კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა ძვირფასეულობის გატაცების საქმე 40 წლის შემდეგ

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
„ტვირთი ¹337”
– ამხანაგო ვარლამ, „ტვირთი 337” ათ წუთში წამოვა. ჩემი ადიუტანტი პირადად დაესწრება გადმობირებას და მიღება-ჩაბარების აქტი გამოატანეთ, – „ჩეკას“ კომისარმა ნესტორ ესაკიამ ყურმილი დაკიდა და იქვე მდგომ ადიუტანტ ტიტე ხუბუას უთხრა:
– წაიღეთ ტვირთი, აბა, შენ იცი...
ვარლამ ზარიძე საქართველოს ცენტრალური ბანკის საცავის უფროსი იყო. „ჩეკას“ კომისარი ნესტორ ესაკია კი საქართველოს „ჩეკაში“ ექსპროპრიაციებს კურირებდა. ხოლო „ტვირთი ¹337” ქართველი ჩეკისტების მიერ ექსპროპრირებული ძვირფასეულობა გახლდათ და სწორედ  ამის თაობაზე ელაპარაკა ესაკია ზარიძეს...
ძვირფასეულობით სავსე ყუთი უჟანგავი ფოლადისგან იყო დამზადებული და 102 კილოგრამს იწონიდა. ყუთის წონა 30 კილოგრამი იყო, ძვირფასეულობის კი – 72 კილოგრამი. მას მიჰყვებოდა ოთხი ადამიანი: მძღოლი შაყულაშვილი, ოპერები – კეკელიძე, დოდაშვილი და ტიტე ხუბუა. ტვირთის ღირებულება იმ პერიოდისთვის, ანუ 1926 წლისთვის, 3 მილიონ მანეთს შეადგენდა. მანქანა „ჩეკას“ შენობიდან გამოვიდა, რომელიც მთაწმინდაზე მდებარეობდა. მას სულ რაღაც 2 კილომეტრი უნდა გაევლო და სოლოლაკში, ბანკში მისულიყო. მთავარი მარშრუტი რუსთაველის გამზირზე გადიოდა, მაგრამ ხუბუამ შაყულაშვილს უთხრა:
– ზემოდან გადადი. სოლოლაკში მთაწმინდის გავლით წავიდეთ. მძღოლი ბრძანებას დაემორჩილა და მთაწმინდის აღმართს აჰყვა. ვიწრო ქუჩებით სოლოლაკში გადავიდა და ჭონქაძის ქუჩით ქვევით დაეშვა. მოსახვევში ეტლმა ამოუხვია. ხუბუამ მძღოლს უთხრა:
– ეტლთან გააჩერე და ჩემს ბრძანებას დაელოდე.
შაყულაშვილმა გააჩერა. ხუბუამ მოულოდნელად შესასხურებელი მოწყობილობა ამოიღო, რომელსაც პარიკმახერები ხმარობდნენ და მანქანის სალონში გაზი გაუშვა, თავად კი სალონიდან გადახტა და ათიოდე წამი დაელოდა, სანამ მძღოლი და ოპერები გონებას დაკარგავდნენ. შემდეგ ეტლიდან გადმოსულ ორ მამაკაცს უთხრა:
– ჩქარა აიღეთ ყუთი და წავედით!
მამაკაცებმა ყუთი ეტლში ჩადეს და ის ადგილიდან დაიძრა. ცხენებმა ჭენებ-ჭენებით გაიარეს გზა ავლაბრამდე და ერთ ეზოში შევიდნენ.
– წამომყევით და სამალავის გაღებაში მომეხმარეთ, – უთხრა ხუბუამ თანმხლებ პირებს. მოულოდნელად კი, მათ გაზი მიასხურა და იქვე დატოვა. თავად ძვირფასეულობით დატვირთული ეტლი ორთაჭალის ერთ-ერთ კერძო ეზოში მიიყვანა და ბერკეტების დახმარებით ყუთი სარდაფში ჩაათრია.
საღამოს ხუბუას შავპიჯაკიანი მამაკაცი მიადგა და უთხრა:
– ყველაფერი ბრწყინვალედ შეასრულე. ხუთივე „მიგაზული“ არამიანცის საავადმყოფოში წევს და მთელი „ჩეკა“ იქაა. შენ კი გეძებენ. აი, ბილეთი. ბათუმიდან თურქეთში სანდო კაცი გადაგიყვანს. შემდეგ კი – როგორც შევთანხმდით. აბა, მშვიდობით იარე...
ხუბუა დაემშვიდობა შავპიჯაკიანს და სადგურისკენ გაემართა. მეორე დღეს კი ის და აჭარელი მეგზური ვიწრო ბილიკებით თურქეთში გადასვლას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთ მონაკვეთზე კლდე მოწყდა და ორივე უფსკრულში გადაიჩეხა...
40 წლის შემდეგ
1966 წლის მაისში ვაკის პარკთან ახალი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ფუნდამენტს თხრიდნენ. ბულდოზერმა მიწიდან უჟანგავი ფოლადის ყუთი ამოაგდო, რომელზეც „საქართველოს ჩეკა“ ეწერა. ამიტომ ის „კაგებეს“ გადასცეს. იქ კი მალევე დაადგინეს, რომ ეს სწორედ ის ყუთი იყო, რომელიც 1926 წლის 25 აპრილს ხუბუამ გაიტაცა. ამ საქმეს მაშინ ნოდარ მიქაძე იძიებდა. პენსიონერს, გადამდგარ პოლკოვნიკს ყველაფერი კარგად ახსოვდა და მასთან მისულ ახალგაზრდა გამომძიებელს, თემურ გოცირიძეს უთხრა:
– ჩახლართული და კარგად შესრულებული საქმე იყო. თავიდან ეჭვი არავისზე აგვიღია და მხოლოდ ხუბუა გვეგონა დამნაშავე. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ მის უკან ვიღაც იდგა.
– ასე რატომ იფიქრეთ?
– იმიტომ, რომ მესაზღვრეებმა ხუბუა კლდეზე გადაჩეხილი ჩვენს ტერიტორიაზე იპოვეს.  ძვირფასეულობა კი მას არ ჰქონდა. როგორც ეტყობა, ის თურქეთში ცდილობდა გადასვლას და მის თანამონაწილეს სწორედ იქ უნდა ჩაეტანა ძვირფასეულობა.
– სავარაუდო ეჭვმიტანილთა სია შეადგინეთ?
– შევადგინეთ. ასეთი სულ ოთხი ადამიანი გვყავს და ოთხივე სუფთა აღმოჩნდა. მახსოვს, განყოფილების უფროსს, ნესტორ ესაკიას, ვისი ადიუტანტიც ხუბუა იყო, გულმა დაარტყა და კარგა ხანს საავადმყოფოშიც კი მკურნალობდა. მან გადადგომის პატაკიც კი დაწერა, მაგრამ არ გაუშვეს. პირიქით, ბერიამ ის დააწინაურა კიდეც. შემდეგ მოსკოვში თან იახლა და იქ მუშაობდა. ბერიას დახვრეტამდე ერთი წლით ადრე ესაკია საქართველოში დაბრუნდა და უშიშროებაში მაღალი პოსტი ჩაიბარა. თუმცა, ბერიას დაპატიმრების ამბავი რომ გაიგო, დამბლა დაეცა და მხოლოდ ამან იხსნა დაჭერისგან.
– ახლა ცოცხალია?
– 1962-ში გარდაიცვალა.
– გმადლობთ, ბატონო ნოდარ. მეტს აღარ შეგაწუხებთ, – თემურ გოცირიძე პენსიონერ კოლეგას გამოემშვიდობა და წამოვიდა.
„კაგებეს“ 30 წლის კაპიტანს, თემურ გოცირიძეს ინტუიცია კარნახობდა, რომ „ტვირთი 337-ის“ საქმეში ნესტორ ესაკიას ხელი ერია. ამიტომ მისი დოსიეს შესწავლას შეუდგა. თუმცა, საეჭვოს ვერაფერს მიაგნო და თითქმის ბოლომდე გადაეწურა იმედი, რომ ერთი საგულისხმო ფაქტი აღმოაჩინა, კერძოდ ის, რომ ადრე ესაკიას ვაკეში საკუთარი სახლი სწორედ იმ მონაკვეთში ჰქონდა, სადაც ცარიელი ყუთი იპოვეს. გოცირიძე თითქმის დარწმუნდა, რომ „ტვირთი 337-ის“ გატაცება ესაკიას ორგანიზებული იყო. კაპიტანმა დაადგინა, რომ ესაკიას ცოლი – 80 წლის მართა, ცოცხალი იყო, შვილიშვილი ნესტორი მეექვსე კლასში სწავლობდა, ხოლო შვილი 41 წლის ლავრენტი, „კაგებეს“ მაღალჩინოსანი იყო და პოდპოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა. კაპიტანმა გოცირიძემ იცოდა, რომ პატარა შეცდომასაც არ აპატიებდნენ. ამიტომ, ფრთხილად შეუდგა მოკვლევას. მან დაადგინა, რომ ესაკიებს კერძო აგარაკი ჰქონდათ წყნეთში, რომელიც 1951 წელს მიიღეს. გოცირიძის აზრით, გარდაცვლილი გენერალი სწორედ იქ მალავდა 1926 წელს გატაცებულ ძვირფასეულობას, შვილი კი საქმის კურსში არ იყო. თემურ გოცირიძემ საკუთარი რისკის ფასად ესაკიების დაცარიელებულ აგარაკზე შეაღწია, გაჩხრიკა, რისთვისაც ნაღმის მოსაძებნი მოწყობილობა გამოიყენა და სხვენის სქელ კედელში სამალავი აღმოაჩინა. იქ ოთხი ცალი ბიდონი იდო და თითოეულში 18-18 კილოგრამი ძვირფასეულობა იყო შენახული. გოცირიძემ მეორე დღესვე დაწერა პატაკი ალექსი ინაურის სახელზე, რომელშიც აღიარებდა, რომ კანონდარღვევით მოქმედებდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს გარდაუვალი აუცილებლობა იყო.
იმავე დღეს „კაგებეს“ სპეცჯგუფმა ესაკიების აგარაკიდან ძვირფასეულობა ამოიღო, რომელიც ექსპერტებმა 70 მილიონ მანეთად შეაფასეს. პოდპოლკოვნიკი ლავრენტი ესაკია თანამდებობიდან გადადგა. თემურ გოცირიძეს კი, ინაურმა მაიორის ჩინი მიანიჭა.

скачать dle 11.3