რა რეფორმები ხორციელდება საქართველოს უროლოგთა ასოციაციაში
კარგად ახსოვს მის მიერ ჩატარებული თირკმლის პირველი ტრანსპლანტაცია, დღეს კი ის საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელია. ბატონი არჩილ ჩხოტუა, ასევე წლის პირველ უროლოგად სახელდება. ჩვენ მას უროლოგთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმებზე ვესაუბრეთ.
– თქვენი პროფესიული დოსიე.
– საექიმო მოღვაწეობა 1991 წელს მაშინდელი უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეზიდენტურაში დავიწყე. რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ, ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ლაურ მანაგაძემ მიმიღო მეცნიერ-თანამშრომლად. ეს იყო ქვეყნისთვის ძალიან რთული, მაგრამ ქართული უროლოგიისთვის უაღრესად საინტერესო და ნაყოფიერი წლები, რაც მედიცინის ამ დარგის მნიშვნელოვან პროგრესში გამოიხატა. ბ-ნი ლაურის ძირითადი ყურადღების სფერო იყო ახალგაზრდა თაობის აღზრდა. მან აიყვანა ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზრონე, უცხო ენის კარგად მცოდნე (რაც მაშინ იშვიათობა იყო) ექიმების ჯგუფი, რომელშიც, საბედნიეროდ, მეც მოვხვდი. 1993 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. ერთ დღეს ბ-ნმა ლაურმა კაბინეტში დამიძახა და მითხრა, რომ ჩვენს ცენტრში თირკმლის ტრანსპლანტაციების ოპერაციების დაწყება გადაწყდა. მისი სურვილი იყო, ახალგაზრდა თანამშრომელი სტაჟირებაზე გაეგზავნა საზღვარგარეთ, სადაც დაეუფლებოდა მკურნალობის ამ მეთოდს და დაბრუნების შემდეგ საქართველოში დანერგავდა მას. არჩევანი ჩემზე შეჩერდა. ამას მოჰყვა ხანგრძლივი მივლინება ჯერ ისრაელში, თელ-ავივის უნივერსიტეტის ორგანოთა ტრანსპლანტაციის განყოფილებაში, შემდეგ იტალიაში, ქალაქ ბოლონიის საუნივერსიტეტო კლინიკაში და ბოლოს, გერმანიის ქალაქ ულმის უნივერსიტეტში. ეს პროცესი 4 წელი გაგრძელდა. გარდა კლინიკური აქტივობისა, პარალელურად, სამეცნიერო მუშაობასაც ვეწეოდი, 2003 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, სადოქტორო დისერტაცია დავიცავი. 2000 წლიდან უროლოგიის ცენტრში დავიწყეთ თირკმლის ტრანსპლანტაციის დამოუკიდებელი პროგრამა, რომელიც დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. 2003 წლიდან ვარ უროლოგიის ეროვნული ცენტრის თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამის ხელმძღვანელი. 2010 წელს დავინიშნე ამავე ცენტრის დირექტორად სამეცნიერო დარგში. 2014 წელს, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყრილობაზე, ამირჩიეს ასოციაციის ხელმძღვანელად. ვარ ევროპის უროლოგთა ასოციაციის ტრანსპლანტაციის სექციის ბორდის წევრი. აი. ეს გახლავთ ჩემი მოკრძალებული პროფესიული დოსიე.
– საიდან დაიწყო თქვენი ექიმად მუშაობა და თუ გახსოვთ პირველი ოპერაცია?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემი მოღვაწეობა უროლოგიაში 1991 წელს რეზიდენტურით დაიწყო. ჩემი პირველი, დამოუკიდებლად ჩატარებული უროლოგიური ოპერაცია ჰიდროცელექტომია იყო. მე კარგად მახსოვს პირველი თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომელიც 2000 წელს საქართველოში გავაკეთე. ეს იყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წელი დიალიზზე იმყოფებოდა. მას თირკმელი დედამ მისცა. ოპერაცია ძალიან წარმატებული გამოდგა და გადანერგილმა თირკმელმა 10 წელზე მეტხანს იფუნქციონირა.
– თქვენი ამჟამინდელი სამუშაო პროფილი, რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ?
– ჩემი ინტერესების ძირითადი სფეროა: თირკმლის ტრანსპლანტაცია და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის ქირურგიული ასპექტები. აქ იგულისხმება: სადიალიზო სისხლძარღვოვანი ფისტულების ფორმირება, პროთეზების იმპლანტაცია, პერიტონეალური დიალიზის კათეტერის იმპლანტაცია და სხვა. აქტიურად ვარ ჩართული, ასევე, ენდოუროლოგიაში, კერძოდ, ლაზერულ ქირურგიაში უროლოგიური დაავადებების დროს. ეს ოპერაციები ხასიათდება მაღალი ეფექტურობით და, რაც მთავარია, სერიოზული გართულებების დაბალი სიხშირით, როგორიცაა: სისხლდენა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და სხვა. სულ ახლახან შევიძინეთ ყველაზე თანამედროვე ლაზერული აპარატურა. ეს არის ეგრეთ წოდებული ტულიუმის ლაზერი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წარმატებული ოპერაციები ჩავატაროთ ყველაზე რთულ და მძიმე კონტინგენტზეც კი, როგორიცაა: ასაკოვანი, მძიმე კარდიალური ანამნეზის მქონე, ანტიკოაგულანტებზე მყოფი პაციენტები და სხვა. ტულიუმის ლაზერის საშუალებით, რომელსაც დღე-დღეზე ველით, ყველაზე მძიმე პაციენტების ოპერაციული მკურნალობაც კი რეალობა ხდება! გარდა პრაქტიკული კლინიკური საქმიანობისა, ძალიან აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო მუშაობაში.
– ქართული უროლოგიის განვითარების თქვენეული შეფასებები თქვენი, როგორც ამ დარგის ახალგაზრდა ექიმისა და უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის მოსაზრებები.
– ქართულმა უროლოგიამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო ორ ათწლეულში. როგორც საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მინდა სიამოვნებით აღვნიშნო ჩვენი ბოლო წელიწად-ნახევრის მიღწევები. ამ პერიოდში ჩვენ ჩავატარეთ სამი ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო ღონისძიება: 2015 წლის დეკემბერში საქართველოს უროლოგთა ასოციაციის კონგრესი შარდ-კენჭოვანი დაავადებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია და საქართველოსა და ისრაელის უროლოგთა ასოციაციების ერთობლივი, დამფუძნებელი კონგრესი, სახელწოდებით, „საქართველოს მეგობრები“. ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენ ვუმასპინძლეთ ისრაელის უროლოგთა ძალიან წარმომადგენლობით დელეგაციას 15 მეცნიერის შემადგენლობით, რომელთა შორის იყვნენ ისრაელის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, დიდი კლინიკების ხელმძღვანელები და ქართული წარმოშორის ებრაელი უროლოგები. ორი დღის განმავლობაში ჩვენ ერთად ვმსჯელობდით და ვკამათობდით უროლოგიის თანამედროვე პრობლემებზე. კონფერენცია ძალიან საინტერესო, თბილი და მართლაც რომ, მეგობრული გამოვიდა. ინტენსიურად მიმდინარეობს ქართული უროლოგიის ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. კერძოდ, 2015 წელს ჩვენმა ასოციაციამ აღიდგინა წევრობა ევროპის უროლოგთა საბჭოში. ეს კი ახალ პერსპექტივებს გვიჩენს ევროპულ უროლოგიაში ინტეგრაციის გაღრმავებაში. ამ მიმართულებით პირველი წარმატებები უკვე მიღწეულია. კერძოდ, ჩვენი ასოციაციის ორი წევრი არჩეულია საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში. გარდა ამისა, საქართველოს ხვდა პატივი, უმასპინძლოს ევროპის უროლოგთა საბჭოს 2017 წლის სხდომას. საქართველოს უროლოგთა ასოციაციაში მიმდინარეობს რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი რეფორმა. მათგან მინდა გამოვყო ორი, ესენია: უროლოგიის სასერტიფიკაციო ტესტების განახლება და პაციენტების საინფორმაციო ბარათებისა და ინფორმირებული თანხმობის ფორმების შემუშავება. უროლოგიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო ტესტები ძალიან მოძველებული იყო და მოითხოვდა მნიშვნელოვან განახლებას. ასოციაციის ძალისხმევით, ეს პროცესი უკვე დასრულებულია, ტესტები განახლებულია და, რაც მთავარია, მოყვანილია შესაბამისობაში ევროპულ საგამოცდო ტესტებთან. უკვე წელს, სახელმწიფო გამოცდა უროლოგიაში განახლებული ტესტებით ჩატარდება. გარდა ამისა, წელსვე, ჩვენ შემუშავებული გვექნება პაციენტების საინფორმაციო ბარათებისა და ინფორმირებული თანხმობის ფორმები ძირითადი უროლოგიური დაავადებებისათვის. რაც მთავარია, ეს იქნება სინქრონიზირებული (მაგრამ არა იდენტური) ევროპული ფორმებისა.
– უროლოგიის ეროვნული ცენტრის გეგმები და მიმდინარე სამედიცინო მომსახურების არეალი.
– ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი არის უროლოგიური სამსახურის ლიდერი არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. ის აღჭურვილია უთანამედროვესი სამედიცინო აპარატურით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, მსოფლიოს წამყვან უროლოგიურ ცენტრებში აპრობირებული და დანერგილი მეთოდებით. ჩვენი ცენტრი სთავაზობს პაციენტებს შემდეგ მომსახურებას: ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური სამსახური, ლაპარასკოპიული უროლოგია, პროსტატისა და შარდის ბუშტის დაავადებების ლაზერული ქირურგია, შარდკენჭოვანი დაავადება, ონკოლოგიური უროლოგია, ნეფროლოგია და ტრანსპლანტოლოგია, პედიატრიული, რეკონსტრუქციული, ქალთა და გადაუდებელი უროლოგია. ჩვენს პაციენტებს შეუძლიათ, მიიღონ მომსახურების სრული სპექტრი ყველაზე თანამედროვე დონეზე.