კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცმა მეზობელი გოგონა გაუპატიურების შემდეგ გაგუდა

თანასოფლელი გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის 45 წლის მამაკაცს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, პატიმარი შეურაცხადი  არ აღმოჩნდა, მაგრამ გონებრივად ჩამორჩენილი ნამდვილად იყო. თუმცა, ამ ფაქტორს მის დასჯაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებით, მოძალადე და მკვლელი ციხეში 15 წელს გაატარებს. 
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, იმ დღეს  ნოდარ მ-ძემ  ახლობლებთან ერთად დალია და სახლში მთვრალი ბრუნდებოდა. თუმცა, გზად იქვე, მეზობლად მცხოვრებ გოგონას, ეკა შ-შვილის  სახლისკენ გადაუხვია.  ნოდარს  21 წლის გოგონა მოსწონდა და დიდხანს ცდილობდა მასთან ურთიერთობა აეწყო, მაგრამ გოგონა სულ გაურბოდა – კაცი მასზე 24 წლით უფროსი გახლდათ. სახლში ეკა მარტო იყო, მშობლები ნათესავის დაკრძალვაზე წავიდნენ.
სტუმრად მისულმა ნოდარმა  ჯერ მამამისი მოიკითხა და დარწმუნდა, რომ მშობლები სახლში ნამდვილად არ იმყოფებოდნენ. ეკა შ-მ, თავიდან რომ მოეცილებინა, ისიც კი უთხრა, ხვალამდე არ დაბრუნდებიანო. მაგრამ, ამის მიუხედავად, ნოდარი  სახლში მაინც შევიდა და გოგონას სასმელი სთხოვა. ეკამ მოიმიზეზა, არ ვიცი, მამაჩემი ღვინოს სად ინახავსო, მოუბოდიშა და დაუპატიჟებელი სტუმარი, ფაქტობრივად, სახლიდან გააგდო. მაგრამ, ცოტა ხანში არყით ხელში  ნოდარ მ-ძე  უკან დაბრუნდა. მან გოგონა  ეზოდან ჯერ სახლში შეიტყუა,  შემდეგ კი საძინებელ ოთახში შეათრია. ტანსაცმელი შემოახია  და მისი გაუპატიურება დააპირა. მსხვერპლი წინააღმდეგობას უწევდა, ხმამაღლა ყვიროდა, მეზობლებს რომ გაეგოთ და დახმარებოდნენ. თუმცა, ყვირილი რომ არავის გაეგო, კაცმა ეკას სახეზე ბალიში დააფარა, ტანთ გახადა და გააუპატიურა... ამის შემდეგ ეკამ გონება დაკარგა, მაგრამ, გონს რომ მოვიდა, ისევ ყვირილი დაიწყო. გააფთრებული კაცი ამჯერად თმებში სწვდა გოგონას, თავში მუშტი დაარტყა და იატაკზე დააგდო. შემდეგ კი, ყელში ისე ძლიერად მოუჭირა, რომ გოგონა გაიგუდა, მან კი იქაურობა დატოვა.
სახლიდან გასვლისას, მოძალადეს შემთხვევით, მეზობელი მამაკაცი შეეფეთა, რომელმაც ჰკითხა, აქ რა გინდაო. კაცმა უპასუხა, ეკას მამის სანახავად ვიყავი, მაგრამ სახლში არავინ დამხვდაო. თუმცა, მეზობელს რატომღაც მისი ქცევა საეჭვოდ მოეჩვენა და მას შემდეგ, რაც ნოდარი  იქაურობას გასცილდა, მეზობლის სახლს მიაშურა. მართლაც არავინ უპასუხა, მაგრამ ინსტინქტმა მეზობელს სახლისკენ უბიძგა. ოთახში შესულს კი შემზარავი სურათი დახვდა. საწოლთან, იატაკზე   შიშველი  გოგონა ეგდო, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ოთახი არეული იყო და ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ეკა გაეუპატიურებინათ...
ძალოვნებმა დამნაშავე იმავე ღამით დააკავეს, რომელმაც ზემოხსენებული ამბები დეტალურად მოყვა. თუმცა, მოგვიანებით, როცა სასამართლოზე წარდგა, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება ნაწილობრივ შეცვალა.
განსასჯელის ჩვენებიდან: „ეკა მიყვარდა. ძალიან მინდოდა ჩემი ცოლი გამხდარიყო, მაგრამ ამის თქმას ხმამაღლა ვერ ვბედავდი. ვიცოდი, არ მომათხოვებდნენ, რადგან მასზე უფროსი ვარ. რამდენჯერმე ქუჩაში დავხვდი, ავუხსენი, რომ მიყვარდა. კარგ ქმრობას ვპირდებოდი, მაგრამ არ მომისმინა. ხელი ჩავიქნიე... იმ დღეს მაგრად დავთვერი, სახლში ვბრუნდებოდი და უცებ ეკა გამახსენდა. გადავწყვიტე, მისთვის თვალი შემევლო. ვიცოდი, მშობლები სახლში არ იყვნენ. დილით დავინახე, სოფლის ავტობუსით წავიდნენ. როცა მათთან სახლში მივედი, ეკას ვუთხარი, რომ მამამისთან მქონდა საქმე. მიპასუხა, სახლში არ არისო. ეზოში მაინც შევედი და ვთხოვე, თუ შეიძლება, ერთი ჭიქა ღვინო დამალევინე, უნდა დაგლოცო-მეთქი. არ ვიცი, სასმელი სად აქვს მამაჩემსო, ვხედავდი, როგორ ცდილობდა ჩემს მოშორებას. წამოვედი, მაგრამ ჯიხურში ერთი ბოთლი არაყი და შოკოლადი ვიყიდე და ისევ უკან დავბრუნდი. ამჯერად არც კი გამომხედა. ამიტომ, პირდაპირ ოთახში შევეჭერი და იქ რამდენიმე ჭიქა არაყი დავლიე. შემდეგ, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება გადავწყვიტე. საწოლ ოთახში გავათრიე, წავაქციე, ძალით გავხადე ტანსაცმელი  და მასთან ერთხელ დავამყარე სქესობრივი კავშირი. ყვიროდა, ამიტომ პირზე ხელი ავაფარე, მაგრამ ხმა მაინც გამოდიოდა და მერე ბალიში დავაფარე. მოდუნდა, ვიფიქრე, დამემორჩილა-მეთქი, მაგრამ მოულოდნელად ფეხზე წამოხტა, ხელი დამარტყა, შემაფურთხა და ყვირილი დაიწყო. შემეშინდა, ყვირილი ხალხს არ გაეგო, ამიტომ ძლიერად დავარტყი. იქვე ჩაიკეცა, თუმცა ყვირილს განაგრძობდა. ამ დროს ყელში ხელი წავუჭირე. ვუთხარი, თუ არ გაჩუმდები, მოგკლავ-მეთქი. 
მე მისი სიკვდილი არ მინდოდა, უბრალოდ, მინდოდა, დამეშინებინა... არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა. შესაძლოა, ძლიერად მოვუჭირე ხელი. ვხედავდი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა, რადგან ხელი რომ გავუშვი, ჩაიკეცა.  წყლისთვის გავედი, ვცდილობდი, მომესულიერებინა და წყალი დავასხი, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. მაჯა გავუსინჯე, ის მკვდარი იყო. ძალიან შემეშინდა. მერწმუნეთ, მე ის სიგიჟემდე მიყვარდა და არ შემეძლო, მომეკლა. მისი სიკვდილი არ მდომებია, ეს შემთხვევით მოხდა. მე მის გაჩუმებას ვცდილობდი...
ამის შემდეგ მათი ეზოს კართან მეზობელი შემომხვდა. როგორც ჩანს, შეშლილი სახე მქონდა. რამდენჯერმე მკითხა, რა გჭირსო. არაფერი-მეთქი და იქაურობას გავეცალე. სახლში დაბრუნებულმა ტანსაცმელი გამოვიცვალე. მინდოდა, პოლიციაში მივსულიყავი და დანაშაული მეღიარებინა, მაგრამ ამ დროს სახლში პოლიცია თვითონ მოვიდა. გაქცევა არ მიცდია. ეს რომ მდომოდა, მოვახერხებდი. ძალიან განვიცდი მომხდარს. დანაშაული მთვრალმა ჩავიდინე და ძალიან მტანჯავს. გოგონა, რომელიც ასე მიყვარდა, ჩემი ხელით მოვკალი”. 
მოკლულის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რაც ზემო სასუნთქი გზების მექანიკურმა გადაკეტვამ გამოიწვია. გვამს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებებიც აღენიშნებოდა. სხეულზე სისხლნაჟღენთები ჰქონდა, რაც ექსპერტის მტკიცებით, მკვრივი საგნით იყო მიყენებული. გოგონას საქალწულე აპკიც დარღვეული ჰქონდა – გაუპატიურებული იყო.
პარალელურად, ექსპერტიზა ჩაუტარდა განსასჯელსაც, თუმცა მას არანაირი დაზიანების კვალი არ აღმოაჩნდა. ექსპერტიზა მიკრონაწილაკების გამოკვლევის მიზნითაც ჩატარდა – განსასჯელის ტანსაცმელზე გოგონას ტანსაცმლის ნაწილაკები აღმოჩნდა.
რადგან ნოდარ მ-ძის  ფსიქიკური მდგომარეობაც ეჭქვეშ დადგა, ამის გამოსაკვლევად განსასჯელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოათავსეს. თუმცა, ის შეურაცხადი არ აღმოჩნდა. ექსპერტის მტკიცებით, მას შეეძლო, თავისი მოქმედება გაეკონტროლებინა. გამოძიების პროცესში, სამართალდამცველებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ  ნოდარ მ-ძე წარსულშიც იყო ეჭვმიტანილი მსგავს ქმედებაში. მან თანასოფლელი, 18 წლის  ვაჟი სოფლის განაპირას გაიტყუა და რომ არა შემთხვევით შეხვედრილი მამაკაცების დახმარება, ახალგაზრდა ბიჭი შესაძლოა, მისი ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო. თუმცა, ეს ამბავი, დელიკატურობიდან გამომდინარე, სოფელში ისე ჩაიფარცხა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ნოდარ მ-ძემ ვაჟის მშობლები დაარწმუნა, რომ ბიჭს ინტიმური ურთიერთობის მცდელობა მოეჩვენა და მასთან მხოლოდ მეგობრობა სურდა. ამის მიუხედავად, ნოდარ მ-ძე მაინც იძულებული გახდა, დროებით სოფელი დაეტოვებინა. თუმცა ის, რომ ბრალდებულს სექსუალური ძალადობისკენ ჰქონდა გადახრა, მისი ახლობლებისთვის კარგად იყო ცნობილი. საგულისხმო აღმოჩნდა ფაქტი, რომ  ის წლების წინ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. სამსახურიდან კი სამსახურებრივი შინაგანაწესის ხშირი დარღვევისა და ყოფაქცევაში არსებული „ხარვეზებისთვის” გაათავისუფლეს.
სასამართლოზე მოწმედ ის მეზობელიც დაიკითხა, რომელმაც სახლიდან გამოსული ნოდარ მ-ძე  დაინახა. მოწმე აცხადებდა, რომ ნოდარის ქცევა მას საეჭვოდ მოეჩვენა და სახლში იმიტომ შევიდა.     
მოწმის ჩვენებიდან: „იქ რომ შევედი, საწოლი თავდაყირა იდგა, ნივთები ოთახში იყო მიმოფანტული. საწოლთან ახლოს ეკა ეგდო. მივვარდი, მაგრამ ცოცხალი არ იყო და შემდეგ მეზობლებს დავუძახე. პარალელურად, ბიჭები პოლიციაში გაიქცნენ. ჩემი ეჭვები ძალოვნებსაც გავუმხილე და დადასტურდა, რომ გოგონა ნოდარმა  მოკლა. განსასჯელი უცნაური კაცი გახლდათ, მგონი, ფსიქიკურად ჯანმრთელი არ უნდა იყოს. მისი ახალგაზრდებს ეშინოდათ. ამბობდნენ, ქუჩაში ხალხს ხვდებაო. დალევა უყვარდა. იმ დღესაც მთვრალი ვნახე...”
მოკლულის მშობლები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ.
განსასჯელს, საბოლოოდ, ბრალად უმწეო მდგომარეობაში მყოფი გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა დაედო. თუმცა, განაჩენის გამოტანისას სასამართლომ მისი მდგომარეობა მაინც გაითვალისწინა. საქმე ისაა, რომ მართალია, ექსპერტიზის დასკვნით პატიმარი დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, მაგრამ ექსპერტი იქვე მიუთითებდა, რომ ის ფსიქიკურად სრულყოფილი არ გახლდათ – „გონებრივად ჩამორჩენილი, ზომიერად გამოხატული დებილობის დონეზე”. მისი ადვოკატი ითხოვდა პატიმარი ფსიქიატრიულში მოეთავსებინათ და არა პატიმრობა მიესაჯათ. თუმცა, სასამართლომ განსასჯელს გაძლიერებული რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

скачать dle 11.3