კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

Angie

– ბიჭო, მომეცი „Angie”, შენ ხომ მაინც არ უსმენო! – მეხვეწებოდა დათოია „როლინგ სტოუნსის” პატარა ფირფიტის ჩუქებას.
– „Hey Jude” მომეცი და მოგცემო! – ვუცვლიდი „ბითლზის” ფირფიტაში.
– ვერ მოგცემ, ხომ იცი, ნაჩუქარიაო! – ცდილობდა თავის დაძვრენას.
– ჩემიც ნაჩუქარიაო! – არ ვუთმობდი მე.
– ვინ გაჩუქა, ლოვა „ბარიგამო”? – მპასუხობდა, რადგან ვაკელ ლოვას – ფირფიტების „ბარიგას”, „ბითლზების” ფირფიტისთვის ფული დავუტოვე, „როლინგ სტოუნზის” ფირფიტა დამახვედრა:
– „ბითლზები” აღარ იყო და ეს წამოგიღეო!
***
დათოია ფრუიძე ჩემი ინსტიტუტის მეგობარი იყო. პირველივე კურსიდან დავძმაკაცდით. მუსიკამ დაგვაახლოვა - მე „ბითლზი” მიყვარდა, იმას „როლინგ სტოუნზი”. სულ ვკამათობდით, რომელი სჯობდა. არა, „როლინგ სტოუნზი” მეც მომწონდა, მაგრამ არ ვამჟღავნებდი, რადგან დათოიასთან კამათი ძალიან მიყვარდა.
– ე, ბიჭო, მოხვედი აზრზე, რომელი სჯობსო? – მეკითხებოდა შეხვედრისას.
– რა თქმა უნდა, „ბითლზიო” - ვპასუხობდი მე.
– აბა, ჭკვიან ხალხს შევეკითხოთო! – ალიკ, „ბითლზი” სჯობს, თუ „როლინგ სტოუნზიო”? – ჰკითხავდა დათოია ჩვენს კურსელ, 120-კილოგრამიან, ხაშურელ ალიკას, რომლისთვისაც მუსიკა „შალახოთი” იწყებოდა და „სემ სოროკით” მთავრდებოდა.
– რაიო?
– „ბითლზი” სჯობს თუ „როლინგ სტოუნზიო”?
– მეორეო! – უპასუხებდა ალიკა, რომელიც, პირიქით რომ გეკითხა, მაინც „მეორეს” გიპასუხებდა.
დათოია ქუთაისიდან იყო, წერეთლის ქუჩაზე ჰქონდათ სამსართულიანი სახლი, რომელიც მდინარე რიონს გადაჰყურებდა. ბინა თბილისშიც ჰქონდათ, ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე, სადაც დათოია და დედამისი – ნათელა, იგივე ჯუტუ დეიდა ცხოვრობდნენ სწავლის პერიოდში. დათოია ინსტიტუტში გამორჩეული ბიჭი იყო. კარგად სწავლობდა. გამხდარი, მაღალი, ლამაზი, გემოვნებით იცვამდა: „ადიდასი”, „პუმა” და „ოლ სტარი” პირველად მის ტანზე ვნახე. სალათისფერი „06”-ით დადიოდა. ყველა გოგო დათოიაზე იყო შეყვარებული. მისი სურათი, მარჯანიშვილის მოედანზე ფოტოატელიე რომ იყო, ბოლომდე ეკიდა ვიტრინაში.
მამამისი, ზაზა ბიძია, თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა, მაგრამ, მისი ჩამოსვლა დღესასწაული იყო. გაშლიდა სუფრას, შეგვყრიდა დათოიას ძმაკაცებს, დაჯდებოდა თამადად და ისე გაგვჭყეპდა ღვინით, რომ ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით. თვითონ, ზაზა ბიძიას, სიმთვრალეს მარტო იმით ვამჩნევდით, რომ ცოლს უწყებდა ხუმრობას:
– ჯუტუია, აბა, თუ გამეიცნობ: ოთხი ფეხი აქვს, კუდი აქვს, ერთგულია და ყეფავს – რა არისო?
– ძაღლიო! - უპასუხებდა ნათელა დეიდა.
– იცოდი, ჯუტუია, მაი, შენ, იცოდიო! – ეტყოდა ზაზა ბიძია.
 – არა, დათოიას გეფიცები, არ ვიცოდიო! – გულზე ხელს დაიდებდა ნათელა დეიდა.
ზაზა ბიძია ქუთაისში, სამშენებლო ტრესტის მმართველი იყო. მთელი ქუთაისი პატივს სცემდა. იცოდა ხალხის შეფასება, დაფასება და პატივისცემა. დიდი ფულის პატრონი იყო. დათოია ხუმრობდა
 – მამაჩემმა თბილისიდან ქუთაისამდე ლიანდაგებზე 25-მანეთიანები რომ დაალაგოს, 5-სანტიმეტრიანი „სლოი” გამოვაო!
ზაფხულის არდადეგებზე, როგორც წესი, ორი კვირით ჩემს სოფელში მივდიოდით და მერე ორი კვირით – მასთან, ქუთაისში. დათოიას სახლის დარბაზში დიდი სუფრა იშლებოდა.
– მოდი, ბიჭო, კულტურას გაზიარო, ხალხი გაგაცნოო! - მეხუმრებოდა დათოია. მომატარებდა ქუთაისის ღირსშესანიშნაობებს.
– ე, ბიჭო, ეზიარე კულტურასო!
– კაი, დათოია, რამდენჯერ უნდა მაჩვენო, ზეპირად ვისწავლეო! – ვეუბნებოდი მე.
– არ გაწყენსო! - იცინოდა. თუ „ტორპედო” თამაშობდა, სტადიონზე მივდიოდით. ფეხბურთს ვინ უყურებდა, ყურებდაცქვეტილი ვუსმენდი გულშემატკივრებს:
– გეინძერი, ბიჭო, თორემ ძაღლს ხე ეგონები და მოგაშარდავსო! – უყვიროდა ფეხბურთელს ერთი გულშემატკივარი,
– წამოაყენეთ, ბალახი არ გადაწვასო! – წუხდა მეორე, წითურთმიანი ფეხბურთელის მოედანზე წაქცევისას.
– აგი, რავა, ტროსზე გამობმული ძაღლივით დარბისო! – ჩიოდა მესამე.
სახლში მისულებს, ისევ გაშლილი სუფრა გვხვდებოდა, აბა, ზაზა ბიძია დღეს ხომ არ ჩააგდებდა?! მე და დათოიას ნაბახუსევზე თავები გვისკდებოდა, ის კი, დილის 8 საათზე მოუჯდებოდა გვერდით მძღოლს და სამსახურში მიდიოდა. დათოიამ მომიყვა:
– ეს მძღოლი დესპოტიშვილია, მამაჩემს ახალი აყვანილი ჰყავდა სამსახურში, სადღაც დალია და მძღოლმა სახლში წამოიყვანა. გზაში გამოჰკითხა: – ცოლ-შვილი გყავსო? რამდენი წლის ხარო? გვარი დავიწყებია და – თქვენ, სადისტაშვილები საიდან ხართო? – უკითხავს.
თბილისში წამოსვლის წინ, რამდენიმე დღით ზღვაზე მივდიოდით. მოვივლიდით მთელს სანაპიროს ბათუმიდან გაგრამდე, რუს გოგოებს ქართულ ტემპერამენტს ვაგრძნობინებდით და დაოსებულები ვბრუნდებოდით, მე – თბილისში, და დათოია – ქუთაისში.
უცებ გაირბინა ინსტიტუტის წლებმა. მე თბილისში გამანაწილეს, დათოია – ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, მაგრამ მამამისმა ჩაუწყო და სამტრედიის საკონსერვოს „სასტავში” ჩასვა. მალე ცოლი მოიყვანა. ჩავედი ქორწილში, გადაირივნენ სიხარულით. საჩუქარი გადავეცი
– მაგას, „Angie”-ს ფირფიტა გეჩუქებინა, უფრო გამიხარდებოდაო! – იხუმრა დათოიამ.
– „Hey Jude”-ში გაგიცვლიო! – ვუპასუხე მე.
– ხომ იცი, ნაჩუქარიაო! – ორივეს გაგვეცინა. სამი დღე ვიქეიფეთ ქორწილში, გვერდიდან არ მომცილებია.
– ბიჭო, მე ხომ არ მიპირებ რამეს, წადი, ცოლს მიხედეო! – ვუთხარი ხუმრობით.
– შენ წახვალ, ცოლი აქ დამრჩებაო! – მიპასუხა დათოიამ.
გავიდა წლები, ტელეფონით თუ შევეხმიანებოდით ერთმანეთს. ერთხელ, ცოლ-შვილით ბათუმში დასასვენებლად მიმავალმა, ქუთაისში შევუარე. სახლში არ დამხვდა, გვიან მოვიდა. არ მომეწონა – თვალები თითქოს შუშისა ჰქონდა, დამძიმებულ ქუთუთოებს ძლივს ერეოდა, ცოლი გასცილებოდა. ნათელა დეიდას ვკითხე,
  – რა მოუვიდაო?
  – ვიღაც მორფინისტების წრეში მოხვდა, გაგვანადგურა, თავი არსად გამოგვეყოფა, თვეში ერთხელ გვიწევს მაგის ციხიდან დახსნა, ახლა სახლს ვყიდითო!
  – ბიჭო, სულელი ხომ არ ხარ, შენ და ნარკომანობაო! – ვეცი დათოიას.
  – ეგ როგორ მაკადრე, ამას შენგან არ ველოდი, დედაჩემს ნუ უსმენ, ეჩვენებაო!
   – მეც მეჩვენებაო?
   – ხო, შენც გეჩვენებაო! – შეგონებას აზრი აღარ ჰქონდა. მეხვეწა დარჩიო, მაგრამ დავჯექი მანქანაში და უკან, თბილისში, დავბრუნდი. ბათუმში დასვენების ხალისი დამეკარგა.
ზაზა ბიძიას გასვენებაში ვნახე დათოია, ვეღარ ვიცანი – სახე დაგრძელებოდა, კბილები ჩასცვენოდა. ჩემი დანახვისას უემოციო, დამჭკნარ სახეზე არც სიხარული გამოხატვია, არც წყენა, მხოლოდ დაძაბულობა ეტყობოდა – ეგონა, შეგონებას დავუწყებდი. არაფერი მითქვამს, მივუსამძიმრე.
***
ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა დათოია, წინა ზაფხულს გავასვენეთ ქუთაისის გარეუბნის „ბარაკიდან”. გვირგვინი არ მიმიტანია, „Angie”-ს ფირფიტა დავუდე თავთან, ნიშნად ლამაზი მეგობრობისა.
– დათოია, ძამა, ეს წაიღე, გამოგადგებაო! – ვიღაცამ „შპრიცი“ დაადო „Angie”-ს ფირფიტას.

скачать dle 11.3