კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით დაისჯება ადამიანი განკითხვის დღეს და რატომ აგებს ის პასუხს ყოველი სიტყვის გამო

„როდესაც ეკლესიაში ვიწყებთ სიარულს, უნდა დავივიწყოთ ამქვეყნიური შფოთი და საკუთარ თავს დავუსვათ  შეკითხვა: რა მოვიტანეთ ეკლესიაში და რა მიგვაქვს? თუ წირვის, ქადაგების, აღსარება-ზიარების შემდეგ სიმშვიდე დაგვეუფლება და მშვიდად მივდივართ სახლში, ესე იგი, ჩვენი ლოცვა ნაყოფიერი იყო და ღმერთმა მოისმინა, შეიწირა ჩვენი მსახურება. მაგრამ, თუ ისევ გაღიზიანებულები, აფორიაქებულები გამოვდივართ ეკლესიიდან, მაშინ, ბუნებრივია, ეკლესიაში ჩვენს ყოფნას არანაირი ნაყოფი არ ჰქონია,“ – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 –  ხშირად, ეკლესიაში მივდივართ და არცერთი კვერექსიის შინაარსი არ ვიცით, მოძღვარს არ ვუსმენთ, ვსაუბრობთ ან სხვაგან ვართ გონებით.  ღვთისმსახურება მთელი გულით, სულით რომ მოვისმინოთ, დავმშვიდდებით და ეს სიმშვიდე ერთი კვირა მაინც გაგვყვება. ეკლესიაში არა მხოლოდ ერთხელ ტარდება წირვა, არამედ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რადგან, ერთი არ არის საკმარისი. ჩვენ ღვთისმსახურებაზე ხშირი დასწრება გვჭირდება, რომ ჩვენში იყოს სიმშვიდე. ერთ სოფელში, ერთ რაიონში, ერთ კორპუსში, ერთი მშვიდოსბისმოყვარე ადამიანიც რომ ცხოვრობდეს, ეს სიმშვიდე ყველას მოეფინება. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიგებთ, რომ იქ ერთი ქრისტიანი ცხოვრობს, რომელიც ყველას ეჩხუბება, განიკითხავს, „წარმართებს“ ეძახის სხვა სარწმუნოების ხალხს. ამიტომაც ბრკოლდება დღეს ბევრი ხალხი – ისინი ხედავენ, რომ მარილი კი არ ვართ ამ სოფლისა ან მნათობი, არამედ, ხალხის გამღიზიანებელი და ამრევი. ამიტომ, ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით კი სასულიერო პირებსა და მრევლს, თქვენი ცხოვრების წესი იყოს მშვიდი. რა თქმა უნდა, ეს ძნელია – როცა ხედავ, რა მდგომარეობაშია საზოგადოება, გიჭირს სიმშვიდის გამოხატვა, მაგრამ, მაინც ჯობია, სიმშვიდე შეინარჩუნო, რომ უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდე. ადამიანმა უნდა იცოდეს, ცხოვრობს ის უფლის ნებით, ღმერთის კურთხევით. როცა შენ უფლის ნებით, უფლის კურთხევით არ ცხოვრობ, მაშინ, რატომ გაქვს უფალზე პრეტენზია?! მთელი ცხოვრება უღმერთობაში გაატარე და მერე მე რატომ მთხოვ პასუხს, რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაშიო? თუ შენი ცხოვრება, შენი მრწამსი გაქვს; ისე იქცევი, როგორც გინდა, მერე მე რატომ მთხოვ პასუხს? იმიტომ ხარ ასე, რომ უღმერთოდ ცხოვრობ, ღმერთის გარეშე; ისე არ ცხოვრობ, როგორც უფალი გეუბნება. მაგრამ, თუ დადიხარ ეკლესიაში და მაინც პრობლემები გაქვს, ესე იგი, რაღაც გაკლია; უნდა შეამოწმო საკუთარი თავი, რას არ აკეთებ სწორად. არავის უნდა, საკუთარ თავში ჯვარი დაინახოს და ატაროს. ქართველებს, სამწუხაროდ, ჩვენი რელიგია გვაქვს: „მამაო, არ მთხოვო მარხვა, აღსარება  და ეკლესიაში სიარული, ცხვარსაც დავკლავ და ვიქეიფებ“... მაგრამ, მერე, ხელი რომ არ ემართება, წუწუნებს – რატომ ვარ  ასეთ მდგომარეობაშიო.
– იაკობ მოციქული ბრძანებს: ვინც სიტყვით არ ცდება, ის სრულყოფილი ადამიანიაო. ასეთი ადამიანი, ანუ ის, ვინც სიტყვით არ ცდება, ალბათ არ არსებობს.
– ძალიან ძნელია ენის მოთოკვა. განკითხვის დროს დასჯილი ვიქნებით ყველა ჩვენი სიტყვის გამო  ან, პირიქით – გამართლებული. მაგრამ, ალბათ, ცოტა ვინმე თუ გამართლდება და ძნელად თუ იამაყებს თავისი სიტყვით. თუ გარკვეულ მრიცხველს დაუყენებთ თქვენს ბაგეებს, ის მაშინვე გადაიწვება და შეგრცხვებათ თქვენი სიტყვის. ამიტომ, სანამ თქვენი ბაგეები ამოქმედდება, თქვენი ენა დაიწყებს მოძრაობას, მანამდე დაუკვირდით სიტყვებს. ადამიანებს უყვართ თქმა: ეს მომივიდა, ის მომივიდა... სანამ რამე მოგივათ, მანამდე კარგად დაფიქრდით. ჩვენში ყოველი ცოდვა პირველად, სწორედ, სიტყვით შემოდის. ამიტომაც, თქვენი სიტყვა იყოს: ჰო – ჰო; არა – არა. დააკვირდით კარგად, რამდენს აბრკოლებთ თქვენი ქცევით. თქვენი ყველა საქციელი, ქცევა, შესაფერისი უნდა იყოს იმ ადგილისა, სადაც იმყოფებით. თუმცა, შეიძლება, ეკლესიაში იყო ფარისეველივით – კეთილ მდგომარეობაში, კეთილმსახური, მაგრამ, როგორც კი ტაძრის ზღურბლს გადააბიჯებ, შენი ქცევა მაშინვე ხდება ვნებითა და ცოდვებით აღსავსე. ამიტომაც უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევები. არ უნდა დააბრკოლოთ სხვები და არ ატკინოთ თქვენი ქცევით მათ გული. ადამიანი ამბობს: „არ მიყვარს განკითხვა“, – მაგრამ, მაინც განიკითხავს სხვას. „არ მიყვარს იქ წასვლა“ – მაგრამ მაინც მიდის. ანუ, იცი, რომ ეს დამღუპველია, ცუდია, მაგრამ, მაინც აკეთებ. ხშირად ამბობენ, უნებლიედ ჩავდივარ ცოდვასო. ანუ, არ უნდოდათ, მაგრამ, ჩაიდინეს. თუ დავუკვირდებით ჩვენს სიტყვას, საქმეს, ნებელობას, მაშინ, უნებლიე ცოდვაში აღარ ჩავცვივდებით. სიყვარულით სავსე ადამიანის გულში აღარ არის ადგილი ბოროტებისთვის და ეშმაკსაც უჭირს იქ ადგილის დამკვიდრება. სიყვარული ყველაფრის მძლეველი ძალაა. ის ადამიანის გულში ჩადებულ ეგოიზმსაც სპობს. ჭეშმარიტი სიყვარული მზად არის, მოძებნოს სამართალი, დაეხმაროს სხვას, გაუწოდოს სიყვარულის, ნუგეშის ხელი და დაეხმაროს მას ბოროტების ჭაობიდან ამოსვლაში. შენში თუ ღვთისმოსავი აზრი იქნება, რაც ვნებების მბრძანებელია, დათესილი აზრიდან დათესავ კეთილ საქციელს. თუ შენი საქციელი კეთილია, მაშინ მოიმკი კეთილ ჩვევას. კეთილი ჩვევა, რომელიც ჩვენში, სამწუხაროდ, ნაკლებად არის, მოიღებს ნაყოფს – კეთილ ხასიათს. დააკვირდით თქვენს ხასიათს – ის თქვენი ჩვევებიდან და ქცევებიდან არ მომდინარეობს?! ამიტომაც, თუ გინდა, რომ დათესილი იყოს კარგი ხასიათი, შენში უნდა იყოს გაწმენდილი ხასიათი, რომლითაც მერე მოიმკი შესანიშნავ ხვედრს. შესანიშნავი ხვედრი კი არის: განღვთობა, უფალთან დაბრუნება, სიყვარული, სიხარული, ბედნიერება, გახარება და გამრავლება. ასე რომ, დათესეთ ღვთისმოსავი აზრი და მიიღებთ ღვთისმოსავ საქციელს, რომელიც მოგცემთ ღვთისმოსავ ჩვევას; ღვთისმოსავი ჩვევა მოგცემთ ღვთისმოსავ ხასიათს, ის კი მოგცემთ ღვთისმოსავ და კეთილ ხვედრს, რაც არის გაბრწყინება, ბედნიერება, ცხონება და ყოველივე კარგი.

скачать dle 11.3