სუპების დიეტა
სხვა დიეტებთან შედარებით გაცილებით უსაფრთხო და უვნებელია სუპების დიეტა. ზაფხულში წვნიანის უამრავი ვარიანტი შეიძლება მოიფიქროთ და წარმატებით შეუთავსოთ ერთმანეთს სასიამოვნო და სასარგებლო.
გახსოვდეთ, რომ დიეტური სუპის მომზადების დროს არ უნდა მოშუშოთ ცხიმში ხახვი და ბოსტნეული, უფრო მეტიც, საერთოდ არანაირი ცხიმი არ არის საჭირო, ერთი გრამიც კი.
წვნიანის დიეტის მთავარი პრინციპია, ერთი დღის განმავლობაში მიირთვათ მხოლოდ ერთი სახეობის წვნიანი, 3-ჯერ ან ოთხჯერ, 250-300 მილილიტრის ოდენობით, უპუროდ; შეგიძლიათ, თითო ჯერზე შეატანოთ მხოლოდ 1-2 ფირფიტა „ხლებცი.“ უფლება გაქვთ, დილით დალიოთ 1 ფინჯანი ნალექიანი ყავა ან 1 ჭიქა მწვანე ჩაი 1 კოვზი თაფლით, საღამოს კი (არაუგვიანეს 19 საათისა) – 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი (უშაქროდ) ან მიირთვით ხილის ასორტი.
ამ დიეტის დროს ძალიან კარგია ცივი სუპები, ეგრეთ წოდებული „აკროშკა“, ოღონდ, ის ვარიანტი, რომელიც მაწვნით მზადდება.
თუმცა, ნაკლისა და მინუსების გარეშე არც ეს დიეტაა, კერძოდ:
* ძნელია, სუპში ერთად მოუყაროთ თავი ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტებს: ხილს, ბოსტნეულს, ბურღულეულს, რძის პროდუქტებს, ხორცს, თევზს, კვერცხს, ნიგოზს და ასე შემდეგ. ეს კი ნიშნავს, რომ კვება იქნება საკმაოდ ერთფეროვანი, ჯანმრთელი რაციონის ერთ-ერთი პრინციპი კი სწორედ მრავალფეროვნებაა. ამიტომაც გავუსვით ხაზი დასაწყისში იმას, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა შემადგენლობის სუპი მოამზადოთ.
* სუპის დიეტის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაცვა მიგიყვანთ გარკვეული მიკროელემენტების დეფიციტამდე და გაართულებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. გარდა ამისა, ასეთი დიეტა ვერ აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას.
რჩევა: ასეთი კვების მაქსიმალური ხანგრძლივობა 1 კვირაა. სუპების დიეტის დაცვა რეკომენდებული არ არის ასაკოვანი ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.