ვინ მოითხოვდა ვანიკო თარხნიშვილისგან მორჩილებას და რა მიზეზით მოუხდა მას ერთი თვის შვილის გაცნობა
თუმანიშვილის თეატრის მსახიობი, შოუმენი, ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ სოლისტი, ვანიკო თარხნიშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეა. პოპულარობასთან ერთად, სულ უფრო იმატებს ინტერესი მისი ცხოვრებისადმი, რაზეც ღიად მის ოჯახში საუბარი არ უყვართ. თუმცა, ვანიკოს დედა, ქალბატონი ქეთევან სიხარულიძე ჟურნალ „თბილისელებს“ ოჯახურ ბედნიერებასა და საზოგადოებისთვის უცნობ, სხვა თემებზეც ესაუბრა. ძალიან თბილი და გულღია რესპონდენტია და გულწრფელად ამბობს, რომ ვანიკოს კაშკაშა ვარსკვლავად წარმოდგენაზე არა თუ უფიქრია, მსგავსი რამ არც არასდროს წარმოედგინა. უკვე დიდი ხანია, ვანიკო სოფო გელავასთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრობს. წყვილს ორი წლის დამიანე ჰყავს და ერთად ტკბებიან ბოჰემური ცხოვრებით.
ქეთევან სიხარულიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფოლკლორისტიკის კათედრის ხელმძღვანელი): ჩემს ოჯახში ხუთი სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი დოქტორი იყო. ქალბატონი ქსენია სიხარულიძე – დედაჩემი, ფაქტობრივად, ფოლკლორისტიკის კათედრის დამაარსებელი გახლდათ. ამდენად, განათლებისკენ სწრაფვა, თავისთავად შემოვიდა ჩემში. უნივერსიტეტში სწავლისას, ბოლო კურსზე გავთხოვდი. ფეხმძიმედ ვიყავი, დიპლომი რომ დავიცავი. დედაჩემი მალე გარდაიცვალა და ობოლს, ძალიან დამეხმარა დედამთილი. გულწრფელად გეტყვით, ბედი მქონია ბევრ რამეში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის კარგი დედამთილი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარმატებული ქალი ვყოფილიყავი. კარგად ვიცი სწავლის ფასი და მინდოდა, ჩემი სამივე შვილი განათლებას ზიარებოდა – ეს ნამდვილად გამოუვიდათ. სამი შვილი მყავს, აქედან უფროსი შვილი – შოთა განათლებით იურისტია; თათია უნივერსიტეტში მოღვაწეობს, კლასიკური ფილოლოგიის ერთგული დარჩა. მესამე, ნაბოლარა, ვანიკოა, რომელმაც მსახიობობა გადაწყვიტა და ყველაზე ცნობილი ისაა (იცინის).
– ტრადიციული და აკადემიური ოჯახი როგორ შეხვდა ვანიკოს გადაწყვეტილებას მსახიობობასთან დაკავშირებით. კიდევ ვინმე ხომ არ გყავდათ ოჯახში თეატრალური განათლებით?
– ვანიკოს პროფესიას თავიდან არასერიოზულადაც კი ვუყურებდით ოჯახში. მაგრამ, ვფიქრობ, დრომ ამ არჩევნის სისწორე ნამდვილად გვიჩვენა. ყველაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა უფროს ძმას, იურისტს. ეუბნებოდა, შენი შვილები რომ საჭმელს მოგთხოვენ, სცენაზე მონიჭებულ გვირგვინს ხომ არ დაანახვებო. მსახიობი არავინ გვყოლია. ფაქტობრივად, ვანოა პირველი ამ მხრივ, ჩვენს ოჯახში და სანათესაოში. ოჯახში არსებული პროფესიებიდან ყველაზე რთული ვანიკოს სფეროა და ამაში, ალბათ, დანარჩენებიც დამეთანხმებიან. ერთხელ, მონოსპექტაკლი წაიღო ქეთი დოლიძემ ედინბურგში. გვერდით დაიყენა ვანო, მიუხედავად იმისა, რომ იმავე ჯგუფში, მისი შვილი თორნიკე ბზიავაც იყო. ვანო ასრულებდა შვილის სულის როლს. ეს როლი განსაკუთრებით რთული იყო, რადგან უსიტყვოდ, პლასტიკით უნდა გამოეხატა ყველაფერი. ვანიკო ამბობდა ხოლმე, ერთი დაღმუილება ყველაფერს მერჩიაო. ძალიან ეფექტური სპექტაკლი გამოდგა. ლონდონის თეატრშიც გაიტანეს და ასე აღმოჩნდა ვანიკო დიდ სცენაზე.
– ბევრმა არ იცის, რომ ვანიკო თარხნიშვილს მასზე არანაკლებ წარმატებული და-ძმა ჰყავს. ახლა, როცა წლებმა დაამტკიცა ვანიკო კარგ მსახიობად, რას ამბობენ? როგორც ვიცი, სამივეს საკუთარი ოჯახი აქვს და თქვენთან რომელი შვილი ცხოვრობს?
– რა თქმა უნდა, უხარიათ ძმის კარგი ამბები. სამივე შვილი დაოჯახებულია. ბოლო წლებში ძალიან გამახარეს შვილებმა, სამივესგან ახალი თაობა მივიღე. ქალის არსებობის გამართლება ოჯახი და შვილებია. მითოლოგიაში რომ ვმუშაობ, ესეც მოქმედებს ჩემზე. განსაკუთრებით ძველი ხალხების წარმოდგენაში, სწორედ შთამომავლობის გამრავლებით ფასდებოდა ქალი და ქალღმერთის სახეც განპირობებული იყო ნაყოფიერების ფუნქციით. არ დავიწყებ ჩემი შვილების ქებას და გაიდეალებას, მაგრამ, იმის თქმა თამამად შემიძლია, რომ წესიერი ადამიანები არიან. როცა მე არ ვიქნები, ზუსტად ვიცი, არცერთი მათგანი ერთმანეთს მარტოობას არ აგრძნობინებს. სამივე შვილი თანაბრად განებივრებული მყავდა და თუ ვიმსჯელებთ, რომელი უფრო ცელქი იყო, გეტყვით, რომ ვანიკო (იცინის). არ ჩხუბობდნენ ბავშვობაში, მაგრამ უფროს შვილს ჰქონდა და-ძმას შორის უფროსობის მოთხოვნილება – მათგან მორჩილებას ითხოვდა. როგორც წესი, ვანო ყოველთვის ახერხებდა თავის დაღწევას და იჩაგრებოდა თათია. ჩემი მეუღლე არასდროს გამოხატავდა მკვეთრ დამოკიდებულებას შვილების შეცდომებისადმი, მე უფრო გურულად მოკაკანე ვიყავი (იცინის). ვანოს დაბადება ოჯახში მოულოდნელი იყო. სიმართლე რომ ვთქვა, არც ველოდით (იცინის). თათია ცხოვრობს ჩვენთან ერთად, ბიჭები კი – დამოუკიდებლად. ვანიკო დაოჯახებამდეც დამოუკიდებლად ცხოვრობდა. მსახიობებს, მაინც, ბოჰემური ცხოვრება აქვთ და, როგორც ჩანს, არ უნდოდა, ეს ყველაფერი ბოლომდე მშობლებისთვის ენახვებინა. კვირას არის ჩვენს ოჯახში ტრადიცია, როცა ყველა ერთად ვიკრიბებით.
– ხშირად, ვანოს, როგორც მსახიობს, უწევს ქალის როლს მოერგოს, ითამაშოს ინტიმური სცენები, თქვას უწმაწური სიტყვები. ამას უფროსი ძმა და მამა, გამომდინარე თქვენი ოჯახური ტრადიციებიდან, ხომ არ აპროტესტებენ?
– ქალის ტანსაცმლით იყო სერიალში „ბიჭები და გოგოები“, შემდეგ კი „ჩიფსების თაობაში“, სადაც ბებიამისის სრული განსახიერებაა. ფილმი გადაიღეს ნარკომანებზე, სადაც მღერის და უწმაწური სიტყვებიც ისმის. ძალიან მკვეთრი რეაქცია მქონდა, გავბრაზდი. რა ვქნა, რა მეთქვა, დედაჩემს არ მოეწონება და ვერ გავაკეთებო? – ღიმილით მომიგო და, რა თქმა უნდა, მართალია. ვანიკოს არ უყვარს, როცა პრემიერას ვესწრები. ყველაზე ჩასაფრებული კრიტიკოსი მე ვარ მისთვის. მაგრამ, დედის უფლებით მოვითხოვ, რომ ყველა პრემიერაზე ვიყო და თავადაც იძულებულია, დამემორჩილოს (იცინის). ტელევიზიაში რომ გამოდის, ენობრივ შენიშვნებს ვაძლევ და „ფილოლოგოო“, – ამბობს. „ნიჭიერის“ სცენაზე ბევრი უცნაური რამ გააკეთა, რასაც მეც კი არ ველოდი, გაოცებული დავრჩი. ერთხელ „ნიჭიერს“ ვუყურებ და გამოვიდა მექსიკური ცეკვის შემსრულებელი. ჟიურიმ ჰკითხა, მარტო რატომ ხარო და არ გამომყვა ჩემი მეწყვილეო. ამ დროს კულისებიდან გამოვიდა ვანო და ერთად იცეკვეს (იცინის). სახლში რომ მოვიდა, ვკითხე, ეს ცეკვა როდის იცოდი-მეთქი და ახლაც არ ვიციო.
– თქვენზე ამბობენ, უწყინარი დედამთილიაო... ვანოს და სოფოს ურთიერთობა როდის გაიგეთ?
– მე თავად მაქვს გავლილი დიდი სკოლა ჩემს დედამთილთან და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ცუდი დედამთილი არ ვარ (იცინის). საკმაოდ ადრე გამოჩნდა სოფო ვანოს გვერდით, ხანდახან სახლშიც მოდიოდა ჩვენთან. ამბობდნენ, მეგობრები ვართო, მაგრამ ვხვდებოდი, ეს არ იყო უბრალო მეგობრობა. მე, საერთოდ, არაფერი მიკითხავს მათთვის, თუ რა ერქვა მათ ურთიერთობას. შემდეგ, უბრალოდ, ფაქტის წინაშე დამაყენეს. დაოჯახების პერიოდში, უკვე გადაწყვეტილი ამბავი გამაგებინეს, მაგრამ ძალიან მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის. აი, რაც შეეხება უფროს შვილს, ყველაფერი ტრადიციისამებრ მოხდა. ჯერ გაგვაცნო თავისი რჩეული. ჩვენც დავმწკრივდით და დასანიშნად წავედით, შემდეგ კი მოვიყვანეთ. ვანიკოს და სოფოს დიდი ხანი გაუგრძელდათ შეყვარებულობა, ორი წელი მაინც. უცბად გამომიცხადა, ჩემი ცოლიაო. ჯვრისწერაც კი არ ჰქონიათ. თანამედროვე და შეხმატკბილებული ცოლ-ქმარია. ორი უკიდურესობა მქონდა ოჯახში: ტრადიციული – უფროსი ვაჟი და ბოჰემური პიროვნება – ვანიკო (იცინის). ვანოს პიროვნებიდან გამომდინარე, დიდად არ გაგვკვირვებია მისი დაოჯახების ამბავი, რადგან ტრადიციული არასოდეს ყოფილა. ჩემმა უფროსმა შვილმა ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ ვანო და სოფო დაქორწინდნენ. სოფო მშვიდი და კარგი გოგოა.
– როგორც ვიცი, ვანიკო პატარა დამიანეს დაბადებას არ დასწრებია და სოფოს ქმრის გარეშე მოუხდა ბავშვის გაჩენა... ხშირად უწევს ვანიკოს ოჯახთან განშორება?
– ერთი თვის ბავშვი ნახა. გასტროლებზე იყო წასული. ვანიკო რომ გაფრინდა, მეორე დღეს დაიბადა დამიანე. ბავშვს სახელი სოფომ დაარქვა. მე კი დადუს ვეძახი. სოფო არ მუშაობს და თავად ზრდის ბავშვს. კარგი და ყურადღებიანი დედაა, დედამისიც ეხმარება. მე, სამწუხაროდ, დიდ მონაწილეობას ვერ ვიღებ დამიანეს აღზრდაში და დიდი გარჯაც მომიწია მასთან დასაახლოებლად. ვანიკო გამაოგნებლად კარგი მეუღლე და არაჩვეულებრივი მამაა. არაორდინარული ხასიათიდან გამომდინარე, არ მეგონა, ასეთი ყურადღებიანი მშობელი თუ იქნებოდა, გადაყოლილია შვილზე. სოფოს შეიძლება, როგორც მეუღლეს, აქვს თავისი პრეტენზიები ვანიკოს დაკავებულობიდან გამომდინარე. თუმცა, მე ეს არ მსმენია. ვანიკო სულის სიღრმეში რომანტიკოსია, მაგრამ არ ამჟღავნებს. ხშირად უწევს წასვლა და თუ სადმე მიდის, განსაკუთრებით დასაჩუქრებული სოფო რჩება ხოლმე.
– ხშირად უთქვამთ, ვანიკომ ხურცილავას როლით საკუთარი თავი განასახიერაო. ეს მართალია?
– ხურცილავა და ვანო ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ბევრი საერთო თვისება აქვთ. რაც შეეხება ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობას“, ჩვენი ოჯახი, როგორც თარხნიშვილები, ასევე სიხარულიძეები, ტრადიციისამებრ, მუსიკალურები ვართ. ყველანი ვმღერით ოჯახში, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვანიკო სცენაზე დადგებოდა და იმღერებდა (იცინის).