„ნაციონალური“ ლოკომოტივი
ანუ კანონი ეს მე ვარ!
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ მოვლენები, ჩვეულებისამებრ, უცნაურად და საინტერესოდ ვითარდება (თვით იმის ჩათვლითაც, რომ ვერ გაარკვევ ხეირიანად, რომლის ყოფილი რომლის პარტიაშია) ამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოში, ყველაზე ეგზოტიკური მაინც სანდრა ელისაბედ რულოვსის „ნაციონალთა“ ლოკომოტივად ქცევის ფაქტია (ჩემი მოკრძალებული აზრით).
მეტიც, არანაკლებ ეგზოტიკურია მისი დაპირებები (პათოსით: ჩემი სული საქართველოს ეკუთვნისო). სახელდობრ, თუკი ამას წინათ მოგვახსენებდა, რომ ძალადობის არგანმეორების გარანტი მიშას თვალები იყო (ზუსტად ასე ბრძანა: მე მიშას ჩავხედე თვალებშიო), სავარაუდოდ, იმ მიზეზით, რომ იმ თვალების მიმნდობთა რაოდენობა, მაინცდამაინც, დიდი არ აღმოჩნდა, აწ უკვე დასძინა, რომ გარანტი თავადაა.
მოვიხმობ ციტატას: „იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, მე თვითონ ვარ, რომ შევედი პოლიტიკაში (ანუ აქამომდე გამოსული იყო?!)“ და დაამატა შემდეგი: ჩვენ ისეთი გუნდი გვყავს, რომელიც მეორედ ასეთ შეცდომას არ დაუშვებსო.
მართალია, ერთობ უცნაურია, აღიარებდე ძალადობას, თუმცა რაღა აღიარება უნდა, და განა სასჯელს, ძალაუფლებას ითხოვდე მეორედ, სავარაუდო მოტივით: აღარ გავიმეორებ, რაკი უკვე დავაგემოვნეო.
მოკლედ, ასეა თუ ისე, თუ გავიხსენებთ, რომ ძალადობის ჩადენის პერიოდში ქ-ნი რულოვსი პირველი ქალბატონი გახლდათ, ეჭვი ჩნდება, რომ აქამომდე ძალადობის გარანტი იყო, აწ კი არძალადობისა იქნება?! –