ვისთან ერთად აპირებდა ნინი ბრეგვაძე რიოში, ოლიმპიადაზე გამგზავრებას და როდის წავიდა ის დიდ რისკზე
მომღერალი ნინი ბრეგვაძე უკვე ოთხი თვეა, რაც საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, ბავშვობის ოცნება აიხდინა და კარიერის ასაწყობად უცხოეთში გაემგზავრა. წასვლამდე ნინიმ საკუთარი ალბომიც ჩაწერა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეოცნებე გოგონასთვის ამერიკული ცხოვრება რთული არ აღმოჩნდა და იქაურ საგიჟეთსაც მარტივად შეეგუა.
ნინი ბრეგვაძე: ბავშვობიდან მინდოდა ამერიკაში ცხოვრება და იქაურ კარიერაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. რატომღაც, საქართველოში ვერ ვხედავდი ჩემს მომავალს. მანდ მუსიკოსებს იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ რაღაც კარგი ვაკეთოთ. გავრისკე, უფრო მეტიც, ძალიან დიდ რისკზე წავედი, რადგან ამერიკაში არავინ მყავდა, ჩემი მეგობრის გარდა. საცხოვრებელი ადგილიც კი არ მქონდა, არ ვიცოდი, სად უნდა მეცხოვრა. უბრალოდ, ავდექი, ვიყიდე ბილეთი და წამოვედი. წლებია, ამაზე ვოცნებობდი. ზოგადად, შრომა და მუსიკა მიყვარს. საქართველოშიც ვცდილობდი რაღაცის გაკეთებას, ალბომიც გამოვუშვი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ ყოველივეს ბევრი არაფერი მოჰყვებოდა. თან, ბავშვობის ოცნებას უარს ვერ ვეტყოდი – ავდექი და წამოვედი.
– მშობლები როგორ შეხვდნენ შენს მოულოდნელ გადაწყვეტილებას?
– ყოველთვის იცოდნენ, რომ წავიდოდი და ბოლოს, უკვე შეეგუენ. თავიდან ეგონათ, რომ ვხუმრობდი. სადღაც 8 წლის ვიყავი, პირველად რომ ვთქვი, ამერიკაში უნდა ავიწყო კარიერა-მეთქი. ბილეთი რომ ვიყიდე, მიხვდნენ, რომ ეს ხუმრობა აღარ იყო. იციან ჩემი ხასიათი – როცა რამეს დავიჟინებ, ყოველთვის ვაკეთებ. აზრი აღარ ჰქონდა შეწინააღმდეგებას. მგულშემატკივრობენ და ძალიან მენატრებიან.
– როგორ შეეგუე ამერიკულ საგიჟეთს?
– პირველი კვირის მერე, უკვე მეგონა, რომ მთელი ცხოვრება ნიუ-იორკში გავატარე, რადგან ყველაფერი მარტივად ავითვისე. ის დამხვდა, რასაც მოველოდი – თუნდაც სილამაზე და სირთულეები, კარგი და ცუდი მხარე. ვიცოდი, სად მოვდიოდი, ფილმებიდან მქონდა წარმოდგენა. ამიტომ, მარტივად შევეგუე. თითქოს მთელი ცხოვრება აქ ვიყავი.
– დიდ ქვეყანაში სრულიად მარტო ჩახვედი, ნაცნობი არავინ გყავდა, შიშის გრძნობა დაგეუფლა?
– შიში შეიძლება ახლაც მქონდეს, რადგან ახლაც მარტო ვარ. ამხელა ქვეყანაში რაც არ უნდა ოჯახი და მეგობრები გყავდეს, მაინც შეიძლება, უცებ გადმოყირავდეს შენი ცხოვრება და მარტო დარჩე. ძალიან რთულია ეს გზა. ოცნება და შრომა მიყვარს. ეს ორი კი ერთმანეთს ავსებს. ამიტომ არ ვფიქრობ შიშზე, ორიენტირებული ვარ იმაზე, თუ რა შეიძლება, კარგი გავაკეთო. შესაბამისად, შიშის გრძნობას ვივიწყებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის.
– რამდენჯერმე სირთულეები ახსენე, რას გულისხმობ?
– (იცინის) სირთულეების მეტი რა არის. თუნდაც ის, რომ ბინის შოვნა ძალიან რთულია. ვგულისხმობ, ელემენტარულ საცხოვრებელს. მერე ის, რომ ჩამოდიხარ რაღაც თანხით და ეს ფული უცებ იხარჯება. ეს პერიოდი მქონდა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ მარტივად გამოვიარე. რაღაც საკითხებში გამიმართლა. დიდად არ გამჭირვებია, ამიტომ ცოტა იოლად ვლაპარაკობ. ახლა ჩემს ქართველ მეგობართან ერთად ვცხოვრობ.
– როგორ აეწყო შენი კარიერა?
– მეგონა, ბევრად რთული იქნებოდა ეს პროცესი, მაგრამ არა. ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ჩემი ოცნებისგან მაინც შორს ვარ, მაგრამ, რაც მთავარია, მუსიკასთან ვარ ახლოს. ვთანამშრომლობ ოთხ ბენდთან და სააგენტოსთან, სხვადასხვა ღონისძიებასა და კორპორატიულ საღამოებზე ვმღერით, ვუკრავთ და დროს ვატარებთ (იცინის). ვერ მოვიცალე საკუთარი მუსიკისთვის, თუმცა ამასაც მივხედავ აუცილებლად.
– რა შეიცვალა შენს ცხორებაში იმის მერე, რაც ამერიკაში წახვედი?
– ყველაფერი შეიცვალა, საკუთარი თავის გარდა – გარემოება, ახალი მეგობრები. ჩემი ცხოვრება – რაც იყო ის აღარ არის. სულ სხვა ცხოვრება მაქვს ახლა.
– შეყვარებული არ გყავს?
– არა, შეყვარებული არ ვარ და მე მგონი, არასოდეს ვიქნები (იცინის). სიყვარულზე ყოველთვის უარს ვამბობ. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არც ვყოფილვარ შეყვარებული და თავსაც კარგად ვგრძნობ. თინეიჯერობის პერიოდშიც კი არ მქონია ის მომენტი, რომ შეყვარებულის გამო სახლიდან გავპარულიყავი ან რაიმე მსგავსი. არ ვარ რომანტიკული.
– რატომ? წარსულიდან გამომდინარე ხომ არ ამბობ ამას?
– არა, უბრალოდ, მე რთული ადამიანი ვარ. ყოველთვის შემიძლია, რაღაც წუნი ვუპოვო ადამიანს. აქ ვგულისხმობ ხასიათს. ვიზუალს, ჩაცმულობას და მსგავს რამეებს ყურადღებას არ ვაქცევ. ცოტა მარაზმად მიმაჩნია ამგვარი რამ. ხასიათი ყველაზე მთავარია ურთიერთობაში. როცა ადამიანის სიყვარულს გადაწყვეტ, გემოვნებაში თანხვედრა უნდა იყოს. ასეთი ადამიანი კი ვერ ვიპოვე. ამიტომ, მარტო მიწევს ამ ცხოვრების გზის გავლა (იცინის).
– ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება და ბევრი სიურპრიზიც გემახსოვრება მათგან...
– საქართველოში კი, ბევრნი არიან. აქ, ჯერჯერობით არავინ მიცნობს. სიურპრიზი ისეთი არაფერი მახსენდება. არ მქონია შემთხვევა, „კარი გამოვაღე და სახლის წინ დიდი დათუნია დამხვდა“. ასეთი რაღაც რომ დავინახო, ძალიან არ მესიამოვნება. ბავშვური რაღაც ფუმფულა საჩუქრები, ყვავილებით გარშემორტყმული ეზო, ცეცხლით დაწერილი „მე შენ მიყვარხარ“ და მსგავსი რაღაცეები, არ შემიძლია (იცინის).
– გიორგი ნაკაშიძესა და შენს ურთიერთობაზე დიდი ხანი ჭორაობდნენ. რეალურად რა ხდებოდა?
– რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, გიორგიზე სულ დამისვამენ კითხვებს (იცინის). ძალიან დიდი ხანია, მასთან არ მისაუბრია. ბოლოს დაბადების დღე მივულოცე. ჩვენ ვიყავით მეგობრები და ამის გარდა, არასდროს არაფერი ყოფილა. როცა ორი ადამიანი ერთად ბევრ დროს ატარებს, მსგავსი რამ ყოველთვის მოსდევს საზოგადოების მხრიდან. მეგობრებმაც შეიძლება გადაიღინ ფოტოები, ჩაეხუტონ ერთმანეთს და ასე შემდეგ (იცინის). ზოგადად, ჭორებს ძალიან მარტივად აღვიქვამ. თავიდან ცოტა მიჭირდა. ამ ჭორზე იმდენად სასაცილო რაღაცეები იდებოდა, ვერ ვბრაზდებოდი. მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც ბევრს ვიცინოდით. თავიდან ცოტა მომერიდა ოჯახთან. იმდენი ადამიანი ურეკავდა მამას და დედას, არ ეწყინოთ-მეთქი. თუმცა, ძალიან კარგად აღიქვეს ყველაფერი და შეეგუენ.
– „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერე რიოს ოლიმპიადის საგზურთან დაკავშირებით. არ გადმოგცეს საჩუქარი?
– არა. „X ფაქტორში“ „თბილისი 2016-მა” მაჩუქა ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიადაზე გასამგზავრებელი ორკაციანი საგზური. თუმცა, რაც მაჩუქა, იმის შემდეგ ერთხელაც არ შემეხმიანა. ჩემს ძმასთან ერთად ვაპირებდი წასვლას. გავბრაზდი და დავწერე სტატუსი, რადგან არაფერში წერია მათი საქციელი. ამიტომ, მინდა, ყველამ გაიგოს, რომ არასამართლიანად მოიქცნენ. ამ პოსტის დაწერის შემდეგაც არავინ გამომეხმაურა.