კითხვა-პასუხი
კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო ეთერზეთები ხელების მოსავლელად?
პასუხი: 24 სახეობის ეთერზეთიდან თითოეულ მათგანს აქვს საოცარი სურნელი, ამიტომ, შერჩევისას მხოლოდ ამ ნიშნის მიხედვით ვერ იხელმძღვანელებთ. ეთერზეთი უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რომელი ეფექტის მიღება გსურთ: კვების, დატენიანების, მოდუნების, ტონუსის და ასე შემდეგ. ეთერზეთის რამდენიმე წვეთი უნდა ჩაუმატოთ კოსმეტიკაში, რის შემდეგაც ის სწრაფად აცოცხლებს კანს.
კითხვა: მაინტერესებს, რომელი ფრენჩი ითვლება დღეს კრეატიულად?
პასუხი: კრეატიულად ითვლება კოპლებიანი ფრენჩი ლაკის მოდური შეფერილობით.
კითხვა: რომელი ნიღაბი უფრო სასარგებლოა კანისთვის – კიტრის თუ პომიდვრის?
პასუხი: ორივე ნიღაბს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს და, შესაბამისად, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უფრო მეტიც, კანისთვის უმჯობესია, თუ კიტრისა და პომიდვრის ნიღბებს მონაცვლეობით გაიკეთებთ.
კითხვა: როდესაც ქერტლის საწინააღმდეგო ნიღაბს ვამზადებთ, რომელი ჭინჭარი ჯობია – ახალგაზრდა თუ ბებერი და უხეში ღერები უნდა იყოს?
პასუხი: მთავარია, ჭინჭარი არ იყოს მოკრეფილი დაბინძურებულ ადგილას.
კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ ლიფტინგის ეფექტის მქონე ნიღაბი, რომლის გაკეთებასაც სახლის პირობებში შევძლებ.
პასუხი: 1 ჩაის კოვზ არაჟანში შეურიეთ ილის („კარდამონის”), ვარდისა და ნუშის ზეთების 5-5 წვეთი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიწმინდეთ ტონიკით.
კითხვა: გავიგე, რომ არსებობს წიწაკა „ჩილის” ზეთი. მართალია თუ არა და რაში გამოიყენება?
პასუხი: წიწაკა „ჩილის” ზეთი ნამდვილად არსებობს. მას იყენებენ კუნთების გასახურებლად. ის კრემები კი, რომელთა შემადგენლობაში ეს ზეთები შედის, დაგეხმარებათ ცელულიტის მოშორებაში.
კითხვა: როგორ უნდა წავისვა ფხვიერი, მბრწყინავი „ჩრდილი”?
პასუხი: თავდაპირველად დაიტუშეთ წამწამები და მბრწყინავი „ჩრდილი” მერე წაისვით. ზედა ქუთუთოზე თხელ ფენად. თუ ჩრდილის ნამცეცები დატუშულ წამწამებზე დაიყრება, არ ინერვიულოთ, პირიქით, ეს უკეთესიცაა, რადგან, მაკიაჟი გამოჩნდება უფრო ცოცხალი, და არა ხელოვნური და თეატრალური. მაგრამ, დაიმახსოვრეთ: თუ თვალებზე მბრწყინავ ჩრდილს წაისვამთ, ტუჩის საცხი სადა უნდა იყოს, ან – პირიქით. ანუ, უნდა ბრწყინავდეს, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი – ან თვალები, ან ტუჩები.