ელენე: ვცდილობ, დავმალო, რომ დათო დარჩიას შვილი ვარ
დათო დარჩია რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. მას ასევე, აქტიურად ვხედავთ სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში. ბოლო პერიოდში „ფორმულა კრეატივის“ სერიალებს გოგა ხაინდრავას ფილმიც დაემატა, რომელსაც ის ნაციონალების ცხრაწლიან მმართველობაზე იღებს.
დათო დარჩია: როცა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარათეონი გამოჩნდა, ხალხმა ის ლევან ვასაძის პროტოტიპად მიიჩნია, თუმცა მე კონკრეტულად არავის როლს არ ვთამაშობდი. ეს იყო გამოგონილი კომიკური პერსონაჟი, როგორებსაც ქართულ რეალობაში არცთუ იშვიათად ვხვდებით. ვასაძეს რაც შეეხება, მას პირადად არ ვიცნობ და არც მისი აზრი ვიცი ბარათეონთან დაკავშირებით, თუმცა, არც მაინტერესებს, განსხვავებით პროფესიონალების შეფასებებისგან. გეთანხმებით, ბოლო პერიოდში მართლა რადიკალური გმირები მყავს „რუსთავი 2-ზე“. ამჯერადაც, „ხელოვნურ სუნთქვაში“, ბარათეონის მსგავსად, კომიკური პერსონაჟია, თუმცა ყველა კომიზმის მიღმა ტრაგიზმიც დგას. საინტერესო პერსონაჟია ეს მოცეკვავე კაცი. ახალი სტილის ცეკვებს ცეკვავს, რომელთა პოპულარიზებაც ჩვენთან ახლახან დაიწყო. ჩერტკოევივით, ისიც ჩემპიონია ცეკვაში. ცოტა მკაცრია, მაგრამ ეს აგრესიას არ იწვევს. კორდებალეტის მოცეკვავეები ცოტა თავისებურები არიან, გაურკვეველი ორიენტაციის ტიპებად მოგეჩვენებიან. შევეცადე, ისეთი გამეკეთებინა, როგორზეც ვისაუბრეთ და, იმედია, გამოვიდა.
– ჩერტკოევსაც ხომ არ აკვირდებოდით როლზე მუშაობის პროცესში?
– ეს არ დამჭირვებია, რადგან ამ სფეროს წარმომადგენლებთან შეხების წერტილი მქონია და ისედაც ვიცნობ მათ.
– გარდა ამ როლებისა, მონაწილეობთ გოგა ხაინდრავას ფილმშიც, რომელსაც ნაციონალების ცხრაწლიან მმართველობაზე იღებს. რას იტყვით მასზე?
– ამ ფილმში ასახულია რეალური გმირები და რეალური ისტორიები. მე ვთამაშობ ზურა ირემაძის როლს, რომელიც ერთადერთი ადმირალი იყო, თუმცა, დღეს ცოცხალი აღარაა. გარდაცვლილის როლის თამაში კიდევ სხვა მომენტებს მოიცავს. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მოწამვლა იყო. ხაინდრავას ფილმში ჩემი ეპიზოდის გადაღება დასრულდა. როგორც ვიცი, უნდათ, რომ აგვისტოს მეორე ნახევრიდან ან ბოლოდან გაუშვან ის ეთერში, თუმცა, ჩემი პერსონაჟი როდის გამოჩნდება, ჯერ არ ვიცი.
– ამ ფილმში მონაწილე მსახიობებს უთქვამთ, რომ ძალიან დამთრგუნველია იმ პერიოდის გახსენება და დეტალებში ღრმად შესვლა. თქვენთვის როგორ იყო?
– რა თქმა უნდა, დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ფილმში დაფიქსირებული მოვლენების შესახებ შენც გაქვს გარკვეული ინფორმაცია. იცი მისი ისტორიული წინაპირობა. მაგალითად, ერთ მომენტში ჩემი პერსონაჟი ვანო მერაბიშვილს ხვდება. ამ შეხვედრისა და გამართული დიალოგის შესახებ მეც ვიცოდი გადმოცემით – ზოგი მართალი და ზოგიც გაზვიადებული, ამიტომ იყო გარკვეული დაძაბულობა და დისკომფორტი. საერთო ჯამში, მე რაც ვნახე, ფანტასტიკურად მიდის ამ ფილმის გადაღება.
– გოგა ხაინდრავასთან აქამდეც გქონდათ საქმიანი ურთიერთობა? როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა?
– გოგას ფილმში არ ვყავარ გადაღებული, პრინციპში, ბევრი ფილმი არც აქვს. საქმიანი არა, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა მაქვს გოგას მეუღლესთან, მარიკა ჭიჭინაძესთან, რომელიც ამ თეატრის თანამშრომელია. გოგას ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. პოლიტიკაში რომ წავიდა, სულ ვუმეორებდი: გოგა, კინო გადაიღე-მეთქი და, მართლაც, გავიდა ამდენი წელი და ასეც მოხდა. გავახსენე კიდეც ეს გადაღებების დროს.
– დისკომფორტს არ გიქმნით ერთდროულად „რუსთავი 2-ზე“ „ფორმულა კრეატივთან“ და GDS-ზე გოგა ხაინდრავასთან მუშაობა?
– არა, ეს ამბავი ჩემს შემთხვევაში მშვენივრად გამოდის. არანაირი პრობლემა არ მაქვს, რადგან ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ქვეყანა უნდა იყოს კარგად და, ვინ დაჯდება იქ – სილიბისტრო თუ პანტელეიმონი, სულ ერთია, მთავარია, ხალხისთვის იყოს კარგი. მე მირჩევნია, საკუთარი საქმე ვაკეთო და ჩემი გულშემატკივარი გავახარო, „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი იქნება ის, GDS-ის თუ სხვა არხის.
– შემოქმედების პარალელურად, ოჯახური ამბებიც მომიყევით. როგორც ვიცი, თქვენ და თქვენს მეუღლეს დიდი სიყვარულის ისტორია გაქვთ და თქვენ გამო მან პარიზში სამოდელო კარიერაზე თქვა უარი.
– მაშინ 21-22 წლის ვიყავი. ვიკას ან თავის კარიერა უნდა აერჩია – პარიზში წასულიყო და იქ აეწყო მომავალი, რისი შანსიც ჰქონდა, ან – მე. მან სიყვარულისკენ გადადგა ნაბიჯი: თავისი საქმე გვერდზე გადადო და უფრო ჩემი საქმისკენ გადმოიხარა. ვიქტორიამ მომცა ბიძგი თეატრში სასიარულოდ, თორემ, თავიდან მე საერთოდ არ მქონდა ამის სურვილი. გავრისკე და რუსთაველის თეატრში აღმოვჩნდი. ახლა აქაურობის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მისმა თავდადებამ და დაჟინებულმა თხოვნამ შედეგი გამოიღო. მისი სიყვარულის დამსახურებაა ეს ამბავი. თვითონ მოდელობას თავი დაანება. პროფესიით კინომცოდნეა, თუმცა კულინარიას მოჰკიდა ხელი და თბილისში საკმაოდ წარმატებულია მისი დიზაინით დამზადებული საოცარი ტორტები.
– ორი შვილი გყავთ – 18 წლის გუგა და 16 წლის ელენე. რადგან ელენე ჩვენთან ერთადაა, ვკითხავ: როგორი მამაა დათო დარჩია?
ელენე: ბევრს უკითხავს – მამაშენი მართლა ბარათეონისნაირიაო? არადა, მამა მას არაფრით ჰგავს. მისგან განსხვავებით, ძალიან საყვარელია. საოცრად ყურადღებიანი და ყველაფერში დადებითი ადამიანია, მინუსი საერთოდ არ აქვს. სხვათა შორის, მე ბარათეონი მომწონდა, რადგან ძალიან სასაცილო იყო. ბევრ უარყოფით კომენტარს ვკითხულობდი მასზე, მაგრამ ეს არასდროს მწყენია, რადგან, ვიცი, ცუდს ბარათეონზე ამბობდნენ და არა მამაზე.
– სკოლაში, ალბათ, ამაყობ ცნობილი მამით...
– არა. ადრე ბალეტზე დავდიოდი, ახლა მეც თეატრალურზე ვსწავლობ და სულ ვცდილობ, დავმალო, რომ დათო დარჩიას შვილი ვარ – არ მინდა, წარმატებას მისი სახელის წყალობით მივაღწიო. გულში ძალიან ვამაყობ, რომ მამაჩემია, მაგრამ ამის აფიშირებას არ ვაკეთებ. მეგობრებსაც კი ვეკამათები, თუ ამას უსვამენ ხაზს. მინდა, მისი დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად გავხდე წარმატებული.
– ისე, მკაცრი მამაა? რის გამო გიბრაზდება ხოლმე?
– საერთოდ, ყველაფერში უზომოდ წესრიგის მოყვარულია. შეიძლება, იმის გამო გამიბრაზდეს, რატომ ვალაგებ ჩანთას დილით და რატომ არ ჩავალაგე წინა საღამოს. თან, მე საკმაოდ დაბნეული ვარ, დაბნეულობას კი ვერ იტანს და სულ მსაყვედურობს – წესრიგიანი და მობილიზებული უნდა იყოო. სხვა მხრივ მკაცრი არ არის.
– უფროსი ბიჭი გყავთ. რთულია ორი თინეიჯერის მამობა?
დათო: თინეიჯერობის მამობას სირთულეები ახლავს, მაგრამ, მეც ხომ ვიყავი ამათი ტოლი, ჰოდა, მახსოვს, როგორი ვერცხლისწყალივით ვიყავი მაშინ (იცინის). დიდი კამათი არ გვაქვს, ელემენტარული რამეების გამო თუ შემოგვეპარება ხოლმე გურული სიფიცხე. საბედნიეროდ, არც ბიჭია ხისტი ხასიათის – ჩემი თაობის თინეიჯერებისგან განსხვავდება. მაშინ სხვა დრო იყო, ძალიან არეული და მძიმე. ხალხი ნარკოტიკზე იყო მიბმული. მე თეატრალური ინსტიტუტის წყალობით ავცდი ამ საშინელებას. ნარკომანია და ქუჩის ავტორიტეტობა იმდენად მოდებული იყო, რთული იყო მისთვის თავის არიდება. ბირჟაზე ათი კაციდან მე მინდოდა მსახიობობა, ერთს – ექიმობა და, დანარჩენს – კანონიერი ქურდობა. დღეს პირიქითაა, რაც ძალიან კარგია. ამ მხრივ გუგა არ მაწვალებს, სიგარეტსაც კი არ ეწევა, მიუხედავად იმისა, რომ მეც ვეწევი, დედამისიც და ბებიამისიც. არადა, მე მის ასაკში კარგი მწეველი ვიყავი. საბურთალოზე, უბანში, ყველა ძველი ბიჭი ჩემი ძმაკაცი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობა მინდოდა, ყველა მე მიცავდა, გეგონებოდა, ხელით სატარებელი ვიყავი. აბა, ვინმეს რამე ეთქვა საეჭვო – ეგრევე გააქრობდნენ. ერთი ნათელი წერტილი – მსახიობი ხომ უნდა გვყავდეს უბანშიო (იცინის).
– გუგამ რა პროფესია აირჩია? თან, როგორც ვიცი, რობერტ სტურუას ნათლულია.
– სხვათა შორის, ელენეს ნათლია დათო საყვარელიძეა. თეატრის სასადილოში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩემი ცოლი ფეხმძიმედ იყო, მაშინ სქესი არ ვიცოდით. რობიკომ მითხრა: შენ გეყოლება ბიჭი, რომელსაც მოვნათლავ მე და ის იქნება ოცდამეერთე საუკუნის უდიდესი რეჟისორიო. პირველი და მეორე წინასწარმეტყველება უკვე გამართლდა და მესამე – ვერა, თუმცა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ახლა გუგა საბანკო-საფინანსოზე აბარებს და, ვნახოთ, რას იზამს. მათემატიკა ძალიან კარგად იცის და, არ მინდა, ეს ცოდნა უმიზნოდ დაკარგოს.