ნატურალური და ბიოკოსმეტიკა
შეიძლება, ყველამ არ იცის, რომ ცნობილი ადამიანები (მთელი მსოფლიოს მასშტაბით) ნატურალური და ბიოკოსმეტიკის მოხმარებაზე გადავიდნენ. დარწმუნებულები ვართ, ბევრს აინტერესებს, რა განსხვავებაა მათ შორის და რა თავისებურებით ხასიათდება თითოეული მათგანი. მსოფლიოს ელიტის წარმომადგენლები უმიზეზოდ ნამდვილად არ გააკეთებენ ამ არჩევანს.
ბიოკოსმეტიკის განსაკუთრებულობა ორი სიტყვით შეიძლება განიმარტოს: არავითარი ქიმია! საერთაშორისო მასშტაბით არის აკრძალული ასეთ კოსმეტიკაში სინთეტიკური სურნელის, საღებავებისა თუ ნავთობგადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების დამატება. ბიოკოსმეტიკაში კონსერვანტებიც კი (ეთერზეთები, მაყვალი, მოცვი, სალიცილის მჟავა, E ვიტამინი და ასე შემდეგ) ბუნებრივი გამოიყენება. ინგრედიენტების 95 პროცენტი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, პესტიციდების გარეშე მოყვანილი და, ცხადია, არ ხდება ასეთი კოსმეტიკის ტესტირება ცხოველებზე.
როგორ მოქმედებს ბიოკოსმეტიკა? ეკოლოგიური პროდუქტების ადაპტებს მიაჩნიათ, რომ კანი ყველაზე უკეთ ბიოკოსმეტიკას ითვისებს, რადგან ბუნება და ადამიანი ერთ მთლიანობას წარმოადგენს. ბიოკოსმეტიკა (რომელსაც ხშირად „ორგანულსაც“ უწოდებენ), არ ანაგვიანებს ორგანიზმს, ხოლო ზოგიერთი კრემი და შრატი ტოქსინების გამოდევნასაც კი უწყობს ხელს.
ორგანული საშუალებების უმრავლესობის გამოყენება შეუძლიათ როგორც ზრდასრულებს, ისე 3 წლის ასაკს გადაცილებულ ბავშვებს, ოღონდ, მშობლები დარწმუნებულები უნდა იყვენენ, რომ მათ არ აქვთ ალერგია ბიოკოსმეტიკურ საშუალებაში შემავალ რომელიმე მცენარეზე ან თაფლზე.
ბიოკოსმეტიკის მეშვეობით უკეთ და უვნებლად შეძლებთ კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებას.
ნატურალურს უწოდებენ კოსმეტიკას, რომლის შემადგენლობის ნახევარიც მცენარეული წარმოშობისაა. როგორც წესი, მასში უმატებენ ბალახების ექსტრაქტებს, ნატურალურ ზეთებს, ვიტამინებს. შესაძლებელია, მასში შედიოდეს ხელოვნური კონსერვანტებიც, მაგრამ, თუ ეს ცნობილი ბრენდია, შეგიძლიათ, ხარისხზე არ ინერვიულოთ. ბევრ ცნობილ მარკას თავისი ლაბორატორიები და სამეცნიერო ინსტიტუტები აქვს, რომლებიც პროდუქტების ამტანობაზე ტესტირებას ახდენენ. სხვათა შორის, ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელთა უმეტესობა, ისევე, როგორც ბიომარკები, არ ატარებს ტესტებს ცხოველებზე.
რაც შეეხება ზემოქმედებას, არსებობს მოსაზრება, რომ ნატურალური კოსმეტიკა ბიოკოსმეტიკაზე სწრაფად აგვარებს კანის პრობლემებს სწორედ მაღალტექნოლოგიური ფორმულების წყალობით. ამ საშუალებების საფუძველია ლაბორატორიებში შექმნილი აქტიური კომპონენტები, მცენარეები კი სასარგებლო დანამატებია.
ისევე, როგორც ნებისმიერი კოსმეტიკა, ნატურალური კოსმეტიკაც უნდა შეამოწმოთ ალერგიაზე.
ბევრმა არ იცის, როგორ უნდა გაარჩიოს ნატურალური და ბიოკოსმეტიკა დანარჩენი კოსმეტიკისგან. ეს ძალიან ადვილია: შეფუთვაზე უნდა იყოს აღნიშვნა: BDI, BIO ან ECO – ეს არის ხარისხის სერტიფიკატები, რომლებსაც მსოფლიო ეკოორგანიზაციები ანიჭებენ კოსმეტიკას. თავად კოსმეტიკური საშუალებები კი უნდა იყოს თეთრი ან უფერო, რადგან ისინი არ შეიცავს საღებავებს.