წმიდა სწავლებანი
პროსკომიდიისას (კვეთისას) მოხსენიების შესახებ
წმიდა ბასილი დიდის ეპოქაში ცხოვრობდა ერთი მადლმოსილი მღვდელი და, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ვალებში ჩავარდა. ვალი დღითიდღე იზრდებოდა, ხოლო მევალეები მღვდელს ყოველდღე კარზე ადგნენ. შეწუხებული მღვდელი იძულებული გახდა, მიემართა მეზობელი ვაჭრისთვის, რომელმაც შეისმინა რა მისი თხოვნა, ხუთასი ოქროს მონეტა მისცა მას. ამ ფულის საშუალებით მღვდელმა გადაიხადა ყველა ვალი და სანაცვლოდ ვაჭარს შეჰპირდა, რომ მოიხსენიებდა მას და ყველა მის ახლობელს პროსკომიდიაზე მთელი ცხოვრება. ვაჭარმა გათვალა, რომ მღვდელი ახალგაზრდა იყო, დიდხანს იცოცხლებდა, ხოლო ლიტურგიაზე დიდი ხნის განმავლობაში მოხსენიება მას ხელს აძლევდა და სავსებით აკმაყოფილებდა.
გაისტუმრა რა ვალები, მღვდელმა ამის შემდეგ მხოლოდ ერთი საღვთო ლიტურგიის მსახურება შეძლო, რომელზედაც მოიხსენია კიდეც თავისი კეთილისმყოფელი და მოკლე ხანში ავად გახდა, ავადმყოფობის შემდეგ კი გარდაიცვალა.
შეიტყო რა მისი სიკვდილი, ვაჭარი დამწუხრდა. დაენანა დაკარგული ფული, რადგან მხოლოდ ერთი ლიტურგია იყო აღსრულებული მღვდლის მიერ. ამას ვაჭარი აღარ მოელოდა, რომელსაც სულ სხვანაირად ჰქონდა დაანგარიშებული, რისთვისაც აჩუქა კიდეც ხუთასი ოქროს მონეტა აწ გარდაცვლილს. ვაჭარმა მიცვალებულის დედის შეწუხება დაიწყო. იგი უკანვე მოითხოვდა თავის ფულს, რადგან თვლიდა, რომ მღდელთან დადებული პირობა დაირღვა.
დედა პასუხობდა, რომ მას არა აქვს ფული, რაც ჰქონდა, დაკრძალვას მოხმარდა. მაგრამ ვაჭარი დაჟინებით მოითხოვდა ფულს და აშინებდა ქალს სასამართლოთი. შეწუხებულმა ქალმა წმიდა ბასილი დიდს მიმართა და მოუყვა მომხდარი ამბის შესახებ. მოისმინა რა ყველაფერი, წმიდანმა უთხრა: „ხვალ მე აღვასრულებ საღვთო ლიტურგიას, მოდი ჩემთან ტაძარში ვაჭართან ერთად, თან სასწორი იქონიეო. ერთ პინაზე დავდებთ სეფისკვერიდან ამოღებულ ერთ ნაწილს, რომლითაც მოხსენიებულ იქნება ვაჭარი და მისი ახლობლები. და რამდენსაც აიწონის ეს ერთი ნაწილი სეფისკვერისა, იმდენი ოქრო დადოს ვაჭარმა მეორე პინაზე და ამით გადაგიხადოს მან იმ ერთი ლიტურგიისთვის, რომელიც აღასრულა განსვენებულმა მღვდელმა“.
ქალი მივიდა ვაჭართან და გადასცა მას წმიდა ბასილი დიდის დანაბარები. ვაჭარს გაუხარდა და მეორე დილით ტაძარში წავიდა ოქროთი და სასწორით.
წმიდა ბასილი დიდმა კვეთაზე ამოიღო რა სეფისკვერიდან ერთი ნაწილი უფლის მონათა ჯანმრთელობისთვის და ხსნისთვის, დადო სასწორის ერთ თეფშზე და უბრძანა ვაჭარს, დაედო მეორე თეფშზე ოქრო და, რაც უფრო მეტ მონეტას ალაგებდა ვაჭარი პინაზე, მით მეტად მძიმე იყო სეფისკვერის ერთი პატარა ნაწილი.
იხილა რა ეს უდიდესი და საღვთო სასწაული, ვაჭარი შეშინდა, შეინანა თავისი საქციელი და შენდობა სთხოვა წმიდა ბასილი დიდს და მღვდლის დედას და მის შემდეგ აღარ მოუთხოვია თავისი ფული.
ხსნის პირობა ადამიანთა მხრიდან
„... ქრისტე იესო მოვიდა წუთისოფელში ცოდვილთა სახსნელად...“ (I ტიმ. 1,15) – ბრძანებს პავლე მოციქული. თვით უფალი იესო ქრისტეც ამასვე ამბობს სახარებაში: „... მართალთა კი არა, ცოდვათა მოსახმობად მოვედი“ (მთ. 9.13). ჩვენთვის, ცოდვილთათვის, ეს სიტყვები ნუგეშისმცემელია. მაგრამ ესენი მხოლოდ მაშინ აღსრულდებიან, როცა ჩვენ თვით ჩვენივე მხრიდან ვინებებთ ხსნას. რატომ? იმიტომ, რომ ვერავის ძალუძს ხსნა იმისი, ვისაც თვით არ სურს იგი.
შეეცადეთ იმის გადარჩენა, ვინც იხრჩობა და გადარჩენა არ სურს: თქვენ ცდილობთ, მოიხელთოთ იგი, ის კი ცდილობს, ხელიდან დაგისხლტეთ; თქვენ ისვრით მისკენ თოკს, ის კი ზედაც არ უყურებს მას...
ასევეა სულის ხსნის საქმეშიც. როგორ შეიძლება, შევიგნო სინანულის მადლმოსილება, როცა ცოდვასა ვარ დამონებული და არ გამაჩნია სხვა სიხარული, თუ არ მიწიერი, ყოფა-ცხოვრებითი. ისე ვარ ზნეობრივად ყრუ, რომ სახარებისეული სიტყვა ოდნავადაც არ მოქმედებს ჩემზე. ბრმა ვარ სულიერად და სხვათა სიკვდილის შემყურე არ ვუფიქრდები სიკვდილს. არ ვეძიებ, ჩემს სულში რა ძევს, რითი ცოცხლობს, რითია დაკავებული. ისე დავუთრგუნივარ სულიერ უძლურებას, რომ თვით დიდი დღესასწაულების ჟამსაც კი ტაძარში დგომა მიჭირს, თუმცა კი ვიცი, რომ ეკლესიაშიც ვით ანგელოზებიც შიშითა და მოწიწებით ემსახურებიან უხილავად უფლის ტრაპეზს.
როგორ შეიძლება მიხსნას ვინმემ, როცა არ ვიცი და არც მსურს ვიცოდე არანაირი მასწავლებელი და მრჩეველი სულის ხსნისა. და თუ გადავწყვეტ ასეთ კეთილ საქმეს, მაშინაც იმას ვცდილობ, ჩემებურად მოვიქცე და შემდგომ კიდეც ჩნდება ამის ნაყოფი: რისი მარხვა? რისთვის ასეთი გრძელი ღვთისმსახურება? გაჭიანურებული ლოცვა?
როგორ შეიძლება მიხსნას ვინმემ, როცა არ მსურს ვაღიარო ჩემი ცოდვები ისე ვარ, როგორც ჩვილი, ჭირვეული, უჭკუო თავისებური. დიდებისმოყვარე ვარ, უნაყოფო, ცბიერი, და იმავდროულად მიმაჩნია, რომ ჩემი მსგავსი არავინ არის.
ძმებო, ხსნა ჩვენზეა დამოკიდებული. და, თუ ღვთის სიტყვას ადამიანი სინანულამდე ვერ მიჰყავს, ამაში მხოლოდ ადამიანია დამნაშავე. ღმერთი იძულებით არავის აცხონებს.
უფალი გამუდმებით ჩვენი გულის კართან დგას და აკაკუნებს, და, ვინც ამ კაკუნის ხმას გაიგონებს და გულს გაუღებს, უფალი სწორედ მის გულში ჩამყუდროვდება სამარადისოდ. ამინ!