რომელი საკვები იწვევს მუცლის შებერვასა და ყაბზობას
თუ გსურთ, ქრონიკულ დაავადებებს თავი აარიდოთ და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ, ყურადღება სასარგებლო საკვებ პროდუქტებზე უნდა შეაჩეროთ. ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და იცავს ადამიანის ორგანიზმს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება ვერც კი გრძნობდეს, ზოგიერთი საკვები საჭმლის მომნელებელ სისტემას განსაკუთრებით რომ აზიანებს. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს კი, საკვებთან დაკავშირებული დისკომფორტი შესამჩნევი ხდება.
ცხიმიანი და შემწვარი საკვები პირდაპირი დარტყმაა კუჭისთვის. კერძოდ, იწვევს მჟავას რეფლუქსსა და გულძმარვას, ფაღარათს და მოუნელებელი ცხიმის გამოყოფას.
* წითელი წიწაკა აღიზიანებს საყლაპავს, იწვევს გულძმარვას, ტკივილს.
* რასაკვირველია, საკვებ რაციონში აუცილებელია კალციუმი, რომლის უმთავრესი წყაროც რძე და რძის პროდუქტებია. თუმცა, რძის შაქრის – ლაქტოზის აუტანლობისას ის შეიძლება ფაღარათის, მუცლის შებერვის, აირების შემაწუხებელი დაგროვების მიზეზი გახდეს.
* ალკოჰოლის მცირე დოზა გვეხმარება ორგანიზმის მოდუნებაში, თუმცა ის საყლაპავის ქვემოთ არსებულ მომჭერ კუნთს – სფინქტერსაც ადუნებს. ვითარდება რეფლუქსი და გულძმარვა. გარდა ამისა, ალკოჰოლის ზემოქმედებით ვითარდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის ანთება, მცირდება გარკვეული ფერმენტების აქტივობა, ფერხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. დიდი რაოდენობით ალკოჰოლი იწვევს ფაღარათს, მოვლით ტკივილს. თუ ადამიანს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება აქვს, ამ სიმპტომების გამოწვევა ალკოჰოლის მცირე რაოდენობასაც შეუძლია.
* მართალია, სიმინდი ბოჭკოს წყაროა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, მაგრამ შეიცავს ცელულოზას – ბოჭკოს, რომელსაც ადამიანის კუჭი ადვილად ვერ შლის.
* ბანანი ხელს უწყობს ნაწლავის ფუნქციის აღდგენას ფაღარათის შემდეგ, არის კალიუმის წყარო.
* წითელი ბულგარული წიწაკა შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს, რის გამოც თირკმლის დაავადებების დროს, რეკომენდებულ საკვებად ითვლება. ის ასევე, მდიდარია C, A, B6 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავითა და ბოჭკოთი, ამავე დროს შეიცავს ლიკოპენს – ანტიოქსიდანტს, რომელიც გარკვეული სიმსივნეებისგან გვიცავს.
* კომბოსტო არის მცენარეული ქიმიური ნივთიერებების წყარო. ეს ნივთიერებები შლის თავისუფალ რადიკალებს, გვიცავს სიმსივნისა და გულის დაავადებებისგან. ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს, არის C ვიტამინის, ბოჭკოსა და ფოლატების წყარო. მისი კომპონენტები ღვიძლს ეხმარება თავისუფალი რადიკალების განადგურებაში.
* ხახვი მდიდარია ფლავონოიდებით, რაც მის ანტიოქსიდანტურ თვისებებს განაპირობებს. ხახვში დიდი რაოდენობითაა ქრომი – მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ნახშირწყლების, ცხიმისა და ცილის მეტაბოლიზმისთვის.
* ვაშლი აქვეითებს ქოლესტეროლს, თავიდან აგვაცილებს ყაბზობას, ამცირებს გულის დაავადებებისა და სიმსივნის რისკს. ბოჭკოთი და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებით მდიდარი ეს ხილი, მართლაც უნიკალურია.
* შტოში ცნობილია როგორც საშარდე გზების, შარდის ბუშტის ინფექციებისგან დამცველი. ის ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას შარდის ბუშტის კედელში. ანალოგიური მექანიზმით შტოშს აქვს კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტიც. გარდა ამისა, შტოში გვიცავს სიმსივნისა და გულის დაავადებებისგან.
* მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, კერძოდ, ანტოციანიდინით, არის C ვიტამინის, მაგნიუმისა და ბოჭკოს წყარო. გარდა ამისა, მოცვი იცავს ტვინს დაბერებასთან დაკავშირებული ცვლილებებისგან. ამცირებს ძვლების ცვლილებებს, რაც ჰორმონების დაქვეითებისას ვითარდება.
* ჟოლოში არსებული ნივთიერებებიც გვეხმარება თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედების დაცვაში. ჟოლო არის მაგნიუმის, C ვიტამინის, ბოჭკოსა და ფოლატების, B ვიტამინის საუკეთესო წყარო.
* წითელი ყურძენი შეიცავს ფლავონოიდებს, რაც მას შეფერილობას აძლევს. ფლავონოიდები აქვეითებს ოქსიდაციას, იცავს გულს, თავიდან აგვაცილებს თრომბის წარმოქმნას.
რა სამკურნალო თვისებები აქვს ვაშლის ძმრით, შავი პილპილითა და მდოგვით შეკაზმულ საკვებს
დიდი რაოდენობით მარინადების მიღება კუჭისთვის საშიშია. ეს აღიზიანებს კუჭის ლორწოვანას და იწვევს გასტრიტსა და წყლულოვან დაავადებებს. თუმცა, მათზე უარის თქმა, არ შეიძლება. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, როგორ ძმარს იყენებთ და რა დოზით.
ვაშლის ძმარი კარგია მაღალი არტერიული წნევის დასაწევად, ასთმის, ართრიტების შეტევის დროს, შაკიკის, თავის ტკივილის მოსახსნელად, მაღალი სიცხის დასაწევად და დამწვრობის დროს.
დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ მიღებული 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ზედმეტ ცხიმს წვავს.
ვაშლის ძმარი შეიცავს რძის, ვაშლის, ასკორბინისა და ძმრის მჟავას. მასში, ასევე, ბევრია B და E ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი, რკინა და ასე შემდეგ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი ადამიანის ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის და გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს.
ჩვეულებრივ სუფრის ძმარსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. დამარილებურ ხორცში ძმრის გამოყენებისას კანცეროგენური ნივთიერებები სრულიად ისპობა და ნადგურდება. ძმარი აქრობს თევზის არასასიამოვნო სუნს, ანელებს წიწაკის სიმწარეს და ხელს უწყობს საკვებში C ვიტამინის შენარჩუნებას. მთავარია, დაიცვათ მისი მიღების ნორმები.
მდოგვი ეფექტურ ანტიანთებით საშუალებად მიიჩნევა. ის გამოიყენება კბილის ტკივილის, ციებ-ცხელების, პნევმონიის, ბრონქიტისა და იპოქონდრიის დროს. თუ კერძებს მდოგვს დაუმატებთ, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ენერგიას. ის ცხიმების შეთვისებაშიც ეხმარება ორგანიზმს.
შავი პილპილი საჭმლის მონელების პროცესს საგრძნობლად ასტიმულირებს და აუმჯობესებს მადას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორია.
სატაცური მაღალი წნევის დროს შეუცვლელია
სატაცური ბევრ ვიტამინსა და მინერალურ მარილებს შეიცავს. დაბალკალორიულია და მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, C, P და B ჯგუფის ვიტამინებით, A პროვიტამინით, კაროტინით, კალციუმით, რკინით, კალიუმით, ფოსფორითა და თუთიით. მის ყლორტებში ბევრი სასარგებლო აზოტოვანი ნივთიერებაა, ხოლო ნივთიერება ასპარაგინი ამ მცენარეს სამკურნალო თვისებას ანიჭებს.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით, სატაცური წნევის დაწევას ეხმარება, გულისა და თირკმლების მუშაობას ააქტიურებს. მასში არსებული ფენოლის ნაერთები სისხლძარღვების ელასტიკურობასა და სიმტკიცეს განაპირობებს.
სატაცურის წვენი ეფექტური შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებაა. ის ასევე, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, სასიცოცხლო ტონუსსა და პოტენციას ამაღლებს.
ასევე, სატაცური ფოლიუმის მჟავის ნატურალური წყაროა, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის უჯრედების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ეს მცენარე ხშირად უნდა ჩართოთ კვების რაციონში.
ლეღვი კარგი საშუალებაა კოლიტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ
ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B, C ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს – რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ასევე, პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით შაქრებს. ის, ადვილი მოსანელებელია. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მიირთმევთ, ის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტიმულაციას მოახდენს, მადას გააძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად.
ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდად. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას, ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს.
ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც. ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილისა და შეკრულობის დროს. აქვს ოფლმდენი მოქმედება. ის ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმს, ტოქსინებსა და მარილებსაც გამოდევნის. ამიტომ, სასარგებლოა ართრიტით დაავადებულთათვის.
ლეღვი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტითა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიების დროს.
ნიახური მამაკაცებისთვის შეუცვლელი მცენარეა
ნიახურში ბევრი ვიტამინი, ცილა, ამინომჟავა – კაროტინი, ასპარაგინი, ნიკოტინის მჟავა, თიროზინი, ეთერზეთები, ასევე, მიკროელემენტი და მინერალია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთათვის, რადგან აუმჯობესებს წყალმარილოვან ცვლას. ნიახური დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულებზე. აქვს ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და მატონიზებელი თვისებები, აუმჯობესებს მადას. აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ეფექტურია ჰიპერტონიის დროს. მასში არსებული რკინა, მაგნიუმი და კალციუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას.
მამაკაცებისთვის ეს მცენარე შეუცვლელია, რადგან მასში არის ანდროსტერონი – მამაკაცის სასქესო ჰორმონი, რომელიც ამაღლებს პოტენციას. თუ სექსუალური პრობლემები გაწუხებთ, სასურველია, ყოველდღე სვათ მცენარის ახალგამოწურული წვენი.
ნიახური პროსტატიტის პროფილაქტიკის საშუალებაცაა. შარდმდენი თვისების წყალობით, ის ამარცხებს შარდსასქესო სისტემისა და რეპროდუქციული ორგანოების ინფექციურ დაავადებებს, უხდება თმას, ფრჩხილებსა და კანს, ამსუბუქებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ხელს უწყობს ინფექციური დაავადების პრევენციას, აძლიერებს იმუნიტეტს, კარგია ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების პროფილაქტიკისთვის, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კურნავს თირკმელების და შარდსასქესო სისტემის დაავადებებს. დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ამცირებს ანთებით პროცესს და ტკივილს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: გასტრიტი და კუჭის წყლული. გვეხმარება ცილების უკეთ ათვისებაში.
ნიახურის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ, ვისაც თირკმელებში კენჭი აქვს, რადგან შესაძლოა, მის დაძვრას გაუწიოს პროვოცირება. ასევე, ნიახური სიფრთხილით უნდა მიიღონ, ვისაც მომატებული აქვს კუჭის მჟავიანობა, რადგან ის ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, უკუნაჩვენებია თრომბოფლებიტის, ვარიკოზის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის დროს.