მოუკალი ქმარი
მერიენმა სინანულით შეხედა კაცს, რომელიც აღფრთოვანებით შესციცინებდა.
– უნდა წავიდე, ვერც დღეს დავრჩები. დამირეკა, რომ ისევ წააგო. ეს იმას ნიშნავს, რომ სახლში მალე მოვა.
– მადლობა ღმერთს, მალე დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი და სულ ერთად ვიქნებით.
– მარტინ, სწორედ მაგაზე მინდოდა მელაპარაკა, – ამოიოხრა ქალმა, – რეი ასე ადვილად არ შემელევა. ის ხომ თავის საკუთრებად მთვლის. აუცილებლად ძებნას დაგვიწყებს. მეგობრები ყველგან ჰყავს და ვერსად დავემალებით. ხოლო, როცა გვიპოვის, ორივეს მოგვკლავს.
– ქვეყანას დავტოვებთ... ფული ბევრი მაქვს. კომპანიას ნელ-ნელა ვპარავდი და ასი ათას დოლარზე მეტი დამიგროვდა. ამ ფულით რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობას ვიყიდით და პოლიციისაც არ შეგვეშინდება.
– მე ვთქვი, რომ პოლიციის მეშინია? – თავი დახარა მერიენმა, – რეისთვის შეუძლებელი არაფერია. შენ კარგად არ იცნობ მას. აუცილებლად ორივეს მოგვკლავს. რომც აღარ ვუყვარდე, მაინც ასე მოიქცევა. მის ნაცნობებს შორის კრიმინალებიც არიან, პოლიტიკოსებიც, მკვლელებიც... არა, ასე ვერ გავრისკავ ორივეს სიცოცხლეს.
– მერიენ... უკვე რამდენიმე თვეა, მპირდები, რომ მიატოვებ მას. სტიმული მომეცი, რომ ფულზე მეზრუნა და მოვპარე კიდეც კომპანიას. ეს ორივესთვის გავაკეთე. ახლა კი ამბობ, შენთან ერთად ვერ წამოვალო...
– უნდა დავფიქრდე, მარტინ... მომისმინე, შენ და ჩემი ქმარი ხომ ერთნაირი აღნაგობის ხართ?
კაცი შეფიქრიანდა.
– მგონი, ჰო... რისი თქმა გინდა ამით?
– თუ რეის მოვკლავთ და მანქანით ქარაფიდან გადავაგდებთ, მანამდე კი შენ დაწერ წერილს, როგორ შეგაწუხა სინდისმა კომპანიის ფულის გაფლანგვის გამო, მაშინ, ეს გამოსავალი იქნება. დასახიჩრებულ გვამში რეის ვერ ამოიცნობენ. სამუდამოდ გავთავისუფლდებით მისგან.
– როდის გავაკეთოთ ეს?
– რაც შეიძლება მალე. ბილეთები აიღე ჩემი და ჩემი ქმრის სახელზე. დამალვაც საჭირო აღარ იქნება, ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავთ – პარიზში მინდა ძალიან... მერე კი მოვიფიქროთ, რომელ ქვეყანაში გადავინაცვლოთ.
მარტინმა ქალს ხელები დაუკოცნა.
– არაფერზე ინერვიულო, საყვარელო, ყველაფერს მე გავაკეთებ. ფულიც ხელზე მაქვს, ნაღდი. ბანკში არ შემიტანია. ასე, უფრო უსაფრთხო იქნება. კმაყოფილმა მარტინმა გაიცინა.
ორი კვირის შემდეგ მარტინმა ქალს დაურეკა:
– ბილეთები ავიღე, საყვარელო. ხუთშაბათს, ლანჩის მერე პარიზში მივფრინავთ. ოთხშაბათს უნდა დავამთავროთ ეს საქმე.
– კარგი, – უთხრა ქალმა, – რეის ვისკიში ძილის წამალს ჩავუყრი. საღამოობით, ყოველთვის ვისკის სვამს. როგორც კი დაიძინებს, დაგირეკავ... როგორ მოკლავ?
– ბალიშით გავგუდავ. ასე უფრო უსაფრთხოა, – გაიცინა მარტინმა.
– ფულის წამოღება არ დაგავიწყდეს და წერილის დატოვება. ყველაფერი შენს თვითმკვლელობას უნდა ჰგავდეს.
– ჰო, რა თქმა უნდა.
– ღამე უკვე ჩემთან დარჩები, ჩემი ქმრის რანგში – ცოტა ხანში რეი მოსკინო იქნები.
– შესანიშნავია... ანუ, დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი გამოვა?
– ჰო. შენ ასე არ ფიქრობ?
– როგორ არა, მეც ზუსტად ამას ვფიქრობ. შეუძლებელია, არ გამოვიდეს.
ოთხშაბათს მარტინმა დარეკა, გეგმები საბოლოოდ რომ დაეზუსტებინა. რეი ჯერ კიდევ არ იყო სახლში. მერიენი დაჰპირდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართებოდა. მარტინისთვის დრო საშინლად გაიწელა. ნერვიულობდა. ადამიანის მოკვლას თუ შეძლებდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, მაგრამ მერიენი ამად ღირდა...
კარი ქალმა გაუღო. მარტინი საკოცნელად დაიხარა, მაგრამ მერიენმა გააჩერა:
– ამის დრო არ არის. მოვრჩეთ, სანამ სძინავს.
– ფული საბარგულშია, მანქანა ქვემოთაა...
– ფული ამოიტანე. მანქანა ხომ უნდა გადავჩეხოთ?!
– ჰო, მართალი ხარ. ახლავე, ჩემო საყვარელო, ახლავე.
როცა მარტინი საშუალო ზომის ხელჩანთით დაბრუნდა, კარი ისევ ქალმა გაუღო. რაღაცნაირად, უცნაურად უღიმოდა, თითქოს რაღაცას მიანიშნებდა. სანამ მარტინი რამეს შენიშნავდა, თავში მძიმედ რაღაც მოხვდა და გონება დაკარგა.
რეი მოსკინო წელში გაიმართა და ცოლს გაუცინა.
– გენიალური იდეა იყო, საყვარელო... ამას მეც კი ვერ მოვიფიქრებდი.
– გეყოფა ჩემით აღფრთოვანება... დროს ვკარგავთ. მალე გონს მოვა, უნდა ვიჩქაროთ!
– ნუ გეშინია, ისე ჩავარტყი, კარგა ხანს ვერ გამოფხიზლდება. მე ახლა ამას ქვემოთ ჩავათრევ და თავის მანქანაში ჩავდებ. შენ შენს პატარა „კუპერში“ ჩაჯექი და უკან გამომყევი, ოღონდ ისე, რომ არც ძალიან მომიახლოვდე და არც ჩამომრჩე. ჩრდილოეთით წავალ. 323-ე გზაზე... იქ ქარაფია და იქიდან გადავაგდებ.
– ძალიან ღრმა ხომ არ არის? ვერ იპოვიან.
– ნუ ღელავ, ზუსტად ისეთი ადგილია, ჩვენ რომ გვჭირდება. ძალიან ადვილად კი გააბრიყვე.
– განსაკუთრებული გონიერებით არც გამოირჩეოდა, – გაიცინა მერიენმა. კომპანიისთვის მოპარული ფული, შეფის ცოლი... თავში აუვარდა ბიჭს და სიფხიზლე მოუდუნდა.
– იმედი მაქვს, ერთად არ წოლილხართ, თორემ ავკუწავ და შენც ზედ მიგაყოლებ.
მერიენმა გაიცინა.
– არა. თაფლობის თვეს ვპირდებოდი.
– სულელი, – გამოსცრა რეიმ, – მანქანამდე უკანა კარიდან მივათრევ... კომპანია მაინც გაკოტრების პირას იყო. ახლა ყველაფერს ამას დავაბრალებ და ჩემი პარტნიორი ვერაფერს მიიღებს. ჩვენ კი შესანიშნავად გავერთობით, საყვარელო... პარიზი არაჩვეულებრივია. ამ სულელს ეგონა, ჩემს ნაცვლად აღმოჩნდებოდა თვითმფრინავში.
– ნუ ლაპარაკობ მასზე წარსულ დროში, – შეიჭმუხნა ქალი, – ის ჯერ კიდევ ცოცხალია.
– მხოლოდ ერთი საათით, საყვარელო.
მანქანამ სიჩქარე აკრიფა და ქარაფიდან დაეშვა. რეიმ მანამდე მოასწრო გადამხტარიყო. აფეთქების ხმა მაშინ გაიგონეს, როცა მერიენი მანქანას ქოქავდა.
– იმედი მაქვს, ისე არ დამახინჯდება, მისი ამოცნობა შეუძლებელი გახდეს, – ჩაილაპარაკა შეშფოთებით.
– ნუ დარდობ, კბილების მიხედვით ნებისმიერის ამოცნობაა შესაძლებელი, არ იცოდი? კარგია, რომ ეს მაგ სულელმაც არ იცოდა, ძალიან გაგვიმართლა.