როდის იწყება ტვინში წარსულის ფაქტების გაცოცხლება და შესაძლებელია თუ არა წინა ცხოვრებაში განცდილის აწმყოდ ნახვა
დეჟავუს ადამიანები ქვეცნობიერს, რეინკარნაციას, სხვა სამყაროდან შემორჩენილ ფრაგმენტებს, სიზმრებს და ვინ იცის, კიდევ რას აღარ უკავშირებენ. მუდმივად მიდის მსჯელობა ამ ფენომენის შესახებ, მეცნიერები ამას ტვინის სხვადასხვა სფეროების არათანმიმდევრულ მუშაობას უკავშირებენ. ანუ, როდესაც ერთი ნახევარსფერო აღიქვამს საგანს, მეორე ნახევარსფერო შედარებით გვიან ამუშავებს აღქმით მიღებულ სურათს და როდესაც აღქმა-დამუშავების ეტაპი მთავრდება, გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს უკვე იყო. მარტივად, ეს ყველაფერი დაახლოებით ასე იქნება. ეზოთერიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ეს ადამიანის სულის რეინკარნაციის შედეგია. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ გამოცდილ და პროფესიონალ პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკს, ბატონ რამაზს, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.
რამაზი: ადამიანს გააჩნია უამრავი იმპულსი, თუმცა სამყაროს შესაცნობად და გასაგებად, უმთავრესია – მხედველობითი და აღქმითი. როდესაც თვალი გვიშტერდება, ხდება აღქმითი იმპულსის გამოთიშვა. საგანს ძალიან კარგად ვხედავთ, მაგრამ მას ვერ აღვიქვამთ და რეალურად, შეიძლება, ვერც კი ვთქვათ, რა საგანზე გაგვიშტერდა თვალი. ან, ბინდში ჩვენ კონკრეტულ საგანს ვერ ვხედავთ, მაგრამ გონების დაძაბვის შედეგად, შეგვიძლია აღვიქვათ. აქ აშკარაა, რომ მხედველობითი იმპულსი წინ უსწრებს აღქმითს. ზემოთ აღნიშნული ორივე იმპულსი აბსოლუტურად პარალელურად მოქმედებს. ჩვენ საგანს ვხედავთ თუ არა, მაშინვე აღვიქვამთ, ანუ ვაწვდით მის შესახებ ინფორმაციას მთელ ტვინს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საგნის შესახებ არაფერი ვიცით. ნებისმიერ საგანს, პირველად დანახულსაც კი, აქვს თავისი ნიშან-თვისებები. სწორედ ასეთი თვისებების შესახებ მიეწოდება ტვინს ინფორმაცია. ნორმალურ პირობებში, მხედველობითი იმპულსი, რაღაც წამის მემილიარდედში უსწრებს წინ აღქმითს. დეჟავუს შემთხვევაში კი, ხდება გზიდან აცდენა. აღქმითი იმპულსი წინ უსწრებს მხედველობითს, სხვადასხვა მიზეზიის გამო – გონებაგაფანტულობით, ან პირიქით ზედმეტი მობილიზაციით ან ფიქრების აყოლით.
– გამოდის, რომ ადამიანი ჯერ აღიქვამს რაიმე საგანს ან მოვლენას და შემდეგ, რეალურად ხედავს და გრძნობს?
– ზუსტად ასეა, ჯერ აღვიქვამთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვხედავთ. ტვინში ორივე ინფორმაცია მიდის, მაგრამ აღქმა უსწრებს დანახვას. შესაბამისად, იმ მომენტში, როცა საგანს ვამჩნევთ, რეალურად, ის უფრო ადრე შევამჩნიეთ, მაგრამ ტვინს მხოლოდ ახლა მიეწოდა ინფორმაცია. ჩვენ ის უკვე აღქმული გვაქვს და ჩნდება ილუზია იმისა, რომ ეს სადღაც უკვე გვინახავს. არადა, დავინახეთ ზუსტად ამ წამს, უბრალოდ, ჯერ აღვიქვით და შემდეგ დავინახეთ. შესაბამისად აღქმის ინფორმაცია მეორედ მიეწოდა ტვინს და იქ დახვდა მანამდე მიწოდებული. ასე იქმნება გამეორების ილუზია. თუმცა, დეჟავუ იყოფა ტიპებად. ეს ტიპებია: დეჟავეკუ, ანუ ნიშნავს უკვე გიცხოვრია, დეჟასენტი – უკვე შეგრძნებულს, დეჟავიზიტე – უკვე იქ ნამყოფს.
– ეს პარანორმალური უნარია?
– დეჟავუ გარკვეული პარანორმალური უნარია, რომლის დროსაც ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ გარკვეული სიტუაცია უკვე იყო და ახლა მეორდება. ან, დარწმუნებულია, ეს ფაქტი არასოდეს მომხდარა, მაგრამ შეგრძნება, წარსულში კონკრეტული მომენტის ხილვისა, მაინც არ ტოვებს. როგორც წესი, ადამიანი ასეთ მომენტში გაურკვევლობაში ვარდება, აანალიზებს, რომ ეს არის არარეალური. თუმცა, დაჯერება მაინც უჭირს, რადგან დეტალური სიზუსტით იცის, რა მოხდება შემდგომ, რამდენიმე წამში. არის შემთხვევები, როდესაც დეჟავუ იმდენად ძლიერ ემოციებს იწვევს, რამდენიმე წელი ადამიანის გონება შოკურ ვითარებაში რჩება. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დეჟავუს ფენომენი, ძალიან გავრცელებულია. ადამიანთა 97 პროცენტს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ეს ამოუხსნელი გრძნობა. სხვათა შორის, დეჟავუს ხშირი განცდა იწვევს ფსიქიკურ გაუწონასწორებლობას. ამ მომენტში ადამიანი წარსულ ცხოვრებაში განცდილსა და ნანახს ხელმეორედ განიცდის და აღიქვამს.
– დეჟავუს გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სიზმრებიც იყოს?
– რასაკვირველია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც რეალურად ხდება ფაქტი, რაზეც მას უფიქრია, გონებამ კი ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ, კადრებად ააწყო. ფსიქიკა ამ დროს ვერ იღდგენს წარსულს და ვარდება გაურკვევლობასა და ემოციაში, რაც დეჟავუს თანმომყოლია. აღსანიშნავია, რომ არსებობს საპირისპირო ემოციაც, რომელსაც ჟამევუ უწოდეს. ჟამევუს დროს ადამიანს ეუფლება უცნაური განცდა. მაგალითად, მისთვის ჩვეულ, ნაცნობ ადგილას ის თავს უცხოდ გრძნობს ან პირიქით, საერთოდ არ ყოფილა იქ და ჰგონია, უკვე ნამყოფია, ანალოგიური სიტუაცია უკვე განცდილი აქვს და საგონებელში ვარდება.
– ამას რეინკარნაციასთან რაიმე კავშირი აქვს?
– რასაკვირველია და ერთ ისტორიას მოგიყვებით: მოკლედ, ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი მამაკაცი, ეგვიპტეში პირველად ჩავიდა. პირამიდებთან რომ მივიდნენ, ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ იქ უკვე ნამყოფი იყო. სრული სიზუსტით აღწერა შიგნით მდებარე სარკოფაგების ადგილმდებარეობა. როგორც გამოთვლით დადგინდა, ის წინა ცხოვრებაში სწორედ ეგვიპტეში ცხოვრობდა. სულის რეინკარნაციის შედეგად კი, წლების შემდეგ, კვლავ მოხვდა იმ ადგილას, სადაც ადრინდელი მოგონებები ამოტივტივდა. ძირითადად, როცა ადამიანს ახსენდება რაიმე სიტუაცია წინა ცხოვრებიდან, მას ასევე, ახსენდება ისიც, თუ რას განიცდიდა იმ მომენტში.
– რა მოხდება მაშინ, თუ ადამიანი გაიხსენებს მხოლოდ გრძნობას, მაგრამ ვერ შეძლებს სიტუაციის გახსენებას?
– პასუხი მარტივია – თქვენი ტვინი შეეცდება, ეს გრძნობა კონკრეტულ სიტუაციასთან დააკავშიროს და თუ ვერ შეძლებს, გაიხსენოს როდის განიცადეთ ეს გრძნობა, მაშინ შესაძლოა, ტვინმა განცდილი გრძნობა ამჟამინდელ, არსებულ სიტუაციასთან დააკავშიროს და ჩათვალოს, რომ წარსულში ყოფილხართ ანალოგიურ სიტუაციაში. სწორედ ამას ვუწოდებთ დეჟავუს, რომელიც სრულიად ლოგიკური, ბუნებრივი და იმავდროულად, პარანორმალური მოვლენაა. წარსულში განცდილი გრძნობები არასოდეს იშლება სულის მეხსიერებიდან. როცა განცდილი გრძნობა მას გადაეცა როგორც ელექტრონული სიგნალი, ის იქ ინახება იმ მომენტამდე, სანამ კვლავ გამოიღვიძებს. ზოგადად, დეჟავუს ფენომენი ნაკლებადაა შესწავლილი. ფრანგულიდან რომ ვთარგმნოთ, ის უკვე ნანახს ნიშნავს.
– ეზოთერიკაში გვხვდება ტერმინი ცრუ მახსოვრობა. ამას თუ აქვს ფაქტების გამეორებასთან კავშირი?
– ცრუ მახსოვრობას ასაკობრივი პიკი აქვს 16-18 და 35-40 წელი. 16-18 წლის ასაკში, დეჟავუ აიხსნება მოზარდობის ასაკში ემოციების მოზღვავებით – იმით, რომ მოზარდები გადაჭარბებულად აფასებენ მოვლენებს. მათ არ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება. მეორე პიკი მოდის ასევე გარდატეხის ასაკზე. ეს უკვე ეგრეთ წოდებული საშუალო ასაკის კრიზისია. მაგრამ, ამ ასაკში დეჟავუს მომენტები უფრო ნოსტალგიურია. ამ ეფექტს შეიძლება, უწოდო მახსოვრობის მოტყუება. მოგონებები შეიძლება იყოს არა რეალური, არამედ სავარაუდო. წარსული წარმოდგენილი იყოს იდეალურად, როცა ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო.