რატომ ვერ გახდა მეფე აბადუ მესამე მსახიობი
ცნობილი რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი ასეთ ისტორიას იხსენებდა:
„მოსკოვში სწავლისას ჩემთან ერთად ოთახში ერთი შავკანიანი ბიჭი ცხოვრობდა, რომელიც პატარა აფრიკული ქვეყნიდან იყო და აბადუ ერქვა. სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა და ისე ძლიერ უნდოდა ამ პროფესიას დაუფლებოდა, დღე და ღამე მეცადინეობდა, თავისუფალი დრო, პრაქტიკულად, არ ჰქონდა. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ დიდგვაროვნის შთამომავალი იყო, მაგრამ რა რანგის, წარმოდგენა არ მქონდა და ვერც ვიხელთებდი სალაპარაკოდ, რომ ყველაფერი დაწვრილებით გამომეკითხა. ერთ დღეს შევდივარ ოთახში და რას ვხედავ: აბადუ საწოლზე ზის და მწარედ ტირის... თავდაპირველად მეგონა, რეპეტიციას გადიოდა, მაგრამ ტირილი რომ გაუგრძელდა, ვკითხე:
– რა გჭირს, აბადუ, ასე მწარედ რატომ ტირი-მეთქი...
– 83 წლის მამა გარდამეცვალა, – სლოკინით მომიგო აბადუმ.
მე მივუსამძიმრე და ვუთხარი:
– რას იზამ, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ღმერთმა აცხონოს მამაშენი-მეთქი.
ჩემს სიტყვებზე აბადუ უფრო მეტად ატირდა და იმეორებდა:
– ნეტავ, არ მომკვდარიყო. წავალ და ვეღარ ჩამოვალ. მე კი მსახიობობა მინდაო.
– ჩამოხვალ, ნუ დარდობ. დაასაფლავებ მამაშენს და უკან დაბრუნდები. ნეტავ, მის ასაკამდე ყველას მიგვაღწევინა. გულს ნუ იკლავ. ძალიან ემოციური ხარ და შენგან კარგი მსახიობი დადგება-მეთქი, – დავუყვავე მტირალ აბადუს. მან კი ტირილი შეწყვიტა და მითხრა:
– მამაჩემი მეფე იყო. მე მისი მემკვიდრე ვარ და ხალხი მოითხოვს, მისი ტახტი დავიკავო, მერე ვერც აქ ჩამოვალ და ვერც მსახიობი გავხდებიო...
მწარედ აქვითინებული აბადუ ორიოდე დღეში თავის სამშობლოში მეფე აბადუ მესამედ აკურთხეს. როგორი მმართველი იყო ვერ გეტყვით, მაგრამ მისგან ურიგო მსახიობი არ გამოვიდოდა. თუმცა, ვინ იცის, შეიძლება, გამოადგა კიდეც მსახიობობის ნიჭი.