რატომ აღიქვამენ პრორუსულად და ანტირუსულად განწყობილი ქართველები ქართველი სპორტსმენის მიერ რუსი მეტოქის დამარცხებას განსხვავებულად
ოლიმპიადაც გასრულდა და ჩვენთვის არც თუ ურიგო შედეგებით, თუმცა ვერც ამ სპორტული ღონისძიებების დროს გამოვავლინეთ ერთობა. კერძოდ, ჩვენი თანამემამულეების ნაწილმა ჩვენს ფალავანს დამარცხებული რუსი ფალავნისთვის საქართველოს დროშის ჩვენება დაუწუნა (რა საკადრისი იყოო), თუმცა გამარჯვების არსიც ისაა, შენი ქვეყნის დროშას რომ ყველაზე მაღლა ასწევენ. მეორე მხრივ, ცხადზე უცხადესია, რომ მოქმედი ოკუპანტის სპორტის ძალისმიერ სახეობაში დამარცხება იმის დასტურია, რომ თანაბარ პირობებში ის ვერ მერევა, მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრძოლის ველზე ჩემზე მრავალრიცხოვანია, რაც ობიექტური ფაქტორია. ამდენად, გადამეტებული სიხარული ერთობ ადეკვატური რეაქციაა. მეტიც, არა მხოლოდ მოქმედი, ყოფილი ოკუპანტების ბეჭებზე გაკვრაც არანაკლებ სასიამოვნოა. არის თუ არა სპორტი დაცლილი პოლიტიკისგან და არის თუ არა ბუნებრივი განსაკუთრებული სიხარულის გამომჟღავნება, როდესაც ტატამზე შენი სპორტსმენი შენი ქვეყნის დამპყრობლისა და ამაოხრებლის წარმომადგენელს ამარცხებს, – ამ საკითხზე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიმიტრი ნადირაშვილი გვესაუბრება.
– შეიძლება, ითქვას, რომ სპორტი ცალკეა და მას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს?
– ოლიმპიადა მოდის ძველი საბერძნეთიდან და ელინელები ამ ასპარეზობაში რთავდნენ მთელ მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროს. ელინელებს ახასიათებდათ კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობა, თუმცა თავად ნაციონალურად იყვნენ ჩაკეტილები საკუთარ თავში და მიაჩნდათ, რომ ცივილიზაციის გამტანები იყვნენ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებსაც დაიპყრობდნენ და ამას მიიჩნევდნენ დიდ სიკეთედ. მათი მსოფლმხედველობაა, რომ ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია, რაც კრიტიკულადაა დღეს შეფასებული. ელინელებისთვის ოლიმპიადები იყო კოსმოპოლიტიზმისა და ნაციონალიზმის სინთეზი. კოსმოპოლიტური იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოს მოიცავდნენ და ნაციონალური იმიტომ, რომ ელინელების ზეობა იყო. ოლიმპიადა მაშინაც არაცნობიერად წარმოადგენდა ბერძნების მიერ საკუთარი ნაციონალობის დემონსტრირების საშუალებას. შემდეგ ოლიმპიური შეჯიბრება გახდა საჩვენებელი და სანახაობრივი, რასაც მთელი სამყარო უყურებს. ასეთი შეჯიბრებისას თითოეული ქვეყანა თავის იდეოლოგიას ამკვიდრებს და თავის უპირატესობას აქცევს ყურადღებას. ოლიმპიადა იქცა იდეოლოგიისა და გარკვეული განწყობების ასპარეზად და ამას, ალბათ, ვეღარასდროს შევცვლით. ეს იქნება ბრძოლა, როდესაც თითოეული ათლეტის უკან დგას სახელმწიფო და მისი იდეოლოგია. საქართველო, ამ თვალსაზრისით, არ არის გამონაკლისი. შესაბამისად, თუ მეტოქეები არიან ქართველი და რუსი, ეს ვერ იქნება მხოლოდ ამ ათლეტების დაპირისპირება, რადგან ადამიანი სოციალური არსებაა. სრულიად სხვადასხვანაირად აღიქმება ეს ბრძოლა ქართველისთვის და სხვა ქვეყნის წარმომადგენლისთვის. ის ვერ ხედავს იმას, რასაც ხედავს ქართველი ამ დაპირისპირებაში, ამიტომ ძალიან სუბიექტურია ასეთი ურთიერთობა.
– ერთია, რომ უცხო თვალისთვის ეს ჩვეულებრივი ორთაბრძოლა, სანახაობაა და ვერ ხედავს ემოციურ მუხტსა და იმ ტრაგედიას, რაც ამის უკან დგას, მაგრამ მეორე მხრივ, ქართველების ნაწილი უკიჟინებდა მეორე ნაწილს, რომ შავდათუაშვილის ჟესტი, დროშაზე მითითება, სამარცხვინო ქმედება იყო. ასეთების მოტივი რა არის? პოლიტიკური ორიენტაცია?
– რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ის ორთაბრძოლა, რომელიც შავდათუაშვილსა და რუს სპორტსმენს შორის გაიმართა, შეიძლება, დახასიათდეს ორი პარამეტრით: ვინ როგორ უყურებს რუსს. რუსების მიმართ სიმპათიის მქონე ადამიანები და რუსეთის მიმართ ანტიპათიით განწყობილი ადამიანები სულ სხვადასხვანაირად დაინახავენ ამ სცენას. რეალობაზე პროეცირდება სხვადასხვა განწყობა, ამიტომ ისინი, რომელთათვისაც რუსეთი არის მტერი და ოკუპანტი, ამაში დაინახავენ და მათ შორის, მეც ასე ვუყურებ ამ სიტუაციას, რომ ეს არის მცირერიცხოვანი ერის კეთილშობილური ქცევა, რომელიც ამ სპორტსმენის სახით ავლენს საკუთარ სიძლიერეს.
– მეც ასე აღვიქვი.
– ამ მხრივ, თანამოაზრეები ვართ… და დავინახავთ დაჩაგრული, ვერაგულად მოტყუებული ჩვენი სამშობლოს გამარჯვებას, იმედსა და პერსპექტივას და ეს გამარჯვება არის არა მარტო ამ ორ ათლეტს შორის გამარჯვება, არამედ სამომავლო გამარჯვებების პრელუდია. ეს მნიშვნელოვანი სოციალური ასპექტია, რომელიც ერს აძლევს გამარჯვების იმედს. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებით პოლიტიკურ ურთიერთობაში არაფერი იცვლება, მაგრამ ადამიანები არა მარტო გულს იფხანენ ამ დროს, არამედ განეწყობიან ბრძოლისთვის.
– ცხადია, თუ ტატამზე წააქციე, ბრძოლის ველზეც შეიძლება, წააქციო.
– დიახ… ისინი კი, რომლებიც რუსების მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილები, უნდათ საბჭოთა კავშირის აღდგენა, რუსეთის სივრცეში დაბრუნება, რადიკალურად განსხვავებულად აღიქვამენ ამ ქცევას. მათთვის ეს იქნება ქცევა, რომელსაც ისინი დაახასიათებენ, როგორც არაინტელექტუალურს, ამორალურს, რომ სპორტი უნდა გაიყოს პოლიტიკისგან, რომ აქ არ უნდა ჩაერთოს ის განცდები და ემოციები, რაც სპორტსმენს უჩნდება და თუ უჩნდება, ეს სამარცხვინოა. ანუ ნეგატიური შინაარსი მიეცემა ასეთ ქცევას და მხოლოდ იმის გამო, რომ მაყურებელი პოზიტიურადაა განწყობილი რუსეთის მიმართ და მისი ეს აღქმა პროეცირდება ამ ასპარეზობაზე. აღქმა ძალიან სუბიექტურია და აღმქმელი საკუთარი ხედვის პროექციას ახდენს მომხდარში. ანუ ერთი და იგივე რეალობა ორი განსხვავებული განწყობის მქონე ადამიანისთვის განსხვავებულია. ამ ერთი და იმავე ამბის მოყოლისას ისინი სრულიად სხვადასხვა რამეს შეამჩნევენ და მიაქცევენ ყურადღებას, ზოგჯერ კი დაამატებენ კიდეც.
– ერთ ახალგაზრდა კაცს დაუწერია, ყელამდე ნეხვში ვართო და არც კი მიაქცია ყურადღება, რომ ამით საკუთარი განწყობა გამოხატა, საკუთარი თავი სად ჰგონია. ყველაზე მძიმე გულგატეხილობის ფანტაზიაშიც კი არ გამახსენდება ნეხვი.
– ადამიანებს საკუთარი პროექციები ამოაქვთ. ეს მათი პირადი პროექციაა შემოტანილი რეალობაში. პარადოქსული სიტუაცია იქმნება, იმიტომ რომ, რთული დასაჭერია, მართლაც რა ხდება რეალობაში, იმდენად ძნელად დასანახავია სტერილური რეალობა. ანუ რეალობა, ფაქტობრივად, დიდი პროცენტით, იქმნება დამნახავის მიერ და სრულიად სხვადასხვანაირადაა გაგებული ვითარება, იმისდა მიხედვით, თუ რა განწყობით უყურებს მას ესა თუ ის ადამიანი. ამ მხრივ, განწყობის თეორიაში პირდაპირ არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც ეხება ფიქსირებულ განწყობებს.
– შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ საქართველოში შეიქმნა უზნაძის განწყობის თეორია. ჩვენზე განწყობები ძალიან მოქმედებს.
– მამაჩემის, შოთა ნადირაშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილია სოციალურ-ფსიქოლოგიური კანონზომიერებები, რის მიხედვითაც ადამიანები მზა განწყობებით მოქმედებენ სხვადასხვა ვითარებაში. ეს განწყობები კი ადამიანს, თავისი პირადი ნების გვერდის ავლით, გარკვეული მიმართულებით მიმართავს. ამ განწყობების მიხედვით ადამიანი მოიქცევა ისე, როგორი კანონზომიერებაც არსებობს. და ასეთი კანონზომიერებები ძალიან საინტერესოა: მაგალითად, თუ ერთი ადამიანი მეორისადმი სიმპათიითაა განწყობილი, ეს იწვევს იმას, რომ მეორემაც სიმპათიით აღიქვას ეს ადამიანი. ამის საპირისპიროა, რომ, თუ ერთი ადამიანი ნეგატიურად განიხილავს მეორე ადამიანს, ეს იწვევს, რომ მეორე ადამიანმაც ნეგატიურად განიხილოს პირველი. არის კანონზომიერება ორი ადამიანი და მესამე ადამიანი ან ორი ადამიანი და მოვლენა. აქაც საინტერესო კანონზომიერებებია აღმოჩენილი განწყობის თეორიის სახით. გამრავლების მათემატიკურ წესს ემთხვევა ეს სოციალური კანონზომიერებები: პლუსი გამრავლებული პლუსზე იძლევა პლუსს, მინუსი გამრავლებული მინუსზე იძლევა პლუსს და მინუსი გამრავლებული პლუსზე იძლევა მინუსს. ანუ ჩემი მეგობრის (პლუსი) მეგობარი (პლუსი) ჩემი მეგობარია (პლუსი); ჩემი მტრის (მინუსი) მეგობარი (პლუსი), ჩემი მტერია (მინუსი); ჩემი მტრის (მინუსი) მტერი (მინუსი) ჩემი მეგობარია (პლუსი). უცნაურია, მაგრამ არსებობს ასეთი დისპოზიციური განწყობები, რომლებიც ფიქსირებულია, მყარია და თუ რამე სხვა ნებელობითი პროცესი არ ჩაერია მასში, ის განაპირობებს გარკვეულ მიმართებებს. სოციალური კანონზომიერებები, რაც ჩამოვთვალე, ემსგავსება ფიზიკურ კანონზომიერებებს: თუ გავახურებთ ლითონს, ის გადიდდება მოცულობაში, თუ გავყინავთ, მისი მოცულობა შემცირდება. ეს განწყობის თეორიის დიდი აღმოჩენაა, რომელიც მყარად მოქმედებს სოციალურ სფეროში და განაპირობებს გარკვეულ ქცევებს, რაც თითქოსდა წინასწარ დაპროგრამებულია და, თუ ადამიანი არ იყენებს თავის ნებელობას და არ ცდილობს, გააცნობიეროს მომხდარი, შეიძლება, აღმოჩნდეს ვითარებაში, როდესაც მისგან დამოუკიდებლად იქმნება გარკვეული ვითარებები მასსა და გარემოს შორის. ხშირად ადამიანები ინერციით იღებენ მონაწილეობას ამ ურთიერთობებში და იღებენ დაპროგრამებულ შედეგს. ძალიან ადვილია ასეთი ადამიანების ემოციებზე, მათ კონფლიქტებზე თამაში, რადგან ამ კანონზომიერებების მცოდნეებმა იციან, როგორ წამოაგონ ანკესზე ესა თუ ის ადამიანი.
– ისევ ორთაბრძოლებს რომ დავუბრუნდეთ: მე განსაკუთრებით გამიხარდა მოქმედი და ყოფილი ოკუპანტების დამარცხება. სხვათა შორის, ამერიკელისთვისაც რომ მოეგო, არ იქნებოდა ურიგო, მისი ფრთის ქვეშ ვართ და ეს ცოტა წელში გამართვის საშუალებას მოგვცემდა.
– არის ორთაბრძოლები, რომელთა მიმართ განსაკუთრებული ემოციები გვაქვს.
– ორთაბრძოლები, რომლებიც მოითხოვს ფიზიკურ ძალას.
– დიახ. არა მარტო ქართველისთვის, ზოგადად, კონფლიქტის მხარესთან ან მეზობელთან გამარჯვება ძალიან მძაფრად განიცდება. მაგალითად, ბალტიისპირელები და რუსები, მეორე მსოფლიო ომის დროს – ფრანგების, ჰოლანდიელებისა და გერმანელების ურთიერთობა, რაც დღესაც არ არის ემოციას მოკლებული; იგივე ითქმის აშშ-სა და ლათინურ ამერიკელებს შორის დამოკიდებულებაზე, როდესაც ლათინურ ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ამერიკა არის ექსპლუატატორი, მათ ჩაგრავს, მათ რესურსებს იყენებს, ამიტომ მათდამი ნეგატიური დამოკიდებულებაა მუდმივად; იგივე ითქმის ინგლისსა და ირლანდიაზე, რუსეთსა და უკრაინაზე, რუსეთსა და საქართველოზე და ასეთივე დამოკიდებულებაა მეზობლებს შორისაც.
– ერევნის „არარატისა“ და თბილისის „დინამოს“ ქიშპობა ლეგენდად იქცეს ლამისაა.
– იგივენაირია ჰოლანდიისა და გერმანიის დაპირისპირება, ფრანგებისა და გერმანელების დაპირისპირება ფეხბურთში და ძალიან დიდი ემოციით ელიან ახალ ასპარეზობებს, იმიტომ რომ, დატვირთულია ამ ემოციებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები ამძაფრებს სოციალურ მოვლენებს და ოლიმპიადა სწორედ ასეთი სოციალური მოვლენაა, რომელიც არა მარტო პიროვნებებს შორის, არამედ ქვენებს შორის დაპირისპირებაა და შემდეგ ეს ქვეყნები ამაყობენ და ამპარტავნებენ ამ მედლებით. ხშირად არაოფიციალურია ასეთი დაპირისპირება, მაგრამ მედლებს ყველა ითვლის და ვინ რომელ ადგილზე გავიდა. წელს პირველ ადგილზე გავიდა ამერიკა, რუსეთი – მეოთხეზე, ინგლისი მეორეზე, მესამეზე კი – ჩინეთი. საქართველო 38-ე ადგილზეა და ესეც რაღაცას ამბობს. საქართველო 202 ქვეყანას შორის უამრავი პარამეტრით იქნება ბევრად უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 38-ე ადგილია და, ამდენად, 202 ქვეყანას შორის ოლიმპიადაზე 38-ე ადგილის დაკავება ძალიან დიდ წარმატებად აღიქმება და ეს არის რაღაც ეროვნული თავისებურების გამოხატულება.
– პირველ მეხუთედშია.
– უამრავი ქვეყანა, მათ შორის, 80-მილიონიანი თურქეთი ჩვენ უკანაა. ამაშიც არის ქართული სპეციფიკა. ჩვენ არ გვყავს წარმომადგენელი სპორტის უამრავ სახეობაში, მაგრამ გვაქვს სპორტის სახეობები, ჭიდაობა და ახლა აღმოჩნდა, ძალოსნობა, რომლებშიც გვაქვს ოქროს მედლები, ანუ უძლიერესები ვართ მთელ პლანეტაზე. ეს ჩვენი ერთგვარი გენეტიკური, სოციალური მახასიათებელია და ძალიან მნიშვნელოვანი.
– ირანელს აჯობა ჩვენმა ძალოსანმა და სოციალურ მედიაში გამოჩნდა ირანული ანიმაცია, რომ თითქოსდა ქართველ ძალოსანს ყველა დაეხმარა და ამიტომ წააგო ირანელმა, არადა როგორ დაეხმარებოდა ვინმე შტანგის აწევაში.
– უამრავი ქვეყანაა, რომელსაც ბევრი მედალი აქვს, მაგრამ, ძირითადად, ბრინჯაო და ვერცხლი და არცერთ სახეობაში არ ჰყავთ ჩემპიონი. საქართველო იმითაც გამოირჩევა, რომ ჩვენ გვყავს ჩემპიონები, თუმცა მედლების საერთო რაოდენობა მცირეა. ოღონდ გვაქვს ოქროს მედლები და სპორტის რაღაც სახეობებში ვართ პირველები. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხასიათისთვის. ჩვენ შემდეგაა აზერბაიჯანი, რომელმაც ორჯერ მეტი მედალი აიღო, მაგრამ მათ შორის არ არის ოქრო. მათ არ ჰყავთ ჩემპიონები. აი, ეს ჩემპიონობა და პიროვნულად გამორჩეულობაა დამახასიათებელი ქართული სპორტისთვის, რაც იმას მიანიშნებს, რომ ორიენტაცია უნდა ავიღოთ და მხარი დავუჭიროთ სპორტის იმ სახეობებს, რომლებიც ჩვენთვისაა დამახასიათებელი, რომლებშიც წარმატებულები და ჩემპიონები ვართ. მაგალითად, ჭიდაობა და ცურვა ერთნაირად არ უნდა ფინანსდებოდეს. პრიორიტეტები უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს.