კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემებს უქმნის მოზარდს განვითარებაში სოციალური ქსელი

დღესდღეობით არსებობს უამრავი სოციალური ქსელი, იქნება ეს „ფეისბუქი“, „ტვიტერი“ თუ სხვა.  ამ საიტებზე სულ უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება, განსაკუთრებით მოზარდი თაობა. სოციალურ ქსელში ათავსებენ პერსონალურ მონაცემებს, პირად ინფორმაციას, ფოტოსურათებს. მოზარდთა უმეტესობას, სამწუხაროდ, არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება და შესაძლებელია, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ეს ინფორმაცია მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. კიდევ ბევრი უარყოფითი ფაქტორი არსებობს, რის გამოც არ არის სასურველი არასრულწლოვანისთვის სოციალური ქსელის მოხმარება. რა გართულებებთან გვაქვს საქმე ამ მხრივ, ისაუბრებს ფსიქოლოგი მარიამ კვარაცხელია.
– ბოლო მონაცემებით, სოციალური ქსელების გამრავალფეროვნებასთან ერთად, დღითი დღე იმატებს მათი მომხმარებელთა რიცხვი. როგორ აფასებენ ფსიქოლოგიის მეცნიერები ამ მოვლენას, რა საფრთხის წინაშე დგას კაცობრიობა?
– 21-ე საუკუნის დაავადება – ასე ასახელებენ უცხოელი მეცნიერები კიბერდამოკიდებულებას და კერძოდ, სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულობას, რომელიც სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება. სოციალურ ქსელს ბევრი დადებითი თვისება და მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რაც თავდაპირველად, სწორედ მისი შექმნის მიზეზი იყო. თუმცა, გარდა იმისა, რომ სოციალური ქსელი მრავალი ადამიანის საკონტაქტო არეალის გაფართოების საშუალებაა, ასევე გადაიქცა სივრცედ, სადაც უამრავმა კომპენსატორულმა ქცევამ იჩინა თავი. რეგისტრაციისთვის საჭიროა ამომწურავი ინფორმაცია თითოეულ ადამიანზე, რითაც საშუალებას ვაძლევთ სხვას, ყველაფერი იცოდეს ჩვენს შესახებ. ასევეა გასართობი აპლიკაციები, რომელსაც, ძირითადად, არასრულწლოვანი ბავშვები მოიხმარენ და შედეგად ძალიან ცუდ რამეს ვიღებთ, რადგან აპლიკაციის განსახორციელებლად მუშავდება პიროვნების ინდივიდუალური გვერდი, რის გამოც შესაძლოა, მთელი მისი პირადი სივრცე სხვის, სრულიად უცხო პიროვნების ხელში აღმოჩნდეს. შეგვიძლია, დავასახელოთ მუსიკალური თუ ფოტომოყვარულთა კონკურსები. მაგალითად, „ფეისბუქზე“ შექმნილია უამრავი გვერდი, რომელზეც შეგიძლიათ, ატვირთოთ ფოტო, მუსიკა თუ სიმღერა და სოლიდურ პრიზსაც დაეუფლოთ მისი საშუალებით. ეს კი გაძლევს თავის წარმოჩენის საშუალებას და გიზიდავს, გახდე უფრო აქტიური მომხმარებელი.
– სოციალურ ქსელში შეიძლება, შეხვდე ნებისმიერი ასაკის ადამიანს. აღსანიშნავია, რომ ვირტუალურ სამყაროში ინტერნეტასაკი არ არსებობს. მისაღებია ეს?
– მონაცემების მიხედვით, სოციალური ქსელების მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში ბავშვები არიან, რომლებიც პატარაობიდანვე იწყებენ კომპიუტერის გამოყენებას. დროთა განმავლობაში ეს იწვევს მოზარდის ფსიქიკურ აშლილობას და იმავდროულად, სრულიად კარგავს რეალობის შეგრძნებას და სამყაროსთან კავშირს. ასეთი ბავშვები ნერვიულები, უხეშები და საკუთარ თავში ჩაკეტილები იზრდებიან. ვფიქრობ, სოციალური ქსელის მოხმარებას ასაკობრივი შეზღუდვა უნდა ჰქონდეს, რადგან ინდივიდუალურად აკრძალვა არცთუ ისე ამართლებს, როცა ირგვლივ ყველა ჩართულია ქსელში და მოიხმარს ვირტუალურ პროფილს. ბავშვი, რომელიც მხოლოდ ირეალურ სივრცეში კონტაქტობს თანატოლებთან, ავტომატურად ამოვარდნილია მათი რეალობიდან და შესაძლებელია, აუტსაიდერიც გახდეს.  კარგი იქნება, არსებობდეს ასაკობრივი შეზღუდვა და ბავშვებმა რეალურ სივრცეში შეძლონ საკუთარი იმიჯის, ეგრეთ წოდებული, პროფილის შექმნა, კონტაქტი და კომუნიკაცია.  როდესაც ეს ყველაფერი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და ბარიერების გადალახვის ნაცვლად, ჩვენ ვთავაზობთ კომუნიკაციის ძალიან პრიმიტიულ გზას,  არასწორია, შემდეგ მოვთხოვოთ ბავშვებს პასუხი მიღებულ შედეგებზე. მაგალითად, როგორიც არის: ჩაკეტილობა, ასოციალური ქცევა, გუნება-განწყობილების სწრაფი ცვლა, აგრესია და სხვა. ეს ყველაფერი დასწავლილი ქმედების შედეგია, რომელზეც რეაგირებას ხშირად მაშინ ვიწყებთ, როდესაც ბავშვს გარემოში ადაპტაციური პრობლემები ეწყება და ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას სოციუმში.
– ერთ-ერთი ნეგატიური მხარეა ის, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ჩაკეტილები არიან, სოციალური ქსელების საშუალებით კი, მეტ კონტაქტურობას ამჟღავნებენ. ძირითადად რა სახის ქმედებებში ვლინდება ეს?
– დღესდღეობით, ყველაზე მეტი აქტიური  მომხმარებელი ჰყავს „ფეისბუქს“. კონტაქტების მოძიების გარდა, „ფეისბუქს“ აქვს შესაძლებლობა, შექმნა საკუთარი ვირტუალური იმიჯი. შედეგად მივიღეთ, რომ  ის, რასაც რეალურ სამყაროში ვერ უკეთებენ რეალიზებას ადამიანები, ცდილობენ, ის შესაძლებელი გახადონ ვირტუალურ სამყაროში. ერთ-ერთ შედეგად შეიძლება განვიხილოთ სელფის ფენომენი, როდესაც ადამიანი რეალურ ცხოვრებაში საკუთარ თვითაღქმასთან დაკავშირებით პრობლემას აწყდება და თვითშეფასების ასამაღლებლად, მუდმივად სჭირდება გარემოდან დადებითი უკუკავშირი. გაჩნდა „ლაიქების“ სისტემა, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ უკუკავშირი და უფრო მეტიც – დააფიქსირონ ის დიდი აუდიტორიის წინაშე. საუბარია სელფის ჭარბ მოხმარებაზე. აქ თავს იჩენს ეგრეთ წოდებული სქროლვის ეფექტი. ამ ფენომენს მკვლევრები ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან ინფორმაციის დაუსრულებელი ფორმაა, არასდროს მთავრდება, იწვევს დროის შეგრძნების დაკარგვას, დეზორიენტაციას და ბუნდოვნებას. პიროვნება კარგავს კონტროლს იმაზე, თუ რა რაოდენობის ინფორმაციის მიღება სურს, სჭირდება და შეუძლია.  სოციალურმა ქსელმა შექმნა კომუნიკაციის ბარიერები რეალურ ცხოვრებაში. ადამიანებს უჭირთ ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება და რაც მთავარია, ემოციების ამოცნობა, რადგან მათთვის ყველაზე ხშირად ემოცია უსიცოცხლო სმაილებით გამოიხატება.  კომუნიკაციის შეფერხებას ქმნის ასევე, სწრაფი რეაქციისაა და ინტერპრეტაციის უნარი დიალოგისას, რადგან ნებისმიერ დიალოგში, რომელიც გაიმართება კიბერსივრცეში, არსებობს საპასუხო რეაქციის განუსაზღვრელი დრო. არსებობს შანსი, რომ წინასწარ დავგეგმოთ ჩვენი პასუხი და სხვა. კომუნიკაციის დროს კი კონტაქტის დამყარებას განსაზღვრავს სწორედ ჩვენი ემოციური ინტელექტი, ის, თუ როგორ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ მეორე ადამიანის ემოციებს; რა სისწრაფით ვრეაგირებთ კომუნიკაციაზე;  რამდენად შეგვიძლია, იმპროვიზაცია სიტუაციის მიხედვით. ეს ყველაფერი ინტერნეტსივრცეში ბევრად მარტივია, რადგან  ამ დროს მოსაუბრე ვერ ხედავს ჩვენს ემოციას და შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა მხოლოდ ვერბალური სახით, მაშინ, როდესაც არავერბალურ კომუნიკაციას ურთიერთობაში დაახლოებით 97 პროცენტი უჭირავს. ჩვენი სიტყვები იმაზე ბევრად ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი არავერბალური ნაწილი (ჟესტიკულაცია, მიმიკა, ექსპრესია, სხეულის პოზა, დისტანცია, ხმის ტემბრი). როდესაც გამუდმებით ხდება კომუნიკაციის დიდი ნაწილის ანულირება და გააქტიურებულია მხოლოდ ვერბალური ნაწილი, რეალური შეხვედრების დროს, როგორც დაადგინეს, განსაკუთრებული პრობლემები იქმნება არავერბალური სიგნალების გაშვებასა და მიღებულის ინტერპრეტაციაში. 
– გარდატეხის ასაკი ის პერიოდია, როცა უამრავ სხვა გამაღიზიანებელ ფაქტორთან ერთად, მოზარდს ექმნება თვითშეფასების პრობლემა. ამ მხრივ, სოციალური ქსელი ძალიან დიდ როლს თამაშობს. ხშირად ადრეულ ასაკში დაწყვილებასაც უწყობს ხელს...
– ჩნდება ყურადღების ცენტრში ყოფნის აკვიატებული მოთხოვნილება, იზრდება Checkin-ების, სელფებისა და პირადი ინფორმაციის შემცველი სტატუსების რაოდენობა. ამ შემთხვევაში ქცევა უკონტროლო ხდება. ხშირად რეალურ ცხოვრებაში თუ ვერ იღებ კომპლიმენტებს და ვიღაც თბილად გწერს, ბუნებრივია, მასთან კონტაქტის მეტი სურვილი გიჩნდება. ხშირად აქედან იწყება სირთულეთა მთელი ჯაჭვი. ნაადრევი ქორწინება, დანგრეული ოჯახები ადრეულ ასაკში, ყველაფერი კავშირშია იმ გარემოსთან, რომელშიც მოზარდს ზრდასრულ ასაკამდე უწევდა ფორმირება. მაგალითად, რაც შეეხება დანგრეულ ოჯახებს, ამ თემაზე მრავალი სტატია თუ სამეცნიერო პროექტი დაიწერა. როგორც ამბობენ, სოციალური ქსელი კომფორტულ გამოსავალსა და ალტერნატივას სთავაზობს ოჯახური პრობლემებით დაღლილ ახალგაზრდებს. იმის მაგივრად, რომ პრობლემის მოგვარება დაიწყონ პარტნიორთან, მის მოგვარებას ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში, სადაც მხარდამჭერთა რაოდენობა დიდია და პრობლემისგან დროებითი თავის დაღწევა კარგად ჩამოყალიბებულ ჩვევად იქცევა. ხშირია სექსუალური დაუკმაყოფილებლობის დროს კომპენსირება კიბერსივრცეში გამოქვეყნებული სექსუალური კონტექსტით ან ამავე შინაარსის ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით ვირტუალურ მეგობრებთან. ამ სივრციდან რეალურ სივრცეში დაბრუნება საკმაოდ რთულდება და შესაძლებელია, ამ პრობლემის გამო ოჯახი დაინგრეს, რომელმაც კრიზისი ვერ გადალახა რეალური კომუნიკაციის საშუალებით.
– სოციალური ქსელის გავლენაზე ძალიან ბევრს საუბრობენ... დროის დეფიციტის, ჯანსაღი კომუნიკაციისა და სხვა შეზღუდვის გარდა, რა დარღვევებთან გვაქვს ამ მხრივ საქმე, რაც უშუალოდ ჯანმრთელობაზე, არცთუ სახარბიელოდ აისახება?
– სოციალური ქსელის გავლენა, რომლის ქვეშაც ექცევა მილიონობით ადამიანი, მრავალგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად, როგორიც არის ძილის დარღვევა, ობსესიურ-კომპულსიური მიდრეკილების გამწვავება. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული, პროგრესირებადი ან ეპიზოდური ხასიათი. ამ დროს, ადამიანს უნებლიედ უჩნდება აკვიატებული, შემაწუხებელი, შემაშინებელი აზრები (ობსესიები), რომელთა თავიდან ასაცილებლად ის მიმართავს რიტუალურ, ასევე აკვიატებულ ქცევას (კომპულსიას). ყველა ასაკის ადამიანს, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებს, შეუძლიათ, ჩაითრიონ თავიანთ კომპულსიებში ოჯახის წევრები. ნებისმიერ შემთხვევაში, მდგომარეობა შემაწუხებელია არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მის გარშემო მყოფებისთვისაც. ასევე, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ნევროტული მდგომარეობა  და სხვა.

скачать dle 11.3