როგორ უნდა მოაგვაროს ქალმა პირადი პრობლემები და როდის ღირს ქმართან განქორწინება
ხშირად ამბობენ, ქალებს პრობლემები იმიტომ გვაქვს, რომ გადაწყვეტილებებს ემოციების კარნახით ვიღებდითო. არ შეგვიძლია, რაციონალურად, გონებით მივუდგეთ პირად ცხოვრებას. რეალობას გრძნობებზე, იმპულსებზე, ვნებებზე ვაგებთ და იმედგაცრუებულები ვრჩებით, ანუ, თავიდანვე თუ შევეგუებით აზრს, რომ ყველა ქმარი ღალატობს ცოლს, საყვარელი ადამიანის მხრიდან ორგულობა ნაკლებად მტკივნეული იქნება. ცხოვრება კი – გაცილებით მშვიდი და ბედნიერი.
თეიკო (34 წლის): უკვე ვხვდები, რომ სისულელეა, გიყვარდეს მამაკაცი, მით უმეტეს, ქმარი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ქმრის მიმართ გრძნობა არ მაქვს. პირიქით, ვხვდები, რომ სიყვარული მხოლოდ გვიმატებს პრობლემებს პირად ცხოვრებაში.
– ანუ, ისეთი პირადი ცხოვრება უნდა გვქონდეს, რომ მასში სიყვარული არ იყოს?
– დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი. როცა კაცთან ემოციების გარეშე ცხოვრობ, პრობლემები გაცილებით ნაკლები გაქვს. ცოტა ადრე რომ მივსულიყავი ამ აზრამდე, ამდენს არ ვინერვიულებდი და დღეს ნევროზი არ მექნებოდა აკიდებული. არც სკანდალებსა და ჩხუბში დაზიანდებოდა ჩვენი ურთიერთობა.
– ჯობია, უსიყვარულოდ და უემოციოდ იცხოვრო ქმართან?
– აბა, გიჟური ემოციები და სიყვარულია კარგი? მე თუ მკითხავთ, საშინელებაა, ნამდვილი კოშმარი. შეიძლება, არ მეთანხმებით და ვერც ხვდებით, რატომ არის კოშმარი. ეს იმიტომ, რომ შეიძლება, მამაკაცის მხრიდან იმედგაცრუება არ გიგრძნიათ. მე ძალიან მატკინა ჩემმა ქმარმა გული. ფაქტზე არ დამიჭერია და ასი პროცენტით ვერ ვიტყვი, რომ მიღალატა, მით უმეტეს, რომ თვითონაც კატეგორიულად უარყოფს ამას. თუმცა, თუ დამიჯერებთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იწვა ნამდვილად სხვა ქალთან თუ არა.
– ამას ეძახით უემოციოდ ცხოვრებას?
– ჰო. ოღონდ, ამას ახლა ვამბობ, როცა ჩემს თავზე ქარიშხალმა გადაიარა. როცა აუტანელ ტკივილს გავუძელი, ოღონდ არ მკითხოთ, რის ფასად. ოჯახი ხომ დანგრევის პირას მივიყვანე, საკუთარი თავიც გავინადგურე. რისთვის? – ზედმეტი ემოციებისა და სიყვარულისთვის. ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მართლა არ არის საჭირო სიყვარული. ზედმეტი ემოციები ხომ იმ კაცსაც არ სჭირდება, რომლის გამოც ეს ემოციები გაქვს. მაგალითად, როცა ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, მიყვარხარ და ყველაფერი ამის გამოა-მეთქი, მეუბნებოდა, რისთვის მინდა სიყვარული, რომელიც გამტანჯავს. მირჩევნია, ნაკლებად ან საერთოდ არ გიყვარდეო.
– ანუ, როგორც მივხვდი, ეჭვიანობდით და პრობლემებიც აქედან დაიწყო?
– ვერ ვიტყვი, რომ უბრალოდ ეჭვიანობა იყო მხოლოდ ჩვენ შორის დაძაბულობის მიზეზი. მე ვერ შევძელი ქმართან ემოციების გარეშე ცხოვრება, სანამ ლამის ყველაფერი თავზე არ დამემხო. აბსოლუტურად ყველაფერში და ყოველთვის ვრთავდი ემოციას და ვიღლებოდი ამ ემოციებით. როგორც მოგვიანებით მივხვდი, ვღლიდი ჩემს ქმარსაც, რომელმაც ბოლოს მითხრა, თუ ვინმეს გავიჩენ, ისეთი იქნება, ემოციების ნასახსაც რომ ვერ აღმოვაჩენ მასშიო. ვინანე, რომ აქამდე არასწორად ვცხოვრობდი.
– ქმრის სიყვარული არასწორად ცხოვრებას ნიშნავს?
– ასე არ ვიტყოდი – ჭკვიანმა ქალმა თავისი პირადი ცხოვრება ისე უნდა დაალაგოს, რომ ქმარი მასში არ ფიგურირებდეს. ოღონდ, სწორად გამიგეთ. ჯერ პირადი ცხოვრების არსს უნდა ჩაწვდეთ რომ მიხვდეთ, რას ვამბობ. გულის გულში არ უნდა შეაძვრინო ქმარი და იქ დიდი ადგილი არ უნდა მიუჩინო. შენთვის უნდა იყო, „ბოლომდე არ უნდა გაგიკეთოს ოკუპაცია”. მინდა, სწორად გამიგოთ. რატომ უნდა ფიქრობდე, რომ ქმრის იქით ცხოვრება არ არსებობს და თუ წავა, ყველაფერი დასრულდება. ხომ არის ეს სისულელე?!
– თქვენ ასე ფიქრობდით?
– სამწუხაროდ, ასე ვფიქრობდი. შესანიშნავია ემოციების გარეშე ურთიერთობა, მარტო ქმართან კი არა, ყველასთან. რატომ უნდა დაიცალო და განადგურდე, თუნდაც მეგობრებთან?! რასაც მეტს აძლევ ქმარსაც და სხვა ადამიანსაც, მით მეტს ელოდები მათგან და როცა ვერ იღებ, გული გტკივა. რატომ არიან ბედნიერები ქალები, რომლებსაც საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვართ, რომლებმაც იციან, როგორ გამიჯნონ ერთმანეთისგან ემოციები, იმიტომ, რომ დიდი მოლოდინები არა აქვთ. მათ ქარაფშუტებს, უგულოებს ეძახიან, მაგრამ რეალურად ესაა ნორმალური და არა ის, რასაც მე ვაკეთებდი. დამეხარჯა ემოციები საკუთარი თავისთვის. რა შემრჩა – ნერვიულობა, ცრემლები, სკანდალები. ვეღარც გადასარევი ურთიერთობა შევინარჩუნე ქმართან – ის სულაც არ არის კმაყოფილი ჩემი ,,ჭარბი სიყვარულით”.
– თქვენ ქმარს ურჩევნია, არ გიყვარდეთ და ურთიერთობაში ემოციები არ გქონდეთ?
– დარწმუნებული ვარ, რომ ურჩევნია. მამაკაცები ისედაც არ არიან გადაჭარბებული ემოციების მომხრე, მით უმეტეს, ქმრები. ემოციური ცოლი მათთვის იგივეა, რაც გიჟი ცოლი.
– ქალს შეუძლია ემოციების გარეშე ცხოვრება ქმართან, რომელიც უყვარს?
– თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. რაც მთავარია, ასეთი ურთიერთობა ძალიან ამართლებს. შენც მშვიდად ხარ, ისიც მშვიდად არის და ოჯახშიც სიწყნარეა.
– ანუ, ღალატიც უნდა აპატიო?
– დავიწყოთ იმით, რომ ჯერ ზუსტად უნდა იცოდე, იყო თუ არა ღალატი. თუ არ ხარ ამაში დარწმუნებული, სკანდალი არ უნდა ატეხო. ერთ მესიჯზე ისეთი წარმოუდგენელი ემოციების ვულკანი ამოვაფრქვიე, რომ გახსენებაც მრცხვენია. დღემდე არ ვიცი, რა იყო სინამდვილეში. მოვახერხე და იქამდე გავჩუმდი, სანამ ოჯახი თავზე დამემხობოდა. თუმცა ნერვიულობა კი შემრჩა. არც განქორწინებული ქალის ცხოვრებაა კოშმარი. დროა, ეს საშინელი სტერეოტიპიც დავანგრიოთ. ამ სტერეოტიპის გავლენით ხდება ის, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში – ცუდი, რა თქმა უნდა. თუ წავა, ამით არ მოკვდები და ფეხზეც დადგები, ბედნიერიც იქნები. ბედნიერება ხომ მხოლოდ კაცი არ არის. უქმრო ქალებმაც იციან, რა არის ბედნიერება. ანუ, თუ მოინდომებს, ქალი განქორწინების შემდეგაც შეიძლება იყოს ბედნიერი.
– აპირებთ განქორწინებას?
– არა. ვაპირებ, ემოციების გარეშე ცხოვრება ვისწავლო. ეს ისაა, რაც მჭირდება, თანაც ძალიან.