როგორ ჯიბგირობდა ცნობილი კანონიერი ქურდი აპოლონ ხარბედია, მეტსახელად „გრაფი“
„სუფთა ხელები“
1900 წელს დაბადებული აპოლონ ხარბედია ქურდების იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინც ქურდად ჯერ კიდევ არასრულწლოვანებაში სცნეს და „კანონიერი ქურდის“ ტიტული მიანიჭეს. აპოლონი 17 წლის იყო, როცა მეიდანში, ცნობილი თბილისელი ჯიბგირის, ვანო ქევხიშვილის „მალინაში“ გამართულ „სხოდკაზე“ ქურდად აკურთხეს. ამის დამადასტურებლად ოქროს ბეჭედი და ოქროს ჯვარი უბოძეს, რომლებსაც „გრაფი“ არასდროს განშორებია და სიცოცხლის ბოლომდე ატარა.
ხარბედია, ეგრეთ წოდებული, „ნეპმანელი ქურდი“ იყო და მართალია, „ნეპამდე“ დიდი ხნით ადრე ეზიარა ქურდის ტიტულს, სრულად იზიარებდა „ნეპმანურ“ იდეოლოგიას. ანუ, გრაფი იდეური ქურდი იყო და მიაჩნდა, რომ მხოლოდ ქურდობით უნდა ერჩინა თავი. არ უნდა ჰქონოდა სახლ-კარი და არ ჰყოლოდა ცოლ-შვილი. ხარბედია ამ ქურდულ ცნებებს საფუძვლიანად იცავდა, „სუფთა ხელებით“ მუშაობდა და არამც თუ ცეცხლსასროლ იარაღს, დანასაც კი არ ჰკიდებდა ხელს. ამ ყველაფერთან ერთად, გრაფი უმაღლესი კვალიფიკაციის ჯიბგირი იყო და მისნაირი კლასის სპეციალისტები ჯერ მეფის რუსეთში, შემდეგ კი კომუნისტურ საბჭოეთში თითებზე ჩამოსათვლელი იყო... გრაფის სუფთა ხელებსა და სუფთა სინდისს დიდად აფასებდნენ მისი კოლეგები და ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ხარბედიას ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ის ისევე ჯიბგირობდა კომუნისტების დროს, როგორც მეფის რუსეთის პერიოდში.
არისტოკრატი ჯიბგირი
მეტსახელი „გრაფი“ აპოლონ ხარბედიას მისმა კოლეგებმა არისტოკრატიული გარეგნობისა და მანერების გამო შეარქვეს. მაღალი, სანდომიანი სახის გრძელთითება აპოლონი ძალიან მოხდენილადაც იცვამდა. მისი შემხედვარე, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჯიბის ქურდი იყო... აპოლონი ისე დაოსტატებული გახლდათ ჯიბგირობაში, რომ შეეძლო, მასთან მოლაპარაკე, პირისპირ მდგომი ადამიანის ჯიბეები მთლიანად „გაესუფთავებინა“ და თავის გზაზე წასულიყო... ჯერ კიდევ „ცარიზმის“ დროს, 1917 წლის იანვარში, აპოლონ ხარბედიამ თბილისის ოპერის თეატრის ფოიეში ცნობილი ჟანდარმერიის გენერალი, ალექსეი ლენსკი პირწმინდად გაქურდა. ჯიბიდან ამოუღო უზარმაზარი საფულე, რომელშიც 800 მანეთი იდო. ასევე, დიდი, ბაჯაღლოს ოქროსგან ჩამოსხმული და ბრილიანტებით მოოჭვილი პორტსიგარი და უძვირფასესი ბრეგეტი (ოქროს ჯიბის საათი) მსხვილი ოქროს ჯაჭვით... ლენსკის „გასუფთავებას“ თბილისის პოლიცმეისტერ კარსკის თანამდებობა შეეწირა, თუმცა ქურდი მაინც ვერ აღმოაჩინეს.
უკვე კომუნისტების დროს, 1925 წელს, მოსკოვის მილიციის თავკაცის თანამდებობა შეეწირა სასტუმრო „მეტროპოლში“ მომხდარ ჯიბგირობას, რომელიც გრაფმა ჩაიდინა. აპოლონმა „მეტროპოლის“ ფოიეში საბჭოეთში ჩამოსული ამერიკელი მილიონერი ჯეკ მაილსი გაქურდა – მას საფულე მოჰპარა, რომელშიც 3 ათასი დოლარი ედო; პლატინისგან ჩამოსხმული პორტსიგარიც აართვა და მაჯიდან უძვირფასესი ოქროს საათიც მოხსნა... ამერიკელი მილიონერი კომუნისტურ საბჭოეთში ინვესტიციების ჩასადებად იმყოფებოდა და მთელი „ჩეკა“ ჯიბგირის დასაჭერად ფეხზე დადგა. თუმცა, ამაოდ, ვერც ამჯერად მიაგნეს ქურდს. მიუხედავად ამისა, ნაქურდალი ნივთები მაინც დაუბრუნეს პატრონს. ნივთები გადამყიდველთან აღმოაჩინეს, რომელსაც გრაფმა სულ რაღაც, 2 ათას მანეთად მიჰყიდა. მათი ნამდვილი ღირებულება კი 80 ათას მანეთს აღემატებოდა. გადამყიდველი რომ „ჩეკამ“ დაჰკითხა, ქალმა მხოლოდ იმის თქმა მოახერხა – ნივთები ვიღაც უცხოელმა მომიტანა, რომელიც გატეხილი რუსულით ლაპარაკობდაო. ეს ტრიუკი კი გრაფმა შეგნებულად ჩაატარა და „ჩეკაც“ არისტოკრატიული გარეგნობის უცხოელ ჯიბგირს ეძებდა, ნამდვილი ქურდი კი ამ დროს შავიზღვისპირეთში იმყოფებოდა.
დიდი „სხოდკა“
თავისი კარიერის განმავლობაში გრაფი 6-ჯერ იჯდა ციხეში და იქ სულ 14 წელი გაატარა. ჯიბგირობაზე მცირე „სროკს“ აძლევდნენ და ხარბედია მალევე გამოდიოდა ციხიდან. ომის შემდეგ, 1945-1946 წლებში საბჭოთა კრიმინალურ სამყაროში ძალიან დაიძაბა მდგომარეობა და ეგრეთ წოდებული, „ნეპმანელი ქურდები“ „პოგონიან ქურდებს“, ანუ ომში ნამყოფ თავის კოლეგებს დაუპირისპირდნენ – მათ ქურდად ცნობაზე უარი განაცხადეს. ამ დაპირისპირებას დიდი სისხლისღვრა მოჰყვა და ბევრი ქურდი დაიღუპა როგორც ერთ, ასევე, მეორე მხარეს. მძიმედ დაიჭრა გრაფი, რომელიც „ნეპმანელთა“ მხარეს იყო და ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც ის მოსკოვის „ბუტირკის“ ციხეში იჯდა, ცნობილმა „პოგონიანმა“ ქურდმა ანატოლი ვოლკოვმა მას მკერდში დანა ჩაარტყა. ხარბედია სიკვდილს გადაურჩა, ვოლკოვი კი „ნეპმანელი ქურდის“ ხელყოფისთვის ციხეშივე მოკლეს.
არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა გრაფი 1963 წლის 11 თებერვალს. იმ დღეს მოსკოვიდან 101 კილომეტრით დაშორებული მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში დიდი „სხოდკა“ გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდა თაობის ქურდებმა ქურდული წესების შეცვლის საკითხი დააყენეს. საკითხის გადასაწყვეტად კოლონიაში სალაპარაკოდ „ნეპმანელები“ მიიწვიეს. ახალგაზრდები მოითხოვდნენ, რომ ქურდს ცოლ-შვილის ყოლის და სახლ-კარის ქონის უფლება ჰქონოდა. ამ დავის დროს, კოლონიაში ჩხუბი ატყდა და გრაფი ალესილი არმატურით მარჯვენა მხარში მძიმედ დაჭრა 29 წლის ქურდმა ივანე ზოტოვმა, მეტსახელად „რაპირმა“... მოგვიანებით ზოტოვი მოკლეს ქურდების ბრძანებით. ხარბედია კი 6 თვის შემდეგ გამოკეთდა და მიუხედავად იმისა, რომ 63 წლის იყო და ჯანმრთელობაც შერყეული ჰქონდა, როგორც კი ფეხზე დადგა, კვლავ ჯიბგირობას შეუდგა.
აპოლონ ხარბედია 1979 წელს, 79 წლის ასაკში ქალაქ სოჭში გარდაიცვალა კიბოთი და ის მოსკოვში დაკრძალეს.