წმიდა სწავლებანი
მათთვის, ვისაც აინტერესებს: კარგია თუ არა მოულოდნელი სიკვდილი
ზოგიერთებს მოულოდნელი სიკვდილი სურთ. თუკი სიკვდილი გარდაუვალია, მოულოდნელად მოვიდეს და ამქვეყნიური ყოფა დაასრულოს. ეს უმჯობესია, ვიდრე ავადმყოფობით იტანჯო და სხვაც ტანჯო. სიკვდილის მოლოდინი საზარელია, ხოლო მოულოდნელი არაო – ასე ფიქრობენ. ერთ სოფელში დედაკაცს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა, რამაც მრავალგვარი მითქმა-მოთქმა აღძრა. ერთნი ამბობენ, რომ ამგავარი სიკვდილი ყველაზე უკეთესიაო. სხვამ სიკვდილის შესახებ ასე თქვა: „მოვიდეს, მაგრამ ნუ გამაწამებს!“ ამის გამო განმარტებას ითხოვს ხალხი.
უეცარი სიკვდილი სასურველი არ არის, თუმცა მასთან შესახვედრად ყოველ წამს უნდა ვემზადოთ. ასე გვასწავლის ეკლესია. არსებობს ლოცვები, რომ ღმერთმა სხვადასხვა განსაცდელისგან, მათ შორის უეცარი სიკვდილისგანაც დაგვიფაროს. მაგრამ ის, ვის ხელშიც არის სიკვდილიცა და სიცოცხლეც, თავისი წმიდა განგებულებით ადამიანთა სულების სასარგებლოდ მოქმედებს, თავისთან მოუხმობს, თუ ამქვეყნად ტოვებს. მოულოდნელი სიკვდილით ის უფრო ხშირად ცოდვილებს სჯის, იშვიათად მართლებსაც მოუვლენს.
ძველ აღთქმაში ხომ ამოგიკითხავთ, ღმერთმა როგორ დასაჯა აარონის ვაჟები მოულოდნელი სიკვდილით თვითნებური კმევისათვის? ანანია და საფირაც სიკვდილით მოცელილები დაეცნენ, როდესაც მოციქულთა წინაშე იცრუეს. მრავალი ქრისტიანთა მდევნელი უეცარი სიკვდილით მოწყდა. ამის შესახებ ქრისტეს მოწამეთა ცხოვრებაში წერია. მართალია, მომხდარა, რომ უეცრად მართლაც აღსრულებულა. ასე წმიდა ათანასე ათონელს მოევლინა. ის და კიდევ რამდენიმე მონაზონი გადმოქცეულმა კედელმა ქვეშ მოიყოლა.
ცოდვილთათვის მოულოდნელი სიკვდილის წარმოგზავნისას უფალს ორგვარი მიზანი ამოძრავებს: ისინი დასაჯოს, ხოლო ცოცხლები შეაშინოს, რომ აღარ შესცოდონ. როდესაც ანანია და საფირა უეცრად მოკვდნენ, „იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმაესა“ (საქ. 5,11). როდესაც ადამიანები მართალს მიენდობიან და განადიდებენ, როგორც წმიდა ათანასეს შემთხვევაში მოხდა, უფალი მართლის სულს მოულოდნელად გაიყვანს, რომ ადამიანებს აჩვენოს, ღმერთი მხოლოდ ის არის და „არა არს სხუა ღმერთი მისა გარეშე“. და მაინც, მოულოდნელი სიკვდილი არის განმსწავლელი ცოცხლად დარჩენილთათვის, კერძოდ: თითოეული საკუთარ აღსასრულზე უნდა დაფიქრდეს და ჩვენი სულები დაუცხრომლად ვამზადოთ – სინანულით, ლოცვით, მოწყალებით – ამ ქვეყანაში გადასასვლელად.
ცნობილ ვალაამელ ბერს, ნიკიტას (1907) მოულოდნელი სიკვდილის ძალიან ეშინოდა და ღმერთს მუდამ ევედრებოდა, რომ მისთვის სიკვდილის წინ რაც შეიძლება მძიმე და ხანგრძლივი სნეულება წარმოეგზავნა, რათა, როგორც ის ამბობდა, „მართალი მსაჯული სნეულების დათმენით მცირედით მაინც მოწყალე ვყო ჩემზე, რომელიც, თუკი ინებეს, შეუძლია ეს კეთილ საქმედ შემირაცხოს, რადგან სხვა არა გამაჩნია რა“. სხვა მართალი, სასიკვდინე სარეცელზე მყოფი, მეგობრებს ამგვარად ანუგეშებდა: „ცხრა თვე ვიტანჯებოდი, რომ ამქვეყნად გავჩენილიყავ, და განა მის დასატოვებლად ცხრა თვის განმავლობაში ტანჯვა ბევრია?“
მართლაც მნიშვნელოვანია სნეულება სიკვდილის წინ. მან მარადიული ხსნა მრავალ ცოდვილს დაუმკვიდრა. წინასასიკვდინე სნეულებით ათასობით ადამიანმა ღმერთისა და საკუთარი სულის არსებობა შეიცნო, ხოლო ამ ორი უმთავრესი საგნის შეცნობით, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში არც კი გახსენებიათ, მწარედ შეინანეს, უგუნურად გატარებული ცხოვრება დაიტირეს, ეზიარნენ და საკუთარი ცრემლებით განბანილნი და ქრისტეს უწმიდესი სისხლით განწმენდილნი ზეციურ კარიბჭეში შესვლის ღირსნი შეიქნენ. აქედან გამომდინარე, წინა სასიკვდინე სნეულება ღმერთის წყალობაა. ნუ შფოთავთ იმის გამო, რომ ჩვენს სიახლოვეს ჩვენი მშობლები ან მეგობრები დაიტანჯებიან, როდესაც მომაკვდავნი ვიქნებით. ეს მათთვის მხოლოდ სარგებლობის მომტანი იქნება. ღმერთი და შემოქმედი ასგზის მიაგებს მათ ამის წილ.
ცოდვათა აღსარებისთვის საჭიროა შემუსვრილი გული
ერთხელ ორი ბერი, რომლებმაც ამბა ზენონთან აღსარება ჩააბარეს, ერთმანეთს შეეკითხნენ, თუ რა შედეგი გამოიღო მათთვის ამ აღსარებამ.
ერთმა თქვა, რომ წმიდა ბერის ლოცვამ ის განკურნა და თავს მსუბუქად გრძნობს ცოდვათა სიმძიმისგან. მეორემ თქვა, რომ მიუხედავად აღსარებისა, თავს ვერ გრძნობს ცოდვისგან გათავისუფლებულად.
მან, ვინც კურნება მიიღო, ჰკითხა: „როგორ ჩააბარე აღსარება მამაოს?“ მან მიუგო: „მე ავუხსენი მას, რომ ჩემზეა ესა და ეს ცოდვები და ვთხოვე, ელოცა ჩემთვის“. მაშინ პირველმა უთხრა: „მე კი, როცა აღსარებას ვაბარებდი, მის ფეხებს ცრემლით ვალტობდი და მისი ლოცვებით უფალმა განმკურნა“.
მათ, ვინც მოძღვარს აღსარებას აბარებენ, უნდა შეინანონ მთელი სიწრფელით, შემუსვრილი გულით, როგორც ღვთის წინაშე. მხოლოდ მაშინ მიიღებენ ისინი მოწყალებას. აღსარება, რომელიც წრფელი არ არის, არა თუ ცოდვათა მიმტევებელია, არამედ საკუთარი თავის დასასჯელი.