკრეტული ასტეროიდის გარდა თუ არსებობს კიდევ რაიმე ახალი აღმოჩენა?
– დაახლოებით ორი წლის წინ, აბასთუმნის ობსერვატორიაში, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით, აღმოაჩინეს ორმაგი ასტეროიდი, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა. ეს არის ორი ასტეროიდი ერთად, რომლებიც ბრუნავენ როგორც ერთმანეთის, ასევე მზის გარშემოც. დედამიწისთვის არც ეს წარმოადგენს საფრთხეს.
– რა მოხდება მაშინ, თუ დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების საფრთხე მაღალია?
– რთული კითხვაა, რომელზეც პასუხი ჯერ– ჯერობით არ არსებობს. ალბათ, კაცობრიობა გამოიმუშავებს ისეთ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ასტეროიდების აცილებას. ერთ-ერთი მეთოდი იქნება ის, რომ მოხდეს დაჯახება სხვა ციური სხეულის მეშვეობით, ან თანამგზავრს დააჯახებენ ამ ასტეროიდს. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსოფლიოში ამის რეალური შესაძლებლობა არ არსებობს. არის უცხოური ვებ-საიტები, სადაც იწერება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, ამით მხოლოდ პანიკა ითესება. ყველას გვახსოვს, თუ როგორი შიშით ველოდებოდით 2012 წელს. მაგრამ, საბედნიეროდ, გადავრჩით. ჩვენი ობსერვატორიის დაკვირვებით, ზუსტად ვიცოდით, რომ არაფერი დაეცემოდა დედამიწას. იმ ასტეროიდის შესახებ, რომელიც უნდა დაგვცემოდა, საკმაოდ ღია მონაცემები არსებობს და გამოთვლების შედეგად დავადგინეთ, რომ ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა დედამიწისთვის. ასეთი შიშის ტალღა ხშირია. მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა დადიოდა ხმები, რომ ასტეროიდი უნდა დაგვცემოდა. მე იმდენად დავიჯერე, რომ სერიოზულად ვფიქრობდი, ღირდა თუ არა გამოცდებისთვის მზადება.