შედგა თუ არა რუსუდან გლურჯიძესა და ბრედ პიტს შორის მოლაპარაკება და ვინ მიუძღვნა მას კრიტიკული წერილი
„ოსკარის” რიგით 89-ე დაჯილდოვების ცერემონიალზე, უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში შესარჩევად, საქართველოდან რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ გაიგზავნება. ეს გადაწყვეტილება კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო. „სხვისი სახლი“ საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის კინოპროდუქციაა. ფილმი კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი გამარჯვებული გახდა, საკონკურსო პროგრამაში East of The west. „სხვისი სახლი“ 90-იანი წლების საქართველოს ეხება. ფილმის რეჟისორის, რუსუდან გლურჯიძის მეუღლე, ზურაბ მაღალაშვილი, საქართველოს კინოცენტრის დირექტორი და ამ ფილმის პროდიუსერია. ამ სტატიიდან კი მათი ცხოვრების შესახებ და რეჟისორის წარმატებებზე შეიტყობთ.
რუსუდან გლურჯიძე: დავიბადე თბილისში. დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვიღებდი. ერთი პერიოდი, საქართველოში საერთოდ არ იყო კინოინდუსტრია. ეს 90-იან წლებს უკავშირდება. ამიტომ მომიწია უფრო ტელევიზიისკენ გადახრა. როგორც კი საშუალება მომეცა, ისევ დავიწყე მოღვაწეობა კინოში. ამ სფეროში მეგობრების დიდი წრე გვაქვს – რომლებიც ბავშვობიდან მოვდივართ ერთად. გაგიკვირდებათ და ჯერ კიდევ 1993 წელს ჩამოვაყალიბეთ კომპანია, სადაც ვცდილობდით მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებას, ჩვენი მეგობრების დახმარებას და ასე შემდეგ. მერე, ბატონმა ელდარ შენგელაიამ ჩამოაყალიბა კინოკომპანია და სამუშაოდ მიგვიწვია. ძირითადად „პროდაქშენით“ ვიყავით დაკავებულები. ნელ-ნელა დავიწყე ჩემს პროექტზე მუშაობა, რომლის მზადების პერიოდმაც სამი წელი გასტანა. ამ თვალსაზრისით, მე და დათო ჩუბინიშვილმა რთული გზა გამოვიარეთ, იმ ეპოქაში ეს ყოველივე მარტივი არ იყო.
– 90-იან წლებში, მაშინ, როცა საქართველოში არაფერი არსებობდა, თქვენ კინოს ქმნიდით?
– დიახ, მაშინ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არაერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღეთ. პირველი პროდუქცია შევქმენით საქართველოსა და რუსეთს შორის, მერე საერთაშორისო ასპარეზზე გავედით. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა არაჩვეულებრივი ქალბატონი, მანანა შევარდნაძე, რომელიც იმ დროს ტელეფილმების დირექტორი გახლდათ. მან გახსნა სივრცე – ახალგაზრდული სტუდია და გვეხმარებოდა ჩვენი მოკლე ნაბიჯების გადადგმაში. ეს ის პერიოდი იყო, როცა არავის არ ეცალა კულტურისთვის. მაშინ, როცა საქართველოში არაფერი კეთდებოდა, იქმნებოდა კინო და თან, როგორ, აბსოლუტურად ექსტრემალურ პირობებში. პრაქტიკულად, არაფრისგან ვქმნიდით. ჩემს მოკლემეტრაჟიან ფილმს ხუთი ადამიანი ვიღებდით. გვყავდა ერთი მანქანა – „ვილისი,” რომელშიც ვალაგებდით ყველაფერს. ღამით, გადაღებიდან რომ ვბრუნდებოდით ხოლმე, ეს მანქანა იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მთელ ქალაქში. სრული წყვდიადი და სიშავე გვხვდებოდა.
– როგორც ცნობილია, ბრედ პიტს ძალიან მოეწონა თქვენი ფილმი და დაინტერესება გამოხატა. კონტაქტი შედგა თქვენ შორის?
– დაინტერესდა კომპანია, რომლის თანადამფუძნებელიც არის ბრედ პიტი. მათგან იყო რაღაც შემოთავაზება, კონტაქტის პირველი ნაბიჯები, მაგრამ არ ვიცი, ეს კონტაქტი რას ნიშნავს. ამან შეიძლება თანამშრომლობამდე მიგვიყვანოს, შეიძლება – არა. მსგავსი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში და სიმართლე გითხრათ, უცხოა.
– უცხოურმა პრესამ დაწერა თქვენ შესახებ, უცხოეთში საკმაო პოპულარობა მოიპოვეთ...
– უცხოეთში ზოგადად ქართული ფილმი მიიღეს კარგად, რაც ჩემი წინამორბედი კოლეგების დამსახურებაა. 90-იანი წლების შავი ხვრელის შემდეგ აკრეფილი ტემპი ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ეს იყო რაღაც სივრცეში გარღვევის ტოლფასი. არაერთი უცხოელი პროდიუსერისგან მსმენია: საქართველო ნიჭიერი რეჟისორების ქარხანააო. ვერ გაიგეს, საიდან „გამოვარდა” ასეთი წარმატებული ფილმები, ეს მოულოდნელი აფეთქებასავით იყო. რაც შეეხება კრიტიკას, რომელიც „მომიძღვნეს,” ძალიან უცნაური სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის. ის, რომ ჩემზე დადებითი გამოხმაურება დაწერეს, ნამდვილად სასიამოვნო იყო. იმ ქალბატონს ისეთი ანალიზი ჰქონდა, რომ არ მეგონა, ვინმე უცხოელი თუ შეძლებდა ასე სიღრმისეულად იმის გახსნას, რაზეც მე და ბატონი დათო ჩუბინიშვილი ვფიქრობდით წერის პროცესში. ფილმი „სხვისი სახლი“ აქტუალურ თემას ეხება – 90-იან წლებს, აფხაზეთს და პერსონალურ არჩევანს, რომელიც ადამიანებმა გააკეთეს. ეს იყო მცდელობა, გვესაუბრა იმ ხალხზე, რომელიც იმ მხარეს დარჩა. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც იქ დარჩნენ სწორედ ისეთივე პრობლემებს განიცდიან, როგორც ჩვენი დევნილები ამ 23 წლის განმავლობაში. ეს ფილმი ჩემთვის იმედია, რომ ჩვენ შორის კონტაქტი ისევ შედგება და მე ბედნიერი ვიქნები, თუ საშუალება მომეცემა, ჩემს აფხაზ მაყურებელს გავესაუბრო.
– თავადაც აფხაზეთიდან ხომ არ ხართ?
– ჩემი გვარი გენეტიკურად აფხაზეთიდან არის. მაშინ ამ ყველაფერთან თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა კავშირი. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა, რადგან ჩემ ირგვლივ დაიღუპნენ ჩემი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები. ბევრი მათგანი უსახლკაროდ დარჩა. დღესაც მყავს გვერდზე ადამიანები, რომლებიც ნატრობენ იქ დაბრუნებას. ეს ჩემი და ჩემი თაობის მტკივნეული თემაა.
– რატომ გადაწყვიტეთ რეჟისორობა?
– ალბათ, იმიტომ, რომ თვითგამოხატვის კარგ საშუალებად მიმაჩნდა. რა თქმა უნდა, ბავშვობაში სხვა პროფესიაზეც მიფიქრია – მინდოდა ვყოფილიყავი ბალერინა ან შოკოლადის ფაბრიკაში მემუშავა (იცინის). ბალერინობა ვცადე და სამწუხაროდ, არ გამომივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვხატავდი და ვწერდი, უფრო ამ სფეროსკენ წავედი. არასოდეს არ მინდოდა მსახიობობა. ეს არის სფერო, სადაც ბედნიერი ვარ და ამაში ჰონორარსაც კი მიხდიან. ნებისმიერი წარმატება ამაღელვებელია. ვერ გეტყვით, რა ადრენალინია, რომელიც სხვა ძალას და სხვა მოტივაციას გაძლევს. ბოლო პერიოდში არ დარჩენილა კუთხე და კონტიგენტი, საიდანაც ქართველებს პრიზი არ წამოუღიათ. პრიზების წვიმა მოდის. თითოეულის გამარჯვებაზე ვღელავ. შარშან ერთ ჩემს მეგობარს ვუთხარი: დავიღალე ტირილით, აღარ შემიძლია ისე განვიცდი შენს წარმატებებს-მეთქი (იცინის). ყოველ კვირაში ერთხელ ვტიროდი სიხარულისგან.
– თქვენი მეუღლეც ამ სფეროშია. რამდენი ხანია, რაც ოჯახი შექმენით?
– ჩემი მეუღლე არის ზურა მაღალაშვილი. ჩვენ დიდი ხანია, ერთად ვართ, ალბათ, უკვე 20 წელი ან მეტი. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. შეუღლება გვიან გადავწყვიტეთ, მანამდე არ გვეცალა და საერთოდ, ოჯახის შექმნა პრიორიტეტად არ გვქონდა. ჩვენ, უპირველესად, ძალიან ახლო მეგობრები და თანამოაზრეები ვართ. დიდი ბედნიერებაა, როცა შენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც ყველაფერში გიგებს. მე ქალისთვის არატრადიციული პროფესია მაქვს და ამ ადამიანს სრულიად ესმის ჩემი. ამავდორულად ჩემი მხარდამჭერიც არის, კედელი, რომელსაც შემიძლია, თავისუფლად მივეყრდნო. 2001 წელს დავქორწინდით და მას მერე ერთად ვართ. ზურა კინოპროდიუსერია, ნოვატორული იდეებით დატვირთული. ჩემთვის საინტერესოა ამ ადამიანის გვერდით ცხოვრება.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ზურა სამსახიობოზე სწავლობდა, მე – სარეჟისოროზე. ზურა ჩემზე უფროსია და რომ გავიცანი, უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული ჰქონდა. გაცნობის პირველი დღიდანვე რაღაც კონტაქტი შედგა ჩვენ შორის. იმას ვერ ვიტყვი, რომ დანახვისთანავე ჩემზე გადაირია ან მე გადავირიე. როცა კარგად გავიცანით ერთმანეთი, მერე დავაკავშირეთ ჩვენი ბედი.
– ერთ სფეროში მოღვაწეობა რთული არ არის?
– პირიქით, ძალიან მეხმარება. არაორდინარული ცხოვრების სტილი გვაქვს. ეს არ არის ის, რომ დილით მივიდე სამსახურში, საღამოს დავბრუნდე სახლში და დარჩენილი დრო დავუთმო ოჯახს. ეს შეიძლება იყოს 72 საათი მონტაჟი, 24-საათიანი გადაღება და ასე შემდეგ. ორივე ამ ყველაფრით ვცხოვრობთ და შესაბამისად, გვესმის ერთმანეთის. კინო ჩვენთვის არ არის პროფესია, ეს უფრო ცხოვრების სტილია.
– რჩევებს ხშირად გაძლევთ ხოლმე?
– რა თქმა უნდა, და ყოველთვის ვითვალისწინებ. ზურას აქვს არაჩვეულებრივი უნარი, რაღაცეები სხვა კუთხით დაინახოს. თუ ჩემთვის მისი ნათქვამი მიუღებელია და იმ მომენტში უარზე ვარ, საბოლოო ჯამში, მაინც ვრწმუნდები, რომ მართალი უთქვამს (იცინის). მასთან პირადი კონსულტაციის გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებ.