როგორ „შემოირიგეს“ განაწყენებული პარმენა ოინების მოყვარულმა რეზერვისტებმა
ძველი თაობის წარმომადგენლებს კარგად ემახსოვრებათ, თუ რას წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული „ზბორები“, ანუ სამხედრო შეკრებები, სადაც ჯარგამოვლილი რეზერვისტები ერთი თვით ვიკრიბებოდით და წვრთნების მაგივრად, ვლოთობდით, ან ვმაიმუნობდით... ერთხელ ასეთ „ზბორებზე“ ასპინძაში მოვხვდით ერთი თვით. პირველი ორი კვირა ისეთი თავსხმა იყო, გარეთ ვერ გავდიოდით. არც სასმელი გვქონდა, რომ თავი შეგვექცია და იმით ვირთობდით თავს, რომ ცხინვალელ პარმენას ვეკაიფებოდით – ხან ჩუსტებს ვუჭედებდით, ხან შარვალს ვუსველებდით, ხან ფეხსაცმელებში წებოს ვუსხამდით და ხან ვპასტავდით... ერთი სიტყვით, ის საცოდავი გამწარებული გვყავდა. როცა გამოიდარა და გარეთ გასვლისა და სხვა გართობის საშუალება მოგვეცა, პარმენას შემორიგება ვცადეთ და ვუთხარით:
– შევრიგდეთ, პარმენ, აღარ გაგეკაიფებით...
– შევრიგდეთ, – მოგვიგო პარმენამ და დაამატა, – მაშინ, აღარც მე ჩაგიფსამთ ყოველ დილით ჩაიშიო.
პარმენას სიტყვებზე ყველას გული აგვერია და ვინ სად გავქცეულიყავით, არ ვიცოდით. ცხინვალელს კი, დროზე რომ არ გაესწრო, ალბათ, მოვკლავდით.
მერაბ კობიძის ნაამბობის მიხედვით