როგორ გახდა ბალერინა ანა ლეჟავა საქართველოს ელჩი ამერიკაში და როგორ მუშაობდა ის ჰილარი კლინტონთან
„ახლა დავამთავრე პაოლო კოელიოს „ალქიმიკოსი“, სადაც წერია, ყველას თავისი პერსონალური ლეგენდა აქვსო. ჩემი პერსონალური ლეგენდაა – რეალიზაცია მოვახდინო ცეკვასა და საქმეში, ეს საერთაშორისო ურთიერთობები იქნება თუ პოლიტიკური მეცნიერება. დანარჩენს უკვე ცხოვრება მოიტანს... მინდა, ჩემი მომავალი 20 წელი დატვირთული იყოს ცეკვით, ასევე, განვაგრძო განათლების მიღება. აუცილებლად ვიქნები ჩართული საქველმოქმედო საქმეში, რადგან ეს არის ის, რისი კეთების სურვილიც ბავშვობიდან მქონდა. მინდა, ამერიკაში მოვახდინო საქართველოს პოპულარიზაცია, სხვა კუთხით დავანახვო ამერიკელებს ჩვენი ქვეყანა...“ – ეს სიტყვები პროფესიონალ, წარმატებულ ბალერინასა და ამერიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს, ანა ლეჟავას ეკუთვნის – საოცრად პოზიტიურ, მოტივირებულ, სამშობლოზე შეყვარებულ ახალგაზრდას, რომელიც ამჟამად „ბრაიტონ ბალეტში“ ქორეოგრაფი, მასწავლებელი და მოცეკვავეა. ის ქართველ ქორეოგრაფთან ერთად აპირებს საკუთარი დასის გახსნას და რაც მთავარია, აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა ელჩების პროგრამაზე.
ანა ლეჟავა: პატარაობიდან მიყვარდა ცეკვა. 5 წლის ასაკში შევედი ქართული ცეკვების ანსამბლში, შემდეგ კი გადავედი ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში, მოსამზადებელ ჯგუფში. ჩემი მასწავლებელი იყო ცისია ბალანჩივაძე, დიდი ჯორჯ ბალანჩინის ძმისშვილი. 9 წლიდან დაიწყო ჩემი საბალეტო კარიერა. 14 წლის ასაკში ჩემი ვიდეოები ნახა ოლეგ ვინოგრადოვმა, რომელიც მარინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მან მიმიწვია ვაშინგტონში, თავის აკადემიაში, რომელიც ჯორჯ ბუშ-უფროსთან ერთად გახსნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ბაბუაჩემი, რომლის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ მომივიდა ამერიკიდან მოწვევა, სრული დაფინანსებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო – იქ ერთწლიანი ტრენინგის გავლა 60 ათასი დოლარამდე ღირდა. ბაბუა სულ მეუბნებოდა: შენს ცხოვრებაში თუ რაიმე ცუდი მოხდება, იმას აუცილებლად მოჰყვება კარგი, შენი ცხოვრება თანასწორი იქნება შენთან, თუ შრომობ და კარგ საქმეს აკეთებო. ვიფიქრე: ბაბუა გარდაიცვალა, მაგრამ მე რაღაც ახალი კარი გამეხსნა-მეთქი. მოვახერხე წავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ძალიან დაძაბულები იყვნენ, ეშინოდათ. ვერ აგიწერთ, რამდენად რთული იყო ის პერიოდი. თუმცა, ამაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, იმდენად შორს დარჩა. 11 წლის წინ იყო და რაც მთავარია, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ძალიან კარგი სკოლა იყო. შერჩეული ბავშვები სწავლობდნენ. ბალეტი იყო რუსების – პეტერბურგიდან ჩამოსული პედაგოგები გვასწავლიდნენ; საგნებს კი – ამერიკელები. ჯარში რომ ხარ, ზუსტად ისე იყო: დილის 7 საათზე გაღვიძება, მთელი დღე ლექციები 2 საათამდე, ხოლო 3-დან ღამის 10 საათამდე რეპეტიციები, ვარჯიშები. ჩვენი ნუტრიციოლოგი გვყავდა, რომელიც კვებას აქცევდა ყურადღებას, ასევე ძიძები, მძღოლი... დაცული სივრცე იყო. სამი წლის განმავლობაში არაფერზე ვზრუნავდით, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი განგვევითარებინა. სწორედ იმ პერიოდში ჩამოვყალიბდი პროფესიონალურად და პიროვნულადაც. სწავლის პარალელურად, პერიოდულად, რა თქმა უნდა, გვქონდა სპექტაკლები. „კენედის ცენტრში“ ვცეკვავდით დიდი სცენაზე, ასევე, გვქონდა მასტერ-კლასები – როდესაც დიდი დასები ჩამოდიოდნენ, ისინი ირჩევდნენ რამდენიმე ბავშვს და ამუშავებდნენ თავისთან. მე ვიყავი ამ პროგრამაში სუზან ფარელთან, დიდ თეატრთან, ამერიკის ბალეტთან, ყველასთან მაქვს გავლილი „ვორკშოპები“. ერთხელ, მახსოვს, „კენედის ცენტრის“ პატარა სცენაზე ვიცეკვეთ, რომელსაც ობამა ესწრებოდა, ოღონდ ჯერ არ იყო პრეზიდენტი. მიხაროდა: მანამდე მყავს ნანახი, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა-მეთქი. ვაშინგტონს სხვანაირი პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ის ფაქტი, რომ მომავალში გადავწყვიტე, პოლიტიკური მეცნიერება მესწავლა, არავის გაჰკვირვებია. ვარჯიშზე რომ მივდიოდი, „შპაგატში“ ვიჯექი და წინ „ვაშინგტონ პოსტი“ მედო. ყველა დამცინოდა: შენ რა გინდა ბალეტზეო. მე კი ვამბობდი: აი, ნახეთ, ყველაფერს ერთმანეთს დავუკავშირებ-მეთქი.
– სუზან ფარელთან მუშაობა, ალბათ, განსაკუთრებული იყო შენთვის.
– მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რუსული ბალეტის სკოლაზე ვარ გაზრდილი, რომელიც სპეციფიკურია. ვაშინგტონშიც, ძირითადად, რუსულ სკოლაში ვმუშაობდი. შესაბამისად, ჩემთვის სუზან ფარელთან მუშაობა, რომელიც ბალანჩინის მუზა იყო, უყვარდა კიდეც და მისთვის ბალეტებსაც დგამდა, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. ის სულ გვიყვებოდა ჯორჯ ბალანჩინზე, რომ ის მართლაც ლეგენდა იყო. რომ ვამბობდი, საქართველოდან ვარ-მეთქი, არავის უთქვამს: ა, ბალანჩინის ქვეყანა... რადგან მათთვის ბალანჩინი არის ამერიკა. ამიტომ ჩემი, როგორც ახალგაზრდა ელჩის, მანდატის ფარგლებში ფინალური ღონისძიება იქნება ქართველების მიერ ჯორჯ ბალანჩინისადმი მიძღვნილი ტრიბიუტი. მინდა, ამერიკელებს სხვა კუთხით დავანახვო ბალნაჩინი. ცისია ბალანჩივაძის ჩაწერაც მინდა. პატარა დოკუმენტური ფილმი მინდა გავაკეთო მასზე.
– როგორ განვითარდა ამერიკაში შენი კარიერა?
– აკადემიის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა თეატრიდან მქონდა შემოთავაზებები და გადავედი „ატლანტიკ სითი ბალეტში“, სოლისტად ამიყვანეს. საკმაოდ დატვირთული სეზონი გავატარე, ტურებში დავდიოდით ამერიკის მასშტაბით. შემდეგ მიმიწვიეს Birmingham South-ის უნივერსიტეტში, სადაც შემომთავაზეს მათი ბალეტის კომპანიაში ცეკვა და სწავლების სრული დაფინანსება. გადავედი, რადგან ძალიან მინდოდა სწავლა. ცეკვის პარალელურად, პოლიტიკურ მეცნიერებაზე ჩავაბარე. ყველა მეუბნებოდა: სრულიად დაინგრევ ორგანიზმსო. ვიღებდი ზოგად განათლებას და ამას პლუს ერთი პროფესია და მეორე პროფესია. მეოთხე კურსი რომ დავხურე, სამი დისერტაციის დაწერა მომიწია. თუმცა, ახლა რომ მითხრა: ამ ყველაფერს გაიმეორებო, უარს ვიტყვი. ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კონცენტრაციით. საერთაშორისო ურთიერთობებს როგორ ისწავლი კარგად, თუ ერთ ქვეყანაში ხარ?! ამიტომ, ჩავაბარე ჰონკონგის უნივერისტეტში და ერთი წლით ამერიკიდან გამიშვეს გაცვლითი პროგრამით. სხვათა შორის, სწავლის პარალელურად, ჰონკონგში ჩავები ტაიჩიში, კუნფუში. ერთ-ერთ საბალეტო აკადემიასთან ვთანამშრომლობდი, ვასწავლიდი, ვეხმარებოდი. საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები ვისწავლე სერიოზულად და გარდა ამისა, ვაკვირდებოდი იქ მიმდინარე მოვლენებს – როგორ მიდიოდა ჰონკონგის მიერთება ჩინეთთან, რა პროტესტები ჰქონდა ხალხს, როგორ მწიფდებოდა „ქოლგების რევოლუცია“. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო და სერიოზულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც ევროკავშირის ორგანიზაციის სიმულაცია ხდებოდა და მონაწილეს უნდა წარედგინა რომელიმე ქვეყნის ლიდერი. მოწვეული იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან სტუდენტები და მე შემხვდა პორტუგალია – წარვადგენდი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, რომლის საუბრის მანერისთვისაც უნდა მიმებაძა. როგორც ხელოვანს, ამის გაკეთება არ გამჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ 67 წლის კაცის ხმა უნდა მიმეღო. გამარჯვებული ბრიუსელში გაემგზავრებოდა სტაჟირებაზე 2 თვით. ისე მოხდა, რომ გავიმარჯვე და როდესაც ბრიუსელში ჩავედი, ევროკავშირის შენობაში, იქ ელოდებოდნენ ჰონკონგელ გოგოს. მე კი ჩავედი ამერიკიდან, სტუდენტი, რომელიც ჰონკონგში იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამით, განასახიერებდა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს და იყო საქართველოდან. სრული გაუგებრობა იყო, ასეთ გაუგებრობაში, მგონი, არასდროს მოხვედრილან. დაიბნენ. სანამ წავიდოდი, ვიზასთან დაკავშირებით იყო პრობლემები და ევროპის საკონსულოში ბელგიის ელჩმა ჰონკონგში მოიყვანა ორი ასისტენტი, პასპორტი გამიხსნა და თვითონ ჩამირტყა ვიზა. მანამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. თან, მითხრა: შენ რომ დიპლომატი გახდები საქართველოდან, მერე გნახავო. იმ დროს გაეროში მუშაობა არც მქონდა გადაწყვეტილი. მერე, როცა ამერიკაში დავბრუნდი, ბოლო წელს ძალიან ჩავერთე გაეროს ორგანიზაციაში. ჩემს უნივერსიტეტში სტუდენტთა გაეროს ორგანიზაცია მე გავხსენი. გავიარე კონკურსი და მოვხვდი გაეროში სტაჟირებაზე.
– ახალგაზრდა ელჩების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უცხოეთის რვა ქვეყანაში საქართველოს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს და შენ მუშაობ ამერიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის სტატუსით, სადაც საქართველოს პოპულარიზაციას აქტიურად ეწევი.
– იმ პერიოდში ძალიან მინდოდა, ბალეტს აქტიურად დავბრუნებოდი და ჩემი პროფესიები ერთმანეთისთვის შემერწყა. დავწერე პროექტი, თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოს პოპულარიზაცია ხელოვნების კუთხით. ჟიურიმ განიხილა პროექტები. შემდეგ რამდენიმეს დაგვინიშნეს ინტერვიუ და აგვირჩიეს. რვა ქვეყანაში ვართ ახალგაზრდა ელჩები, რაც ემსახურება კულტურულ დიპლომატიას და ქართველი და უცხოელი მეგობრების ქსელის შექმნას, რათა ახალგაზდები დაინტერესდნენ საქართველოთი და ამ ქსელში გავრცელდეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ვაპირებთ, საქველმოქმედო და კულტურული ღონისძიებების მოწყობას. მთავარია, ამერიკელებს ვაჩვენოთ საქართველო კარგი კუთხით.
– ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაშიც იყავი ჩართული.
– ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თემაა ასევე, ქალების ჩართულობა პოლიტიკაში, თანაბარი წარდგენით პარლამენტსა თუ სხვა უწყებაში. ჩემთვის ის ფაქტი, რომ ქალმა პირველად მოიპოვა ამერიკის პრეზიდენტობაზე ნომინაცია, უდიდესი ბედნიერებაა. როცა ჰილარის კამპანია დაიწყო, დავრეკე მათ ოფისში და შევთავაზე, რომ ყველანაირად დავეხმარებოდი. როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაშინ ვმუშაობდი კონგრესმენთან მის პოლიტიკურ კარიერაზე და ასე თუ ისე, მაქვს გამოცდილება, როგორ ვაწარმოო პოლიტიკური კამპანია. ძალიან მინდოდა, ეს გამოცდილება ჰილარი კლინტონთანაც გამომეყენებინა. კამპანიის დაწყების წინ ჰილარიმ მოაწყო პატარა ღონისძიება, რომ თავის პატარა გულშემატკივრებს გაცნობოდა. მეც ვიყავი მიწვეული და იქ გავიცანი მისი შვილი – ჩელსი, რომელთანაც საკმაოდ საინტერესო საუბარი მქონდა. დამაინტერესა მისმა პიროვნებამ. ვაპირებ, დავუკავშირდე, რომ რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა. მთელი ოჯახი – სამივე ძალიან სასიამოვნო და კარგი ადამიანია. საარჩევნო კამპანიაში ჩავერთე. ვრეკავდი, ვწერდი იმეილებს. ყოველდღე 5 ათას ადამიანთან ვრეკავდით, ათასი იმეილი, მილიონი წერილი იგზავნებოდა ბიზნესმენებთან, დონორებთან. ეწყობოდა ღონისძიებები. 2 თვე ვიმუშავე, მაგრამ მერე სამსახურში დავბრუნდი და ვეღარ გავაგრძელე. თუმცა, დღემდე ჩართული ვარ ამ პროცესში და მის შესახებ ვავრცელებ ინფორმაციას.