კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახლში დავრეკე, 25 300 ლარი მოვიგე და სუფრა გაამზადეთ-მეთქი

ამურ ხარტონიშვილმა პროექტში „ცოდნა ფულია”  25 300 ლარი მოიგო და დაამტკიცა, რომ ცოდნა მართლაც ფულია. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მარტო ის, რომ ნასწავლი იყო, წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის. ბატონი ამური 37 წლისაა  და ბაკურციხის სკოლის დირექტორი გახლავთ, ასევე, სოფელ ვეჯინის მაჟორიტარი დეპუტატია.
ამურ ხარტონიშვილი: გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში დავიბადე, მხატვრის ოჯახში. ამავე სოფლის საჯარო სკოლა დავამთავრე და შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე. სტუდენტობის დროს, სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი გაყიდვების სფეროში. მაშინ, არეულობა იყო თბილისში და ბუნებრივია, სამსახური მარტივად არ იშოვებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ისვე ჩემს რაიონში დავბრუნდი და კერძო ფირმაში დავიწყე მუშაობა – ხის გადამამუშავებელ ფირმაში, კვლავ გაყიდვების მიმართულებით. ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები, ამიტომ დავამთავრე პოლიციის აკადემია და მუშაობა დავიწყე სკოლის მანდატურის სამსახურში, რომელიც მაშინ, ყალიბდებოდა. რამდენიმე თვეში ჩავაბარე დირექტორის გამოცდები და დავინიშე სკოლის დირექტორად.
– მანდატურობიდან სკოლის დირექტორობამდე ნამდვილად დიდი ტრამპლინია.
– დიახ, თავიდან ყველას უკვირდა. მანდატურობა არ აკნინებს სკოლის დირექტორს. ამის შემდეგ, დავიწყე პოლიტიკური მოღვაწეობა. თვითმმართველობის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე – ჩემს სოფელში, მაჟორიტარი დეპუტატი ვარ გურჯაანის საკრებულოში. 2006 წლიდან რესპუბლიკური პარტიის წევრი და ახლა უკვე ფრაქციის მდივანი ვარ. სადაც ვცადე, რა ვიცი, გაამართლა.
– ხელოვანის ოჯახში დაიბადეთ, მამის მსგავსად, თქვენც ხატავთ?
– მეც ვხატავდი, მაგრამ მამას არ მიაჩნდა, რომ ეს კარგი სპეციალობა იყო. ამიტომ, მიშლიდა და მირჩევდა, სხვა საქმისთვის მომეკიდებინა ხელი. ხელოვნების ნიჭი ნამდვილად მქონდა, მაგრამ  მაღალ დონეზეც არა. ისე, ხადახან ლექსებსაც ვწერ, ანუ მეც გარეული ვარ ხელოვნებაში.
–  საკუთარი სურვილით შეავსეთ ანკეტა „ცოდნა ფულიას” პროექტში მონაწილეობის მისაღებად, თუ ვინმემ გირჩიათ?
– ზოგადად, დიდი გულშემატკივარი ვარ ინტელექტუალური შოუების. რომ დაანონსდა თამაში „ცოდნა ფულია”, მონაწილეობაზე დედას თხოვნით გავაკეთე განაცხადი. თან, ახალი პროექტი იყო და თავისუფლად შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. ვიცოდი, ძალიან ბევრი რეგისტრირდებოდა და ეჭვი მეპარებოდა, მეც მოვხვედრილიყავი. განაცხადის შევსებიდან ერთი კვირაში დამირეკეს და მიმიწვიეს. საერთოდ, შოუში რომ მიდიხარ, რაღაც წარმატების იმედი გაქვს. სიმართლე გითხრათ,  ბოლომდე თუ გავიდოდი, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, ვფიქრობდი, რომ გარკვეულ ეტაპამდე წარმატებას მივაღწევდი და რაღაც თანხას მოვიგებდი.  სულ სხვაგავარად კი მოხდა ყველაფერი, გავედი ბოლოში და მოვიგე 25 300 ლარი. მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება ჩემთვის.
– დამხმარეების რანგში თქვენი სკოლის მოსწავლეები გყავდათ. ხომ შეგეძლოთ, უფრო კომპეტენტური პირი წაგეყვანათ, რატომ არჩიეთ ბავშვები?
– უპირველესად ის, რომ მათი იმედი მქონდა და მეორე, მარტო ჩემი წარმატება არ არის ქვეყნის წარმატება, მომავალ თაობაზე გავაკეთე აქცენტი. კი ბატონო, შემეძლო უფრო ასაკოვანი და განათლებული პიროვნებების წაყვანა, მაგრამ – არა, მინდოდა, საზოგადოებას დაენახა, რომ ეს არ იყო მარტო ჩემი წარმატება. მიხაროდა, როცა ბავშვები სწორად სცემდნენ პასუხებს. ყველა ოქროსმედალოსანი იყო. ისეთ სფეროს ვემსახურები, ქვეყნის მომავალს ვჭედავ. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სტიმული და ცოდნით მიღებული სიამოვნების განცდა. ეს დატვირთვა ჰქონდა ჩემს ამ ნაბიჯს. მინდა, მათ დაინახონ, ცოდნით მხოლოდ ფულის მოგება კი არა, არამედ მთელი ცხოვრების უზრუნველყოფა და წარმატებულ, შემდგარ პიროვნებად ჩამოყალიბებაა შესაძლებელი. მათ და არა მარტო მათ, მიეცათ სტიმული, რაც ჩემი უმთავრესი მიზანია.
– რომელ შეკითხვაზე დაგეხმარათ ინტუიცია?
– ერთი შეკითხვა იყო, პინოქიოს თავგადასვალის ავტორზე. ეს ნამდვილად არ მახსოვდა, პინოქიოს მამის სახელი ვიცოდი, ავტორის – არა. თან, მერე ამერია რაღაცეები. ამ კითხვას ინტუიციით გავეცი პასუხი. კიდევ ერთი შეკითხვა იყო ციხესიმაგრესთან დაკავშირებით, იქაც ლოგიკური აზროვნებით მივედი პასუხამდე. ყველაზე მთავარი, რაც არის, ბოლო, მეცამეტე შეკითხვა ვიცოდი და არ დამჭირდა ზედმეტი ფიქრი. ოჯახში გვაქვს მაგიდა, სადაც ის ფოთოლია გამოსახული, რომელმაც მომაგებინა. მამა ხელოვანია, ავეჯის საამქროს ამუშავებს. მსგავს ფიგურებს  ყოველთვის აკეთებს ხოლმე, მათ შორის აკაციის ფოთლის გვირგვინებსაც. თუმცა ამას თუ აკანთიის ფოთოლი ერქვა, არ მახსოვდა.
– თამაშის პერიოდში იყო მომენტი, როცა იფიქრეთ, რომ წაგებული გქონდათ?
– კი, იყო ერთ-ერთ კითხვაზე, როცა არც მე ვიყავი დარწმუნებული და არც ის, ვინც  დამეხმარა. თან, დუტამაც ისე წაიყვანა, თითქოს მორჩა ყველაფერი. მაშინ ვიფიქრე, რადგან დუტა ასე ამბობს, ალბათ, არ არის სწორი პასუხი-მეთქი. თუმცა თავს ვინუგეშებდი, როცა თამაშობ, წაგებისთვისაც უნდა იყო მზად და მოგებისთვისაც.
– ვინ გგულშემატკივრობდათ?
– მეუღლე, შვილები, სკოლის მასწავლებელბი და ორი მოსწავლე. ჩემი მეუღლე ნერვიულობდა ძალიან, ემოციური ქალბატონია და განიცდიდა, თუმცა, უხაროდა და შეძლებისდაგვარად, ბოლომდე მამხნევებდა. რაც უფრო იზრდებოდა თანხა, რაც უფრო ღრმად შევდიოდი თამაშში, ნერვიულობაც მძაფრდებოდა. სახლიდან მშობლები მგულშემატკივრობდნენ. რომ მოვიგე, სახლში დავრეკე. 25 300 ლარი მოვიგე და სუფრა გაამზადეთ-მეთქი. თავიდან არ დამიჯერეს, მაგრამ მეორედ რომ გავუმეორე და მიხვდნენ, ნამდვილად არ ვტყუოდი, ძალიან გაუხარდათ.
– რამდენი ხანია, რაც დაოჯახებული ხართ? თქვენი მეუღლე გაგვაცანით.
– ჩემი მეუღლე ჩვენივე სოფლის მკვიდრია. ჩემზე სამი წლით უმცროსია. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. პატარაობდან ვიცნობდი და მიყვარდა. 17 წელია, რაც  დაქორწინებულები ვართ და გვყავს ორი შვილი – ნიკა და ლიკუნა. მოკლედ რომ ვთქვა: სოფლის მკვიდრმა ბიჭმა მოიყვანა, ამავე სოფლის მკვიდრი გოგო და შეიქმნა ლამაზი ოჯახი (იცინის).
– მოგებულ თანხას რას უპირებთ?
– მანქანა ვიყიდე უკვე. ახლა მინდა მეუღლეს გავუკეთო სიურპრიზი. ორივეს ოცნებაა საფრანგეთის და პარიზის ნახვა. დიდი ალბათობით ეს იქნება სიურპრიზი. იქ არის ხიდი, სადაც შეყვარებულები კლიტეს კიდებენ თავიანთი სიყვარულის სიმბოლოდ. მეც მინდა, ჩვენი კლიტეც იყოს (იცინის).
– რა შეცვალა ამ მოგებამ თქვენს ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდათ?
– ფინანსური მდგომარეობა შეცვალა ნამდვილად (იცინის), სხვა არაფერი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხალხმა უკეთ გამიცნო როგორც გურჯაანის რაიონში, ისე რაიონის გარეთაც. რომ მხედავენ, მცნობენ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეა, მერე დავავიწყდები ყველას (იცინის). ჩემი ცოდნა დაფასდა და ძალიან მიხარია. თუმცა, ცოდნა ყოველთვის ფული არ არის, ხშირ შემთხვევაში ამართლებს. მარტო ცოდნა არაფერია, თუ რისკიანი არ ხარ და სიახლეები არ გიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ მომწონს აქ რასაც ვაკეთებ, კიდევ მინდა, უფრო გავიზარდო. ვგეგმავ უცხოეთში წასვლას. არ არის გამორიცხული, თავი დავანებო სკოლის დირექტორობას და უფრო ღრმად წავიდე პოლიტიკაში. ამერიკისკენაც გამირბის გონება. ჯერ არ ვიცი, რომელ გზას ავირჩვე. თუმცა, ერთ ადგილზე ვერ გავჩერდები. ვფიქრობ, რაღაც უნდა შევცვალო.

скачать dle 11.3