კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა მსახიობებმა დატოვეს „ჩემი ცოლის დაქალები“ პოლიტიკური შეხედულებების გამო და რა შემთხვევაში შეიძლება, შეფერხდეს სერიალის ახალი სეზონი

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ პარალელურად, მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა „ფორმულა კრეატივმა“ ახალი სერიალი – „ხელოვნური სუნთქვა“ დაიწყო, რომელიც წინამორბედის მსგავსად, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ დასასრულზე მიუთითებდა, მაგრამ ამ სერიალის გულშემტკივართა სასიხარულოდ, ასე არ აღმოჩნდა. ანონსის მიხედვით, ორივე სერიალი 14 სექტემბრიდან ახალი სეზონებით დაუბრუნდება მაყურებელს. მანამდე კი, სერიალების შიდა სამზარეულოს შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს პროდიუსერ ირაკლი საღინაძისგან გაიგებთ.

 – უკვე ბევრი სეზონია, „ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერშია. ახლა ახალი სერიალი „ხელოვნური სუნთქვაც“ დაიწყეთ, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ შეიძლებოდა ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონი ყოფილიყო...
– სიმართლე გითხრათ, მსგავსი კითხვის ნიშანი ჩვენთვისაც ყველა სეზონის წინ არსებობს. იდეაში „ჩემი ცოლის დაქალები“ სამი სეზონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეიტინგიდან გამომდინარე, მისი დახურვის უფლებას არც „რუსთავი-2“ მოგვცემდა და არც მაყურებელი გვაპატიებდა. ჯერჯერობით რეიტინგი გვაქვს, ჩვენი არსებობა კი ამის პირდაპირპროპორციულია. პროცესი ძალიან გართულდა, რადგან ძალიან ბევრ თემას შევეხეთ და ამას დაემატა „ხელოვნური სუნთქვაც“, მაგრამ მუშაობას მაინც ვაგრძელებთ.
– და 14 სექტემბრიდან ორივე სერიალის ახალ სეზონს იწყებთ.
– ჩვენი დიდი სურვილია, რომ ასე მოხდეს და არხთან შეთანხმებაც ასეთია. თუ სასწაული არ მოხდა, ასე იქნება. თუმცა, კარგად იცით, „რუსთავი 2-ის“ მიმართ რა პოლიტიკაც ხორციელდება და როგორ სიტუაციაშიც ვართ. ასე რომ, თუ მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნა, 14-ში ეთერში ვიქნებით. „რუსთავი 2-ისადმი“ დამოკიდებულება, ზოგადად, ბევრი შეფერხების მიზეზი გამხდარა. კრიზისის პერიოდში ყველაფერი პარალიზებული იყო. წარმოიდგინეთ, ლოჯისტიკისა და დაფინანსების დონეზე გვქონდა შეფერხება. სპონსორები ეჭვის თვალით გიყურებენ. ვინც ჩვენთან ფულს დებდა, ვეღარ ხედავს სტაბილურ გარემოს. ათმაგი ძალისხმევა გვჭირდებოდა, მათი ჩვენს პროფესიონალიზმში დასარწმუნებლად.
– სხვა არხისგან არ გქონიათ მაცდუნებელი შემოთავაზება?
– როგორ არა, მაგრამ „რუსთავი 2-ის“ მთელი ხიბლი ისაა, რომ შეუზღუდავი შემოქმედებითი თავისუფლება გვაქვს. მე უშუალოდ „რუსთავი 2-ელი“ არ ვარ, მაგრამ იმდენად მაღალ კომფორტს მთავაზობენ აქ, რომ გულწრფელად, „რუსთავი 2-ელად“ მივიჩნევ თავს. ამ არხის პატრიოტი ვარ.
– სერიალში განვითარებულ მოვლენებზე მაყურებლისგან არაადეკვატური დამოკიდებულება არასდროს მიგიღიათ?
 – კი, მათი დამოკიდებულებები ძალიან ჭრელია. ჩემთვის ყველაზე დიდი არაადეკვატურობა იყო, მათი მხრიდან ბაბულიკების შეყვარება. ამით ქართველმა მაყურებელმა იმედი გამიცრუა. ჩვენ, პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ისინი უნაყოფო თაობად გამოგვეჩინა. მთავარ ბაბულიკს შვილი არ ჰყავდა და ამით იმის თქმა გვინდოდა, რომ მათ მომავალი არ გააჩნიათ და დაიღუპნენ კიდეც. ზოგჯერ რაღაცეებს ვერ იგებენ. აბსურდულია, მაგრამ დღესაც ბევრს ჯერა, რომ ნუცა ცოცხალია.
– თენგოს ბილწსიტყვაობით გამოწვეულ მაყურებლის პრეტენზიებზე როგორ რეაგირებთ?
– გაოცებული ვარ, თენგოს ბილწსიტყვაობა რატომ უკვირთ, ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ?!  ნუ შეიგინებიან ცხოვრებაში ბევრს და ჩვენთანაც არ იქნება ამდენი გინება. ეს თვითმიზნად კი არ მაქვს.
– პოლიტიკურ პლატფორმაზეც გკითხავთ. თქვენს სერიალებში დაკავებული ბევრი მსახიობი, პარალელურად, GDS-ის სერიალებშიც იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც არჩევანი მათზე გააკეთა, რევაზ ნასიძე იყო.
– ჰო, მან უარი თქვა აქ თამაშზე და ძალით ხომ არ ვათამაშებდი?! მე პრობლემას მიქმნიდა მისი გრაფიკი და დაისვა პრიორიტეტების საკითხი. მისთვის პრიორიტეტი ის აღმოჩნდა და კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდე... მე მაქვს ჩემი პოლიტიკური შეხედულება და მსახიობების ოთხმოცი პროცენტის შეხედულებები შეიძლება, მას საერთოდ არ ემთხვევა. მაგრამ, როცა საქმეს აკეთებ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ნასიძისთვის „რუსთავი 2“ იყო პოლიტიკური პროპაგანდის მანქანა. მის პოლიტიკურ პრეფერენციებს GDS ესადაგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერში შეგვიზღუდავს.
– კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც პოლიტიკური შეხედულების გამო წავიდა, იყო დათუნა გოცირიძე.
– „რუსთავი 2-ის კრიზისის დროს, მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, აქ მისი ადგილი არ იყო. ეს მისი არჩევანია, მე არაფერში შემიზღუდავს.  
– ჯერ კიდევ არავის უთქვამს, რატომ წავიდა რეალურად ლელა მებურიშვილი სერიალიდან და რატომ მოხდა კატოს ორჯერ „ცვლილება“.
– ყველას აქვს თავისი მოთხოვნები, მოცემულობა და მიზნები, რომელიც ხანდახან ჩვენსას არ ემთხვევა და ცვლილებები ამითაა განპირობებული.
– თუმცა, მსახიობების გრაფიკს ითვალისწინებთ. როგორც ვიცი, ამ სეზონზე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ზურა ინგოროყვა (გმირი – კოტე) უნდა ყოფილიყო. მაგრამ, იმის გამო, რომ ის პარალელურად, გოგა ხაინდრავას ფილმშია დაკავებული, თქვენ სცენარი შეცვალეთ...
– კი. ვგეგმავდით, რომ კოტეს ხაზი უფრო მსუყედ ყოფილიყო სერიალში. რომ გითხრა, დაწერილი სცენარი გადავაკეთეთ-მეთქი, არა, მაგრამ იდეის კორექცია მოგვიხდა მსახიობის ინტერესებიდან გამომდინარე. მე მიყვარს ადამიანები, რომელთაც ტყუილის გარეშე უყვართ რეალური მოცემულობის თქმა და თუ მოცემულობა ჩვენც გვაწყობს, მაშინ ვთანხმდებით.  
– ხაინდრავას ფილმშიც ბევრი თქვენთან დაკავებული მსახიობი მონაწილეობს. როდესაც მათი პოლიტიკური შეხედულებები ემთხვევა იმ ფილმში გატარებულ იდეას, „ჩემი ცოლის დაქალები“ კი გადის „რუსთავი 2-ზე“, ანუ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა პლატფორმაა, ეს უხერხულობას არ გიქმნით?
– რომ გითხრათ, ძალიან მიხარია და მსიამოვნებს-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი სუბიექტური აზრიდან გამომდინარე, ეს არაა მაინცდამაინც პოზიტიური ამბავი, მაგრამ ადამიანებს არჩევნის თავისუფლება აქვთ. შეიძლება, დიდი პოლიტიკური ვნება არა, მაგრამ ფინანსური ინტერესი ამოძრავებთ, რაშიც ხელს ვერ შევუშლით, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, რომ მათ კონტრაქტით სხვა ფილმებში მონაწილეობა ავუკრძალოთ. რომ შეგვეძლოს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, მაშინ, არ მივცემდით ამის უფლებას.
– თორნიკე გოგრიჭიანთან არ იყო კითხვის ნიშნები? ის ხომ GDS-ის ერთ-ერთი წამყვანი სახეა.
– არანაირად, სამყაროს ასე არც მე ვუყურებ და არც აქ მომუშავე სხვა ადამიანები. გოგრიჭიანი ნიჭიერი მსახიობია, რომელსაც ეცალა. მისი ასაკის ბიჭებში კი ძალიან მწირი არჩევანია, მით უმეტეს, როცა საქმე მისნაირ ნიჭიერ მსახიობს ეხება. საშუალება გვქონდა, ჩვენთან ყოფილიყო და რატომ გავუშვებდით ხელიდან?! ქასთინგი ბევრმა გაიარა, მაგრამ საუკეთესო შედეგი მან დადო.
– ახალი სეზონიდან სერიალებში ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან?
– ქვეყანაში მსახიობები დამთავრდა! კვალიფიციური მსახიობების სერიოზული პრობლემა გვაქვს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, დღეს სიახლეებს ვერიდებით, რადგან ის ხარისხის დაკარგვასთან ასოცირდება, შესაბამისი მსახიობის არარსებობის გამო. მართლია, პატარა მსახიობებმა ძალიან გაამართლა, მაგრამ ოცი წლის ბიჭს ორმოცი წლის კაცს ხომ ვერ ვათამაშებთ?!
– რას უნდა ველოდოთ ახალი სეზონიდან?
–  რა თქმა უნდა, სცენარს არ მოგიყვებით (იცინის), მაგრამ მუშაობა უკვე მიდის და ძირითადი მონახაზი ცნობილია. როგორც ყოველთვის, ყველაფერი კარგი, საინტერესო და დამაინტრიგებელი კუთხით განვითარდება.

скачать dle 11.3