კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უჩნდებათ ბავშვებს ეკლესიისა და მშობლების მიმართ პროტესტი და რატომ ხდებიან ადამიანები ეკლესიის გარეთ სხვა პიროვნებები

ხშირად მშობლებს საკუთარი შვილები ძალით დაჰყავთ ეკლესიაში, რაც მომავალში, როდესაც ისინი გაიზრდებიან, მათ ეკლესიასთან გაუცხოებასაც გამოიწვევს. ზოგჯერ კი, ამ კუთხით, ბავშვებისთვის დამაბრკოლებელი მშობლების ქცევაც ხდება. როგორ უნდა ესაუბროს მშობელი შვილს ღმერთზე, როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი მათი თანდასწრებით, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ხშირად ის ბავშვები, რომლებიც მშობლებს ძალით დაჰყავდათ ეკლესიაში, შემდეგში იქ აღარ მიდიან. მშობელს ჩემთვის ისიც უთქვამს: ჩემი შვილი ზარმაცია, ეკლესიაში არ დადის, სტიქარი ჩააცვი, იქნებ უფრო ხშირად იაროსო. ბავშვები უყურებენ მშობლების არასწორ საქციელს: ტაძარში სხვა რამეს, გარეთ – სხვას და შესაბამისად, გარბიან ეკლესიიდან, რადგან მშობლის, ქმედებაში ეკლესიურს ვერაფერს ხედავენ. მშობელი  ბავშვს ერთს ეუბნება და თავად მეორეს აკეთებს. შვილი ხედავს, მამა როგორ ეჩხუბება დედას ან დედა როგორ ეჩხუბება მამას, როგორ ჭორაობენ ისინი სხვებზე, იტყუებიან, მეზობლებს აგინებენ. ამ დროს სახლში ბევრი ხატია, ბიბლიაა... ბავშვს ვეღარ გაუგია, რა ხდება, გაორებულია. შესაბამისად, როგორც კი ოდნავ წამოიზრდება, მაშინვე უჩნდება პროტესტი. ვინ იყვნენ რევოლუციონერები? მათი უმრავლესობა სემინარიადამთავრებული იყო. იმ დროს სასულიერო სასწავლებლებში, ოჯახებში სწავლება გაუკუღმართებული  იყო. ქრისტეს სახელით ძალიან ბევრი უღმერთობა ხდებოდა, რომელიც დღესაც ხშირია. ბავშვი ხედავს, დედა და მამა როგორ ეამბორებიან მოძღვარს ხელზე, როგორ იქცევიან ეკლესიაში, მერე გამოდიან გარეთ და სულ სხვა ადამიანები ხდებიან. არ მოწიო სიგარეტიო, ბავშვს ეჩხუბებიან და თვითონ ეწევიან, არ შეიგინოო  და თვითონ იგინებიან. ისე უნდა ვიცხოვროთ და მოვიქცეთ, რომ ჩვენმა შვილებმაც თქვან: მეც ქრისტიანი ვარ. შეიძლება, სულ არ იცოდე ეკლესიის ისტორია, ვინ იყო წმიდა გიორგი, წაკითხულიც არ გქონდეს სახარება, მაგრამ შინაგანი სჯულით, თავმდაბლობით, სიყვარულით გამოისახოს შენში ქრისტე.
– დღეს ხშირად არქმევენ ბავშვებს ამა თუ იმ წმიდანის სახელს, თუმცა ბავშვებმა მათ შესახებ თითქმის არაფერი იციან.
– დღეს  ბავშვს ნათლობის სახელი გიორგი ჰქვია და ჯონის ეძახიან ან ნინო ჰქვია და ნარგიზს ეძახიან. რატომ გქვია არაეკლესიური სახელიო, რომ ვეკითხები, მპასუხობს: არა, ნათლობის სახელი სხვა მქვიაო. როგორც კი ბავშვებს რომელიმე წმიდანის სახელს დავარქმევთ, მათ უნდა ავუხსნათ, როგორი ადამიანი იყო წმიდა გიორგი, წმიდა ნინო, ივლიტა... ნათლობის შემდეგ იარლიყიან წმიდა ჯვრებს შეინახევენ სადღაც. ნათლიად თანამდებობის პირებს ირჩევენ, მათ გააცნობენ ბავშვებს და ამით მთავრდება ყველაფერი. ატარებენ ამხელა წმიდანების სახელს და არც კი იციან, ვინ იყო ლუკა მახარებელი, წმიდა გიორგი... ბავშვების განათლება მათი მფარველი წმიდანების ცხოვრების გაცნობით უნდა დავიწყოთ.
– ქალები ცხოვრობენ ეკლესიური ცხოვრებით, გათხოვების, ოჯახის შექმნის შემდეგ კი ეკლესიას შორდებიან, ამისთვის კი მიზეზად ბავშვების მოვლას, ოჯახურ საქმეებს ასახელებენ. ხშირად მხოლოდ ზიარების დროს მოდიან, ბავშვებს აზიარებენ და თვითონ არც ზიარებას იღებენ და წირვა-ლოცვასაც სათანადოდ ვერ ესწრებიან. ეს რამდენად სწორია?
– მშობელი ან ნათლია მოდის ეკლესიაში, მოჰყვათ ბავშვები, აზიარებენ და კმაყოფილები რჩებიან. ბავშვი ისედაც წმიდა და უმანკოა, მას ვაზირებ, მე კიდევ უზიარებელი ვარ, ვჭორაობ, განვიკითხავ, ვზარმაცობ. უპირველეს ყოვლისა, ნათლია ხარ თუ მშობელი, ჯერ შენ მოდი გაწმენდილი, ნაზიარები და შემდეგ აზიარე ბავშვი. მშობლებს უფრო მეტად სჭირდებათ ზიარება, ვიდრე ბავშვებს. რას ამბობს მაცხოვარი: თუ ბავშვების მსგავსნი არ იქნებით, სასუფეველში ვერ მოხვდებითო. არცერთ წმიდანს არ უწერია არაფერი ბავშვების ზიარებაზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები არ უნდა ვაზიაროთ. ნათლიებსაც რომ ვეკითხები: აღსარება ნათქვამი გაქვს, ნაზიარები ხარ? მხრებს იჩეჩავენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ, რაზე ვესაუბრები, „მრწამსის“ კითხვაც კი უჭირთ. სამწუხაროდ, დღემდე ჩვენთან ნათლიებს „პოლიტიკური“ ნიშნით ირჩევენ – რამდენად ფულიანია, პერსპექტიული, რადგან ბავშვი რომ გაიზრდება, მერე მატერიალური უზრუნველყოფა ჰქონდეს. თუმცა, ბავშვი რომ გაიზრდება, ზოგჯერ ის ადამიანი თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია.
– დღეს მშობლები შვილებისთვის ნაკლებად იცლიან, ნაკლები ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.
– ერთმა პედაგოგმა მეუღლეს ბავშვების თავისუფალი ნაწერი წააკითხა. ერთი ბავშვი წერს: ნეტავ ვიყო ტელევიზორი, მამა ყურადღებას მომაქცევდა. მეორე: ნეტავ ვიყო კომპიუტერი, დედა ყურადღებას მომაქცევდა. ის კაცი აღშფოთდა: ვინ არიან ეს ნაძირალა მშობლებიო და ცოლმა უპასუხა: ეს შენ ხარ, შენი შვილი წერსო. ეს დღეს სამწუხარო რეალობაა და მერე არ უნდა გავიოცოთ, რომ ჩვენი შვილები უსიყვარულოდ იზრდებიან და გვიკვრის, რატომ არიან ბიო-რობოტებიო. ამიტომ, მათ სათანადოდ უნდა მივაქციოთ ყურადღება, მშობლის პასუხისმგებლობა არ მოვიხსნათ. არ არსებობს პროფესია, რომელიც შვილს დაგვაშორებს. 10 წუთი არ გვაქვს, 15, რომ ერთად დავხატოთ, ვისაუბროთ, ვიმღეროთ?! შეიძლება, მშობელი თავის შვილთან მთელ დღეს არ ატარებდეს, მერე მოვიდეს, ან კომპიუტერთან დაჯდეს მაშინვე, ან დაიძინოს, ისე, რომ ბავშვს არ დაუთმოს საჭირო დრო?! არ აინტერესებდეს, მისი შვილი როგორ იყო, რა წაიკითხა, ვისთან იყო?! მერე კი  უკვირს, მისი შვილი თუ საპყრობილეში აღმოჩნდება: მე ხომ მისთვის არაფერი დამიკლიაო. ყურადღება აკლიათ შვილებს, მოფერება. მათ ხშირად სჭირდებათ თავზე ხელის გადასმა და თვალებში ჩახედვა. ჩვენ ვშორდებით უფალს და ჩვენი შვილები გვშორდებიან ჩვენ. ამიტომ, დავუბრუნდეთ უფალს, ვილოცოთ, ახლოს ვიყოთ მასთან ლოცვით, თავმდაბლობით და ჩვენი შვილებიც დაგვიბრუნდებიან. ჩვენ თუ ვიქნებით ქრისტიანები, ჩვენი შვილებიც ქრისტიანები იქნებიან; ჩვენ თუ ფარისევლები ვართ, ჩვენი შვილებიც ფარისევლები იქნებიან, გარეგნულად მოღვაწე ქრისტიანები: როგორ დავანთო სანთელი, მამაო, გაიხარე დამლოცეო... მაგრამ შიგნით არ ვართ ასეთები.  ჩვენი შვილები ამ ყველაფერს ხედავენ და მათთვის მაგალითებად ვრჩებით.

скачать dle 11.3