რის გამო თქვა უარი თორნიკე შენგელიამ NBA-ს კალათბურთელობაზე და რატომ აღარ ჩნდება მისი ცოლი პოდიუმზე
სულ რაღაც სამი წლის წინ ერთი ლამაზი, ტრადიციული ოჯახი შეიქმნა, რომელზეც დღემდე ლაპარაკობენ და ინტერესი მათი კარიერისა და პირადი ცხოვრების მიმართ არ განელებულა. აღიარებული ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიასა და ყველაზე გრძელფეხება მოდელის, სალომე ჯუღელის წყვილი ნამდვილად შედგა. მათ პატარა კახა და ლაზარე შენგელიებიც ჰყავთ. ბედნიერი და დიდი ოჯახი ზაფხულს თბილისთან ახლოს, ქალაქგარეთ ატარებს. თორნიკე კი, როგორც ყოველთვის, თამაშებითაა დაკავებული. წყვილზე საუბარი მათი სიყვარულის გამომჟღავნებიდან დღემდე გრძელდება. განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა კი, თორნიკეს NBA-დან სხვა გუნდში გადსვლამ და სალომეს სამოდელო კარიერის დასრულებამ გამოიწვია. წყვილი საუბარს თავს არ არიდებს, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს და რაც მთავარია, ერთად ბედნიერად გრძნობენ თავს.
– თორნიკე, წარმატებული კალათბურ-თელი ხართ, თან კალათბურთელი დედ-მამის შვილი. ამან ხომ არ ითამაშა დიდი როლი პროფესიის არჩევისას?
თორნიკე: მიუხედავად იმისა, რომ დედ-მამა კალათბურთელები მყავს, მათგან ზეწოლა არ ყოფილა, პირიქით. თხუთმეტ წლამდე საქართველოში ვთამაშობდი. საქართველოში შესაძლებელია, გარკვეულ ასაკამდე განვითარდე, მაგრამ თუ შანსია იმისა, რომ უფრო მეტი გაიგო და ისწავლო, სხვა ქვეყანაში წასვლა დროული გადაწყვეტილებაა. ესპანეთში წავედი, ვალენსიაში თხუთმეტი წლის ასაკში დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება. შემდეგ ბელგიაში გადამიყვანეს. ვითამაშე ევროლიგის ტურნირი, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. ოცნებად მქონდა NBA-ში თამაში და შესაბამისად, დრაფტზე დასადგომად ვემზადებოდი. NBA-ს დრაფტი ნიუ-იორკში იყო, სადაც 54-ე ნომრად ამიყვანეს. ვღელავდი და ძალიან დაძაბული ვიყავი, თუმცა ეს ღამე ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო და გრძელ ღამედ მახსენდება. მჯდომარემ გავათენე. მადლობას ვუხდი ღმერთს, იქ მოხვედრისთვის, მაგრამ საბოლოოდ, ესპანეთში გადმოსვლა ვარჩიე, სადაც ახლა ვიმყოფები გუნდში „ბასკონია“. იქ ვცხოვრობ ცოლ-შვილთან ერთად.
– სალომე, თქვენ როგორი გულშემატკივარი ხართ?
სალომე: ვცდილობ, თორნიკეს მოედანზე არ ვუყურო, რადგან ძალიან ვნერვიულობ, საოცარ ემოციებში ვარ. განსაკუთრებით ვღელავ, როცა საქართველოს ნაკრებში თამაშობს, თავის გაკონტროლებას და ემოციების მაქსიმალურად ჩაკეტვას ვცდილობ. სულ პირველად, როცა NBA-ში აირჩიეს, ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა ჩვენს წყვილს. ამიტომ, მართალია, ძალიან გამიხარდა, მაგრამ არ გამოვავლინე.
– თუმცა, სალომე, ისევე, როგორც თორნიკეს, არც თქვენ გაკლდათ აღიარება თქვენს პროფესიაში. დღეს კი ყველაზე გრძელფეხება, ფრანგული სააგენტოების მიერ აღიარებული მოდელი, პოდიუმს ჩამოსცილდით. აღარ აპირებთ ამ სფეროში დაბრუნებას?
– ორი ბავშვის შემდეგ, შეუძლებელია მოდელად დაბრუნება. როცა მოდელად ვმუშაობდი, დილას 8-ზე გასული ღამით ვბრუნდებოდი. ახლა კი, ჩემს შვილებთან ყოფნის ბედნიერებას ვერაფერზე გავცვლი. ახალი ინტერესებიც მაქვს. მინდა, ვისწავლო. ის, რაც მოდელობის დროს გავაკეთე, ვფიქრობ, საკმარისია. რაც დედა გავხდი, ყველაფერი ამოტრიალდა. სასწაული გრძნობაა დედობა, ბრილიანტებივით ბრწყინავს თვალებში შვილების სიყვარული.
– სალომემ, NBA-ში თორნიკეს აყვანა გამიხარდა და არ გამოვხატეო, დიდ ხანს გაწვალათ? თქვენი სიყვარული სალომეს დეიდაშვილის, ზაზა ფაჩულიას ოჯახიდან დაიწყო. ქართული ტრადიციისამებრ, მეგობრის დეიდაშვილი რომ მოგეწონათ, ზაზა ხომ არ გაბრაზდა?
თორნიკე: ჩემი გრძნობების შესახებ ყველაზე პირველად ზაზას გავუმხილე. მისი ოჯახიდან დაიწყო ჩემი და სალის ბედნიერება. არანაირი დაძაბულობა, პირიქით, ხელს გვიწყობდა. სალომე ძალიან პასიური იყო. ორი წლის შემდეგ, თვითონაც წამოვიდა კონტაქტზე, ანკესზე წამოეგო, „გადნა“ (იცინის).
სალომე: ზაზას დამსახურებაა, რომ „გავდნი“. მახსოვს, პარიზში ჩამოვიდა და დედაჩემს დაურეკა – კარგი ბიჭიაო. ვამბობდი, 28 წლამდე არ გავთხოვდები-მეთქი. ახლა კი, 25 წლისა გათხოვილიც ვარ და ორი შვილიც მყავს. ჩემთვის ქორწინების თემა დახურული იყო. სულ ვამბობდი, ჩემი ქმარი სპორტსმენი არ იქნება-მეთქი (იცინის).
თორნიკე: ყველაზე სასაცილო რძალ-დედამთილის გაცნობა იყო პარიზში. ზაზას ვუთხარი, აუცილებლად დედასთან ერთად მოვა, გაართე დედამისი და მე და სალი მარტოები ვისეირნებთ-მეთქი. მივედით. გავიხედე და რას ვხედავ, სალომე დედის გარეშე მოსულა (იცინის).
– საბოლოოდ, ოჯახის შექმნა როგორ გადაწყვიტეთ? შეყვარებულობის პერიოდში, თქვენი კარიერიდან გამომდინარე, ბოლომდე ვერ გაიცნობდით ერთმანეთის რომანტიკულ შესაძლებლობებს. ახლა რა ხდება, ხშირად იცლით ერთმანეთისთვის თუ ოჯახურ რუტინას ეზიარეთ?
სალომე: ოჯახის შექმნაში ჩემმა კარიერამ ძალიან შეგვიწყო ხელი. როცა თორნიკე ნიუ-იორკში წავიდა სათამაშოდ, მე პარიზში დავრჩი. ნიუ-იორკის სააგენტომ გამოაცხადა ქასთინგი და ამიყვანეს. ნიუ-იორკში მე ვცხოვრობდი ბრუკლინში, თოკო – ნიუ-ჯერსიში. ორი საათის გზა უნდა გაგვევლო ერთმანეთის სანახავად. მაშინ გადავწყვიტეთ დაქორწინება (იცინის). რომ იცოდეთ, რამდენ გადაღებას ვაცდენდი, ლამის გამომაგდეს. შეუღლების შემდეგ შენი ხდება ადამიანი: ადრე მე და შენ ვიყავით და ახლა ჩვენ ვართ-მეთქი, ვეუბნები. აქტიური მამაა, სულ ცდილობს, ბავშვებთან ერთად იყოს. წელს ძალიან ცოტა დრო გვქონდა დასასვენებლად და ვეუბნებოდი: მოდი, ჩვენ წავიდეთ სადმე-მეთქი, არა ბავშვებთან მინდაო (იცინის).
თორნიკე: ვარჯიშზე შევედი და სალომეს მესიჯი მომივიდა შემდეგი ტექსტით: „ააააააა...“ და კიდევ უთვალავჯერ ბევრი „ა“ ეწერა. სანამ დავამთავრებდი კითხვას, გავგიჟდი, რა ხდება-მეთქი, ვფიქრობდი. ტექსტის სულ ბოლოს ეწერა მოვდივარო. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები, სალის ნიუ-იორკშიც გადმოსვლა დაემატა ამ ყველაფერს და ნათლად ვხედავდით შეუღლების აუცილებლობას (იცინის). სისულელეა, როცა ამბობენ, შეყვარებულობის პერიოდი კარგიაო. სინამდვილეში, ოჯახი გაცილებით უკეთესია. როცა ცოლად მოგყავს და ის შენთანაა 24 საათი, უფრო ღრმავდება სიყვარული. მე სალომესგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. კარიერაც კი გვერდზე გადადო და საკუთარი თავი მე დამითმო. დასაფასებელი ცოლია და ამავდროულად, ყურადღებიანი დედაა.
– სპორტსმენისა და მოდელის წყვილს მუდმივად ბევრი თვალი უყურებს. თორნიკეს ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება. როგორც ცოლი, რას ფიქრობთ ქმრის ერთგულებაზე, როცა ის თქვენგან შორსაა?
თორნიკე: ეჭვიანი ცოლი არ მყავს. ალბათ, არცერთი ქალი არ იეჭვიანებს, თუ საბაბს არ მისცემენ.
სალომე: არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანას და პლანეტას. ჩემთვის ღალატი მიუღებელი და უპატიებელია, წარმოდგენაც მზარავს. მთლიანად ვენდობი თოკოს.
– ახლა საქართველოში იმყოფებით. აქ თამაშობთ?
თორნიკე: ძირითადად, ესპანეთში ვცხოვრობთ. დიდი ხნით ხშირად გამგზავრება არ მიწევს. ზაფხულში საქართველოში ვართ ხოლმე. „ევრობასკეტის“ ან შესარჩევი თამაშებია. ახლა სწორედ შესარჩევ ტურებს ვთამაშობთ. საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ენით აუწერელი პატივი და სიხარულია. ყოველთვის ვოცნებობდი, ჩემი ქვეყნის სახელით მეთამაშა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ და ასეც მოხდა. ეს იყო ერთ-ერთი ჩემი დიდი ოცნება, რომელიც NBA-ში თამაშის ოცნებაზე მეტიც აღმოჩნდა.