რატომ აინტერესებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ქალის ქალზე და მამაკაცის მამაკაცზე დაქორწინება-არდაქორწინება რეგიონში მიმდინარე ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე მეტად
8 აგვისტოს ბაქოში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები, 9 აგვისტოს პუტინი ერდოღანმა მოინახულა, 10 აგვისტოს კი – სომხეთის პრეზიდენტმა სარგისიანმა. მეტიც, ირანი მიესალმა რუსეთ-თურქეთის გადაწყვეტილებას, ერთობლივად შეუტიონ ისლამისტებს და ირანმაც გამოთქვა სურვილი, მესამე კაცად შეუერთდეს ორთა ამ ერთობას. ოფიციალურ თბილისს არცერთ ოფიციალურ შეხვედრაში (უპირველესად და, ძირითადად, ვგულისხმობ ბაქოში გამართულ შეხვედრას) არ მიუღია მონაწილეობა. თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოვლენები ჩვენ გარეშე ვითარდება, არადა აუცილებლად შეგვეხება და თუ არ ჩავერევით, არც თუ სასიკეთოდ. ახალ გეოპოლიტიკურ გადაჯგუფებებზე კაკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრება.
– რა პროცესები მიდის ჩვენ გარშემო, მართლაც თამაშგარედ ვართ თუ რის იმედად?
– ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს, ქართველებსა და კავკასიელებს როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებლებს დღეს უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ აქვთ, ვიდრე ეს შეხვედრებია, იმიტომ რომ, ეს საქართველოსა და კავკასიის ბედისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ისტორიული შეხვედრებია. უბედურება ის კი არ არის, რომ ამ შეხვედრებს ქართველები არ ესწრებიან, უბედურება ის არის, რომ ქართველებმა არ იციან, რომ ამ შეხვედრებს უნდა დაესწრონ; უბედურება ის არის, რომ ქართველებმა არ იციან, რომ ეს შეხვედრები თბილისში უნდა ტარდებოდეს და თბილისის ინიციატივით; უბედურება ის არის, რომ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ვგულისხმობ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, არაფრის მომცემ თემებზე კამათის გარდა, არაფერი აინტერესებს.
– უსუფაშვილმა, რომელიც, უდავოდ, კარგი პარლამენტის თავმჯდომარეა, უცნაური ინციატივა წამოაყენა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ. არადა არავინ იცის, როგორ შეიცვლება ვითარება და ბლოკები 20 წლის შემდეგ და როგორ გადალაგდება ჩვენი რისკები. კონსტიტუცია საშინაო დავალების რვეული ხომ არ არის, რომ გადავაკეთ-გადმოვაკეთოთ, იმისდა მიხედვით, რა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები შეიქმნება?
– ასეთივე სამარცხვინო მოთხოვნა იყო, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ ქალი ქალზე არ უნდა დაქორწინდეს. ხომ არ შეიძლება, კონსტიტუცია ოროსნის დღიურს დაამსგავსო, რომლებშიც ნიშნებია გადაკეთებული. არ არის აუცილებელი, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ევროატლანტიკური მისწრაფება გვაქვს, სავსებით საკმარისია, ჩაიწეროს, რომ ქვეყანას ექნება განვითარების პოლიტიკური კურსი, რომლის მიზანია კავკასიური ჰაბობა. სავსებით საკმარისია, წამყვანი ძალა იყო კავკასიაში, პოლიტიკურად და კულტურულად, რომ ნებისმიერი ალიანსისთვის სასურველი გახდე. სპორტული ტერმინით რომ ვთქვა, უნდა იყო პელე, მარადონა, მესი და ყველას მოუნდება, რომ მასთან იყო და შენთან იყოს. ყველას უნდა, რომ სტაბილური, ღონიერი, გონიერი და შემოქმედი ქვეყნის პარტნიორი იყოს.
– ამ შეხვედრებმა უკვე ჩაიარა უჩვენოდ, რის შეცვლა შეგვიძლია?
– ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერს, ყველა იმ ქვეყნის მეთაურს, ვისაც შეხვდა პუტინი. აბსოლუტურად ყველასთან უნდა გავიაროთ თემები ერთი ერთზე, მარტივი მიზეზით, ჩვენ გარეშე ამ რეგიონში ვერაფერი ვერსად ვერასდროს გაივლის – ვერც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ვერც პირიქით. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება და გადაწყვეტენ, რომ გვერდი აუარონ საქართველოს, საქართველოს ბევრი მექანიზმი აქვს საიმისოდ, რომ ირანი, აზერბაიჯანი და სომხეთი შავ ზღვასთან არც კი მიუშვას. ხოლო, თუ ვინმე გაბედავს და გვერდს აგვივლის, კეთილი ინებოს და გამოიყენოს ნოვოროსიისკის პორტი და ვნახოთ, თუ ოთხჯერ-ხუთჯერ არ გაუძვირდებათ ნებისმიერი პროდუქციის თვითღირებულება, რაც მათი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას დაბლა დასწევს. ჩვენ არ უნდა შეგვრცხვეს ამ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკის, ჩვენ შევეჩვიეთ მორჩილ, მორიდებულ, დაბეჩავებულ როლს, როდესაც ბოლო 25 წელია, თავში გვირტყამენ და ჩვენც ვეხვეწებით, ოღონდ ორი კაპიკი გადმოგვიყარეთ და ყველაფერზე თანახმანი ვართო. არადა, ჩვენ ვართ ბატონ-პატრონები ამ მიწის, ამ სახელმწიფოსი. ჩვენი ღირსეული წინაპრები იბრძოდნენ ათეულობით საუკუნეების განმავლობაში, დაგვიტოვეს ედემის ბაღი და ჩვენი თაობა, რომლებიც ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული უანგაროდ მოვდივართ, ამას შევინარჩუნებთ. ხოლო, ვინც წარმოშობით ყიზილბაში ან ოსმალოა, იდავოს, ქალი ქალზე უნდა დაქორწინდეს თუ კაცზე და რომელი ალიანსის წევრი გავხდეთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ნამდვილი კავკასიური ალიანსი, რომელშიც გაერთიანდება მთელი რეგიონის სულიერი და პოლიტიკური ცხოვრება. როდესაც ვლაპარაკობ კავკასიის რეგიონულ პოლიტიკაზე, ვგულისხმობ შავი და კასპიის ზღვების აუზების ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიან კავშირურთიერთობას, სადაც თამადა ქართველია. კავკასიური ნაგაზი შეიძლება, ცირკში გაიზარდოს, როგორც ჯამბაზი, მაგრამ ბუნებრივ გარემოში რომ გამოიყვან, მაშინვე მეომარი ხდება. გაიღვიძეთ, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღება!
– რა მოხდა ბაქოში? რაზე შეიძლებოდა, პუტინი მოლაპარაკებოდა ალიევს და იქნებდა ჩვენს საზიანოდაც?
– სავსებით ბუნებრივია, რომ პუტინს აქვს გაცხადებული ანტიდასავლური პოლიტიკა. პუტინმა თავისი ძალების დემონსტრირება მოახდინა სირიაში, კონფლიქტში შევიდა დასავლურ კოალიციასთან და თურქეთთან, მაგრამ მიხვდა, რომ მეორე ავღანეთში ჩაერთვებოდა. თან, სირია არ არის რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცე და ბოლოს და ბოლოს, მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა პრობლემის გასაღები დევს კავკასიაში. დასავლეთთან დასაპირისპირებლად რუსეთს აუცილებლად სჭირდება ისეთი ეკონომიკური ბერკეტი, რომლითაც ის მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთისთვის, რომ იზოლაციაში არ მოხვდეს; დასავლეთს სჭირდება რუსეთის ენერგომატარებლები, ამის ალტერნატივა კი არის შუა აზიის, ირანისა და აზერბაიჯანის ენერგომატარებლების საქართველოს გავლით თურქეთიდან ევროპისკენ გატარება. რუსეთი ევროპას ბირთვულ რაკეტებს არ ესვრის.
– არც სჭირდება, თვითონაც განადგურდება.
– რა თქმა უნდა. ანუ მისთვის ეს ნაბიჯი მომგებიანი არ არის, მისთვის ახლა მთავარია, დასავლეთისთვის გახდეს ენერგომომარაგების მთავარი წყარო და სავსებით ბუნებრივია, რომ კავკასია, როგორც ფეთქებადსაშიში რეგიონი, სადაც რამდენიმე დაკონსერვებული ეთნიკური კონფლიქტია, მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საქართველო რუსეთისთვის არის ათვლის ბოლო წერტილი: თუ საქართველოდან დაიწყებს საუბარს, დანარჩენი ქვეყენები დაელოდებიან საქართველოს პასუხს და შემდეგ ულტიმატუმებით დაელაპარაკებიან რუსეთს. ამიტომ, რუსეთი პირდაპირ ელაპარაკება სავარაუდო პარტნიორებს. დაელაპარაკა აზერბაიჯანს და დაელაპარაკა ყარაბაღზე. ჩვენ თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვით, რომ აზერბაიჯანს მისცეს ყარაბაღის რამდენიმე რაიონი, ანუ ყვითელი აუნთეს და იმედი ჩაუსახეს, რომ მწვანესაც აუნთებენ. დარწმუნებული ვარ, ალიევ-პუტინის საუბრის მეორე საკითხი იყო უსაფრთხოება. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანში არის საბჭოთა კავშირისდროინდელი უდიდესი ანტისარადარო სისტემები, ოღონდ დასამონტაჟებელია. ამ სისტემებით, ფაქტობრივად, გააკონტროლებს ახლო და შორეულ აღმოსავლეთს, დაიცავს სარაკეტო დარტყმებისგან. მათი მოლაპარაკების მესამე საკითხი კი იქნებოდა ენერგომატარებლები. არ გვგონია, რუსეთს აზერბაიჯანისთვის შეეთავაზებინა, რომ უარი თქვას თავისი ენერგომატარებლების საქართველოზე გატარებაზე. რუსეთს შუა აზიის ქვეყნებში ნაყიდი აქვს საბადოები და პრობლემა არ აქვს თურქმენეთთან და ყაზახეთთან, მაგრამ ირანთან და აზერბაიჯანთან ლაპარაკობს ამ ენერგომატარებლების ძირითად ხაზში წილობრივ მონაწილეობაზე.
– თავისას გამოატარებს შუა აზიიდან?
– ეს უკვე დეტალებია. მთავარი აქ ის არის, რომ მისი სამიზნე დასავლეთია და არა კავკასია. იმისთვის, რომ უპირატესობა მოიპოვოს, როგორც ენერგომატარებლების მიწოდებისა და დასავლეთის ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარმა წყარომ, რუსეთისთვის ასგზის მეტი ფასი დაედო კავკასიას და მას ახლა კავკასიასთან ომი აღარ უღირს. რუსეთს კავკასიასთან უნდა გარიგება ან მორიგება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არ უყვარს და არც თურქეთს უყვარს რუსეთი, საერთოდაც, ამ ორ იმპერიას არ შეიძლება, ერთმანეთი უყვარდეთ.
– დროებითი და მყიფეა მათი ზავი.
– ტაქტიკური მოსაზერებების გამო ორივეს სჭირდება, ძალა აჩვენოს დასავლეთს. ორივე ახდენს პოლიტიკურ ზეწოლას დასავლეთზე, ორივე უთამაშებს კუნთებს დასავლეთს და თურქეთთან რუსეთის ურთიერთობა პირდაპირი გზავნილია კავკასიელებისთვის: თუ მე არ მენდობით, ვინც თურქეთს ენდობით კავკასიაში, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ინტერესები იქნება დაცული. ამის დასტურია რუსეთ-თურქეთს შორის სამ საკითხზე მოლაპარაკება: სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, რომელმაც 100 მილიარდს უნდა მიაღწიოს და მინდა გითხრათ, საქართველოს ტერიტორიის გარეშე ამას ვერ განახორციელებენ. მეორე – ისინი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფერში.
– მხოლოდ „სამხრეთის ნაკადის“ ამოქმედებით თუ ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით?
– თუ ღიად გააკეთებენ შავი ზღვის მეშვეობით რუსულ-თურქულ ენერგოპროექტს და შეეცდებიან, გადაკეტონ ჯეიჰანის მიმართულება, მაშინ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვიძლია, შევუქმნათ თურქეთიდან რუსეთისკენ მიმავალ ყველა ტვირთს, თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ მიმავალ ტვირთებს და პირიქით. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი გვაქვს სავაჭროდ ამ მეორე საკითხზე. და მესამე – ისინი შეთანხმდნენ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, ამის პირველსახე არის ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ურთიერთობა უფრო შორს წავიდეს და შავი ზღვის აუზის კონტროლზეც იყოს საუბარი.
– უკვე თურქეთზეა დამოკიდებული, ჩაუკეტავს თუ არა „ნატოს“ ხომალდებს შავ ზღვაში თავისუფლად შემოსვლას.
– და ჩვენ გვინდა თუ არა, გვაქვს რამის თავი თუ რა, ეს მესამე თემაც გვეხება. რაც შეეხება თურქეთისა და რუსეთის გარდა, ქვეყნებს: აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი, სამივე ჩვენზეა დამოკიდებული და მათთან ყოვლად უაპელაციოდ შეგვიძლია, ვისაუბროთ ტაქტის ფარგლებში. ვგულისხმობ სწორ დიპლომატიურ ფორმას ჩვენთვის მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით და ეს სულაც არ არის სასირცხვილო. რამდენჯერმე უარიც უნდა უთხრა შეთახმებისას, თუ შენთვის მისაღები არ არის რამე საკითხი, მაგალითად, რომ შენ, მთავარმა გამტარმა, მეორეხარისხოვან ქვეყნებზე ათჯერ ნაკლები არ უნდა მიიღო, საერთაშორისო სტანდარტებში უნდა ჩაჯდე. ყოველივე ამის შემდეგ, რომელი ალიანსიც უნდა იყოს მსოფლიოში უძლიერესი, შენ ხარ ნომერ პირველი ქვეყანა, რომელიც მისთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი იქნება. ამიტომ გაძლიერდი, მამაცხონებულო?! დაანებე თავი, ქართველო კაცო, ჭორაობას! ნუ იპარავ ფულს ბიუჯეტიდან და შენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის იბრძოლე, რომ ღირსეული სახელმწიფო გქონდეს. ღირსეულ სახელმწიფოში კი უღირსების ადგილი ავტომატურად არ იქნება. ვირთხები, როგორც წესი, სად არიან?! ნაგვის ბუნკერში. სისუფთავეში ვირთხებს და ტარაკნებს რა უნდათ? ჩვენ დღემდე ვერ დავინახეთ ჩვენი ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ვერც კომენატრები მოვისმინეთ.
– პირადად მე ორი კვირაა, ველოდები, ჟურნალისტები რას დაწერენ ან რა გადაცემებს გაააკეთებენ ამ თემაზე, მაგრამ ყრუ დუმილია.
– პირობითად ვიტყვი, რა შეუძლია, განაცხადოს საქართველოს ხელისუფლებას ამ პირობებში: მაგალითად, შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება მიესალმება მშვიდობიან მოლაპარაკებებს ორ მოდავე მეზობელს შორის და მზად არის, მათთან ერთად განიხილოს ყველა ის საკითხი, რომლებიც ეხება საქართველოსა და რეგიონულ უსაფრთხოებას. ამას გარდა: რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რა მოლაპარაკებებიც უნდა შედგეს მის ხელმძღვანელობასთან, ჩვენთვის მისაღებია, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენთან შეთანხმების გარეშე, საერთო ინტერესების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. რაც შეეხება ირანს: შესაძლოა, ითქვას, რომ საქართველო მზად არის, 30-წლიანი ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ, თავის ტერიტორიაზე გაატაროს ირანის ენერგომატარებლები და მზადაა, ისაუბროს პერსპექტიულ სტრატეგიულ პარტნიორ ირანთან, აზერბაიჯანელებთან ერთად. ეს ისეთი გზავნილებია, რის შემდეგაც რუსეთი თუ თურქეთი, შუა აზიაც, ევროკავშირიც და ამერიკაც გაიგებენ, რომ გავიღვიძეთ, გავცოცხლდით, ადამიანის სახე მივიღეთ.