როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ხიზაძე
გვარის ფუძიდან – ხიზანა ნაწარმოებია ქართული გვარი ხიზაძე.
ხიზაძეთა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილად იხსენიება სოფელი კუნცა, ასპინძის რაიონი. იმავე რაიონში დღეს სხვაგანაც ცხოვრობენ, კერძოდ, სოფელ აწყვიტაში.
საქართველოში 66 ხიზაძე ცხოვრობს: ასპინძაში – 32, თბილისში – 7, ახალციხეში – 6. არიან სხვაგანაც.
მაკარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაკარი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად ბედნიერს ნიშნავს.
1661 წელს ელიზბარ სოლოღაშვილის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ივანე მაკარაშვილი.
1781 წელს ერტისში მოიხსენიება დავით სარდლის ყმა – ივანე მაკარაშვილი.
საქართველოში 467 მაკარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 301, მცხეთაში – 93, გარდაბანში – 73.
კუჭიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კუჭია.
მეტსახელი კუჭია შემონახულია ფოლადის გვარის სახინჯარში.
გვხვდება ტოპონიმები: კუჭიანი – ქიზიყში, კუჭია კი – ზესტაფონის რაიონში.
კუჭიაშვილები იყვნენ მებატონეებიც და ყმა გლეხებიც.
საქართველოში 78 კუჭიაშვილი ცხოვრობს. თბილისში 36, მცხეთაში 36, კასპში 6.
მეხრიშვილი
გვარის ფუძე, სავარაუდოდ, არის საქმიანობის აღმნიშვნელი ტერმინი – მეხრე, რაც საქონლის მწყემსს ნიშნავს.
გადმოცემის მიხედვით, სოფელ ხვედურეთიდან ბატონს ყმა გლეხი მეხრიშვილი გამოჰქცევია, პატარა თონეთში დასახლებულა და გვარი მეხრაძედ შეუცვლია.
თონეთელმა პავლე მეხრიშვილმა 1829 წელს იქორწინა გორის მაზრის სოფელ ნიჩბისში მცხოვრებ ნიკოლოზ ციციანოვის ყმის, იასე ბონდაურის ქალზე, ნინოზე.
1886 წლის აღწერით, პატარა თონეთში მოიხსენიება ნინია მეხრიშვილი.
საქართველოში 828 მეხრიშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 221, თბილისში – 151, ხაშურში – 133. არიან სხვაგანაც.
ქიტუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქიტუა.
1721 წელს მოიხსენიება მანგლელის ყმა თათარა ქიტუაშვილი.
1721 წელსვე, ვერხვნალაში მოიხსენიება დათუნა გერმანოზიშვილის ყმა, ზაქუტა ქიტუაშვილი.
საქართველოში 568 ქიტუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 272, გურჯაანში – 109, მცხეთაში – 62. არიან სხვაგანაც.
ფანიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფანია.
1710 წელს, აზატობის წიგნში, რომელიც რევაზ ჟორჟოლაძისთვის მიუციათ, მოხსენიებულია პეტრე ფანიაშვილი. 1721 წელს კი მოიხსენიება სეხნია ფანიაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი ფანიშვილი.
საქართველოში 110 ფანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, გორში – 39, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.
საფარაშვილი
გვარის ფუძეა სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა – საფარა. საფარა იყო საკუთარი სახელიც. ამავე ძირისაა გვარები: საფარიძე და საფარიშვილი.
ცნობილია გაბრიელ საფარელი, ათონის მონასტრის ქველმოქმედი. მისი ძმა, იოანე საფარელი, ბოლოს კათოლიკოსი გახდა. „იოანე კზი საფარელი“ იყო დავით აღმაშენებლის კრების თავმჯდომარე 1104 წელს.
საქართველოში 109 საფარაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 41, საგარეჯოში – 18, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის
მასალების მიხედვით