რატომ ააფეთქებინა ლავრენტი ბერიამ ქართველ ჩეკისტებს 500-კაციანი ბარჟა ვოლგაზე
მიუხედავად იმისა, რომ ბერია საბჭოთა ფუნქციონერი მაღალჩინოსანი იყო, ის ყოველთვის ქართველად რჩებოდა და ცდილობდა, თავისი ჩინოვნიკური მოღვაწეობა საქართველოს ინტერესებისთვის დაემთხვია... პროფესორი გავრილ ზოტოვი წერს: „ბერიას ფალსიფიცირებულ საქმეში, რომლის ნაწილს დღემდე საიდუმლო გრიფი ადევს, ერთი ძალიან საინტერესო საბუთი აღმოვაჩინე, რომელიც მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ერთ-ერთ ეპიზოდზე მოგვითხრობს და ანტიბერიულ სამხილადაა გამოყენებული... როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, მეოცე საუკუნის ოციან-ოცდაათიანი წლებში ინტენსიურად მიმდინარეობდა კოლხეთის დაბლობის ჭაობიანი ტერიტორიების ათვისება, ანუ ჭაობიანი ტერიტორიების დაშრობა და მათი გამოყენება სამეურნეო და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ამ პროცესის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ლავრენტი ბერიას პირველ მდივანს დაემთხვა. ბერია მისთვის ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმის კეთებას. ფართო მასებისა და ტექნიკის მობილიზაცია განახორციელა და ენთუზიაზმით დამუხტული ადამიანები შეასია ჭაობიან ადგილებს... საქმე წინ მიიწევდა. იქმნებოდა ახალი დასახლებები. რუსეთიდან ჩამოსულ ინჟინერ-გეოლოგთა და კვალიფიციურ მუშათა ჯგუფს ისე მოეწონათ კოლხეთის დაბლობი, რომ იქ თავიანთი ოჯახის წევრების, ნათესავებისა და თანამემამულე რუსების ჩამოსახლება და დამკვიდრება განიზრახეს. ინჟინერ-გეოლოგმა ანტონ პავლოვმა, რომელიც „კოლხეთის ეპოპეის“ ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო, თავისი გავლენის გამოყენება სცადა. მოსკოვში სამი დღით გაემგზავრა და ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო საქართველოში გაეგზავნათ დამატებით 5 ათასი კვალიფიციური მუშა სამუშაოების წარმოებისთვის. პავლოვის მოთხოვნა მალევე დაამტკიცეს და ვოლგისპირეთიდან, საიდანაც წარმოშობით იყო პავლოვი, საქართველოში გასამგზავრებლად კონტინგენტის შერჩევა დაიწყეს. პირველი „ასეული“ კი, რომელიც ინჟინერ-გეოლოგის ნათესავებისა და ახლობლებისგან შედგებოდა, პავლოვთან ერთად დაბრუნდა პირდაპირ ფოთში და ჭაობისგან გაწმენდილ ტერიტორიაზე დასახლდნენ, რომელსაც დაბა „პავლოვკა“ უწოდეს. შესაბამისი, აბრაც გამოფინეს იქ... პავლოვკა ამ დაბას იმიტომ დაარქვეს, რომ ჩამოსულთაგან უმრავლესობა გვარად პავლოვი იყო... მოულოდნელი მიგრანტებისა და ახალგამოჩეკილი დაბის შესახებ პირველ მდივანს, ლავრენტი ბერიას რომ აცნობეს, ის თურმე რისხვით აღვსილა და სერგო გოგლიძისთვის სწრაფი რეაგირება დაუვალებია. „ჩეკას“ მეორე რანგის კომისარი, ანატოლი კოსარევი ასეთ ჩვენებას აძლევდა სამხედრო-საველე სასამართლოს: „გოგლიძის დავალებით ანტონ პავლოვის ჯგუფში „ჩავენერგე“ პავლოვის გვარით და ორი კვირის მერე უკვე პატაკი მქონდა მზად. ეწერა, რომ ინჟინერი პავლოვი კოლხეთის დაბლობის ათვისებულ მიწებზე ვოლგისპირელთა რუსული დასახლების გამართვას აპირებდა. საამისოდ კი თავის სამსახურებრივ მდგომარეობასა და გავლენას იყენებდა. ეს პატაკი გოგლიძეს დავუტოვე. მან კი, როგორც ჩანს, ბერიას გადასცა, რადგან ორიოდე დღის შემდეგ ბერიამ გამომიძახა. პატაკში აღნიშნული ამბები უფრო დაწვრილებით მომაყოლა და მითხრა:
– მზად ხარ, რომ კომუნისტურ საქმეს სამსახური გაუწიო?
– დიახ, – მივუგე ბერიას.
– მაშინ გოგლიძე ჩაგაყენებს საქმის კურსში და შენი საქმე პირნათლად შეასრულე.
გოგლიძესთან რომ დავბრუნდი, მან მითხრა, რომ ანტონ პავლოვის ლიკვიდაცია უნდა განმეხორციელებინა. თანაც, გემზე, რომლითაც ინჟინერ-გეოლოგებს ვოლგისპირეთიდან ფოთში ეგრეთ წოდებული კვალიფიციური მუშახელის მსხვილი პარტია, ხუთასი კაცი უნდა ჩამოეყვანა. როგორც პავლოვის ნდობით აღჭურვილი პირი, მას მე რუსეთიდან საქართველოში უნდა ვხლებოდი. თან მქონდა ზურგჩანთა და სპეციალური მაყუჩიანი პისტოლეტი. დავალება ვოლგაზე ცურვისას უნდა შესრულებულიყო...“
კოსარევს ზურგჩანთაში მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული, რომლის შესახებ თავადაც არ იცოდა. ის შუა ცურვის დროს უნდა აფეთქებულიყო და ჰაერში აეწია ხუთასკაციანი ბარჟა თავის მგზავრნებიანად... აფეთქება განხორციელდა და პავლოვთან ერთად 495 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ თავად კოსარევი გადარჩა. ის აფეთქების ტალღამ წყალში ჩააგდო და გამოცურა. ნაპირზე რომ გამოვიდა, მიიმალა, რადგან მიხვდა, რაშიც იყო საქმე და რა როლს ასრულებდა ის ბერიას პოლიტიკურ თამაშში. კოსარევი მოგვიანებით, ფაშისტების მხარეს გადავიდა. ომის მერე ამერიკელების ტყვე იყო. 1953 წელს კი, ბერიას დაპატიმრების შემდეგ საბჭოეთში დაბრუნება მოითხოვა და სასამართლოს ბერიას წინააღმდეგ ჩვენება ნებაყოფლობით მისცა.
ანტონ პავლოვის ლიკვიდაციის, ბერიას კოლხეთის დაბლობზე რუსული დასახლებების აღკვეთა უნდოდა და სანამ ის საქართველოში მმართველობდა, გამოუვიდა კიდეც. თუმცა, მოგვიანებით, უკვე პირადად სტალინის მითითებით, ჩაასახლეს იმ რაიონებში რუსები და მართალია, ბერია უკვე მოსკოვიდან უშლიდა ხელს ამ პროცესს, მაგრამ სრულად მაინც ვერ აღკვეთა.
ლავრენტი ბერიას მიაჩნდა, რომ საქართველოს შესწევდა ძალა, თავად, საკუთარი მოსახლეობის რესურსით აეღორძინებინა ქვეყნის ეკონომიკა და ფაქტობრივად, ეს მან მოახერხა კიდეც. ბერიამ ბრწყინვალედ იცოდა, თუ რას მოასწავებდა ქართველებისთვის ხელოვნური მიგრაცია. ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ამას და ზოგჯერ უკიდურეს ზომებზეც მიდიოდა ამის აღსაკვეთად.“