როგორ უნდა მოვამზადოთ პირველკლასელი სკოლისთვის და მშობლის რა შეცდომა იწვევს მათში წიგნის სიძულვილს
როდესაც შვილი პირველ კლასში შედის, მშობელს ბევრი კითხვა აწუხებს: რა სირთულეებს შეიძლება გადააწყდნენ ამ დროს; როგორ შეაჩვიონ ბავშვი სწავლის პროცესს, რეჟიმის დაცვას, პასუხისმგებლობების შესრულებას, შეაყვარონ წიგნი და დააინტერესონ სწავლით. ამ თემასთან დაკავშირებით „დავითიანის“ ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოლოგს, ნინო კერესელიძეს ვესაუბრეთ.
ნინო კერესელიძე: სკოლა ბავშვებისთვის ახალი სოციუმია, რომელთან შეჯახებაც გაურკვევლობას იწვევს. მასთან შეგუების პროცესი ბავშვებთან სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ახალ გარემოსთან შეგუება ზოგისთვის იოლად ხდება. ასეთი ბავშვები ხალისიან განწყობაზე არიან და გაკვეთილებზეც აქტიურობენ; ზოგს კი სკოლასთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდება. ასეთი ბავშვები ხელიდან არ უშვებენ თამაშის შანსს, ხშირად ჭირვეულობენ, ტირიან და ეკამათებიან თანაკლასელებს. არის ბავშვების კატეგორია, რომელთანაც კიდევ უფრო რთულადაა საქმე. ისინი ძალიან ძნელად ეგუებიან სკოლას, ითხოვენ გაკვეთილების გაცდენას, უგუნებოდ არიან, უჭირთ თანაკლასელებთან ურთიერთობა. თუმცა, ზოგადად, პირველი 5-6 კვირა სკოლასთან ადაპტაციის პერიოდად ითვლება და ის ყველა ბავშვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სირთულეა.
– ძირითადად რა სახის სირთულეები იქმნება?
– პირველკლასელებისთვის სკოლა არის გასართობი ადგილი, სადაც გართობას უკრძალავენ, რაც მათთვის გაუგებარია. მათ მოსწონთ ურთიერთობები შესვენებებზე, მაგრამ ზარის დარეკვის შემდეგ, გაკვეთილზე ერთ ადგილას ჯდომა აღიზიანებთ. სირთულეების გამომწვევ პირველ ფაქტორად სოციალური როლის ცვლილება მიიჩნევა. როცა ბავშვი მოსწავლე ხდება და ემატება ვალდებულებები, მის წინაშე შესასრულებელი დავალებების სირთულეც იზრდება; ასევე, იცვლება წამყვანი ქცევა. აქამდე ის დროს თამაშში ატარებდა, ახლა კი გართობა სწავლამ უნდა ჩაანაცვლოს, რაც რთულია. უნდა მოვახერხოთ და მისთვის თამაშიც შემეცნების პროცესად ვაქციოთ. მათთვის დიდი სირთულეა მოსწავლის დღის რეჟიმი. კიდევ ერთი სირთულეა მშობლის გარეშე გაჩერება, რაც დედ-მამაზე მიჯაჭვულ ბავშვებს აწუხებთ. ამ ყველაფერმა, შეიძლება, ბავშვი საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს. მოსწავლეს ეწყება უყურადღებობა გაკვეთილებზე; ის მუდამ ცდილობს, თამაშისთვის გამონახოს დრო და ხელი შეუშალოს მასწავლებელს. მას სერიოზული პრობლემები ექმნება სახლშიც – ამბობს, რომ არ უნდა სკოლაში წასვლა და მხოლოდ მშობლის მხრიდან სხვადასხვა დაპირების ხარჯზე მიდის დათმობაზე. სწავლისადმი არანაირი ინტერესი არ აქვს და, შესაბამისად, მისი აკადემიური მოსწრებაც დაბალია. თუ მშობელი ყურადღებას არ ამახვილებს ამ ყველაფერზე და არ ეხმარება ბავშვს ადაპტაციის პროცესის გამარტივებაში, პრობლემები მაღალ კლასებშიც გრძელდება. ასეთ მოსწავლეს „ამრევი ბავშვის“ როლი აქვს და ეს სკოლის დამთავრებამდე მიჰყვება. ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის დადებითად წარმართვის წინაპირობაა ბაღი. თუ ბავშვს იქ სწავლის გამოცდილება აქვს, მისთვის სასკოლო გარემოც არ იქნება უცხო.
– ზედმეტად აქტიური და ცელქი ბავშვების შემთხვევაში, რა გზითაა შესაძლებელი „სკოლის ჩარჩოებში” მათი უმტკივნეულოდ მოქცევა?
– მათთან მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება სწავლის დაწყების პირველ დღეებსა და კვირებში უნდა გამოიჩინოს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მკვეთრი და კატეგორიული შენიშვნა. ყურადღება ბავშვის პოზიტიურ აქტივობაზე უნდა გავამახვილოთ, მის ძლიერ მხარეებს გავუსვათ ხაზი და დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მისი გვჯერა; გამოვიყენოთ ყურადღებისა და მეხსიერების განმავითარებელი სავარჯიშოები და არ გამოვიყენოთ სიტყვები: „არა, არ შეიძლება!“ ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ნდობასა და გაგებას. მნიშვნელოვანია, რომ თხოვნა, ინსტრუქტაჟი თუ მიმართვა წარმოვთქვათ მშვიდად, ერთი და იმავე სიტყვებით და გავიმეოროთ ბევრჯერ. ჰიპერაქტიურ ბავშვს, ჯობია, შევეხოთ ფაქიზად და ისე დავსვათ თავის ადგილზე, ვიდრე ათჯერ ვუთხრათ – „დაჯექი“. საჭიროა მეტი მუშაობა ნატიფ მოტორიკაზე. კარგია პლასტელინით მუშაობა და ყველა სახის აქტივობა სპორტის გარდა, რადგან მათთვის კარგია ფიზიკური ურთიერთობა და არა წესებიანი, შეჯიბრების სახის სპორტის სახეობა. მნიშვნელოვანია, ბავშვი იცნობდეს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციას, სადაც ქცევის განსხვავებული სტილია საჭირო, მაგალითად, ვთხოვოთ მას ბებიასთან დამოუკიდებლად დარეკვა, მეზობელთან დამოუკიდებლად გასვლა და სხვა. სასურველია, ბავშვმა ყოველი დილა დაიწყოს მსუბუქი ვარჯიშით. მას განვითარებული უნდა ჰქონდეს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები: ხელების დაბანა, კბილების გახეხვა და საპირფარეშოთი სარგებლობა. მიეცით მას სხვადასხვა სიტუაციაში ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობა. ბავშვი მშვიდად გააღვიძეთ. სასურველია, გაღვიძებისას მან თქვენი ღიმილი დაინახოს. ესაუბრეთ მშვიდი, კეთილგანწყობილი კილოთი. ასევე, მნიშვნელოვანია დროის სწორად გადანაწილება. ბავშვი დილის პროცედურების შესრულებისას არ ააჩქაროთ და არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ სკოლაში საუზმის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი სკოლიდან უგუნებოდ დაბრუნდა, არ გაუწყრეთ, პირიქით, მას თქვენგან გამხნევება სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ იმ სირთულეების შესახებ, რაც ბავშვს აქვს, მისი თანდასწრებით არ ესაუბროთ მასწავლებელს. მასთან მიმართებით დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო: როცა ბავშვი გესაუბრებათ, მოთმინება გამოიჩინეთ და ყურადღებით მოუსმინეთ. მის მიმართ კონკრეტული წესები და მოთხოვნები უნდა ჩამოაყალიბოთ და მათი შესრულების შემთხვევაში წაახალისოთ (ისევე, როგორც დავალების შესრულების შემდეგ). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უხეშად და უტაქტოდ არ შეეხოთ მის პიროვნებას. დადებითი თუ უარყოფითი საქციელის შემთხვევაში, შესაბამისად შეაფასეთ არა ის, არამედ მისი ქცევა. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად ჩართოთ ის ერთობლივ საქმიანობაში – ოთახის დალაგება იქნება ეს, ყვავილების თუ შინაური ცხოველების მოვლა და სხვა. თავადაც ჩაერთეთ იმ საქმიანობაში, რომელიც ბავშვს მოსწონს და მისი მიღწევები შეადარეთ მხოლოდ მის ადრინდელ მიღწევებს. მაგალითად: „დღეს უკეთ გამოგივიდა, ვიდრე გუშინ”. არ დატუქსოთ შემდეგნაირად: ,,აი, წახვალ სკოლაში და ნახავ, რაც მოგივა!”. არ შეაწყვეტინოთ სიტყვა, როდესაც დღის შთაბეჭდილებებს გიზიარებთ და არ დააკისროთ მოვალეობები, რომელთა შესრულებაც მას ჯერ არ შეუძლია. არ მოითხოვოთ მისგან ერთბაშად ბევრი რამ. ამოირჩიეთ კონკრეტული საქმიანობა, ჩვევა, რომელსაც გინდათ, რომ დაეუფლოს. ნუ გააკრიტიკებთ მის იდეებს ყოველთვის და, საერთოდ, მოერიდეთ სხვისი თანდასწრებით მისთვის შენიშვნების მიცემას. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არ შეადაროთ სხვა ბავშვებს, და-ძმა იქნება ის, მეზობელი თუ თანაკლასელი. რაც შეეხება წიგნის სიყვარულს, ეს არა პირველ კლასში, არამედ მუცლად ყოფნის მეექვსე თვიდან უნდა დავიწყოთ. რაც მთავარია, წიგნი არ უნდა გამოვიყენოთ დასასჯელად. მშობლებს ხშირად უთქვამთ: როდესაც შვილის დასჯა მინდა, ბავშვს ოთხ გვერდს ვაკითხებ დამატებითო. კითხვაზე – რატომ? – გვპასუხობენ, წიგნი რომ შევაყვაროთო. აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორი მიდგომაა. ასე მასში აუცილებლად განვამტკიცებთ წიგნისადმი უარყოფით დამოკიდებულებას.
– გახანგრძლივებული სწავლება როგორ აისახება პირველკლასელზე?
– ამ შემთხვევაში, გააჩნია, აქვს თუ არა ბავშვს სკოლაში, ერთ ადგილზე დიდი ხნით გაჩერების უნარი. ვფიქრობ, რომ გახანგრძლივებული სწავლება პირველკლასელებისთვის რთული დავალებაა. ეს დაწყებით კლასებში ნაკლებად საჭიროა, უმჯობესი იქნებოდა, თუ ამ როლს მშობელი შეასრულებდა. კარგი იქნება, თუ გახანგრძლივებულის ნაცვლად პირველკლასელს სხვადასხვა წრეზე ვატარებთ. გახანგრძლივებული სწავლა პირველ რიგში გონებრივ გადაღლილობას იწვევს და, თუ ბავშვს ისედაც უჭირს სკოლასთან შეგუება, მით უმეტეს, გახანგრძლივებულში ყოფნა გაუჭირდება და, შეიძლება, საერთოდაც აუცრუვდეს გული სწავლაზე. აქ ისეთ გახანგრძლივებულებს ვგულისხმობ, რომლებშიც მთელი დრო სწავლას ეთმობა. ხოლო, თუ სწავლის შემდეგ დასვენებისა და სხვადასხვა წრეზე გართობის საშუალებაც არსებობს, ეს ბავშვისთვის შედარებით წამახალისებელია.