კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყვართ ქართველებს ერთმანეთისთვის ჭკუის სწავლება

ისე მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უცხოეთში ცხოვრობს, ზოგი – ლეგალურად, ზოგიც – არალეგალურად, მათი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეცაა, მათი შვილებიც და უკვე – შვილიშვილებიც. შესაბამისად, გადასახადებსაც იმ ქვეყნებს უხდიან, სამხედრო ვალდებულებიც იმ ქვეყნების წინაშე არიან, იმ ქვეყნებისვე დახმარებით ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, თუმცა საქართველოში დარჩენილებს ხშირად ჭკუასაც არიგებენ და არც რჩევებს იშურებენ. მეორე მხრივ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი ძალისხმევა იქითკენ მიმართონ, რომ საქართველოშიც შეიქმნას წარმატებული ქვეყნის მოდელი, ურჩევნიათ, სხვათა მიერ შექმნილი სოციალური დაცვის სისტემებით ისარგებლონ და შვილებსაც ურჩიონ, რომ როგორმე აქედან გააღწიონ. ამ არც თუ სასიამოვნო რეალობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.
– ადამიანებს, რომლებიც არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები და მორალურადაც და ფინანსურადაც არიან ანგარიშვალდებულები იმ ქვეყნების წინაშე, ახასიათებთ ტენდენცია, რომ ჭკუა დაარიგონ აქ დარჩენილებს. ეს ნორმალური და ბუნებრივი მოვლენაა?
– ნორმალური მოვლენაა, ალბათ, მათი თვალსაზრისით და არანორმალური მათთვის, ვინც ასე არ ფიქრობს. აქ ნორმებზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია ქცევის მანერაზე – ჭკუის სწავლებაზე. საერთოდ, საქართველოში ჭკუის სწავლება უყვართ, ყველა ერთმანეთს ასწავლის ჭკუას და არიგებს; გავრცელებული მოვლენაა ჩვენთან ნაცვლად მოსმენისა ჭკუის სწავლება. არა მხოლოდ ის ქართველი, რომელიც უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად, გასწავლის ჭკუას, არამედ იმავეს აკეთებს ქართველი, რომელიც აქ დარჩა და ჭკუას გასწავლის, თუმცა მისი ჭკუის სასწავლებელი არაფერი გჭირს. თუმცა ქართველების დიდი ნაწილი, რომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ, ლუმპენპროლეტარიატის დონეზე არიან, მათი დიდი ნაწილი მოხუცებს უვლის.
– მათ არ ვგულისხმობ, ისინი არავის ასწავლიან ჭკუას. ვგულისხმობ ნორმალური სოციალური სტატუსის მქონეთ, რომლებსაც აქვთ მოქალაქეობა, სარგებლობენ იმ სოციალური სისტემით, რაც იმ ქვეყანაშია.
– თუ ამ ლოგიკით მივუდგებით, ქვეყნის შიგნითაც არიან ადამიანები, რომლებიც დარჩნენ, მაგრამ არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ ქვეყნისთვის, თუმცა აქვთ მაღალი სოციალური სტატუსი, მდგომარეობა, შემოსავალი და გასწავლიან ჭკუას, ესეც ხომ გამაღიზიანებელია?!
– რა თქმა უნდა.
– ყველაფერი დამოკიდებულია კონტექსტზე, რამ გამოიწვია მათი ასეთი ქედმაღლური ლაპარაკი?! ეს თავისებური ქედმაღლობაა: მე უკეთ ვცხოვრობ, უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს პირობებში და ჩემი გადმოსახედიდან, თქვენ რომ ცხოვრობთ, ისე ცხოვრება არ შეიძლება. ამ მესიჯის ავტორი შეიძლება, არც იყოს ქედმაღალი ადამიანი, მაგრამ ქცევა ქედმაღლურია. არსებობს ასეთი პოზიცია: მე ვარ კარგი, შენ ხარ ცუდი; მეორე – მე ვარ ცუდი, შენ ხარ კარგი; მესამე – მეც ცუდი ვარ, შენც ცუდი ხარ და მეოთხე – მეც კარგი ვარ და შენც კარგი ხარ. ყველაზე კარგია მეოთხე ვარიანტი, როდესაც დადებითად აფასებ შენი ცხოვრების წესს და სხვასაც დადებითად უფასებ. მაგრამ, თუ მე ვამბობ, მე კარგი ვარ და შენ ცუდი ხარ, ესე იგი, ქედმაღლური პოზიცია მიჭირავს და ეს ქედმაღლობა აშკარად გამაღიზიანებელია.
– უპირატესობის შეგრძნება აქვთ, მე უფრო ნიჭიერი ვარ და უკეთ მოვიწყვე ცხოვრებაო და ამიტომ აძლევენ ამის უფლებას თავიანთ თავს?
– ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ, თუმცა თვით ამ ზოგადი მსჯელობის ფარგლებშიც შეიძლება, მივაგნოთ რაღაც ძაფს. ყველა ადამიანს აქვს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილება – აღიარების მოთხოვნილება, რომ მაღიარონ, მცნონ, დამაფასონ. ეს არა მარტო ქართველს, ნებისმიერი ეროვნების ადამიანს ახასიათებს და მძიმედ განიცდება, თუ ის ფიქრობს, რომ არ აღიარებენ.
საქართველოში ისეთი ვითარებაა, რომ, ეტყობა, ბევრი ადამიანია ფრუსტრირებული, ანუ იმედგაცრუებული ზუსტად იმის გამო, რომ მის პიროვნებას არ ცნობენ. მის პიროვნებას არ ცნობს ხელისუფლება, არ ცნობს ვიღაც პოლიციელი, რომელიც გათელავს მის ღირსებას ან ყაჩაღი, რომელიც შეეჭრება სახლში, ანუ თავისებურად ძალადობრივი ქვეყანაა საქართველო. აგრესიულობისა და ძალადობის იმპულსები ძალიან დიდია და ადამიანი ზოგადად იმედგაცრუებული რჩება, იმიტომ რომ, მის პიროვნებას არ ცნობენ, არ აღიარებენ, პირიქით – თელავენ. ასეთ სიტუაციაში ყველა ადამიანი დაუცველია, თვით ისიც კი, ვინც რამეს მიაღწია, რადგან დაუცველთა შორის ცხოვრობს და დაუცველთა შორის რომ ცხოვრობ, შენც დაუცველი ხარ. მით უმეტეს, ადვილია რიგითი ადამიანის ხელყოფა. წარმატებული ადამიანიც კი, რომელიც უცხოეთში წავიდა და იქ ცხოვრობს, თავის ქართველობაში მოწყვლადია, რადგან, მისი აზრით, მისი პიროვნული ღირებულება, მისი აღიარების მოთხოვნილება გათელილია. ამიტომ მას სჭირდება ქედმაღლობა. ქედმაღლობა სუსტი ადამიანის პოზიციაა. ადამიანს ქედმაღლობა სჭირდება, რომ გაჩვენოს, რა მაგარია, როგორი დაცულია. საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაუცველობაა, იმიტომ რომ, ისტორიულად გადარჩენის ამოცანის წინაშე ვიდექით და ახლაც გადარჩენისთვის ვიბრძვით. დაუცველობის სინდრომიდან გამომდინარე, ადამიანებს უმუშავდებათ დაცვითი მექანიზმი, რაც გამოიხატება იმით, რომ ქედმაღლობს: მე შენზე ძლიერი ვარ, ამიტომ შენ იმ სტანდარტებით უნდა იცხოვრო, როგორითაც მე გეუბნები და არა იმ სტანდარტებით, როგორითაც შენ ცხოვრობ.
– თავის მნიშვნელოვნებას იმით ამტკიცებს, რომ სხვას ასწავლის ჭკუას? ანუ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რეალიზდეს და აღიარონ თავის ქვეყანაში?
– გააჩნია ადამიანს. იყვნენ ქართველი გამომგონებლები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობდნენ და შესანიშნავად იყვნენ რეალიზებულები. მათ, ალბათ, არ ეცალათ ქედმაღლობისთვის. რეალიზებული ადამიანი ისე ჩახლართულია თავისი რეალიზაციის პროცესში, ისე აქვს გაიგივებული საკუთარი თავი თავის ამოცანასთან, არ სცალია ისეთი სისუსტეებისთვის, როგორიცაა ვიღაცისთვის ჭკუის სწავლება, ასეთი წვრილმანებისთვის არ იცლის. მეორე მხრივ, ეს დაკომპლექსებული ადამიანის ქცევაა. ის აღიარებას ელტვის: მე კი წამოვედი საქართველოდან, მაგრამ, ნახე, რა კარგად ვცხოვრობ?! ყველა ქართველი ხომ „პრავებს აკაჩავებს“?! არ ვიცი, ეს ფრაზა როგორ ვთარგმნო ლიტერატურულ ენაზე, მაგრამ ყველას გვესმის მისი მნიშვნელობა.
– თბილისში სამოქალაქო ომი იყო და რუსთაველის გამზირის იქით არც იგრძნობოდა, რა საშინელება გვჭირდა; აფხაზეთში ომი იყო, ადამიანები იხოცებოდნენ და ტელევიზიით დუბაისკენ ავიარეისების რეკლამები გადიოდა.
– ჩვენი საზოგადოება დაშლილი, ფრაგმენტული საზოგადოებაა. მახსოვს 1978 წლის 14 აპრილის შემდეგ ქართლში მომიწია ჩასვლა. ძალიან კარგ გარემოცვაში ვიყავი და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა მოხდა თბილისში 14 აპრილს, არადა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და მეგონა, ელვის სისწარფით გავრცელდებოდა მთელ საქართველოში. უცებ კი – ვხედავ, რომ ქარელში ამის შესახებ არაფერი იციან. ანუ მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს დაშლილი საზოგადოება იყო. რაც „ალავერდობაში“ აღწერა  გურამ რჩეულიშვილმა.
– დავით გურამიშვილმა – უფრო ადრე.
– ერეკლე იბრძოდა და სოლომონი განუდგა; ბესიკ გაბაშვილი, პოეტი, ინტრიგებს უწყობდა ერეკლეს მამამისის გამო. დაშლილობის სინდრომი ისტორიულად გვახასიათებდა და ახლაც გამოჩნდა თბილისის ომის დროს, 9 აპრილს და სხვა დროს. ასეთი ტრაგედიები ხდებოდა და ვიღაცეები ქეიფობდნენ. ქართველის ცნობიერება რომ დანაწევრებულია, ამის გამოძახილია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ტერიტორიუული რღვევის გამო კი არ მოხდა ცნობიერების ფრანგმენტირება, არამედ – პირიქით. ცნობიერებას აქვს მატერიალიზაციის უნარი, ანუ აზრის მატერიალიზაცია ხდება. ეს კანონი თავის დროზე ჰეგელმა აღმოაჩინა და როდესაც ქართველის ცნობიერება დაშლილია, სოციუმი რომ მთელი არ არის, ეს შემდეგ მატერიალიზაციას პოულობს ქვეყნის დაშლილობაში და ქვეყნის ტერიტორიაც დაშლილია.
– თუ არ გაინტერესებს ომი, რომელშიც მიწას გართმევენ, იმ მიწას წაგართმევენ.
– ქართველები რომ ერთ მუჭად ყოფილიყვნენ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ვერავინ მოუგებდა და ვერავინ წაართმევდა ვერც აფხაზეთსა და ვერც ცხინვალს. მაგრამ დაშლილი იყო ნაწილებად. ყველა თავის საძმოებს ქმნიდა და ერთი რომ ომობდა, მეორე დახვდებოდა და ავტომატს ართმევდა. ვირტუალურად წარმოიდგინეთ, ქართველები რომ ერთ მუჭად შეკრულები იყვნენ, როგორც ისრაელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში უმკლავდება მთელ არაბულ სამყაროს, ისრაელის დამმარცხებელი არ არსებობს, ქართველების დამმარცხებელიც არ იარსებებდა. ასე რომ იყვნენ ქართველებიც, არაფერი დაგვემართებოდა, მაგრამ დაშლილი საზოგადოებაა და ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს დანაწევრება.
– დასავლურმა საზოგადოებებმა ბევრი იშრომეს, ბევრი სისხლი და ოფლი დაღვარეს, რომ შეექმნათ ისეთი სოციალურად დაცული და უსაფრთხო ქვეყნები, როგორებიც შექმნეს.  ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, თავად შევქმნათ, სხვების ნაშრომით გვირჩევნია, ხეირი ვნახოთ. ეს როგორ გვახასიათებს?
– არ მიკვირს ეს, იმიტომ რომ, პარაზიტიზმი საკმაოდ გავრცელებულია. არ გახსოვთ გასული საუკუნის 90-იანი წლების განმავლობაში როგორი გავრცელებული იყო დასავლეთის კმაყოფაზე ყოფნის სურვილი?!
– მახსოვს შევარდნაძის ჩამოყვანის მომხრეების იმედებიც, გერმანიაში ყუთებითაა შეგროვებული ჩვენთვის გამოსაგზავნი სანოვაგეო.
– მე მახსოვს კადრი, როდესაც შევარდნაძემ განაცხადა, რომ ფულს გადმოგვირიცხავენო და ვიღაცამ უთხრა, ამათ კმაყოფაზე გვინდა ვიცხოვროთო, რაზეც შევარდნაძემ უპასუხა, ჩოქვით ვივლი, ოღონდ რამე მივიღოთო. დიდ საქციელად ითვლებოდა, რომ ვიღაცის კმაყოფაზე ყოფილიყავი, იმიტომ რომ, ეს გადარჩენის საშუალება იყო. ვიმეორებ, ამ საზოგადოების ძირითადი ღირებულება არის გადარჩენა, ეს არ არის წინსვლის საზოგადოება, ანუ ვერ გამოვიდა ერი გადარჩენის იმ სინდრომიდან, რაც საუკუნეების განმავლობაში ახასიათებდა. ხომ თითქოს კაპიტალიზმია, მაგრამ მაინც ვერ შედგა კაპიტალიზმი. თითოეული ადამიანი, ვინც ბაზარში რაღაცას ჰყიდის, გადარჩენაზე ზრუნავს და არა მოგებაზე. მას რჩება სიგარეტის ფული და ამით კმაყოფილია. არ აქვს სწრაფვა, განვითარდეს, წინ წავიდეს. მთავარია, გადარჩეს. მხოლოდ თითო-ოროლაა ივანიშვილის მსგავსი, რომელიც ფულსაც გააკეთებს, პრემიერ-მინისტრიც გახდება და ისტორიაშიც შევა. უმეტესობა მართლაც მხოლოდ გადარჩენაზეა ორიენტირებული.
– ცნობიერების ფრაგმენტირება იწვევს ყოფიერების ფრაგმენტირებასო. მაგრამ ეს ხომ დესტრუქციული მოდელია და თვითგანადგურებისკენ მიმართული?
– რაც უფრო ორიენტირებული ხარ გადარჩენაზე, მით მეტი შანსი გაქვს დაღუპვის. წისვლასა და გაძლიერებაზე უნდა იყო ორიენტირებული. ეტყობა, რთული გადმოსაცემია ეს იდეა. ადამიანების ცხოვრების ანალიზი აჩვენებს, რომ ადამიანებს თვითონ მიჰყავთ ცხოვრება იმ კატასტროფამდე, რომელშიც აღმოჩნდებიან. ვგულისხმობ ყველანაირ კატასტროფას – არა მარტო ფინანსურს, სიკვდილსა და დაღუპვასაც. ადამიანები თვითონ ირჩევენ ისეთ ცხოვრებისეულ გზას, რომლის ავტორებიც თავადვე არიან გაუცნობიერებლად და თავად მიჰყავთ საქმე დაღუპვამდე. ავიღოთ იპოთეკარების მაგალითი: რა დიდი ჭკუა უნდა იმას, რომ არ უნდა აიღო 20-პროცენტიანი სესხი?! თითქოს წვრილმანია, მაგრამ არ არის წვრილმანი. ძალიან ბევრი რამ ადასტურებს, რომ დაღუპვა ადამიანების არჩევანია. თვითონ მიიყვანეს პროცესი აქამდე. ადამიანი იღებს ურიის ვალს იმისთვის, რომ გადარჩეს! არადა დაიწყე ნელ-ნელა, პატარ-პატარა ნაბიჯებით და განვითარდი თანდათან?! აქ რომ ჩინელები შემოვიდნენ, საქართველოს რამდენიმე წელიწადში ააშენებენ და, სამწუხაროდ, ასე მოხდება, იმიტომ რომ, ზარმაცების ბუდეა ეს ქვეყანა.

скачать dle 11.3