კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გაუგზავნა თაკო მექვაბიძემ ინგლისის დედოფალს საჩუქრად და სად ეცვათ მისი შექმნილი კაბები ნასტასია კინსკისა და მეისი გრეის

ნიჭიერმა დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ მცირე დროში შეძლო მოდის მოყვარულთა მოხიბვლა. მისი კოლექცია არავის ტოვებს გულგრილს, განსაკუთრებული მოწონება კი ბოტიჩელის ნახატებით დაპრინტულმა სამოსმა გამოიწვია; ასევე, ჩადრიანმა ქალმა, რომლის მიღმაც თამამი, ენერგიული, ფერადი და ნათელი ქალი იმალებოდა. თაკოს სამოსს ბევრი ცნობილი ადამიანი იცვამს, მათ შორის, მეისი გრეი, ნასტასია კინსკი, ალსუ და ასე შემდეგ. მის შესახებ წერენ მოდის ცნობილი გამოცემები, თუმცა თავის საქმეზე შეყვარებული თაკოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მუშაობის პროცესია და ამ ყველაფერზე თავმდაბლობითა და გულწრფელი ღიმილით საუბრობს.
თაკო მექვაბიძე: ამჟამად ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, თითქმის ნახევარი უკვე გაკეთებული მაქვს. მინდა, კარგი გამოვიდეს, თუმცა როგორი გამოვა, ამას უკვე ოქტომბერში, თბილისში „მერსედეს-ბენც ფეშენ-ვიქზე“ ნახავს საზოგადოება. ნელა-ნელა გამოვიწვრთენი და ზუსტად ვხვდები: რა იქნება წარმატებული, რა იქნება უკეთესი. თავად ძალიან მინიმალისტურად ვიცვამ,  თუმცა, როცა კოლექციას ვქმნი, ის არასდროს არის მინიმალისტური. ჩემს ფანტაზიას ვაძლევ იმის საშუალებას, რომ წავიდეს, წავიდეს და წავიდეს... მიყვარს ისეთი რაღაცის შექმნა, რომელიც აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას. ეს შეიძლება იყოს ფერით გამოწვეული, ან ფაქტურით, ნაქარგით. ეს ჩემი სტიქიაა. გიჟური რაღაცეები მიყვარს, სტილის არევაც – კლასიკური და სპორტული სტილის მიქსის გაკეთება. მივდივარ რისკზე და მაინტერესებს, როგორ მიიღებს ამას საზოგადოება. თან, გამოცდილებასაც იძენ, რომელიც შემდეგში ბევრ რამეს გასწავლის. დავუშვათ, ღამეა, ვწევარ და უცებ თავში რაღაც იდეა მომდის. ვდგები და გადამაქვს ხელსახოცებზე, რადგან სახლში უკვე აღარ მაქვს ქსოვილები – ამიკრძალეს, დაიღალა ჩემი მეუღლე,  ყველა – სახლში სამსახური აღარ გვინდაო. ხელსახოცებით ვაწყობ, ფოტოს ვუღებ, რომ მერე სამსახურში ქსოვილზე გადავიტანო.
– ძლიერი, უშიშარი, თამამი ქალი, რომელიც არ ერიდება ექსპერიმენტებს, იმავდროულად, დახვეწილი და ნაზი – ასეთია ჩემი თვალით დანახული ქალი, რომელსაც შენ ქმნი და თავად შენთვის როგორია ის?
– ჩემი ქალი ძალიან გადარეულია, ენერგიული, სავსე, ექსპერიმენტები უყვარს. შეუძლია, საღამურზე კაბა გადაიცვას და წავიდეს. მომწონს ასეთი რაღაცეები, თან, როცა შოუს აკეთებ, საყურებლად  ძალიან საინტერესოა. ჩემი ქალი არ არის სექსუალური, ყველაფერი დახურული, პატიოსანი მაქვს. ბოლო პერიოდში ცოტა სიშიშვლე შევაპარე, მაგრამ ორგანზებით დავფარე. ვულგარული, სექსუალური არც მე ვარ და ალბათ, ჩემი ქალიც არ არის. მაგრამ, ის ძალიან თავისუფალია, თამამი და თავისი „პრელესტები“ აქვს.
–  დღეს შენი სამოსით ბევრი ცნობილი და არაცნობილი ადამიანი იწონებს თავს. თუმცა, ალბათ, ამ ყველაფერს ბევრი შრომა დასჭირდა...
– ბავშვობიდან მინდოდა, გავმხდარიყავი დიზაინერი, უფრო სწორად, მოდელიერი – მაშინ ასე ერქვა. სახლში, პირველ სართულზე ატელიე გვქონდა. ჩემი დიდი ბებია, მეორე ბებია, მამაჩემი, ბიძაჩემი, მოკლედ, ყველანი კერავდნენ. მეც ამ გარემოში გავიზარდე და ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. თუმცა, როცა გადავწყვიტე დიზაინერობა, ჩემებს არ უნდოდათ. დედაჩემი მეუბნებოდა: ყველაფერს გაგიკეთებ, ოღონდ სახელმწიფო მართვაზე ჩააბარე, შენ ისეთი ძლიერი ხარ, ამას აუცილებლად შეძლებო. მაგრამ, მაინც ჩემი გავიტანე და ჩავაბარე ჯავახიშვილში ტანსაცმლის მხატვრულ მოდელირებაზე. რომ დავამთავრე, მერე სახლში ვმუშაობდი, შემდეგ ატელიეში და ბოლოს ბათუმში გავხსენი ძალიან პატარა ატელიე – იქიდან დაიწყო ყველაფერი. გვანცა ჯანაშიამ გამომიწოდა ხელი და მის მაღაზიაში დაიწყო ჩემი სამოსის პირველი გაყიდვები. შემდეგ ჩემი მაღაზია გავხსენი, მომხმარებელიც გამიჩნდა. გაიზარდა მათი რიცხვი და ნელ-ნელა, ჩემი მაღაზიაც გავადიდე. კარგი ხალხის, მეგობრებისა და რაც მთავარია, ჩემი მეუღლის გვერდში დგომის შედეგად, ყველაფერი კარგად წავიდა.
– დიდი წარმატებით გამოდიხარ მოდის კვირეულებზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მოსკოვშიც.
– მოსკოვში „მერსედეს-ბენც ფეშენ-ვიქზე“ ჩემმა მეგობარმა დიანა ქვარიანმა გამიწია რეკომენდაცია, მათაც მოვეწონე და მიმიწვიეს. ძალიან კარგად მიმიღო იქაურმა საზოგადოებამ, მოდის მოყვარულებმა. თუმცა, დღეს, რასაც სოფო ჭყონია აკეთებს თბილისში დიზაინერებისთვის – ისეთი სტუმრები ჩამოჰყავს, რომ ასეთი რამ მოსკოვში არ ხდება. იქ არ ჰყავთ ასეთი დონის სტუმრები. ამიტომ მინდა, პირველად საქართველოში ვაჩვენო ხოლმე ჩემი კოლექცია. შოუ-რუმებზეც ხშირად დავდივარ – მოსკოვში, ყაზახეთში, პარიზში. ახლა დუბაიში, ნიუ-იორკში დამპატიჟეს, ბევრი შემოთავაზება მაქვს. თავიდან მინდოდა, ყველაფერს მოვდებოდი, მაგრამ ახლა ასე არ ვარ: ავარჩევ, რომელიც უკეთესი იქნება და იქ წავალ.
– „ვოგში“, „ნიუ ფეშენში“ და სხვა მოდურ საიტებზე წერენ შენ შესახებ.
– პირველად „ნიუ ფეშენმა“ დაწერა ჩემზე, ისეთი ბედნიერი ვიყავი... მოსკოვის მთელ მოდის კვირეულზე წერდნენ და მე გამომარჩიეს. აღნიშნავდნენ, რომ დატვირთული კოლექცია მქონდა, ბევრი ფაქტურა იყო გამოყენებული და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კარგად იყო შერწყმული. როდესაც ბევრ ფაქტურას ვიღებ და ვიწყებ მუშაობას, ყოველთვის მაქვს შიში. 2-3 ფაქტურით, ფერით კოლექციის აწყობა ადვილია, მაგრამ ბევრი ფერისა და ფაქტურის კარგად შეხამება, საკმაოდ რთულია. მე კი სულ ასე ვრისკავ და ამიტომაც მეშინია, რას იტყვიან მოდის კრიტიკოსები. მიხარია, რომ მოსწონთ და დადებითად აფასებენ. ხშირად მიგზავნიან: ნახე, ეს დაწერეს შენზეო.  თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ. რა თქმა უნდა, ეს საჭიროა, მიხარია, მაგრამ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და შემდეგ ყველაფერი თავისით მოდის.
– ბოლო ორი სეზონი განსაკუთრებულად წარმატებული იყო შენთვის.
– ყოველთვის მაინტერესებდა როგორი ქალი იმალებოდა ჩადრს მიღმა. როგორი იქნებოდა ჩემი თვალით დანახული ჩადრიანი ქალი. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამაზე მუშაობა. თუმცა, შეიძლება, ვინმესთვის მძიმე სანახავი იყო. ეს იყო თავისუფალი ქალი, ძალიან მოდური და ნათელი, რომელსაც შავი ფერის შიგნით ეცვა ფერადი, ბრჭყვიალა, „ბლოსტკებიანი“ სამოსი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ასევე, ბოტიჩელის თემაზე გაკეთებული კოლექციით. ბოტიჩელზე ვგიჟდები.  მისი ნახატები გადავიტანე აბრეშუმზე, ორგანზაზე; დაპრინტული ქსოვილი გავაკეთე; ნიჟარისგან კლაჩები გავაკეთე, მარგალიტები გამოვიყენე. პირველად მოსკოვში მქონდა ამ კოლექციის ჩვენება და დიდი წარმატება, გამოხმაურება მოჰყვა. დაკვეთებიც კარგი იყო.
– შენი სამოსის მომხმარებლები მეისი გრეი და ნასტასია კინსკიც არიან.
– მეისი გრეი ჩემი საყვარელი მომღერალია. 2010 წელს მის კონცერტზე ვიყავი. იმ პერიოდში ატელიეში შეკერეს კაბა, რომელიც ძალიან დიდი იყო სიგრძესა და სიგანეში. მოკლედ, ზომები შეეშალათ. არადა, ქსოვილი იყო ფანტასტიკური – „მალინისფერი“ აბრეშუმი, სარაფანიც ძალიან ლამაზი იყო. მოკლედ, კონცერტზე ვარ, ვუყურებ მეისის და ჩემს მეგობარს ვეუბნები: მე მგონი, ის კაბა ჩემმა მკერავებმა მეისისთვის შეკერეს, ზუსტად მისი სტილი და ზომაა-მეთქი. ვინც მას აეროპორტში დახვდა, ჩემი მეგობარი იყო. გადავწყვიტე, მისი ხელით გამეგზავნა ეს კაბა. თან, ვიცოდი, რომ ბუმბულები ძალიან უყვარს. დაძენძილი შიფონის შარფი მქონდა, რომელსაც ბუმბულის ეფექტი ჰქონდა. ის და კაბა გავუგზავნე მეისის. მეორე დღეს მირეკავს ტელეფონი: თაკო, მეისი გრეის უნდა შენთან საუბარიო. ისე დავიბენი, ცუდად გავხდი. ის კი მიკივის ტელეფონიდან. თურმე გაუჩერებია მანქანა, უნახავს ჩემი საჩუქრები და გადარეულა: ასე, როგორ დაამთხვია ფერი, ზომა, სტილი, წამიყვანეთ და გამაცანითო. არადა, ფრენა ჰქონდა, აგვიანდებოდა, თურმე ძლივს ჩასვევს ავტომობილში და წაიყვანეს აეროპორტში. მოკლედ, ტელეფონში დიდი მადლობები გადამიხადა: ძალიან მომეწონა, მიყვარხარო. მეც ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა. მითხრა, აფრიკის ტურნეში  მივდივარ და აუცილებლად ჩავიცვამ ამ კაბასო.  რომ ჩამოვიდა, უკვე პირადად შევხვდით ერთმანეთს. ჩემი საყურეები ვაჩუქე, რომელიც „აფთერ ფართიზე“ ეკეთა. კიდევ ერთი კაბა მოეწონა ძალიან. დიდხანს ვიყავი მასთან მოსასვენებელ ოთახში, ძალიან კარგი ადამიანია. რაც შეეხება ნასტასია კინსკის, ჩემს მაღაზიაში შემოვიდა ბათუმში. თურმე, ყველაფერი მოეწონა, განსაკუთრებით ერთი კაბა. ჩემმა კონსულტანტმა დამირეკა: ვიღაც უცხოელია (ვერ იცნო), ფასდაკლება გავუკეთეთო. ცოტა ხანში კი მწერს: ნასტასია კინსკიაო. მაშინვე დავურეკე: ჩქარა ლამაზად ჩაუდე პარკში და აჩუქე-მეთქი. მთლიანად ხელნაკეთი კაბა იყო, ძალიან ლამაზი. გაგიჟდა: ანგელოზის კაბააო. პატარა ჰქონდა, მაგრამ ისე მოეწონა, იმ დღესვე კონცერტზე ჩაიცვა. ალსუსაც აქვს ჩემი კაბა, კლიპი გადაიღო და იქ აცვია. შემიკვეთა კიდევ რაღაცეები. ხატია ბუნიათაშვილი მიყვარს ძალიან და მიხარია, რომ მასაც ეცვა ჩემი კაბა. პირველად ანაკლიაში შევხვდით ერთმანეთს, სადაც კონცერტი ჰქონდა და თუ გახსოვთ იმ კონცერტზე ეცვა ზურგმოხდილი შავი კაბა. ეს კაბა გერმანელმა დიზაინერმა შეუკერა, მაგრამ თითქმის ყველაფერი უჩანდა და მე დავშალე, გადავუკეთე. ამის მერე დავმეგობრდით, შემდეგ ხავერდის ქსოვილისგან შევუკერე კაბა. ბევრი რუსი მსახიობი ყიდულობს ჩემთან, მოსკოვში შოუ-რუმში იყიდება ჩემი სამოსი. „პიატნიცაზე“ გადის გადაცემა „არიოლი და რეშკა“ – წყვილებს აქორწინებენ. ჩემთან ჩამოვიდნენ ამ გადაცემიდან და ორ წყვილს მე ჩავაცვი საქორწილო სამოსი – პატარძლებსაც და სიძეებსაც. გადაცემა უკვე გავიდა ეთერში. ქეთი მელუას ქორწილი რომ იყო, მის ერთ-ერთ მეგობარს შევუკერე კაბა. იმ დროს ვუალებს ვაკეთებდი და  დედოფალ ელიზაბეთთან საჩუქრად გავატანე ცისფერი ვუალი. მისი გემოვნება გავითვალისწინე – სადედოფლო ფერებში იყო. თუმცა, არ ვიცი, გადასცა თუ არა. ზოგადად, ასეთ თემებზე საუბარი მერიდება. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
– თბილისში არ აპირებ მაღაზიის გახსნას?
– ვფიქრობ ამაზე, რადგან ბევრი ჩამოდის თბილისიდან ბათუმში საქორწილო კაბის შესაკერად. ბევრი მეკითხება: როდის გახსნი თბილისში მაღაზიასო. ძალიან მინდა და ვნახოთ, იქნებ ახლო მომავალში შევძლო.

скачать dle 11.3